Facebook Twitter

ბს-545-538 (2კ-15) 26 აპრილი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ჯ…“, შპს ,,მ …”

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

მოსარჩელეები - სს „…“, შპს ,,მა …”

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მაისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,ჯ …”, სს ,, …”, შპს ,,მ…” და შპს „მა…“ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს. მოსარჩელეებმა მოითხოვეს „რადიოსიხშირული სპექტრის ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 17 ივლისის №6 დადგენილების ბათილად ცნობა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 7 ივნისის №379/23 გადაწყვეტილების ,,რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ბათილად ცნობა; შპს ,,მ…’’ ასევე მოითხოვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №461/6 გადაწყვეტილების რაიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის შპს ,,მ…’’ მიერ გადასახდელი ამოწურვადი რესურსებით სარგებლობის გამოთვლის ნაწილში, ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,ჯ …”, სს „…”, შპს ,,მ...” და შპს ,,მა …” სარჩელი არ დაკმაყოფილდა

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მაისის განჩინებით შპს ,,ჯ…“, შპს ,,მ…“ და სს ,,…“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 7 ივნისის №379/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ,,რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე.

2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 17 ივლისის №6 დადგენილებით ,,რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებულ ,,რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების’’ მე-7 მუხლს დაემატა შემდეგი რედაქციით მე-6 პუნქტი: ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას ლიცენზიის მფლობელის მიერ გადასახდელი ამავე კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გამოთვლისას საშუალო არითმეტიკული გამოითვლება შემდეგი ფორმულით: C×Σin=1(Ai/Bi)/n, სადაც: C - გასაგრძელებელი ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის ერთეულთა ოდენობაა; n - ჩატარებულ აუქციონთა რაოდენობაა; Ai - i-ურ აუქციონზე დაფიქსირებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურია, i=1,2,…,n; Bi - i-ურ აუქციონზე გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრის ერთეულთა ოდენობაა, i=1,2,…,n.”.

3. 2013 წლის 17 ივლისამდე დამკვიდრებული პრაქტიკით, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას, ლიცენზიის მფლობელის მიერ გადასახდელი ამავე კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გამოთვლისას საშუალო არითმეტიკული გამოითვლებოდა შემდეგი ფორმულით: ჩატარებულ აუქციონებზე დაფიქსირებულ ფასთა ჯამი იყოფოდა ამავე აუქციონებზე გაყიდულ მეგაჰერცების ჯამზე, მიღებული თანხა მრავლდებოდა გასაგრძელებელი ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის ერთეულთა ოდენობაზე.

4. 2012 წლის 21 აგვისტოს, შპს ,,მ…’’ განცხადებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მოითხოვა ინფორმაცია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საორიენტაციო ღირებულების თაობაზე.

5. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 9 ოქტომბრის №01/2374-12 წერილით შპს ,,მ…’’ განემარტა, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ დღის მდგომარეობით, რაიოდსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის საფასურის შეადგენდა 11 497 635,80 ლარს. ასევე, განემარტა, რომ 2013 წლის ივლისამდე იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამართვის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული თანხა შესაძლებელია შეცვლილიყო.

6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წერილში მითითებული თანხის დაანგარიშება მოხდა შემდეგი ფორმულით: ჩატარებულ აუქციონებზე დაფიქსირებულ ფასთა ჯამი გაიყო ამავე აუქციონებზე გაყიდულ მეგაჰერცების ჯამზე, მიღებული თანხა გამრავლდა გასაგრძელებელი ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის ერთეულთა ოდენობაზე (ტ-1; ს.ფ 62-63).

7. 2013 წლის 4 ივნისს შპს ,,მ...’’ განცხადებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მოითხოვა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება.

8. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №461/6 გადაწყვეტილებით შპს ,,მ...’’ გაუგრძელდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5 ლიცენზიის მოქმედების ვადა 2013 წლის 23 ივლისიდან 2023 წლის 23 ივლისამდე. ამავე გადაწყვეტილებით, შპს „მ...’’ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5 ლიცენზიის ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვრა 16 177 427,70 ლარით. თანხის დაანგარიშება მოხდა ,,რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების’’ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ფორმულით (ტ-1; ს.ფ. 26-32).

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა’’-,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ვადის გაგრძელების საფასურის გამოთვლა ხდება იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულის განსაზღვრით. ამასთან, საგულისხმოა, რომ „რადიოსიხშირული სპექტრის ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში დამატების შეტანამდე არც კანონით და არც სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი არ ყოფილა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,ა’’-,,გ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას ლიცენზიის მფლობელის მიერ გადასახდელი ამავე კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გამოთვლისას საშუალო არითმეტიკულის დაანგარიშება, ფასის დაანგარიშება ხდებოდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი პრაქტიკით.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა’’-,,გ’’ ქვეპუნქტებით დადგენილი რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესი წარმოადგენს საფასურის დაანგარიშების ზოგად წესს, რომელიც არ განსაზღვრავს, რა იგულისხმება აუქციონზე დაფიქსირებულ ფასში - აუქციონზე დაფიქსირებული საერთო ფასი, თუ აუქციონზე დაფიქსირებული ერთი კონკრეტული მგჰ სიხშირული ზოლის ფასი. დაანგარიშების ძველ და ახალ წესს შორის განსახვავებას წარმოადგენს სწორედ აუქციონზე დაფიქსირებული საფასურის განსხვავებული განმარტება, კერძოდ, ძველი ფორმულით საშუალო არითმეტიკულის დაანგარიშება ხდებოდა აუქციონებზე დაფიქსირებულ მთლიან ფასთა ჯამიდან, ხოლო ახალი წესის შესაბამისად, საშუალო არითმეტიკულის დაანგარიშება ხდება კონკრეტულ აუქციონზე დაფიქსირებული ერთი მგჰ სიხშირული ზოლის ფასთა ჯამიდან.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული წესით ფასის დაანგარიშების მიზანს წარმოადგენს ერთი მგჰ სიხშირული ზოლის ღირებულის განსაზღვა, შესაბამისად, იმისათვის, რომ გავიგოთ ერთი მგჰ სიხშირული ზოლის ღირებულება და დავიანგარიშოთ საშუალო არითმეტიკული, აუქციონებზე დაფიქსირებული ფასი უნდა მივიყვანოთ ეკვივალენტურ დებულებებამდე, ანუ ერთი მგჰ სიხშირული ზოლის ფასის დადგენა უნდა მოხდეს ეკვივალენტურ კომპონენტთა საშუალო არითმეტიკულის დაანგარიშებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯერ უნდა დავიანგარიშოთ თითოეულ აუქციონზე დაფიქსირებული ფასიდან ერთი მგჰ სიხშირული ზოლის საშუალო ღირებულება და შემდგომ, ამ ღირებულებათა ჯამი გივყოს აუქციონთა რაოდენობაზე, რითაც მივიღებთ ერთი მგჰ სიხშირული ზოლის საშუალო ფასს.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დაანგარიშების ძველი ფორმულა კანონმდებლობით გაწერილი არ ყოფილა, ფორმულის და დაანგარიშების მეთოდის განსაზღვრა ხდებოდა კომისიის მიერვე დადგენილი პრაქტიკით, რაც განპირობებეული იყო ნორმის ახალი წესისგან განსხვავებული განმარტებით. შესაბამისად, ახალი რეგულაცია არ ეწინააღმდეგება იმ წესს, რომელიც კანონმდებლობით გაწერილი არ ყოფილა. ორივე შემთხვევაში, ფასის დაანგარიშება ხდება კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, აუქციონზე დაფიქსირებული ფასიდან საშუალო არითმეტიკულის დაანგარიშებით, შესაბამისად, კანონის ზოგადი ჩანაწერის არსებობის პირობებში, სადავო ნორმატიული აქტით კომისიის მიერ არ მომხდარა საშუალო არითმეტიკულის გაანგარიშების კანონით დადგენილი წესისგან განსხვავებული წესის დადგენა, რამდენადაც კომისიამ მხოლოდ დააზუსტა დაანგარიშების წესი და განსაზღვრა, რომ საშუალო არითმეტიკულის გამოყვანა უნდა მომხდარიყო თითოეულ აუქციონზე დაფიქსირებული ერთი მგჰ სიხშირული ზოლის საშუალო ფასთა ჯამიდან.

სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტების მტკიცებას, რომ კომისია არ იყო უფლებამოსილი, დებულებით დაერეგულირებინა ის საკითხი, რომელსაც ითვალისწინებდა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის 49-ე მუხლი, ვინაიდან ,,რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების’’ დამტკიცების შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ დებულება მიღებულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ,,რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მიღება განპირობებული იყო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-7 პუნქტით, რომლითაც განისაზღვრა იმ ნორმატიული აქტების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაც უნდა მომხდარიყო კომისიის მიერ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში. ერთ-ერთ ასეთ აქტს, მითითებული მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენდა ,,რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულება’’. დებულების’ პირველი მუხლი განსაზღვრავს დებულების გამოყენების სფეროს და მიზნებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დებულება შემუშავებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მიზნად ისახავს სახელმწიფო რესურსით – რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის წესების დადგენას. მე-2 პუნქტით კი განისაზღვრა, რომ ამ დებულებით დგინდება სახელმწიფო რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისას კომისიის უფლებამოსილებები და ვალდებულებები, აუქციონის გამართვის პროცედურა, მათ შორის გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესები, სახელმწიფო რესურსით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესი, სარგებლობის რაოდენობრივი, თვისობრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები. აღნიშნულ ნორმათა გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ დებულების დამტკიცების შესახებ დადგენილებაში არ იყო მითითებული ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის 49-ე მუხლი, აღნიშნული არ გამორიცხავს 49-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების დებულებით დარეგულირებას, რამდენადაც, დებულების პირველი მუხლის შესაბამისად, დებულება შემუშავებულია ,,ელექტრონული კონუმიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე და სხვა საკითხებთან ერთად, არეგულირებს სახელმწიფო რესურსით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესს.

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანების პირველი მუხლის მე-12 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად, აუქციონის გამართვის დებულება არ საჭიროებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას, აღნიშნული კი გამორიცხავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვალდებულებას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის სადავო ნორმატიული აქტის სამართლებრივი ექსპერტიზისთვის მიმართვის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეები ასევე ითხოვდნენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 7 ივნისის №379/23 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

სასამართლოს შეფასებით, ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად, არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს. მითითებული ნორმის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 17 ივლისის №6 დადგენილების კანონიერად მიჩნევა ადასტურებდა მოცემული აქტის გამოცემასთან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოცემული აქტის - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 7 ივნისის №379/23 გადაწყვეტილების კანონიერებასაც.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა შპს ,,მ...’’ მოთხოვნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №461/6 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, კომისიის მიერ აქტის გამოცემის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლით დადგენილი ვადის დარღვევის თაობაზე.

სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს ,,მ...’’ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ სააგენტოს ლიცენზიის ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართა 2013 წლის 4 ივნისს, შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო 2013 წლის 16 ივლისს, სადავო აქტი კი გამოსცა 2013 წლის 22 ივლისს.

სასამართლომ არ გაიზარებს შპს ,,მ...“ მოსაზრება იმის შესახებ, რომ შპს ,,მ...’’ მიმართ ლიცენზიის ვადის გაგარძელების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული რომ ყოფილიყო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საფასურის დაანგარიშება არ მოხდებოდა 2013 წლის 17 ივლისს განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით, რაც გამოიწვევდა საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას.

სასამართლოს მოსაზრებით, ,,რადიოსიხშირული სპექტრის ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში დამატების შეტანამდე არც კანონით და არც სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი არ ყოფილა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო საშუალო არითმეტიკულის დაანგარიშება, საშუალო არითმეტიკულის განსაზღვრა და ფასის დაანგარიშება ხდებოდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი პრაქტიკით. 2013 წლის 7 ივნისს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ,,რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე. ამდენად, 2013 წლის 7 ივნისისთვის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია უკვე სხვაგვარად განმარტავდა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას ლიცენზიის მფლობელის მიერ გადასახდელი ამავე კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გამოთვლისას საშუალო არითმეტიკულის დაანგარიშების წესს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შპს ,,მ...’’ წარმომადგენლის განმარტება იმის თაობაზე, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 9 ოქტომბრის №01/2374-12 წერილი განხილული უნდა ყოფილიყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებად, რომლის მიმართ დაინტერესებულ პირს - შპს ,,მ...’’ გააჩნდა კანონდიერი ნდობა.

სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი, დაპირების მიმართ უნდა არსებობდეს დაინტერესებული პირის კანონერი ნდობა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ შეიძლება არსებობდეს. შესაბამისად, მითითებული დოკუმენტის მიმართ დაინტერესებული პირის კანონიერი ნდობის არსებობის სავალდებულო პირობას წარმოადგენს დაპირების მართლზომიერების გარკვევა. ამასთან, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა საკითხის სუბიექტურ მხარეს, ანუ იმას, თუ რამდენად იყვნენ გარკვეულნი დაპირების მიმცემი და დაინტერესებული მხარე დაპირების კანონმდებლობის მოთხოვნებისადმი შესაბამისობაში, არამედ იმას, თუ ობიექტურად რამდენად შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს დაპირება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს „ჯ...“ და შპს „მ...“ საკასაციო წესით გაასაჩივრეს მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

სს „ჯ...“ მტკიცებით, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ კი, გასაჩივრებული დადაგენილების მიღების დროს მოქმედი ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, ,,რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის სფუძველზე. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას კომისია გასცემს ამ კანონის, „ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის დადგენილებით დამტკიცებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გასამართი აუქციონის ტიპებს, მათი გამართვის პროცედურებს და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური საწყისი ოდენობის გაანგარიშების წესებს“. აღნიშნული პუნქტიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ზუსტად განსაზღვრა საკითხთა ის წრე, რომელიც დარეგულირებული უნდა ყოფილიყო კომისიის დადგენილებით. ამ საკითხებში არსად არ არის განსაზღვრული, ლიცენზიის ვადის გაგრძელების საფასურის რეგულირება. შესაბამისად, სასამართლოს რომ გამოეყენებინა აღნიშნული ნორმა, დაადგენდა, რომ კომისია თავისი ქმედებებით ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა) ამ პუნქტის მიზანს წარმოადგენს ლიცენზიის გაგარძელების დროს, გასაგრძელებელი ლიცენზიის ერთი მგჰ-ის ღირებულების განსაზღვრა; ბ) აუქციონზე დაფიქსირებული საფასური შეიძლება იყოს როგორც აუქციონზე დაფიქსირებული საერთო ფასი, ასევე აუქციონზე დაფიქსირებული ერთი კონკრეტული მგჰ-ის სიხშირული ზოლის ფასი და ორივე მათგანი, არის სწორი; გ) აუქციონზე დაფიქსირებული საფასურის ორივე ფორმით განმარტება და საშუალო არითმეტიკულის დაანგარიშება ორივე შემთხვევაში კომისიის მიერ ხდებოდა სწორად და არცერთ დროს არ დარღვეულა კანონმდებლობით განსაზღვრული წესი. აღნიშნული განმარტება არის დაუსაბუთებელი და არ შეესაბამება კანონმდებლის მიერ განსაზღვულ მიზანს.

კასატორის აზრით, დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის, მე-7 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტი. ეს ნორმები მოსამართლეს არ აძლევდა იმ განმარტების გაკეთების შესაძლებლობას, რომ კომისია უფლებამოსილი იყო გასაჩივრებული დადგენილებით დაერეგულირებინა და დაეზუსტებინა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის, მე-5 პუნქტით განსაზღვრული ურთიერთობები, ვინაიდან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის, მე-2 პუნქტი პირდაპირ და ამომწურავად განსაზღვრავდა საკითხთა იმ წრეს, რაც უნდა დარეგულირებულიყო ხსენებული დოკუმენტით.

შპს „მ...“ მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაითვალისწინა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადა დაარღვია. შპს ,,მ...“ კომისიას ლიცენზიის ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართა 2013 წლის 4 ივნისს, კომისიას გადაწყვეტილება უნდა მიეღო 2013 წლის 16 ივლისს, რა შემთხვევაშიც, შპს „მ...“ #5 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის უნდა გადაეხადა 11 497 635.80 ლარი. კომისიამ აღნიშნული ვადის დარღვევით, გადაწყვეტილება მიიღო 2013 წლის 22 ივლისს, რასაც წინ უსწრებდა კომისიის მიერ 2013 წლის 17 ივლისის #6 დადგენილებით ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის იგნორირებითა და დარღვევით განხორციელებული ცვლილება, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის #13 დადგენილებაში, რის გამოც შპს ,,მ...“ იძულებული გახდა #5 ლიცენზიის ვადის გაგრძელებაში, დამატებით გადაეხადა 4 679 792 ლარი.

კასატორის მითითებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 9 ოქტომბრის №01/2374-12 წერილში აღნიშნული იყო, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასური შეადგენდა 11 497 635,80 ლარს, რომელიც შეიძლება შეცვლილიყო 2013 წლის ივლისამდე, იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, აუქციონის გამართვის შემთხვევაში. 2013 წლის ივლისამდე არ გამართულა შესაბამისი აუქციონი, საიდანაც გამომდინარეობს, რომ შპს ,,მ...“ გააჩნდა კანონიერი ნდობა საჯარო ორგანოს მიერ გაცემული დაპირებისადმი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად.

კასატორის აზრით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია გასცდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს. იგი არ იყო უფლებამოსილი, მიეღო ისეთი დადგენილება, რომელიც შეცვლიდა ,,ელექტრონული კომინიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლს და ჩამოაყალიბებდა აღნიშნული მუხლის მოთხოვნის საწინააღმდეგო ფორმურირებას. სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის დისკრიმინაციული და არღვევს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის აკრძალვას დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და თანასწორობის პირობებში მყოფი პირებისათვის განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობის შესახებ. 2013 წლის 22 ივლისამდე, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად კომისია ეყრდნობოდა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს და იგი არასოდეს გასცდენია ზემოაღნიშნულ ნორმას. სხვადასხვა დროს, შპს ,,ჯ...“, შპს „მა...“ , შპს ,,ა...“ და შპს ,,ჯი...“ ლიცენზიის ვადის გაგრძელების დროს, კომისიას ეჭვქვეშ არ დაუყენებია კანონის დებულების სისწორე და მათი განმარტების საჭიროების საკითხი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ჯ...“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს „მ...“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 7 ივნისის №379/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ,,რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 17 ივლისის №6 დადგენილებით ,,რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებულ ,,რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების’’ მე-7 მუხლს დაემატა შემდეგი რედაქციით მე-6 პუნქტი: ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას ლიცენზიის მფლობელის მიერ გადასახდელი ამავე კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გამოთვლისას საშუალო არითმეტიკული გამოითვლება შემდეგი ფორმულით: C×Σin=1(Ai/Bi)/n, სადაც: C - გასაგრძელებელი ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის ერთეულთა ოდენობაა; n - ჩატარებულ აუქციონთა რაოდენობაა; Ai - i-ურ აუქციონზე დაფიქსირებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურია, i=1,2,…,n; Bi - i-ურ აუქციონზე გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრის ერთეულთა ოდენობაა, i=1,2,…,n.”.

2013 წლის 17 ივლისამდე დამკვიდრებული პრაქტიკით, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას, ლიცენზიის მფლობელის მიერ გადასახდელი ამავე კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გამოთვლისას საშუალო არითმეტიკული გამოითვლებოდა შემდეგი ფორმულით: ჩატარებულ აუქციონებზე დაფიქსირებულ ფასთა ჯამი იყოფოდა ამავე აუქციონებზე გაყიდულ მეგაჰერცების ჯამზე, მიღებული თანხა მრავლდებოდა გასაგრძელებელი ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის ერთეულთა ოდენობაზე.

2012 წლის 21 აგვისტოს, შპს ,,მ...’’ განცხადებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მოითხოვა ინფორმაცია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საორიენტაციო ღირებულების თაობაზე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 9 ოქტომბრის №01/2374-12 წერილით შპს ,,მ...’’ განემარტა, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ დღის მდგომარეობით, რაიოდსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის საფასურის შეადგენდა 11 497 635,80 ლარს. ასევე, განემარტა, რომ 2013 წლის ივლისამდე იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამართვის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული თანხა შესაძლებელია შეცვლილიყო. წერილში მითითებული თანხის დაანგარიშება მოხდა შემდეგი ფორმულით: ჩატარებულ აუქციონებზე დაფიქსირებულ ფასთა ჯამი გაიყო ამავე აუქციონებზე გაყიდულ მეგაჰერცების ჯამზე, მიღებული თანხა გამრავლდა გასაგრძელებელი ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის ერთეულთა ოდენობაზე (ტ-1; ს.ფ 62-63).

2013 წლის 4 ივნისს შპს ,,მ...’’ განცხადებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მოითხოვა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №461/6 გადაწყვეტილებით შპს ,,მ...’’ გაუგრძელდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5 ლიცენზიის მოქმედების ვადა 2013 წლის 23 ივლისიდან 2023 წლის 23 ივლისამდე. ამავე გადაწყვეტილებით, შპს „მ...’’ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5 ლიცენზიის ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვრა 16 177 427,70 ლარით. თანხის დაანგარიშება მოხდა ,,რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების’’ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ფორმულით (ტ-1; ს.ფ. 26-32).

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორებს ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ამგვარი პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა’’-,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ვადის გაგრძელების საფასურის გამოთვლა ხდება იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულის განსაზღვრით. ამასთან, საგულისხმოა, რომ „რადიოსიხშირული სპექტრის ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში დამატების შეტანამდე არც კანონით და არც სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი არ ყოფილა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,ა’’-,,გ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას ლიცენზიის მფლობელის მიერ გადასახდელი ამავე კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გამოთვლისას საშუალო არითმეტიკულის დაანგარიშება, ფასის დაანგარიშება ხდებოდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი პრაქტიკით.,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა’’-,,გ’’ ქვეპუნქტებით დადგენილი რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესი წარმოადგენს საფასურის დაანგარიშების ზოგად წესს, რომელიც არ განსაზღვრავს, რა იგულისხმება აუქციონზე დაფიქსირებულ ფასში - აუქციონზე დაფიქსირებული საერთო ფასი, თუ აუქციონზე დაფიქსირებული ერთი კონკრეტული მგჰ სიხშირული ზოლის ფასი. დაანგარიშების ძველ და ახალ წესს შორის განსახვავებას წარმოადგენს სწორედ აუქციონზე დაფიქსირებული საფასურის განსხვავებული განმარტება, კერძოდ, ძველი ფორმულით საშუალო არითმეტიკულის დაანგარიშება ხდებოდა აუქციონებზე დაფიქსირებულ მთლიან ფასთა ჯამიდან, ხოლო ახალი წესის შესაბამისად, საშუალო არითმეტიკულის დაანგარიშება ხდება კონკრეტულ აუქციონზე დაფიქსირებული ერთი მგჰ სიხშირული ზოლის ფასთა ჯამიდან. ამ წესით ფასის დაანგარიშების მიზანს წარმოადგენს ერთი მგჰ სიხშირული ზოლის ღირებულის განსაზღვა, შესაბამისად, იმისათვის, რომ გავიგოთ ერთი მგჰ სიხშირული ზოლის ღირებულება და დავიანგარიშოთ საშუალო არითმეტიკული, აუქციონებზე დაფიქსირებული ფასი უნდა მივიყვანოთ ეკვივალენტურ დებულებებამდე, ანუ ერთი მგჰ სიხშირული ზოლის ფასის დადგენა უნდა მოხდეს ეკვივალენტურ კომპონენტთა საშუალო არითმეტიკულის დაანგარიშებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯერ უნდა დავიანგარიშოთ თითოეულ აუქციონზე დაფიქსირებული ფასიდან ერთი მგჰ სიხშირული ზოლის საშუალო ღირებულება და შემდგომ, ამ ღირებულებათა ჯამი გივყოს აუქციონთა რაოდენობაზე, რითაც მივიღებთ ერთი მგჰ სიხშირული ზოლის საშუალო ფასს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაანგარიშების ძველი ფორმულა კანონმდებლობით გაწერილი არ ყოფილა, ფორმულის და დაანგარიშების მეთოდის განსაზღვრა ხდებოდა კომისიის მიერვე დადგენილი პრაქტიკით, რაც განპირობებეული იყო ნორმის ახალი წესისგან განსხვავებული განმარტებით. შესაბამისად, ახალი რეგულაცია არ ეწინააღმდეგება იმ წესს, რომელიც დადგენილი იყო პრაქტიკით. ორივე შემთხვევაში, ფასის დაანგარიშება ხდება კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, აუქციონზე დაფიქსირებული ფასიდან საშუალო არითმეტიკულის დაანგარიშებით, შესაბამისად, კანონის ზოგადი ჩანაწერის არსებობის პირობებში, სადავო ნორმატიული აქტით კომისიის მიერ არ მომხდარა საშუალო არითმეტიკულის გაანგარიშების კანონით დადგენილი წესისგან განსხვავებული წესის დადგენა, რამდენადაც კომისიამ მხოლოდ დააზუსტა დაანგარიშების წესი და განსაზღვრა, რომ საშუალო არითმეტიკულის გამოყვანა უნდა მომხდარიყო თითოეულ აუქციონზე დაფიქსირებული ერთი მგჰ სიხშირული ზოლის საშუალო ფასთა ჯამიდან.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების მტკიცებას, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია გასცდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს. იგი არ იყო უფლებამოსილი, მიეღო ისეთი დადგენილება, რომელიც შეცვლიდა ,,ელექტრონული კომინიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლს.

სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ,,რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მიღება განპირობებული იყო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-7 პუნქტით, რომლითაც განისაზღვრა იმ ნორმატიული აქტების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაც უნდა მომხდარიყო კომისიის მიერ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში. ერთ-ერთ ასეთ აქტს, მითითებული მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენდა ,,რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულება’’, რომლის პირველი მუხლი განსაზღვრავს დებულების გამოყენების სფეროს და მიზნებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დებულება შემუშავებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მიზნად ისახავს სახელმწიფო რესურსით – რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის წესების დადგენას. მე-2 პუნქტით კი განისაზღვრა, რომ ამ დებულებით დგინდება სახელმწიფო რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისას კომისიის უფლებამოსილებები და ვალდებულებები, აუქციონის გამართვის პროცედურა, მათ შორის გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესები, სახელმწიფო რესურსით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესი, სარგებლობის რაოდენობრივი, თვისობრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნულ ნორმათა გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ დებულების დამტკიცების შესახებ დადგენილებაში პირდაპირ არ იყო მითითებული ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის 49-ე მუხლი, ეს გარემოება არ გამორიცხავს 49-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების დებულებით დარეგულირების შესაძლებლობას, ვინადან დებულება შემუშავებულია ,,ელექტრონული კონუმიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე და სხვა საკითხებთან ერთად, არეგულირებს სახელმწიფო რესურსით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესს.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორების მტკიცებას, რომ სადავო დებულებას უნდა გაევლო ექსპერტიზა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანების პირველი მუხლის მე-12 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად, აუქციონის გამართვის დებულება არ საჭიროებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სრულიად დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს პოზიცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 7 ივნისის №379/23 გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის შესახებ.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ეს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად, არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს. სკაასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამგვარი წინაპირობა, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 17 ივლისის №6 დადგენილების კანონიერად მიჩნევა ადასტურებს აქტის გამოცემასთან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოცემული აქტის - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 7 ივნისის №379/23 გადაწყვეტილების კანონიერებასაც.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ჯ...“ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები არ არსებობს.

რაც შეეხება შპს „მ...“ საჩივარს, საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორს, რომ შპს ,,მ...’’ მიმართ ლიცენზიის ვადის გაგარძელების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული რომ ყოფილიყო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საფასურის დაანგარიშება არ მოხდებოდა 2013 წლის 17 ივლისს განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „მ...“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ სააგენტოს ლიცენზიის ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართა 2013 წლის 4 ივნისს, შესაბამისად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 და მე-15 მუხლების საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო 2013 წლის 16 ივლისს, სადავო ინდივიდუალური აქტი კი 2013 წლის 22 ივლისს გამოსცა.

საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ 2013 წლის 7 ივნისისთვის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია უკვე სხვაგვარად განმარტავდა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას ლიცენზიის მფლობელის მიერ გადასახდელი ამავე კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გამოთვლისას საშუალო არითმეტიკულის დაანგარიშების წესს. ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის (თუნდაც სადავო ცვლილების მიღებამდე რომელიმე სუბიექტის მიმართ ახალი წესით მიღებული გადაწყვეტილება).

2013 წლის 7 ივნისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში დამატების შეტანასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც, უპირობოდ არ ადასტურებს, რომ, საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება უკვე დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავებულ წესს გაითვალისწინებდა, გარდა ამისა, თუნდაც ადმინისტრაციულ ორგანოს ჩამოყალიბებული ჰქონოდა მოსაზრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ვადის გაგრძელების საფასურის გამოთვლის წესთან დაკავშირებით, შესაბამისი ნორმატიული აქტი 2013 წლის 17 ივლისს იქნა მიღებული. „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონი, მართალია, გარკვეულ შემთხვევაში, დასაშვებად მიიჩნევს ნორმატიული აქტისათვის უკუქცევითი ძალის მინიჭებას და მის გავრცელებას ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, მაგრამ ნორმის დროში მოქმედების არც ერთი პრინციპი არ მიიჩნევს დასაშვებად ჯერ მიუღებელი, თუნდაც პროექტის დონეზე არსებული, ნორმის გავრცელებას მის მიღებამდე განსახილველ განცხადებაზე. ამ გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „მ...“ განცხადების სზაკ-ით დადგენილ ვადაში განხილვის შემთხვევაში, კომისიას უნდა გამოეყენებინა სადავო დამატების მიღებამდე არსებული წესი, მიუხედავად იმისა, ეს წესი ნორმატიულად იყო განსაზღვრული, თუ პრაქტიკით დადგენილი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „მ...“ მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „მ...“ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №461/6 გადაწყვეტილება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის შპს ,,მ...“ მიერ გადასახდელი ამოწურვადი რესურსებით სარგებლობის საფასურის გამოთვლის ნაწილში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან შპს „მ...“ სარჩელით სამი აქტის ბათილად ცნობას ითხოვდა, ხოლო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილბით სარჩელი მხოლოდ 2013 წლის 22 ივლისის №461/6 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში კმაყოფილდება, მოპასუხე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მ...“ უნდა აუნაზღაუროს სამივე ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 550 ლარის მესამედი - 183,3 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს „ჯ...“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „მ...“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მაისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №461/6 გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში ბათილად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

4. შპს „მ...“ სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №461/6 გადაწყვეტილების რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის შპს ,,მ...“ მიერ გადასახდელი ამოწურვადი რესურსებით სარგებლობის საფასურის გამოთვლის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს „მ...“ სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 550 ლარის, მესამედის - 183,3 ლარის ანაზღაურება;

7. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მაისის განჩინება უცვლელად დარჩეს;

8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე