საქმე №¹ბს-592-579 (კ-14) 21 აპრილი, 2016წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით.
სხდომის მდივანი – ანი ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) – გ. ბ-ე.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახური.
თ. კ-ი, ნ. ვ-ე,
სამედიცინო ასოციაცია „...“.
მესამე პირი – ნო. ვ-ე
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება.
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.14წ. გადაწყვეტილება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გ.ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ფ. ვ-ის, თ.კ-ის, ნ.ვ-ის და მესამე პირის ე.ს-ის მიმართ. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად გ. ბ-ემ მოითხოვა: 1. 18.01.2008 წლის ჩუქების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გარიგების საგნად მითითებული 1883 კვ.მ. ნაცვლად მითითებული იქნას 1651 კვ.მ; 2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 12.01.11წ. №882011003603-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც ქ. ქობულეთში, ... №...-ში მდებარე 25 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა მოპასუხეების საკუთრების უფლება; 3. სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა, რომლითაც ქ. ქობულეთში, ... №...-ში მდებარე 830 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 9.2. კვ.მ. დაურეგისტრირდათ მოპასუხეებს საკუთრებაში; 4. სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა, რომლითაც 9.2 კვ.მ, მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ასოციაცია “...“ სახელზე 5. მოპასუხეებისთვის სასაზღვრო მიჯნის გასწორების დავალება 10.02.2011წ. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ საზღვრებში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.10.2011წ. გადაწყვეტილებით გ.ბ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა,რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ.ბ-ის მიერ.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, გ. ბ-ემ მოითხოვა 25 კვ.მ. ნაკვეთზე ნ. ვ-ისა და თ. კ-ის საკუთრებაში საჯარო რეესტრში არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა, 830 კ.მ. მიწის ნაკვეთიდან 9.2 კვ.მ. ფართის ნაწილში თ. კ-ის საჯარო რეესტრში არსებული სარეგისტრაციო ჩანწერის ბათილად ცნობა, სასაზღვრო მიჯნის გასწორება 10.02.11წ. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზით დადგენილ ფარგლებში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.03.2012წ. გადაწყვეტილებით გ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.10.2011წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნაზე 18.01.2008წ. ჩუქების ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, აპელანტ გ. ბ-ის მიერ მოთხოვნის ამ ნაწილზე უარის თქმის გამო. თ.კ-ისა და ნ.ვ-ის მიმართ სასაზღვრო მიჯნის გასწორების თაობაზე გ.ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა დარჩა განუხილველი, მხარეთა შორის იდენტური დავის სამოქალაქო წესით სხვა სასამართლოს მიერ განხილვის გამო. დანარჩენ ნაწილში გ.ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი ქ.ქობულეთში, ... გამზ№...-ში მდებარე 25კვ.მ მიწის ნაკვეთზე ნ.ვ-ის და თ.კ-ის საკუთრებაში საჯარო რეესტრში არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერი(უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №....), ასევე ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთში,... გამზ.№...-ში მდებარე 830 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 9,2 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართის ნაწილში თ.კ-ის საკუთრებაში საჯარო რეესტრში არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერი. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თ.კ-მა და ნ.ვ-ემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.01.2014წ. განჩინებით თ.კ-ისა და ნ.ვ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.03.2012წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რის გამოც არსებობდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის ხელახალი განხილვისას, სამოქალაქო საქმეთა პალატამ უნდა გადაწყვიტოს მოცემული დავის განსჯადობის წესების დაცვით იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის გადაცემის საკითხი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.03.2014წ. განჩინებით გ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.10.2011წ. გადაწყვეტილებაზე, საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2014წ. გადაწყვეტილებით გ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.10.2011წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 12.01.2011წ. №882011003603-03 გადაწყვეტილება, რომლითაც ქობულეთში ... გამზ.№...-ში მდებარე 25კვ.მ. მიწის ნაკვეთი( უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...) საკუთრების უფლებით აღირიცხა ნ. ვ-ისა და თ. კ-ის სახელზე. დანარჩენ ნაწილში გ.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაცო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეზე სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციით დასტურდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის ხელყოფის ფაქტი. სასამართლომ დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთებს შორის მიჯნის აღმართვამდე 25 კვ.მ მიწის ნაკვეთით სარგებლობდა გ. ბ-ე, სადაც განთავსებულია მისი კუთვნილი საინჟინრო კომუნიკაციები. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სკ-ის 1513 -ე მუხლის შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთი არის გ. ბ-ის საკუთრება, რომლის მოპასუხეთა საკუთრებაში აღრიცხვით ხელყოფილია გ. ბ-ის საკუთრების უფლება, რასაც ადასტურებს 10.02.2011წ. ექსპერტიზის დასკვნა. სააპელაციო პალატამ მიუთითა აგრეთვე, რომ დასკვნით არ ირკვევა სადავო 9.2 კვ.მ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდება სარჩელი.
მესამე პირი ე. ს-ის გარდაცვალების გამო საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოება შეჩერდა უფლებამონაცვლის დადგენამდე. საკასაციო პალატის 18.03.16წ. განჩინებით საქმეში უფლებამონაცვლედ ჩაება ნ. ვ-ე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ სანოტარო წესით დამოწმებული 14.07.1953წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით მ. ბ-ე (გ. ბ-ის მამამ) ს. ვ-ისაგან შეიძინა ქ. ქობულეთში, ... ქ. №...-ში 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული ერთსართულიანი ქვის სახლი. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება მ. ბ-ის სახელზე დარეგისტრირდა ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში, რაზედაც შედგა გეგმა-ნახაზი (ტ.1. ს.ფ. 14-15). ქობულეთის რაიონული სასამართლოს 10.10.05წ. გადაწყვეტილებით დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ ფ. ვ-ე ნამდვილად ფლობს 1883 კვ.მ. ნაკვეთს, რომლის საფუძველზე დავალდებულდა საჯარო რეესტრი გაეტარებინა ფართი რეგისტრაციაში. 18.01.08წ. ფ. ვ-ემ ფართი აჩუქა შვილებს – ნ. ვ-ეს და თ. კ-ს – ½ წილებით. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ 1883 კვ.მ. დაუზუსტებელი ფართი, რომელიც ქობულეთის რაიონული სასამართლოს 20.10.05წ. გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირებული ჰქონდა მოწინააღმდეგე მხარეს, მათივე ინიციატივით დაზუსტდა ერთიან გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში და მათ საკუთრებაში აღირიცხა 1820 კვ.მ. ნაკვეთი. ნაკვეთი შემდგომში გაიყო, №1 ნაკვეთი, ფართობით 829.56 კვ.მ., აღირიცხა ნ. ვ-ის საკუთრებად, ხოლო №2 ნაკვეთი, 829.56 კვ.მ ფართობით, თ. კ-ის საკუთრებაში აღირიცხა, 160 კვ.მ. №3 ფართი და მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით 298.92 კვ.მ., დარჩა საერთო საკუთრებაში. ზემოაღნიშნული №1, №2, №3 მიწის ნაკვეთთა ჯამი 1820 კვ.მ. შეადგენს (829.56+829.56+160=1820). სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ არცერთი აღნიშნული ნაკვეთი არ მოიცავს სადავო 25 კვ.მ. ნაკვეთს.
სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის №352-08-4 დასკვნის მიხედვით მოსარჩელე გ. ბ-ის დაზუსტებული სარჩელით მოთხოვნილი 34.2 კვ.მ. მიწის ფართობი განეკუთვნება 1997 წლამდე ტექაღრიცხვის ნახაზის მიხედვით გ. ბ-ის მიწის ნაკვეთს. 34.2 კვ.მ. ფართის ნაწილი მდებარეობს მხარეთა საცხოვრებელ სახლებს შორის არსებულ გასასვლელში, სახლებს შორის მდებარე 25 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მიჯნის აღმართვამდე სარგებლობდა გ. ბ-ე. სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის 10.02.11წ. №352-08-4 საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ... ქუჩის მხრიდან გ. ბ-ის ნაკვეთის სიგრძე უნდა იყოს 13.0 მეტრი, ფაქტობრივად ნაკვეთის სიგრძე შეადგენს 12 მეტრს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საპასპორტო მონაცემების და ფაქტობრივ მდგომარეობას შორის არსებული 1.0 მეტრი სადღეისოდ უკავია გ. ბ-ის მეზობლად მდებარე სახლთმფლობელობას. სააპელაციო სასამართლოს 23.06.14წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 12.01.11წ. №882011003603-03 გადაწყვეტილება, რომლითაც ქობულეთში, ... გამზ. №...-ში მდებარე 25 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...) საკუთრების უფლებით აღირიცხა ნ. ვ-ისა და თ. კ-ის სახელზე. დანარჩენ ნაწილში (9 კვ.მ.) გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ექსპერტიზის დასკვნით არ იკვეთება სადავო 9.2 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა არ არის დასაბუთებული. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 14.07.1953წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გ. ბ-ემ შეიძინა სახლთმფლობელობა მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. ტექაღრიცხვის მასალების მიხედვით ნაკვეთის პარამეტრები შემდეგი იყო: ნაკვეთის სიგრძე შეადგენდა 13 მეტრს, ხოლო სიგრძე 46.20 მეტრს (13x46.20=600.06). ექსპერტიზის დასკვნის და დანართის მიხედვით დარღვეულია ნაკვეთის კონფიგურაცია და პარამეტრები, ორივე მხარეს ნაკვეთის სიგრძე 13 მეტრზე ნაკლებია, შესაბამისად გაზრდილია მოსაზღვრე ნაკვეთის პარამეტრები. ექსპერტიზის დასკვნის დანართზე ნაჩვენებია გადაფარვის ზონა, რაც იწვევს ნაკვეთის შემცირებას. კასატორი თვლის, რომ ... ქუჩიდან 24 მეტრის სიგრძის ნიშნულზე გამიჯვნის ხაზი იწყებს გადახრას მოსარჩელის ნაკვეთის სიღრმეში, რის შედეგადაც ნაკვეთის სიგრძე ... ქუჩის მხარეს მცირდება 9 კვ.მ-მდე მაშინ, როდესაც ტექაღრიცხვის ნახაზის მიხედვით საზღვარი ამ მონაკვეთში სწორხაზოვანია. სააპელაციო პალატას ამ მიმართებით ფაქტობრივი გარემოებები არ დაუდგენია და შემოიფარგლა მითითებით, რომ ექსპერტიზის დასკვნით არ იკვეთება სადავო 9.2 კვ.მ. ფართის ადგილმდებარეობა. სააპელაციო პალატის მიერ ექსპერტიზის დასკვნა არ იქნა შეფასებული სსკ-ის 105-ე, 172-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ არ მოიწვია ექსპერტი დასკვნის განსამარტავათ.
სასამართლომ არ დაადგინა იყო თუ არა შემცირებული მოსარჩელის მიწის ნაკვეთის პარამეტრები, არ დაადგინა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ გადაფარვის არსებობა, გადაფარვის ზონის ოდენობა, სააპელაციო პალატას არ დაუდგენია ქმნიდა თუ არა გადაფარვის ზონა 9 კვ.მ.-ით მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთის შემცირებას. მართალია ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის, მისი შეფასება ხდება სსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, – მაგრამ სსკ-ის 172-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ დასკვნის უარყოფა დასაბუთებული უნდა იყოს, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს დასკვნის უარყოფას, 9.2 კვ.მ. ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის რაიმე არგუმენტაციას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებს შორის კოლიზიის თავიდან აცილების მიზნით, განსახილველი დავა უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებულ სხვა დავებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების გათვალისწინებით. განსახილველ საქმეში დაცულია რამოდენიმე სასამართლო აქტი, სააპელაციო პალატამ საქმის განხილვისას უნდა გაარკვიოს მათი კანონიერ ძალაში ყოფნის საკითხი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში დაცულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 09.02.11წ. გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ბ-ის სარჩელი 22.6 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან გამოთავისუფლების და გამმიჯნავი ღობის მოშლის შესახებ არ იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო თ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. ბ-ეს დაევალა საკუთარი ხარჯებით განეხორციელებია თ. კ-ის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული უკანონო კაპიტალური მინაშენის მოშლა. სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს ხსენებულ დავაზე დამდგარი საბოლოო შედეგი და ამ დავის კავშირი მოცემულ დავასთან (9.2 კვ.მ). დადგენას საჭიროებს აგრეთვე საქმის მასალებში დაცული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 30.03.11წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ირკვევა, რომ გ. ბ-ე სარჩელით მოითხოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 12.01.11წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სამეზობლო გამმიჯნავი კაპიტალური ღობის მთელ სიგრძეზე მოშლას, საზღვრის შემცირებას. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 30.03.11წ. გადაწყვეტილებით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.02.12წ. განჩინებით გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.11წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს. საკასაციო პალატა თვლის, რომ უნდა დადგინდეს აღნიშნული დავის შედეგი, უნდა დადგინდეს რომელი საქმე და რა საფუძვლით არის შეჩერებული სააპელაციო სასამართლოში, დავის ის ნაწილი, რომელზედაც მოხდა წარმოების შეჩერება, მისი კავშირი განსახილველ დავასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში არ არის საკმარისად დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს. საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას საქმეზე დაადგინოს ახალი ფაქტობრივი გარემოებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შეუძლებელია სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად ახალი გადაწყვეტილების მიღება, სახეზეა სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო პალატამ სასკ-ის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, სრულყოფილად უნდა დაადგინოს საქმის ყველა გარემოება და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსკ-ის 53.4 მუხლის შესაბამისად სასამართლო ხარჯები უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2014წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი