ბს-653-645 (2კ-15) 5 აპრილი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ე. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ბ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2013 წლის 20 დეკემბრის №406/1 ბრძანების ე. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში და 2014 წლის 20 მარტის №03/20-07/1 ბრძანების ბათილად ცნობის, ე. ბ-ის ორსულობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების 2014 წლის 12 მარტიდან 2014 წლის 7 მაისის ჩათვლით მიცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ე. ბ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ე. ბ-ის შუამდგომლობა სარჩელის ნაწილზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდა; ე. ბ-ის სარჩელზე, მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, კერძოდ ე. ბ-ისათვის ორსულობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების მიცემის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება, ე. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2013 წლის 20 დეკემბრის №406/1 ბრძანება ე. ბ-ის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ... სამსახურის ... თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში; ე. ბ-ს უარი ეთქვა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2014 წლის 20 მარტის №03/20-07/1 ბრძანების ბათილად ცნობაზე და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. ე. ბ-ი მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ... სამსახურის ... თანამდებობაზე.
2. 2013 წლის 4 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის N498/3 ბრძანებით ე. ბ-ს ორსულობისა და მშობიარობის გამო მიეცა შვებულება 126 კალენდარული დღე 2013 წლის 6 ნოემბრიდან 2014 წლის 11 მარტის ჩათვლით.
3. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2013 წლის 20 დეკემბრის N406/1 ბრძანებით ე. ბ-ი გათავისუფლდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ... სამსახურის ... თანამდებობიდან და დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ... დეპარტამენტის ... განყოფილების ... თანამდებობაზე 3 თვით.
4. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2014 წლის 20 მარტის N03/20-07/1 ბრძანებით 2014 წლის 21 მარტიდან სამსახურის ვადის გასვლასთან დაკავშირებით ე. ბ-ი გათავისუფლდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ... დეპარტამენტის ... განყოფილების ... თანამდებობიდან.
სააპელაციო სასამართლო იმთავითვე ყურადღება მიაქცია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება 20.12.2013 N406/1 სადავოდ იყო გამხდარი მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც ე. ბ-ი გათავისუფლდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ... სამსახურის ... თანამდებობიდან. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის ბრძანების იმ ნაწილს, რომლითაც ის დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ... დეპარტამენტის ... განყოფილებაში ... თანამდებობაზე 3 თვის ვადით, თუმცა, მისი მხრიდან სადავოდაა გამხდარი 2014 წლის 20 მარტის N03/20-07/1 ბრძანება, რომლითაც ის თანამდებობიდან გათავისუფლდა სამსახურის ვადის - 3 თვიანი პერიოდის გასვლის გამო.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეს არაერთხელ შესთავაზეს დაეზუსტებინა მოთხოვნა, რა მიზნითაც სააპელაციო სასამართლოს მიერ პროცესზე მოწვეული იქნა უშუალოდ ე. ბ-ი, რომელმაც, სასამართლოს შეთავაზების მიუხედავად N406/1 ბრძანებასთან დაკავშირებით მოთხოვნა დატოვა უცვლელი, მოითხოვა ბრძანების ბათილად ცნობა მხოლოდ გათავისუფლების ნაწილში, ხოლო რაც შეეხება მოთხოვნაზე, რომლითაც ის ითხოვდა კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების მიცემას (გაგრძელებას) 2014 წლის 12 მარტიდან 2014 წ. 7 მაისის ჩათვლით, განაცხადა უარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის პრინციპებიდან გამომდინარე სასამართლო შეზღუდულია მოთხოვნის ფარგლებით, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 20.12.201წ. N406/1 ბრძანების კანონიერება შეამოწმოს მხოლოდ მოთხოვნილ ნაწილში.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ე. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული ბრძანების კანონისმიერ საფუძვლად ვერ ჩაითვლება ის გარემოება, რომ 2013 წლის 20 დეკემბერს ე. ბ-მა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სახელზე წარადგინა თანხმობა დანიშნულიყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ... დეპარტამენტში ... განყოფილების ... თანამდებობაზე. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 92-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ფორმირდება ბრძანებით. ე. ბ-ს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2013 წლის 4 ნოემბრის N498/3 ბრძანებით უფლებამოსილება შეჩერებული ჰქონდა 2013 წლის 6 ნოემბრიდან 2014 წლის 11 მარტის ჩათვლით. ბრძანებაში ცვლილებები არ შესულა, დეკრეტული შვებულების ვადაზე ადრე შეწყვეტა არ მომხდარა არც ე. ბ-ის და არც ადმინისტრაციის ინიციატივით. დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის პერიოდში გაცხადებული ნება ვერ იქნება მიჩნეული სამსახურებრივ საკითხზე მიღებული აქტის ლეგიტიმურ საფუძვლად.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სადავო აქტი არ შეიცავს მითითებას სამსახურიდან ე. ბ-ის გათავისუფლების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე. ე. ბ-ის ნების (განცხადების) დადასტურების პირობებშიც კი, ღიად რჩება საკითხი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის რომელი ნორმის საფუძველზე მოხდა სამსახურიდან მისი გათავისუფლება, რამდენადაც ე. ბ-ის განცხადება შეიცავს თანხმობას მხოლოდ ... განყოფილების ... თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის, როგორც ორსული ქალისა და მცირეწლოვანი შვილის დედის შრომითი უფლებების დაცვის მინიმალური სტანდარტის დარღვევად მიიჩნია დეკრეტული შვებულების დასრულებამდე პერიოდის განმავლობაში ქალისათვის სამსახურიდან დათხოვის შესახებ შეტყობინების გაკეთების და მის მიერ გაცხადებული ნების მიღებას უვადო შრომითი ურთიერთობის პირობებში დათანხმდეს დროებით 3-თვიან სამუშაოს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სარჩელის საფუძველზე მოთხოვნილი არ არის თანამდებობაზე აღდგენა, მოთხოვნა შეეხება მხოლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლი ადგენს იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების შესაძლებლობას. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლება და სხვა თანამდებობაზე დანიშვნა მოხდა ერთდროულად, ამასთან მოსარჩელე არ ითხოვს ამ სხვა თანამდებობაზე მისი დანიშვნის კანონიერების შემოწმებას, არ არსებობს იძულებითი გაცდენილი პერიოდი, რომლის კომპენსირებაც მოთხოვნილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული 112-ე მუხლის საფუძველზე, რის გამოც მოსარჩელეს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უნდა ეთქვას უარი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და ე. ბ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორი ე. ბ-ი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას. მისი მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანხმადაც ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში, მოხელე სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას ექვემდებარება, შესაბამისად, ე. ბ-ს უნდა აუნაზღაურდეს იძულებით განაცდური.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე, საბოლოოდ, სასარჩელო მოთხოვნები ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:
1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 20.12.2013 წლის N406/1 ბრძანების ბათილად ცნობა ე. ბ-ის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ... სამსახურის ... თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში;
2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2014 წლის 20 მარტის N03/20-07/1 ბრძანების ბათილად ცნობა;
3. იძულებით განაცდურის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის პრინციპებიდან გამომდინარე სასამართლო შეზღუდულია მოთხოვნის ფარგლებით, ამასთან, ყურადღებას მიაქცევს მოცემული დავის სამართლებრივ ბუნებას: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 20.12.2013 წლის N406/1 ბრძანების საფუძველზე ე. ბ-ი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ... სამსახურის ... თანამდებობიდან გათავისუფლდა და დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ... დეპარტამენტის ... განყოფილებაში ... თანამდებობაზე 3 თვის ვადით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, შეუძლებელია ე. ბ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერების შეფასება მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანის კანონიერებაზე მსჯელობის გარეშე.
2013 წლის 4 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის N498/3 ბრძანებით ე. ბ-ს ორსულობისა და მშობიარობის გამო მიეცა შვებულება 126 კალენდარული დღე 2013 წლის 6 ნოემბრიდან 2014 წლის 11 მარტის ჩათვლით. 2013 წლის 20 დეკემბერს ე. ბ-მა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სახელზე წარადგინა თანხმობა დანიშნულიყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ... დეპარტამენტში ... განყოფილების ... თანამდებობაზე, ანუ, რეალურად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო ე. ბ-ის თანხმობა და ეს უკანასკნელი სხვა თანამდებობაზე გადაიყვანა დეკრეტული შვებულებით სარგებლობის პერიოდში.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 411-ე მუხლის პირველი ნაწილის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) თანახმად, მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 140 კალენდარული დღის ოდენობით. ამავე კანონის 89-ე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, შვებულება წარმოადგენს სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძველს, ხოლო 88-ე მუხლის თანახმად მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ნიშნავს მოხელის დროებით განთავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან და შესაბამისი დაწესებულების განთავისუფლებას მოხელის სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისაგან. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში მოხელეს კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო, დანამატები ან ეძლევა სხვაგვარი კომპენსაცია.
განსახილველ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს რამდენად ჰქონდა ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებამოსილება, მიეღო საჯარო მოხელის თანხმობა და გადაეყვანა ეს უკანასკნელი სხვა თანამდებობაზე მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 111-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, მოხელე არ შეიძლება განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან შტატების შემცირების ან ატესტაციის შედეგების გამო იმ დროის განმავლობაში, როდესაც მისი სამსახურებრივი ურთიერთობები შეჩერებულია: ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნისას; სავალდებულ სამხედრო სამსახურში გაწვევის, სასწავლო შეკრების, რეზერვისტთა მობილიზაციის დროს; საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში კანდიდატად წამოყენებისას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მოხელე (ქალი) არ შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის შეჩერება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს ყველა უფლებამოსილების შეჩერებას მოხელის მიმართ. 111-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა გულისხმობს დეკრეტული შვებულებით სარგებლობის პერიოდში დასაქმებულის გათავისუფლებასა და სხვა თანამდებობაზე გადაყვანის აკრძალვასაც. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ე. ბ-ს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2013 წლის 4 ნოემბრის N498/3 ბრძანებით უფლებამოსილება შეჩერებული ჰქონდა 2013 წლის 6 ნოემბრიდან 2014 წლის 11 მარტის ჩათვლით. დადგენილია, რომ მითითებულ ბრძანებაში ცვლილებები არ შესულა, დეკრეტული შვებულება ვადაზე ადრე არ შეწყვეტილა არც ე. ბ-ის და არც ადმინისტრაციის ინიციატივით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ იყო უფლებამოსილი, ე. ბ-ი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა და სხვა თანამდებობაზე გადაეყვანა შრომითი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში. მართალია, კანონი არ ითვალისწინებს რაიმე შეზღუდვას დეკრეტული შვებულების დროს მოხელის მიერ ნების გამოვლენაზე და სხვა სამსახურში გადაყვანაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხმობის მიღებაზე, მაგრამ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაბამისი რეაგირება ადმინისტრაციულმა ორგანომ შვებულების ამოწურვის შემდეგ უნდა მოახდინოს, ვინაიდან სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება გულისხმობს მოხელესთან დაკავშირებით ადმინისტრაციული აქტის გამოცემის უფლებამოსილების შეჩერებასაც.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ორსული ქალისა და მცირეწლოვანი შვილის დედის შრომითი უფლებების დაცვის მინიმალური სტანდარტის დარღვევაა დეკრეტული შვებულების დასრულებამდე ქალისათვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ შეტყობინების გაკეთება და მის მიერ გაცხადებული ნების მიღება უვადო შრომითი ურთიერთობის პირობებში დათანხმდეს დროებით 3-თვიან სამუშაოს. აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ ე. ბ-ის განცხადება თანამდებობის რაიმე ვადით დაკავების შესახებ მითითებას არ შეიცავს.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ სადავო აქტი არ შეიცავს მითითებას სამსახურიდან ე. ბ-ის გათავისუფლების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე. ე. ბ-ის ნების (განცხადების) დადასტურების პირობებშიც კი, ღიად რჩება საკითხი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის რომელი ნორმის საფუძველზე მოხდა სამსახურიდან მისი გათავისუფლება, რამდენადაც განცხადება შეიცავს თანხმობას მხოლოდ მოქალაქეთა მიღების განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 20.12.2013 წლის N406/1 ბრძანების ე. ბ-ის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ... სამსახურის ... თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში ბათილობასთან დაკავშირებით, ამასთან, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად შეაფასა აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის შედეგად შექმნილი სამართლებრივი ვითარება.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტი უნდა გამოეყენებინა, რომლის თანახმადაც, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის თანახმად სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მოსარჩელე თანამდებობაზე აღდგენას არ ითხოვს, არამედ, მხოლოდ ბრძანების ბათილად ცნობას და იძულებით განაცდურის ანაზღაურებას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება აღადგინოს პირი დაკავებულ თანამდებობაზე, არ გულისხმობს სასამართლოს მიერ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, თუ მოსარჩელე ამგვარ მოთხოვნას არ აყენებს. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა არ ითვალისწინებს ავტომატურად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულებას, არამედ გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა საფუძვლად ედება სამსახურში აღდგენის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, როდესაც მხარე ასეთ მოთხოვნას აყენებს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ სააპელაციო სასამართლომ ისარგებლა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობით და ე. ბ-ს, ისევე როგორც მის წარმომადგენელს, არაერთხელ შესთავაზა სარჩელის ტრანსფორმაცია.
20.12.2013 წლის N406/1 ბრძანების ე. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში ბათილად ცნობის სამართლებრივი შედეგი შეიძლება ყოფილიყო მისი აღდგენა თავდაპირველად დაკავებულ თანამდებობაზე. საქმეში წარმოდგენილია 2013 წლის 20 დეკემბერს დამტკიცებული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა, რომლის მიხედვითაც ... დეპარტამენტი ითვალისწინებს ... 6 შტატს, ამდენად, არ იკვეთება, რომ ე. ბ-ის მიერ დაკავებული შტატი შემცირებულია. შემცირების თაობაზე არც მოპასუხე მიუთითებს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო მოსამსახურეს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა ან შეთავსებით ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში, იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ან საკანონმდებლო ორგანოს წევრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო მოსამსახურის მიერ შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება და ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება დასაშვებია მხოლოდ იმავე სახელმწიფო დაწესებულების სისტემაში.
მოცემულ შემთხვევაში, მიჩნეულ იქნა, რომ ე. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონო იყო. ისეთ პირობებშიც კი, როდესაც სხვა თანამდებობაზე გადაყვანის ნაწილში ადმინისტრაციული აქტი გასაჩივრებული არ არის და სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მისი ბათილად ცნობის საკითხზე იმსჯელოს, გასათვალისწინებელია, რომ კანონმდებელი უშვებს ერთსა და იმავე სამსახურში შეთავსებით თანამდებობის დაკავების შესაძლებლობას, მით უმეტეს, რომ, როგორც უკვე აღინიშნა, ე. ბ-მა 2013 წლის 20 დეკემბრის განცხადებით თანხმობა მხოლოდ ... დეპარტამენტში ... განყოფილების ... დანიშვნაზე განაცხადა.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამსახურის ვადის გასვლასთან დაკავშირებით სამსახურიდან თავისუფლდება პირი, რომელიც თანამდებობაზე გარკვეული ვადით იყო არჩეული ან დანიშნული.
სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ მითითებული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2014 წლის 20 მარტის N03/20-07/1 ბრძანება, დამოუკიდებლად აღებული, შესაბამისობაშია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველო კანონთან და არ არსებობს სასამართლოს მხრიდან მისი ბათილობის კანონით განსაზღვრული საფუძველი, ამასთან, ეს საკითხი პირდაპირ გავლენას არ ახდენს ე. ბ-ისათვის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ... სამსახურის ... თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო იძულებით განაცდურის ანაზღაურებაზე. ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ე. ბ-ს არ მოუთხოვია დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა და არა ის ფაქტი, რომ ე. ბ-ი ... დეპარტამენტში ... განყოფილების სპეციალისტად დაინიშნა.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან განთავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112- ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე, იძულებით განაცდურის ანაზღაურების ვალდებულება პირდაპირაა დაკავშირებული სამსახურში აღდგენასთან. იმ შემთხვევაში, თუ მოხელე დაკავებულ თანამდებობაზე ვერ აღდგება, იძულებით განაცდურის ანაზღაურება არ მოხდება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დიდწილად სწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, რის გამოც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი შესაძლებლობა არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე
ბს-653-645 (2კ-15) 22 თებერვალი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
მოწინააღმდეგე მხარე - ე. ბ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ბ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2013 წლის 20 დეკემბრის №406/1 ბრძანების ე. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში და 2014 წლის 20 მარტის №03/20-07/1 ბრძანების ბათილად ცნობის, ე. ბ-ის ორსულობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების 2014 წლის 12 მარტიდან 2014 წლის 7 მაისის ჩათვლით მიცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ე. ბ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ე. ბ-ის შუამდგომლობა სარჩელის ნაწილზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდა; ე. ბ-ის სარჩელზე, მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, კერძოდ ე. ბ-ისათვის ორსულობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების მიცემის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება, ე. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2013 წლის 20 დეკემბრის №406/1 ბრძანება ე. ბ-ის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ... თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში; ე. ბ-ს უარი ეთქვა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2014 წლის 20 მარტის №03/20-07/1 ბრძანების ბათილად ცნობაზე და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და ე. ბ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინებებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ე. ბ-ის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე