Facebook Twitter

Nბს-628-621 (კ-15) 5 აპრილი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „...“

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „...“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის 2 565 200,86 (გადახდილი თანხა 2 227 726.68 ლარი + პირგასამტეხლო 337 474.18 ლარი) ლარის გადახდის დაკისრება.

მოსარჩელის განმარტებით, შპს „...“ შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ იკისრა ვალდებულება საინფორმაციო-სარეკლამო ერთჯერადი გამოყენების სიუჟეტების დამზადებისა და მათი ტელეარხის ეთერში განთავსების შესახებ თანდართული მედია-გეგმის მიხედვით უკრაინაში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო სსიპ საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგნეტოს (შემკვეთს) უნდა გადაეხადა შეთანხმებული საზღაური - 1 732 517. 65 აშშ დოლარი. სსიპ საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ პირნათლად შეასრულა თავისი ვალდებულება და შპს „...“ სრულად გადაუხადა მომსახურების ღირებულება, ხოლო შპს „...“ ნაწილობრივ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და სსიპ ,,საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს გაუწია მხოლოდ 632 224 ლარის ღირებულების მომსახურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.01.13 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპენატი მიუთითებდა, რომ დავა არაგანსჯადმა სასამართლომ განიხილა, ვინაიდან, მისი აზრით, მოცემული საქმე სამოქალაქო დავას წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „...“ სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა შეუსრულებელი მომსახურების საფასურის, 2 227 726.68 ლარის, ასევე პირგასამტეხლოს - 33 747,41 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. საქართველოს მთავრობის 08.02.2012 წლის №200 განკარგულებით, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით დაევალა სსიპ საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს საქართველოს საინვესტიციო, ტურისტული და ღვინის ცნობადობის ამაღლების კუთხით, ამ განკარგულების №1 და №2 დანართებით გათვალისწინებულ უკრაინულ ტელეარხებზე სპეციალური პროგრამების მომზადებისა და ეთერში გასვლასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება შპს „...“ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით 1 732 517.64 აშშ დოლარის ფარგლებში. ამავე განკარგულებით შპს „...“ გათავისუფლდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულებისაგან (ს/ფ 16-21).

2. საქართველოს მთავრობის 22.02.2012წ. №328 განკარგულებით, საქართველოს მთავრობის 08.02.2012წ. №200 განკარგულების მე-2 პუნქტში შევიდა ცვლილება და ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, ასევე ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა განკარგულების დანართი №1.

3. საქართველოს მთავრობის 10.08.12წ. №1592 განკარგულებით შეტანილი იქნა ცვლილება 2012 წლის 8 თებერვლის №200 განკარგულებაში და №1 დანართიც ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა, რომლითაც ასევე კონკრეტულად განისაზღვრა სიუჟეტების გასვლის დრო, ხანგრძლივობა, არხი, სიუჟეტების რაოდენობა თვეების მიხედვით და მათი თემატიკა (ს.ფ. 42-45).

4. 08.02.2012 წ. სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და შპს „...“ შორის საქართველოს მთავრობის 08.02.2012წ. №200 განკარგულების საფუძველზე დაიდო №4/02 ხელშეკრულება. ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტის თანახმად, შპს „...“ ვალდებულია უზრუნველყოს საინფორმაციო-სარეკლამო სიუჟეტების დამზადება და მათი ტელეარხის ეთერში განთავსება თანდართული მედია-გეგმისა და ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, იმგვარად, რომ იგი პასუხობდეს უკრაინის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს (მათ შორის სიუჟეტების შინაარსიდან გამომდინარე ტრანსლირების დროსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს), სიუჟეტების კონცეფციებს, ქრონომეტრაჟს, ტელეარხის ტექნიკურ მოთხოვნებს, ამ ხელშეკრულების პირობებს. ხელშეკრულების 3.1.2. პუნქტის თანახმად, კომპანია ვალდებულია დაამზადოს და ეთერში განათავსოს მხოლოდ უკრაინის მოქმედ კანონმდებლობასთან, ტელეარხის ტექნიკურ მოთხოვნებთან და ამ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისი სიუჟეტები. ხელშეკრულების 3.1.6. პუნქტის მე-5 აბზაცით მხარეებმა გაითვალისწინეს სიუჟეტში მესამე პირების საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი მხარე და დარღვევის გამოსწორების პროცედურა, ხოლო ამავე ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 1 732 517.65 აშშ დოლარით და იგი მოიცავდა კანონით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. ამავე პუნქტით დადგინდა, რომ მითითებული საერთო ღირებულებიდან 1 155 011.77 აშშ დოლარი უნდა გადაიხადოს სსიპ საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ შპს „...“ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ხოლო დანარჩენი თანხა, 577 505.88 აშშ დოლარი, შესაბამისი ანგარიშების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და ანგარიშ-ფაქტურების წარდგენის საფუძველზე. 11.1 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების ყველა პირობა კონფიდენციალურია. თუმცა მხარეებს უფლება აქვთ გაავრცელონ ინფორმაცია ასეთი ხელშეკრულების არსებობის შესახებ. ყოველი მხარე მიიღებს აუცილებელ ზომას იმისათვის, რომ თავი აარიდონ მესამე პირებისათვის ამ ხელშეკრულების გაცნობას მეორე მხარის თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი გაცნობა ხორციელდება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნით უფლებებისა და ინტერესების სასამართლოში დაცვისათვის ან სხვა შემთხვევაში, რაც გათვალისწინებულია უკრაინის კანონმდებლობით. ხელშეკრულების 5.4 პუნქტის თანახმად, შპს „...“ მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მას დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და მიეცემა დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. აღნიშნული ვადის გასვლის შემთხვევაში, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება (ს/ფ 22-34).

5. სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და შპს ,,...” შორის 17.08.2012წ. საქართველოს მთავრობის 08.02.2012წ. №200 და 10.08.2012წ. №1592 განკარგულებების საფუძველზე დაიდო შეთანხმება ,,08.02.2012წ. №4/02 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” და ხელშეკრულების 4.1 და 4.2 პუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, ხოლო მხარეების მიერ 08.02.12წ. ხელმოწერილი ხელშეკრულების დანართი №1 მედია-გეგმა შეიცვალა ამ შეთანხმების დანართი №1 მოცემული მედია-გეგმის შესაბამისად. ცვლილებების შედეგად 4.2. პუნქტით დადგინდა, რომ ყოველი საანგარიშო პერიოდის დასრულებისთანავე მხარეები ადგენენ ორმხრივ აქტს, რომელშიც მიეთითება დაკვეთისათვის გაწეული მომსახურების მოცულობა (წუთები და/ან წამები), მომსახურების ღირებულება საანგარიშო პერიოდისათვის; აქტი მზადდება კომპანიის მიერ და ეგზავნება დამკვეთს არაუგვიანეს მომსახურების გაწევის საანგარიშო თვის მომდევნო თვის 12 რიცხვისა. 2012 წლის 1 მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში დამზადებულ და ეთერში ფაქტობრივად გასულ სიუჟეტებზე არაუგვაინეს 2012 წლის 25 აგვისტოსი (ს/ფ 47-48).

6. 21.08.12წ. №4/02-1 მიღება-ჩაბარების აქტით სსიპ საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ ჩაიბარა 2012 წლის 1 მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით 15 სიუჟეტის ტრანსლირება არხზე „...“. ტრანსლირების დროდ მითითებულია 148 წუთი და 41 წამი, საერთო ღირებულება 326 309 ლარი. აღნიშნულის დამადასტურებლად მითითებულია დანართად წარდგენილ 1,2,3 საეთერო ცნობებზე. ამავე აქტით მიიღო, ხოლო კომპანიამ ჩააბარა 2012 წლის 1 მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით 24 სიუჟეტის მომზადება საერთო ღირებულებით 305 915 ლარი. მითითებულია, რომ კომპანიამ ჩააბარა, ხოლო დამკვეთმა ჩაიბარა გაწეული მომსახურება და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ. აღნიშნული ფაქტტობრივი გარემოება მხარეებს შორის სადავო არ არის.

7. სსიპ საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ 21.11.12წ. №01/03-35 წერილით მოითხოვა გაწეული მომსახურების დამადასტურებელი აქტების წარდგენა.

8. შპს „...“ 28.11.12წ. №04/11 წერილით აცნობა, რომ უგზავნიდა 2012 წლის 1 აგვისტოდან 2012 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით გაწეული მომსახურების დამადასტურებელ აქტებსა და საეთერო ცნობებს. წერილს თანდართული აქვს მიღება-ჩაბარების აქტების პროექტები, რომლებიც ხელმოწერილია შპს-ს დირექტორის მიერ, და საეთერო ცნობები, რომლებიც მომზადებულია შესაბამისი ტელეარხების მიერ და ხელმოწერილია ასევე მათ მიერ.

9. სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს 30.11.12წ. №01/03-369 წერილით შპს „...“ სააგენტომ აცნობა, რომ წარდგენილ მიღება-ჩაბარების აქტებში მოცემული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა მხარეთა შორის წინასწარ შეთანხმებით დადგენილ ვალდებულების შესრულების გრაფიკს და პირობებს, რაც იყო დადგენილი №1 დანართით. სააგანტომ აცნობა კომპანიას, რომ ამით დაირღვა ხელშეკრულების 3.1.1 პუნქტით ნაკისრი ვალდებულებები და ამავე ხელშეკრულების 3.2.5. პუნქტის შესაბამისად, სააგანეტო წყვეტდა ხელშეკრულებას. სააგენტომ ხელშეკრულების 3.1.10. პუნქტის საფუძველზე მოითხოვა შეუსრულებელი ვალდებულებისათვის წინასწარ მიღებული თანხის 2227726.68 ლარის დაბრუნება, ასევე ხელშეკრულების 5.4 პუნქტის საფუძველზე, 337474.18 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა. 25.12.12წ. №01/03-413 წერილით, სააგენტომ კომპანიას სთხოვა გაწეული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და ვიდეო მასალის წარმოდგენა. ასევე იმ დოკუმანტის წარდგენა, რომლითაც ცალკეულ არხებზე გასული ცალკეული სიუჟეტების იდენტიფიცირება იქნებოდა შესაძლებელი ვიდეო ფაილის სახელწოდებისა და ქრონომეტრაჟის, ასევე მათი შინაარსის, ფასისა და გადაცემის დასახელების მითითებით, რომლის ფარგლებშიც გავიდა სიუჟეტი.

10. შპს „...“ 10.12.12 წ. №05/12 წერილით, რომელიც სააგენტოს 20.12.12 წელს გადაეცა, საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს ეცნობა, რომ კომპანიის 28.11.12 წ. წერილზე თანდართულ მიღება-ჩაბარების აქტებში მათი კონტრაქტორის მიერ არასწორი საეთერო ცნობის წარმოდგენის გამო არასწორი ინფორმაცია მიეწოდა სააგენტოს სიუჟეტების გასვლის დროებისა და ქრონომეტრაჟის თაობაზე. სააგენტოს ეცნობა, რომ შპს „...“ მიერ ტელეარხებიდან მოპოვებული იქნა დაზუსტებული ინფორმაცია სიუჟეტების გასვლის დროებისა და ქრონომეტრაჟის თაობაზე და დამზადებული სიუჟეტების ჩანაწერები, რომლებიც წერილს თან ერთვოდა. წერილზე თანდართულია 31.08.12წ. მიღება-ჩაბარების აქტის პროექტი პირველი აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით გასული სიუჟეტებისა და მათი ღირებულების შესახებ, 30.09.12წ. მიღება-ჩაბარების აქტი - პირველი სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდზე, 31.10.12წ. მიღება-ჩაბარების აქტი - პირველი ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე, 30.11.12წ. მიღება-ჩაბარების აქტი - პირველი ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდზე.

11. სსიპ საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ სასამართლოში წარადგინა შპს ,,ა...” მიერ შესრულებული 25.12.12წ. №20122512/01 სატელევიზიო მონიტორინგის საეთერო ცნობა, რომლის თანახმად, შპს ,,ა...“ და სააგენტოს შორის 17.12.12წ. გაფორმებული №1/117 ხელშეკრულების თანახმად, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი იყო ამავე წერილში მითითებული სიუჟეტების მონიტორინგი. შპს ,,ა...“ აცნობება წერილით სააგენტოს, რომ 2012 წლის ოქტომბერ-ნოემბერში უკრაინულ სატელევიზიო არხებზე გავიდა ამავე წერილში მითითებული სიუჟეტები. მითითებულია თარიღი, არხი, გადაცემის დასახელება, დასაწყისი, სიუჟეტის დასაწყისი და დასასრული, ასევე ვიდეო ფაილის დასახელება. სულ 11 სიუჟეტია მითითებული.

12. შპს ,,...” მიერ, სასამართლოს წარედგინა 25.06.13წ. განჩინებით დავალებული დაზუსტებულ შესაგებელზე თანდართული მტკიცებულება, კერძოდ, შესაბამისი ტელეარხების სველი ბეჭდებით დამოწმებული საეთერო ცნობები.

13. სააპელაციო სასამართლოში აპელანტმა წარმოადგენა შპს ,,ა...“ 2014 წლის 12 თებერვლის წერილი, კომპანიის მიერ, 2012 წლის 25 დეკემბერს, გაცემული სატელევიზიო მონიტორინგის საეთერო ცნობისა და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და შპს ,,ა...“ შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების განმარტების თაობაზე, რომლითაც კომპანია ადასტურებს, რომ სიუჟეტები, რომელთა მონიტორინგი მოითხოვა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტომ უკრაინულ სატელევიზიო არხებზე, 2012 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეში არ გასულა. აღნიშნული დაადასტურა სააპელაციო სასამართლოში სპეციალისტის სახით დაკითხულმა ნ. გ-ემ.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ არ დასტურდება შპს ,,...” მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, რის დასადასტურებლად მიუთითებს შესაბამისი ტელეარხების მიერ სველი ბეჭდით დამოწმებული ცნობებზე, სიუჟეტების ტრანსლირების თაობაზე, ასევე არ იზიარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ გარემოებას არ ადასტურებს შპს ,,ა...“ ცნობა. პალატის მოსაზრებით, სასამართლო დასკვნა ემყარება ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლომ ერთის მხრივ დადგენილად მიიჩნია, რომ ,,ა...“ მიერ წარმოდგენილი სიუჟეტების ტრანსლირების გრაფიკი და ხელშეკრულების დანართით, მედია-გეგმით, განსაზღვრული გრაფიკი იყო სხვადასხვა, ასევე, მონიტორინგის ცნობით წარმოდგენილი ვიდეოფაილები არ შეესაბამებოდა მხარეთა შორის შეთანხმებულ გრაფიკს, სატელევიზიო არხსა და გადაცემებს, თუმცა ამის საპირისპიროდ მიიჩნია, რომ ცნობა არ ადასტურებდა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას და ცნობით ვერ დგინდებოდა, რომ მითითებულ პერიოდში უკრაინულ არხზე სხვა სატელევიზიო სიუჟეტები საქართველოს შესახებ არ გასულა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტმა წარადგინა შპს ,,ა...“ 2014 წლის 12 თებერვლის წერილი, 2012 წლის 25 დეკემბერს გაცემული სატელევიზიო მონიტორინგის საეთერო ცნობის განმარტების თაობაზე, რომლითაც დასტურდება, რომ სადავო პერიოდში, სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და შპს ,,...” შორის საქართველოს მთავრობის 08.02.2012წ. №200 განკარგულების საფუძველზე დადებული №4/02 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სიუჟეტები, უკრაინულ ტელეარხზე არ გასულა, რაც როგორც აღინიშნა, ასევე დაადასტურა სააპელაციო სასამართლოში სპეციალისტის სახით დაკითხულმა ნ. გ-ემ. აღნიშნულ დასკვნას ვერ აბათილებს საქმეში წარმოდგენილი დამზადებული სიუჟეტების ჩანაწერები, ვინაიდან იგი არ ადასტურებს ამ სიუჟეტების უკრაინულ სატელევიზიო სივრცეში გასვლის ფაქტს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს ,,...” ვერ წარადგინა მტკიცებულება (ვიდეო ფაილები ან მონიტორინგის დასკვნა), რაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა სიუჟეტების დათქმულ ტელეარხებზე, დათქმულ დროს გასვლის ფაქტს. პალატის მოსაზრებით, ამ გარემოებას არ ადასტურებს სააპელაციო სასამართლოში შპს ,,...” მიერ საგადასახადო დავალების სახით წარმოდგენილი მტკიცებულებები.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა შპს ,,ა...“ დასკვნა და წერილი, ისე, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ამ კომპანიის უფლებამოსილებას, უკრაინულ არხზე გასული ტელეგადაცემების მონიტორინგი განეხორციელებინა. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები საიუჟეტების შეთანხმებული გეგმის შესაბამისად გასვლის თაობაზე. მონიტორინგის დასკვნა ეხებოდა 45 დღეს, სააპელაციო სასამართლომ კი, 4 თვეზე გაავრცელა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს „...“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი დავა არაგანსჯადმა სასამართლომ განიხილა.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ადგენს განსჯადი სასამართლოს პრინციპს. აღნიშნული კოდექსის 26.2 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს საქმე გადაუგზავნოს განსაჯად სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394 “ა” მუხლის თანახმად. ადმინისტრაციული სასამართლო, განსხვავებით სამოქალაქო სასამართლოსაგან, საქმის განსჯადობას ამოწმებს მხარის მოთხოვნის გარეშეც, თავისი ინიციატივით, რამდენადაც, როგორც აღინიშნა, სასამართლო ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, შეამოწმოს, განიხილა თუ არა საქმე უფლებამოსილმა სასამართლომ, ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტი მიუთითებდა პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის არაგანსჯადი სასამართლოს მიერ განხილვის თაობაზე. აპელანტი ამტკიცებდა, რომ მოცემული საქმე სამოქალაქო კატეგორიისაა, რაზეც სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ ქვემდებარეობას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 08.02.2012წ. №200 განკარგულებით, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს დაევალა საქართველოს საინვესტიციო, ტურისტული და ღვინის ცნობადობის ამაღლების კუთხით, ამ განკარგულების №1 და №2 დანართებით გათვალისწინებულ უკრაინულ ტელეარხებზე სპეციალური პროგრამების მომზადებისა და ეთერში გასვლასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება შპს ,,...” გამარტივებული შესყიდვის საშუალებით 1 732 517.64 აშშ დოლარის ფარგლებში. 08.02.2012 წელს სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და შპს ,,...” შორის საქართველოს მთავრობის 08.02.2012წ. №200 განკარგულების საფუძველზე დაიდო №4/02 ხელშეკრულება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა აღნიშნული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან თუ კერძო პირთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე ადმინისტრაციული ორგანოა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით, უკეთუ აღნიშნული მისი შეხედულებით უფრო მისაღებია და არ ეწინააღმდეგება საჯარო სამართლებრივ ნორმებს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს თავის საქმიანობაში კერძო-სამართლებრივი ფორმები და შესაბამისად დადოს კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები (სზაკ-ის 651 მუხ.). ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო-სამართლებრივ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ხოლო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით (სასკ-ის 251 მუხ., სზაკ-ის 65.2, 651 მუხ.). საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის (სზაკ-ის 2.1 მუხლის “ზ” ქვეპუნქტი) ძირითად ელემენტი უკავშირდება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ხელშეკრულების დადებას. ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსით განისაზღვრება; ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების შედეგად შესაბამისი პირი აღიჭურვება საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, ხოლო კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებისას მხარეები გვევლინებიან სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობების მატარებლებად.

მხოლოდ ის ფაქტი, რომ შპს ,,...” და სსიპ საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს შორის ხელშეკრულება დაიდო მთავრობის განკარგულების საფუძველზე, არ ანიჭებს მას ადმინისტრაციული ხელშეკრულების სტატუსს.

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმეში წარმოდგენილი მთავრობის განკარგულება და ხელშეკრულება. ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტის თანახმად, შპს ,,...” ვალდებულია უზრუნველყოს საინფორმაციო-სარეკლამო სიუჟეტების დამზადება და მათი ტელეარხის ეთერში განთავსება თანდართული მედია-გეგმისა და ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, იმგვარად, რომ იგი პასუხობდეს უკრაინის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს (მათ შორის სიუჟეტების შინაარსიდან გამომდინარე ტრანსლირების დროსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს), სიუჟეტების კონცეფციებს, ქრონომეტრაჟს, ტელეარხის ტექნიკურ მოთხოვნებს, ამ ხელშეკრულების პირობებს. 4.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 1 732 517.65 აშშ დოლარით და იგი მოიცავდა კანონით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. ამავე პუნქტით დადგინდა, რომ მითითებული საერთო ღირებულებიდან 1 155 011.77 აშშ დოლარი უნდა გადაიხადოს სსიპ საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ შპს ,,...” საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ხოლო დანარჩენი თანხა, 577 505.88 აშშ დოლარი - შესაბამისი ანგარიშების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და ანგარიშ-ფაქტურების წარდგენის საფუძველზე. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების ვერტიკალური იერარქია და სუბორდინაციის პრინციპის დაცვა, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ზემდგომი ორგანოს ან აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების თანხმობის მოპოვების აუცილებლობა ხელშეკრულების დასადებად არ გამორიცხავს ამ ხელშეკრულების კერძო-სამართლებრივ ბუნებას. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია ხელშეკრულების შინაარსი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არც მთავრობის განკარგულება და არც გაფორმებული ხელშეკრულება არ აღჭურავს შპს ,,...” საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობით. ხელშეკრულების დადების შედეგად არ წარმოიქმნება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან საჯარო ქმედების (რეალაქტის) მოვალეობა. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს დაეკისრა შესრულებულ სამუშაოთა მიღების და თანხის გადახდის ვალდებულება. ამდენად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ წარმოშობს ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან სხვა მმართველობითი ღონისძიებების განხორციელების ვალდებულებას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 08.02.2012 წელს სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და შპს ,,...” შორის დადებული ხელშეკრულება არის ნარდობის/მომსახურების ხელშეკრულება.

ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებისაგან გამიჯვნისათვის, ხელშეკრულების მიზნის და საგნის ანალიზის გარდა, მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების დადებას ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. სასკ-ის 2.3 მუხლის შესაბამისად სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. მოცემული სარჩელის ფარგლებში, სადავოა გაწეული მომსახურების საფასურისა და ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს გადახდა, ვალდებულების შესრულებისა და ვალდებულების უზრუნველყოფის მომწესრიგებელი სამოქალაქო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, ამდენად, სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. სასკ-ის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა ან არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, ამასთან, საქმის განხილვისას, სასამართლომ, სამოქალაქო სამართალწარმოების თავისებურებების გათვალისწინებით, უნდა შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, გამოიკვლიოს და დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,...” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

3. სასამართლო ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე