№ბს-425-418(კ-15) 7 აპრილი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე _ ვებ-გვერდ ... გენ. რედაქტორი მ. წ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 16 დეკემბერს ვებ-გვერდ ... გენ. რედაქტორმა, მ. წ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მან 2013 წლის 9 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა შემდეგი საჯარო ინფორმაციის გაცემა: არის თუ არა ი. ც-ე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რა თანამდებობაზე მუშაობს, რა დროიდან და რა ინფორმაციას ფლობს მასზე შინაგან საქმეთა სამინისტრო. მოსარჩელეს კანონით დადგენილ ვადაში შინაგან საქმეთა სამინისტროსგან განცხადებაზე პასუხი არ მიუღია, რის შემდეგაც მან ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა საჩივარი. ადმინისტრაციულ საჩივარზეც მოსარჩელეს პასუხი დღემდე არ მიუღია.
მოსარჩელის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედებები ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას, რომლის 24-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, ასევე განამტკიცებს ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას ნებისმიერი საშუალებით, ხოლო კონსტიტუციის 41-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 37-ე მუხლების თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა და საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ საჯარო ინფორმაციას. ამდენად, საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციისა და ოფიციალური დოკუმენტების გაცნობა, თუ ისინი არ შეიცავენ პირად, პროფესიულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას, საქართველოს კონსტიტუციისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმებით აღიარებული კონსტიტუციური უფლებაა.
მოსარჩელის მითითებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებული იყო, გაეცა ი. ც-ის შესახებ ინფორმაცია იმ შემთხვევაშიც, თუ იგი არ იყო „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მიხედვით თანამდებობის პირი, ვინაიდან „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად, ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება, არის საჯარო პირი. მოცემულ შემთხვევაში, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ი. ც-ე საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში უხეშად ერეოდა. საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ი. ც-ემ მას მოსთხოვა სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების შეცვლა. ამ ფაქტების გამო ი. ც-ის მიმართ არსებობდა საზოგადოების ყურადღება, მის მიმართ დაინტერესება გამოწვეული იყო სახელმწიფო გავლენისაგან მედიის თავისუფლების მოტივით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ვებ-გვერდ ... გენ. რედაქტორის, მ. წ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 9 სექტემბერს, ვებ-გვერდ ... რედაქტორმა, მ. წ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-38-ე, მე-40 მუხლების საფუძველზე, მოითხოვა შემდეგი სახის ინფორმაციის გაცემა - არის თუ არა ი. ც-ე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რა თანამდებობაზე მუშაობს და რა დროიდან, რა ინფორმაციას ფლობს შინაგან საქმეთა სამინისტრო ი. ც-ეზე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონით დადგენილ ვადაში მოთხოვნილი ინფორმაციის გაუცემლობის გამო, 2013 წლის 17 ოქტომბერს ვებ-გვერდ ... რედაქტორმა, მ. წ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისათვის 2013 წლის 9 სექტემბრის განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის დავალება. სასამართლომ საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებებით დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნულ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოს ქმედება არ განუხორციელებია.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტისაგან განსხვავებით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დაცვის სუბიექტი იყო პირი, რომლის კერძო სფეროს მიკუთვნებული მონაცემებიც დაცული იყო ოფიციალურ წყაროებში. ამდენად, ამ პუნქტით დაცული სიკეთე წარმოადგენდა პირის კერძო სფეროს ხელშეუხებლობას, რაც გულისხმობდა პირის უფლებას, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული, მის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამხელისაგან ყოფილიყო დაცული. პირის ინტერესი, არ დაეშვა კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება და ეკონტროლებინა ამ ინფორმაციის გავრცელება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ერთ-ერთ უმთავრეს ასპექტს წარმოადგენდა. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი კავშირში იყო კონსტიტუციის მე-20 მუხლთან, რომლითაც დაცული იყო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, რადგანაც მასში სწორედ ის მონაცემები იყო მითითებული, რომელიც პირის პრივატულ სფეროს შეეხებოდა. ამ შემთხვევაში, მოქმედებდა პრეზუმფცია, რომ პირს არ სურდა მის კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება. სახელმწიფო ვალდებული იყო, დაეცვა პირის კერძო სფერო, სანამ თავად ეს პირი არ გამოხატავდა საწინააღმდეგო ნებას და არ მოითხოვდა ინფორმაციის გაცემას. ამ დროს, კონსტიტუციით დაცულ მთავარ ფასეულობას წარმოადგენდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
სასამართლომ მიუთითა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში - სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა. სასამართლოს განმარტებით, სარჩელში მითითებული ინფორმაციის გაცემის დავალების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა შემოწმებულიყო, ერთი მხრივ, ი. ც-ის, როგორც „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შესაძლო „თანამდებობის პირთან“ დაკავშირებით არსებული ინფორმაციის გაცემის მიზანშეწონილობის საკითხის შეფასებით, ხოლო მეორე მხრივ, მისი, როგორც „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შესაძლო „საჯარო პირთან“ (რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება) დაკავშირებით არსებული ინფორმაციის გაცემის მიზანშეწონილობის საკითხის შეფასებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილ შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე მიცემულ განმარტებაში, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დააფიქსირა, რომ ი. ც-ე არ წარმოადგენდა იმ „თანამდებობის პირს“, რომლის ვინაობის გამხელაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე და 44-ე მუხლებით ეკისრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ი. ც-ის, როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიმართ არსებული ინფორმაციის უპირობოდ გაცემის ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ არსებობდა.
სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტული ფაქტები, რომლებიც „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ი. ც-ის საჯარო პირად მიჩნევას და მის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის არსებობას შეეხება, ასახული იყო წარდგენილ სარჩელში და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოსარჩელის წარმომადგენლების ზეპირ განმარტებებში. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ი. ც-ე 2013 წლის 21 მარტიდან მუშაობდა საზოგადოებრივ მაუწყებელში, გენერალური დირექტორის მრჩევლის თანამდებობაზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ საჯაროდ განაცხადა, რომ ი. ც-ე საზოგადოებრივ მაუწყებელში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესებს ატარებდა და იგი უხეშად ერეოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საქმიანობაში. ამ ფაქტის გამო, ი. ც-ის მიმართ არსებობდა საზოგადოებრივი ინტერესი და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო პირს. ამასთან, მხარემ განმარტებაში ზოგადად მიუთითა, რომ აღნიშნული ფაქტების შესახებ საზოგადოება ინფორმირებული იყო და მათი მხრიდან ინტერესის არსებობაც იყო უდავო.
სასამართლომ მიუთითა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია სახელმწიფო ჩარევისაგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფორმირება; მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის რეგულირება გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების შესაბამისად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მეშვეობით; სიტყვისა და აზრის თავისუფლების, მაუწყებელთა შორის კონკურენტული გარემოს სტიმულირების, მაუწყებელთა თანასწორობისა და დამოუკიდებლობის, სიხშირეების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა. კანონის მეორე მუხლის „ჰ“ ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლობა არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას, განხორციელებული მაუწყებლობა, რომლის მიზანია პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება საზოგადოებისათვის.
სასარჩელო მოთხოვნის შინაარსის გათვალისწინებით, მოსარჩელეს აღნიშნული კანონით დადგენილი პრინციპებიდან გამომდინარე, სურდა დაედასტურებინა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში გენერალური დირექტორის მრჩევლის თანამდებობაზე მყოფი ი. ც-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დამოუკიდებელ საქმიანობაში უხეშად ჩარევას და იგი სავარაუდოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესებს ატარებდა. შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო ნორმებით გარანტირებულ უფლებათა დარღვევას, სწორედ ამ უფლების დაცვის მიზანს ემსახურებოდა ი. ც-ის მიმართ სარჩელში მითითებული ინფორმაციის გამოთხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მეორე ნაწილის თანახმად კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. დასახელებული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლობის დამოუკიდებელ საქმიანობაში ჩარევისაკენ მიმართული ი. ც-ის „გარკვეული ქმედების“ არსებობა მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებით არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო დადასტურებულად. შესაბამისად, არ დადგენილა, რომ მისმა ქმედებამ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ყურადღება გამოიწვია. ეს გარემოება არ შეიძლება სარწმუნოდ ყოფილიყო მიჩნეული მხოლოდ ისეთი სახის მითითებებით, როგორიცაა „ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოება ინფორმირებულია“, „საინფორმაციო საშუალებით მათთვის ეს ფაქტი ცნობილი გახდა“, „მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, საზოგადოების რეაქცია ადასტურებს, რომ ი. ც-ის ქმედება დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებისათვის ხელის შეშლასთან“ და ა.შ.
მოცემული შემთხვევიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. ც-ის მიერ განხორციელებული ქმედებით გამოწვეულ საზოგადოებრივ ინტერესს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც იგი შეიძლება „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად საჯარო პირად ჩათვლილიყო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს აზრით, მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა, რომ საჯარო ინფორმაციისათვის კანონით დადგენილი წესი ი. ც-ის, როგორც თანამდებობის პირის ან „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული „საჯარო პირის“ მიმართ უნდა გავრცელებულიყო. ამ პირობებში, იგი შეიძლება ზოგადი წესის თანახმად ჩათვლილიყო პირად, რომლის შესახებაც პერსონალური მონაცემების გაცემისათვის კანონმდებლობით გარკვეული შეზღუდვები იყო დადგენილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვებ-გვერდ ... გენ. რედაქტორმა, მ. წ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით ვებ-გვერდ ... გენ. რედაქტორის, მ. წ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვებ-გვერდ ... გენ. რედაქტორის, მ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა 2013 წლის 09 სექტემბრის განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა კანონით დადგენილი წესით. კერძოდ: არის თუ არა ი. ც-ე შინაგან საქმეთა სამინისტროში მომუშავე თანამდებობის პირი; რა თანამდებობაზე მუშაობს და რა დროიდან“. მოწინააღმდეგე მხარეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვებ-გვერდ ... სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ ყველა ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 250 ლარის ოდენობით.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ 2013 წლის 9 სექტემბერს ვებ-გვერდ ... რედაქტორმა, მ. წ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-38-ე, მე-40 მუხლების საფუძველზე, მოითხოვა შემდეგი სახის ინფორმაციის გაცემა - არის თუ არა ი. ც-ე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რა თანამდებობაზე მუშაობს და რა დროიდან, რა ინფორმაციას ფლობს შინაგან საქმეთა სამინისტრო ი. ც-ეზე. 2013 წლის 17 ოქტომბერს ვებ-გვერდ ... რედაქტორმა, მ. წ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისათვის 2013 წლის 9 სექტემბრის განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის დავალება. საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებებით ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოს ქმედება არ განუხორციელებია.
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის წერილის თანახმად, ი. ც-ე სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელში 2013 წლის 21 მარტიდან მიღებულია გენერალური დირექტორის მრჩევლის თანამდებობაზე უშიშროების საკითხებში და შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა თანამშრომლების მსგავსად, მასზე დაშვებულია მაუწყებლის შენობაში შესვლის საშვი. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საგანგებო განცხადების თანახმად, ი. ც-ე უხეშად ერევა საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში.
საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოსათვის“, საჯარო ინფრომაციის სახით გაცემული ი. ც-ის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის ასლებით დადასტურებულია, რომ 1977 წლის 4 ივნისს დაბადებული ი. ც-ის მიერ 2012 წლის 25 სექტემბერს შევსებული თანამდებობის პირის დეკლარაციის თანახმად, ი. ც-ის დაკავებულ თანამდებობას წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს მეოთხე სამსახურის უფროსი. 1977 წლის 4 ივნისს დაბადებული ი. ც-ის მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს შევსებული თანამდებობის პირის დეკლარაციის თანახმად, ი. ც-ის დაკავებულ თანამდებობას წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უშიშროების საკითხებში ოფიცერთა მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი. 1977 წლის 4 ივნისს დაბადებული ი. ც-ის მიერ 2014 წლის 1 ოქტომბერს შევსებული თანამდებობის პირის დეკლარაციის თანახმად, ი. ც-ის დაკავებულ თანამდებობას წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უშიშროების საკითხებში ოფიცერთა მთავარი სამმართველოს უფროსი.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი იცავს სხვათა იდეების მოპოვებას, დამუშავებასა და შემდგომ გადაცემას. ხსენებული მუხლის შესაბამისად, პიროვნებას აქვს იდეების და ცნობების მიღების უფლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მეტ გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებს, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას _ გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ უფლებას თუ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველი მოქალაქე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, ასევე სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით (ინფორმაციის თავისუფლება). აღნიშნული თავის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლება გარანტირებულია საქართველოს უზენაესი კანონით - საქართველოს კონსტიტუციით, რომლის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. პალატა ყურადღებას მიაქცევს აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 10.1 მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მათი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. ამავე საკანონმდებლო აქტის 271-ე მუხლის თანახმად, პერსონალური მონაცემების დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს, ხოლო იდენტიფიცირებადია პირი, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით, ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.
სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნა ეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ი. ც-ის თაობაზე ინფორმაციის გაცემის დავალებას, მოთხოვნილი ინფორმაცია იძლევა პირის იდენტიფიკაციის საშუალებას, ანუ ეხება პირის პერსონალურ მონაცემებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალურ მონაცემთა გარდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინფორმაციის თავისუფლების თავის მიზნებისთვის თანამდებობის პირს წარმოადგენს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი. პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დეპარტამენტების, ბიუროების, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები ამ კანონის მიზნებისათვის ითვლებიან თანამდებობის პირებად. პალატამ საქმეში წარმოდგენილი საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ი. ც-ეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2012-2014 წლებში დაკავებული ჰქონდა სამმრთველოს უფროსის თანამდებობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, როგორც მმართველობის სფეროში მონაცემთა დაცვის სპეციალური კანონი, თანამდებობის პირთა მიმართ შეიცავს სპეციალურ რეგულაციას, თანამდებობის პირთა მიმართ პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტი განსხვავებულია, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ თანამდებობის პირებთან დაკავშირებით პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საჯაროობა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, უზრუნველყოს თანამდებობის პირთა შესახებ ინფორმაციის გამჭირვალობა. ამდენად, თანამდებობის პირის მონაცემები კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად ღიაა, ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები, რომ სზაკ-ის 27-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კოდექსის „ინფორმაციის თავისუფლების“ თავის მიზნებისათვის თანამდებობის პირი არის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ვებ-გვერდ ... რედაქტორს, მ. წ-ს გააჩნია ლეგიტიმური მიზანი და უფლება მიიღოს 2012 წლის 9 სექტემბრის განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის დარღვევით და ექვემდებარება გაუქმებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლი, გარკვეულწილად, ზღუდავს უფლებას, გაიცეს ისეთი საჯარო ინფორმაცია, რომელიც პერსონალური მონაცემების შემცველია. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღებით 2012 წლიდან ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეფექტური და გაუმჯობესებული მექანიზმი ჩამოყალიბდა. აღნიშნული კანონი მიმართულია სწორედ იმ კატეგორიის ინფორმაციის დაცვისაკენ, რომელიც მოთხოვნილია განცხადებით. მნიშვნელოვნად გაიზარდა ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა პერსონალური მონაცემების დაცვასთან მიმართებით. შესაბამისად, იგი მკაცრად შეზღუდულია დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას და მოქმედებს მხოლოდ პერსონალური მონაცემების მკაცრად და ამომწურავად განსაზღვრული დამუშავების კანონიერი საფუძვლებით.
კასატორმა მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტაციული კოდექსის 44-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში - სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა. პირის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია წარმოდგენს დახურული ტიპის საჯარო ინფორმაციას, რომლის გამხელისგან დაცვის ვალდებულება აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ იდენტიფიცირებად პირთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი სხვა ინფორმაციის გაცემას, აღნიშნულს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლი ერთმნიშვნელოვნად მიიჩნევს დახურული ინფორმაციად და მისი დამუშავების სამართლებრივ საფუძვლებს ადგენს „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ი. ც-ე არ არის თანამდებობის პირი, მის შესახებ ინფორმაცია უნდა გაიცეს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია, უნდა დადგინდეს მისი გამჟღავნება ხომ არ შეზღუდავს ვინმეს კერძო ინტერესს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს ი. ც-ის მიმართ იმდენად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის ფაქტი, რომელიც გადაწონის კერძო და საჯარო ინტერესებს, რაც მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე განსახილველი სამართალურთიერთობის მიმართ გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს, მიუთითებს მათზე და განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლი ითვალისწინებს მავალდებულებელი სარჩელის განსაკუთრებული ფორმის - მოქმედების განხორციელების თაობაზე მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას, მისი მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი ადმინისტრაციული ზომის (რეალაქტის) განხორციელების მოთხოვნა, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ასეთი სარჩელის მოთხოვნა საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უფლებამოსილებიდან გამომდინარე ასეთი მოქმედების განხორციელების ვალდებულების დადგენას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კოდექსის მე-3 თავის (,,ინფორმაციული თავისუფლება“) მიზნებისთვის სამინისტრო არის საჯარო დაწესებულება. ამავე კოდექსის 38-ე მუხლის შესაბამისად კი, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. საჯარო დაწესებულების ელექტრონული რესურსის საშუალებით საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის და გაცემის სტანდარტი, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში 2012 წლის 25 მაისის კანონით შეტანილი ცვლილებების თანახმად, ამოქმედდა 2013 წლის 1 სექტემბრიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2013 წლის 9 სექტემბერს ვებ-გვერდ ... რედაქტორმა, მ. წ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-38-ე, მე-40 მუხლების საფუძველზე, შემდეგი სახის ინფორმაციის გაცემა მოითხოვა: არის თუ არა ი. ც-ე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რა თანამდებობაზე მუშაობს და რა დროიდან, რა ინფორმაციას ფლობს შინაგან საქმეთა სამინისტრო ი. ც-ეზე. 2013 წლის 17 ოქტომბერს ვებ-გვერდ ... რედაქტორმა, მ. წ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისათვის 2013 წლის 9 სექტემბრის განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის დავალება. საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებებით ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოს ქმედება არ განუხორციელებია.
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის წერილის თანახმად, ი. ც-ე სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ 2013 წლის 21 მარტიდან მიღებულია გენერალური დირექტორის მრჩევლის თანამდებობაზე უშიშროების საკითხებში და შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა თანამშრომლების მსგავსად, მასზე დაშვებულია მაუწყებლის შენობაში შესვლის საშვი. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საგანგებო განცხადების თანახმად, ი. ც-ე უხეშად ერევა საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში.
ასევე დადგენილია, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოსათვის“ საჯარო ინფორმაციის სახით გაცემული ი. ც-ის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის ასლებით დადასტურებულია, რომ 1977 წლის 4 ივნისს დაბადებული ი. ც-ის მიერ 2012 წლის 25 სექტემბერს შევსებული თანამდებობის პირის დეკლარაციის თანახმად, ი. ც-ის დაკავებულ თანამდებობას წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს მეოთხე სამსახურის უფროსი. 1977 წლის 4 ივნისს დაბადებული ი. ც-ის მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს შევსებული თანამდებობის პირის დეკლარაციის თანახმად, ი. ც-ის დაკავებულ თანამდებობას წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უშიშროების საკითხებში ოფიცერთა მთავარი სამმართველოს უფროსი. 1977 წლის 4 ივნისს დაბადებული ი. ც-ის მიერ 2014 წლის 1 ოქტომბერს შევსებული თანამდებობის პირის დეკლარაციის თანახმად, ი. ც-ის დაკავებულ თანამდებობას წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უშიშროების საკითხებში ოფიცერთა მთავარი სამმართველოს უფროსი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი იცავს სხვათა იდეების მოპოვებას, დამუშავებასა და შემდგომ გადაცემას. მითითებული მუხლის შესაბამისად, პიროვნებას აქვს იდეებისა და ცნობების მიღების უფლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მეტ გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებს, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას - გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ უფლებას თუ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.
საკასაციო პალატის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლებას გამორჩეულ მნიშვნელობას ანიჭებს, რომლის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველი მოქალაქე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, ასევე სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით (ინფორმაციის თავისუფლება). აღნიშნული თავის 28-ე მუხლი შეესაბამება კონსტიტუციურ ნორმას, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის 1-ლი პუნქტისაგან განსხვავებით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დაცვის სუბიექტი არის პირი, რომლის კერძო სფეროს მიკუთვნებული მონაცემებიც დაცულია ოფიციალურ წყაროებში. ამდენად, ამ პუნქტით დაცული სიკეთე არის პირის კერძო სფეროს ხელშეუხებლობა, რაც გულისხმობს პირის უფლებას, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული, მის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამხელისაგან იყოს დაცული. პირის ინტერესი, არ დაუშვას კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება და აკონტროლოს ამ ინფორმაციის გავრცელება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ინფორმაცია, პირის საჯარო სამსახურში მუშაობის შესახებ, განხილულ იქნეს, როგორც კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია. მოცემულ შემთხვევაში პირი უკვე იდენტიფიცირებულია, შესაბამისად, შეუძლებელია სახელმწიფო უწყებაში მუშაობის შესახებ ინფორმაცია ჩაითვალოს პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციად. იმისათვის, რომ ინფორმაცია ჩაითვალოს კერძო საკითხებთან დაკავშირებულად, პირს უნდა გააჩნდეს მისი დაცვის გონივრული მოლოდინი. საჯარო სამსახურში მუშაობის ფაქტი კი ვერ ჩაითვლება პირის პირად სფეროს მიკუთვნებულ ინფორმაციად, რომლის გასაიდუმლოების ვარაუდიც პირს შეიძლება გააჩნდეს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლი, გარკვეულწილად, ზღუდავს უფლებას, გაიცეს ისეთი საჯარო ინფორმაცია, რომელიც პერსონალური მონაცემების შემცველია. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღებით 2012 წლიდან ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეფექტური და გაუმჯობესებული მექანიზმი ჩამოყალიბდა. აღნიშნული კანონი მიმართულია სწორედ იმ კატეგორიის ინფორმაციის დაცვისაკენ, რომელიც მოთხოვნილია განცხადებით. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის 1-ლ პუნქტზე, რომლის მიხედვით ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მათი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. ამავე საკანონმდებლო აქტის 271-ე მუხლის თანახმად, პერსონალური მონაცემების დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს, ხოლო იდენტიფიცირებადია პირი, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით, ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. მოსარჩელის მოთხოვნა ეხება სწორედ იდენტიფიცირებული პირის საჯარო სამსახურში მუშაობის შესახებ ინფორმაციას, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ი. ც-ის თაობაზე ინფორმაციის გაცემის დავალებას. მოთხოვნილი ინფორმაცია იძლევა პირის იდენტიფიკაციის საშუალებას, ანუ ეხება პირის პერსონალურ მონაცემებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემების დამუშავება ასევე მოიცავს მონაცემთა გამჟღავნებას მათი გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-5 მუხლის „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია თუ ეს გათვალისწინებულია კანონით, თუ აუცილებელია მესამე პირის კანონიერი ინტერესების ან მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალურ მონაცემთა გარდა. პირის პერსონალურ მონაცემთა სამართლებრივ რეჟიმზე ზემოქმედებს პირის სტატუსი, კერძოდ, საჯარო პირების მონაცემთა დაცვის რეჟიმი განსხვავდება სხვა პირების სამართლებრივი დაცვის რეჟიმისაგან. თანამდებობის პირთან დაკავშირებით პირადი სფეროს შემცველი ინფორმაციის საჯაროობა ემსახურება იმ მიზანს, რომ უზრუნველყოფილი იყოს თანამდებობის პირთა შესახებ ინფორმაციის გამჭირვალობა. ამდენად, მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თანამდებობის პირის მონაცემები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად ღიაა.
მხედველობაშია მისაღები, რომ სზაკ-ის 27-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კოდექსის „ინფორმაციის თავისუფლების“ თავის მიზნებისათვის თანამდებობის პირი არის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის, თანამდებობის პირები არიან საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დეპარტამენტების, ბიუროების, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული მასალებით დადგენილია, რომ ი. ც-ეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2012-2014 წლებში დაკავებული ჰქონდა სამმართველოს უფროსის თანამდებობა.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, როგორც მმართველობის სფეროში მონაცემთა დაცვის სპეციალური კანონი, თანამდებობის პირთა მიმართ შეიცავს სპეციალურ რეგულაციას, თანამდებობის პირთა მიმართ პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტი განსხვავებულია. ამდენად, ვებ-გვერდი ... რედაქტორს, მ. წ-ს გააჩნია ლეგიტიმური მიზანი და უფლება მიიღოს 2012 წლის 9 სექტემბრის განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია.
სასკ-ის 331-ე მუხლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის უფლებას ან კანონიერ ინტერესს, სასამართლო კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების შესრულებისაგან. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს ი. ც-ის შესახებ საჯარო ინფორმაციის გაცემის სამინისტროსათვის დავალების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააბათილებდა სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი