№ბს-715-707(კ-15) 14 აპრილი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ მ. ბ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივლისის განჩინება
დავის საგანი _ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა, ბინის ქირის ანაზღაურება, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2014 წლის 8 აპრილს მ. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 1993 წლიდან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია და მას შემდეგ ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში. 2013 წლის სექტემბერში გაიარა ანკეტირება, რომ ... #5 სახლში მიეღო საცხოვრებელი ფართი. 2014 წლის იანვარში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გამოაქვეყნა სია, რომელშიც მ. ბ-ა არ აღმოჩნდა. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სამინისტროს და მოითხოვა, განემარტათ უარის მიზეზი. 2014 წლის 13 მარტს მას სამინისტროსგან ეცნობა, რომ მისთვის მინიჭებული ქულები არასაკმარისი იყო საცხოვრებელი ფართის მისაღებად. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სამინისტროს მიერ ჩატარებული ანკეტირება არალეგიტიმურია, როგორც შინაარსობრივად, ისე ჩატარების პროცესითაც, ვინაიდან სამინისტრომ არ შეისწავლა მ. ბ-ას მატერიალური და სოციალური მდგომარეობა, არაობიექტურად შეაფასა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მონაცემები, არ გაითვალისწინა მისი საპენსიო ასაკი და განცხადებაზე უარი უთხრა არაკანონიერად.
სასარჩელო მოთხოვნის არაერთხელ დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანების დანართი #2-ის - „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი“ და დანართი #3-ის - „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი“ ბათილად ცნობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 12 მარტის #05/02-12/5175 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მ. ბ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფამდე ყოველთვიურად ბინის ქირის გადახდისა და მის სასარგებლოდ მატერილაური ზიანის სახით 13 200 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ას სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ბ-ამ 2013 წლის 11 სექტემბერს შეავსო ფართის მიღების თაობაზე განაცხადი ქ. თბილისში, ... ქ. №5-ში მდებარე ობიექტზე, ასევე, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტმა მ. ბ-ას ოჯახს, განაცხადისა და კითხვარის დამუშავების საფუძველზე მიანიჭა 5 ქულა. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო კომისიამ 2014 წლის 15 იანვრის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ... ქ. №5-ში მდებარე რეაბილიტირებულ შენობაში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით შევსებული 1485 განაცხადის საფუძველზე მინიჭებული ქულების რიგითობის დაცვით, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა 27 ოჯახი. ფართით დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომლებსაც შევსებული განაცხადისა და კითხვარების საფუძველზე მინიჭებული ჰქონდათ 12, 11,5, 11, 10,9 და 8 ქულა. დევნილ ოჯახებს, რომლებსაც მინიჭებული ჰქონდათ 8 ქულა, შეირჩნენ კომისიის მიერ ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე. ქ. თბილისში, ... გამზ. #49ა-ში მდებარე დანგრეული ობიექტიდან გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილდა 17 ოჯახი. ქ. თბილისში, ... ქ. №9-ში მდებარე ნგრევადი ობიექტიდან (ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით) პ. შ-ას 5-სულიანი ოჯახი; ქ. თბილისში, ... #71-ში მდებარე ნგრევადი ობიექტიდან (ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე) მ. ძ-ას 4-სულიანი ოჯახი. გასანაწილებელი ბინების დასრულების გამო, კომისიამ დაბალი ქულით შეფასებული კითხვარები არ განიხილა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 12 მარტის №05/02-12/5175 წერილით მ. ბ-ას განემარტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, მ. ბ-ას მიენიჭა 5 ქულა (შემოსავლების მაჩვენებელი - 3 ქულა, ქირა - 1 ქულა, ომში დაღუპული ოჯახის წევრი - 1 ქულა). ქ. თბილისში, ... ქ. №5-ში მდებარე ობიექტში, გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ფარგლებში, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომლებმაც ზემოაღნიშული კრიტერიუმის შესაბამისად, მიიღეს 8, 9, 19, 11, 11.5 და 12 ქულა. მ. ბ-ამ 2014 წლის 23 სექტემბერს №42879/01 განცხადებით მიმართა ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა ბინის ქირის გადახდა. მ. ბ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ კრიტერიუმებს. მ. ბ-ა 2013 წლის 1 დეკემბრიდან იღებს პენსიას. იგი დევნილად რეგისტრირებულია 2003 წლიდან, რეგისტრაციის მისამართია - თბილისი, ... გამზ. ... კვ. კორპ. 16, ბ. 77 (განსახლების ფორმა - კერძო), ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია - თბილისი, ... გამზ. ... კვ. კორპ. 12, ბ. 38 (განსახლების ფორმა - კერძო).
სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, როგორც ინდივიდუალურ, ისე ნორმატიულ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის განხილვისას სასამართლო აფასებს მხოლოდ აქტის კანონიერების საკითხს. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, ემსჯელა სადავო ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე. ე.ი. სადავო ნორმატიული აქტი შეესაბამება თუ არა მოქმედ კანონმდებლობასა და იმ საკანონმდებლო აქტს, რომლის შესასრულებლადაც გამოცემულია იგი.
სასამართლომ მიუთითა, რომ „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ - დანართი №1. ამავე ბრძანებით დამტკიცდა სადავო „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ - დანართი №2 და „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის ფორმა“ - დანართი №3. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (თავდაპირველი რედაქცია) 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში - წესი) ადგენდა, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის 1.3. პუნქტის თანახმად, სახელმწიფო სტრატეგიის მთავარი მიზანი იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
სასამართლომ მიუთითა, რომ ამ მიზნის მისაღწევად სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას, სახელმწიფოზე მათი დამოკიდებულების შემცირებასა და დაუცველი დევნილების სახელმწიფო სოციალურ პროგრამებში ინტეგრირებას ობიექტური და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე, ვიდრე შესაძლებელი გახდებოდა მათი დაბრუნება. ამავე წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მას შემდეგ, რაც სამინისტრო ან პარტნიორი ორგანიზაცია სამინისტროს ჩართულობით შეიმუშავებდა სამოქმედო გეგმით გათვალიწინებულ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებ(ებ)ის გაკეთების მიზნით, კომისია პირველ რიგში განსაზღვრავდა იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებოდათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზება გულისხმობდა გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, რათა კომისიის მიერ განსაზღვრულ კონტიგენტს მისცემოდა საშუალება წარედგინა შესაბამისი განაცხადი გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის.
სასამართლოს მითითებით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად შემუშავებული დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების პროექტები მხოლოდ ეტაპობრივად ქმნიდა დევნილი ოჯახებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებების შესაძლებლობას. სწორედ აღნიშნულმა განაპირობა სპეციალური კრიტერიუმების დადგენა, რომელთა საფუძველზეც მოხდებოდა სამინისტროს მიერ დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობის განსაზღვრა. კერძოდ, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში და კერძო სექტორში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისთვის განისაზღვრა საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. აღნიშნული კრიტერიუმები დამტკიცებულ იქნა ამავე ბრძანებით დანართი №4 და დანართი №5-ის სახით. აღნიშნული კრიტერიუმების დადგენა კი ხდებოდა, დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ კითხვების, რომელთა საფუძველზეც სამინისტროს მიერ ხდება დევნილთაგან ინფორმაციის მიღება და შემდეგ კრიტერიუმების დადგენა ნორმატიული რეგლამენტაცია უზრუნველყოფდა გამოკითხვის პროცესის ობიექტურობას და გამჭვირვალობას, რამდენადაც ხდებოდა თითოეული დევნილისთვის ერთი და იმავე სტანდარტული კითხვების დასმა და შესაბამისად, თითოეული დევნილისგან ინფორმაციის მიღება ერთნაირ საკითხებზე. ამასთან, კითხვარის შევსებამდე დევნილის კითხვების თაობაზე ინფორმირებულობა ემსახურებოდა უფრო მეტად სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდების მიზანს.
ნორმატიული აქტის სადავო ნაწილების ბათილად ცნობის საფუძველი ვერ გახდებოდა ის გარემოება, რომ აღნიშნული აქტით დამტკიცებული კითხვარების შევსების მიზნით დასმული კითხვები ან გამოკითხვის ჩატარების პროცედურა მოსარჩელისათვის მიუღებელი აღმოჩნდებოდა. ასევე, ის, რომ კითხვარის შევსებამდე იგი ინფორმირებული არ იყო მასში ასახული კითხვების შესახებ. N3 დანართში დასმული იყო ზოგადი კითხვები, რაც ემსახურებოდა დევნილი პირის სოციალური, ჯანმრთელობისა და სხვა მდგომარეობის დადგენას. აღნიშნულ მონაცემთა შეჯამება სამინისტროს აძლევდა საფუძველს, განესაზღვრა ბინით დასაკმაყოფილებელ პირთა რიგითობა. სასამართლომ სადავო ნორმატიული აქტების ბათილად ცნობისთვის არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული კითხვარის შევსებისას აუცილებელი იყო პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მითითება.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 12 მარტის №05/02-12/5175 წერილი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის (2013 წლის ნოემბერში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი იყო ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად შემუშავებული დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების პროექტები მხოლოდ ეტაპობრივად ქმნიდა დევნილი ოჯახებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებების შესაძლებლობას.
დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის მე-4 მუხლი განსაზღვრავდა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა. ქულები მითითებული იყო კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებდა, ენიჭებოდა პრიორიტეტი. მითითებული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლადაშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები.
რაც შეეხება სოციალურ კრიტერიუმს, „სოციალური კრიტერიუმის“ №5 დანართის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური კრიტერიუმის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო პენსიონერი, რომელიც ცხოვრობდა მარტო და ოჯახი, რომელიც შედგებოდა ხანდაზმული წევრებისგან. ოჯახი შედგებოდა მხოლოდ ან ძირითადად (ნახევარზე მეტი) საპენსიო ასაკს მიღწერული პირებისგან. აღნიშნული კრიტერიუმი ფასდებოდა 1 ქულით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა საპენსიო ასაკს მიღწეულ პირს, რაც მისთვის დამატებით 1 ქულის მინიჭების საფუძველს ქმნიდა. თუმცა აღნიშული დარღვევა, სასამართლოს აზრით, ვერ გახდებოდა სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის დარღვევა გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, დარღვევა უნდა იყოს არსებითი ხასიათის. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევას კი წარმოადგენს კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად ასევე არ მიიჩნია ის გარემოება, რომ მ. ბ-ასათვის ცნობილი არ იყო კითხვარის შინაარსი. განაცხადში ასახული კითხვები დადგენილია ნორმატიული აქტით, რომელიც გამოქვეყნებულია კანონით დადგენილი წესით და ცნობილია ყველა პირისათვის. საქმეში წარმოდგენილი დევნილის განაცხადის მიხედვით, მ. ბ-ამ დაადასტურა, რომ უფლებამოსილი იყო პასუხი გაეცა კითხვარში დასმულ კითხვებზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა ჰქონია მითითებული ნორმის მოთხოვნათა დარღვევას. გასაჩივრებულ ნორმატიულ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტში, ასევე, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, სარჩელი აღნიშნულ ნაწილში უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ვინაიდან არ არსებობდა მ. ბ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უარის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის მ. ბ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ნაწილშიც უსაფუძვლო იყო.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის მე-6 მუხლით განისაზღვრა დევნილთა დროებითი განსახლების წესი, რაც განიმარტა როგორც დევნილისათვის სათანადო საცხოვრებლის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემის უზრუნველყოფა (მათ შორის, ქირის თანხით უზრუნველყოფა), გარდა მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებისა. ამავე წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულია კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია იღებს გადაწყვეტილებას დევნილის დროებითი განსახლების შესახებ. იმისათვის, რომ სამინისტრომ დევნილი ოჯახი უზრუნველყოს ბინის ქირით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კრიტერიუმთაგან ერთ-ერთს. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მას ეკონომიური სიდუხჭირის გამო ბინის ქირის გადახდა არ შეუძლია, რის გამოც ბინის გამქირავებელი სთხოვს ბინის დაცლას. მოსარჩელემ ასევე დაადასტურა, რომ ბინის გამქირავებელს მისი ბინიდან გამოსახლებისათვის შესაბამისი ორგანოსათვის არ მიუმართავს. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ იყო მითითებულ კრიტერიუმთაგან რომელიმეს არსებობა, რაც გამორიცხავდა მ. ბ-ას სარჩელის დაკმაყოფილებას მოპასუხისთვის ბინის ქირის დაკისრების ნაწილში.
მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ასევე მოპასუხისთვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება. სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-209-ე და სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ქმედებასა და შედეგს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი.
ქირის გადახდის ვალდებულება დადგენილი იყო 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა წინა პერიოდზე ქირის გადახდის ვალდებულების არსებობის თაობაზე უსაფუძვლო იყო. სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად, ასევე, არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხემ 2010 წელს აღძრული დავის მიმდინარეობისას სხდომაზე დაადასტურა ვალდებულება მ. ბ-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ ხსენებული დავის მიმდინარეობისას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართული სხდომის ოქმში ასახული მოპასუხის განმარტება ვერ გახდება მოსარჩელის ბინით დაუკმაყოფილებლობის გამო 2011-2013 წლების ბინის ქირის ანაზღაურების საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 13 200 ლარის დაკისრების ნაწილშიც უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სასამართლომ განმარტა, რომ პირადი არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ მიუთითა ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის ვერც ერთი საფუძველი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილი კი იმპერატიულად ადგენდა, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილი ყოფილიყო მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზეც უსაფუძვლო იყო და არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებისას მიუთითა მათზე და დამატებით განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია“. ასევე 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“ და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით დამტკიცდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“. პალატამ განმარტა, რომ სახელმწიფო სტრატეგიის მთავარი მიზანი იყო სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ამ მიზნის მისაღწევად სამოქმედო გეგმა(ები) ითვალისწინებდა დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას, სახელმწიფოზე მათი დამოკიდებულების შემცირებასა და დაუცველი დევნილების სახელმწიფო სოციალურ პროგრამებში ინტეგრირებას ობიექტური და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე, ვიდრე შესაძლებელი გახდებოდა მათი დაბრუნება. ხოლო ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად სახელმწიფო სტრატეგია ითვალისწინებდა ადეკვატური გრძელვადიანი განსახლებისა და ინტეგრაციის ხელშემწყობ სხვადასხვა ღონისძიებას. ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტებით სახელმწიფოს არ განუსაზღვრავს აღნიშნული ვალდებულების შესრულების საბოლოო ვადა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა ეტაპობრივი იყო, ხოლო აპელანტის მოსაზრება, რომ სახელმწიფო ვალდებული იყო დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცედურა დაესრულებინა 2010 წლის ბოლომდე მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულიად დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. სასარჩელო მოთხოვნით მ. ბ-ა აპროტესტებდა ანკეტირების კითხვების შეუსაბამობას დადგენილ მიზნებთან, კითხვების შინაარსის არალეგიტიმურობას და იმ უამრავ დარღვევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ანკეტირების პროცედურის გავლისას. თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი კითხვების შინაარსის მიზანშეწონილობა სცდებოდა სასამართლო კონტროლის ფარგლებს და ის ვერ შეაფასებდა, შეესაბამებოდა თუ არა სადავო ნორმატიულ აქტში ასახული კითხვები კრიტერიუმის დადგენის მიზანს.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად, წერილობითი ფორმით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, დასაბუთება წინ უნდა უძღოდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ამ აქტის გამოცემისას. ამდენად, სასამართლოს მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნეული სამინისტროს 2014 წლის 12 მარტის #05/02-12/5175 წერილი ვერ ჩაითვლება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რადგან მას არა აქვს წერილობითი დასაბუთება და რაც მნიშვნელოვანია, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეასრულა იმავე კოდექსის 96-ე მუხლის I და II ნაწილები.
კასატორის მითითებით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის #240 განკარგულების 2.2.2 პუნქტში აღნიშნულია, რომ „გრძელვადიანი განსახლების სხვა მიმართულებებია: ცარიელი შენობების რეაბილიტაცია, ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, დევნილთა განსახლება და საკუთრებაში გადაცემა, ასევე დევნილთა განსახლება გამოსყიდულ ან აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ ბინებში სოფლად. ამ პროექტების ფარგლებში დაკმაყოფილდებიან ის დევნილები, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ კოლექტიურ ცენტრებში, რომლებიც არ გარემონტდება ან/და საკუთრებაში არ გადაეცემათ, ასევე კერძო სექტორში მაცხოვრებელი უკიდურესად გაჭირვებული დევნილები, რომლებიც არიან რისკის წინაშე. ამ უკანასკნელს ეხმიანება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანების დანართი #4-ის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, კომპაქტურად (ორგანიზებულად) ან კერძოდ განსახლების იმ ობიექტებში მაცხოვრებელი დევნილები, რომელი შენობებიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას და მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას, ასეთ დევნილებს ენიჭებათ 3 ქულა, რაც მ. ბ-ას არ მიანიჭეს.
კასატორის მითითებით, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს 2010 წლის სასამართლო პროცესზე სამინისტროს დაპირება 2012 წლამდე მ. ბ-ას საცხოვრებლით დაკმაყოფილების თაობაზე. ასევე არ გაითვალისწინეს 2011 წლის სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინება, რომლითაც დევნილთა სამინისტროს დაევალა, მიემართა ეკონომიკის სამინისტროსათვის და განეხილა მ. ბ-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, რაც სამინისტრომ არ შეასრულა. სასამართლომ ასევე უგულებელყო სამინისტროს ვალდებულება და მოსარჩელეს უარი უთხრა ბინის ქირის გადახდის სამინისტროსათვის დაკისრებაზე, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე. სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არღვევს სახელმწიფო უწყება მრავალი წლის განმავლობაში მ. ბ-ას უფლებებს და კანონიერ ინტერესებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ბ-ას საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 იანვრის განჩინებით მ. ბ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა 2016 წლის 25 თებერვალს 12:30 სათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ბ-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ა 1993 წლიდან არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი. მან 2013 წლის 11 სექტემბერს ქ. თბილისში, ... ქ. №5-ში მდებარე ობიექტზე შეავსო ფართის მიღების თაობაზე განაცხადი და კითხვარი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტმა მ. ბ-ას ოჯახს, განაცხადისა და კითხვარის დამუშავების საფუძველზე მიანიჭა 5 ქულა. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო კომისიამ 2014 წლის 15 იანვრის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ... ქ. №5-ში მდებარე რეაბილიტირებულ შენობაში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით შევსებული 1485 განაცხადის საფუძველზე მინიჭებული ქულების რიგითობის დაცვით, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა 27 ოჯახი. ფართით დაკმაყოფილდნენ ის დევნილები, რომლებსაც შევსებული განაცხადისა და კითხვარის საფუძველზე მინიჭებული ჰქონდათ 12, 11,5, 11, 10,9 და 8 ქულა. დევნილ იჯახებს, რომლებსაც მინიჭებული ჰქონდათ 8 ქულა, შეირჩნენ კომისიის მიერ ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე. ქ. თბილისში, ... გამზ. #49ა-ში მდებარე დანგრეული ობიექტიდან გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილდა 17 ოჯახი. ქ. თბილისში, ... ქ. #9-ში მდებარე ნგრევადი ობიექტიდან პ. შ-ას 5-სულიანი ოჯახი; ქ. თბილისში, ქ. ... #71-ში მდებარე ნგრევადი ობიექტიდან მ. ძ-ას 4-სულიანი ოჯახი. გასანაწილებელი ბინების დასრულების გამო, კომისიამ დაბალი ქულით შეფასებული კითხვარები არ განიხილა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 12 მარტის №05/02-12/5175 წერილით მ. ბ-ას განემარტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, მ. ბ-ას მიენიჭა 5 ქულა (შემოსავლების მაჩვენებელი - 3 ქულა, ქირა - 1 ქულა, ომში დაღუპული ოჯახის წევრი - 1 ქულა). ქ. თბილისში, ... ქ. №5-ში მდებარე ობიექტში, გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ფარგლებში, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომლებმაც ზემოაღნიშული კრიტერიუმის შესაბამისად, მიიღეს 8, 9, 10, 11, 11.5 და 12 ქულა. მ. ბ-ამ 2014 წლის 23 სექტემბერს №42879/01 განცხადებით მიმართა ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა ბინის ქირის გადახდა. მ. ბ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ კრიტერიუმებს. მ. ბ-ა 2013 წლის 1 დეკემბრიდან იღებს პენსიას. იგი დევნილად რეგისტრირებულია 2003 წლიდან, რეგისტრაციის მისამართია - ქ. თბილისი, ... გამზ. ... კვ. კორპ. 16, ბ. #77 (განსახლების ფორმა - კერძო), ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია - თბილისი, ... გამზ. ... კვ. კორპ. 12, ბ. 38 (განსახლების ფორმა - კერძო).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის არსს და სასამართლოს მსჯელობის ძირითად საგანს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 12 მარტის #05/02-12/5175 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შეფასება, თუ რამდენად ობიექტურად ეთქვა უარი მ. ბ-ას საცხოვრებელი ფართის მიღებაზე. სადავო აქტით მოსარჩელეს განემარტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, მ. ბ-ას მიენიჭა 5 ქულა (შემოსავლების მაჩვენებელი - 3 ქულა, ქირა - 1 ქულა, ომში დაღუპული ოჯახის წევრი - 1 ქულა). ქ. თბილისში, ... ქ. #5-ში მდებარე ობიექტში გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ფარგლებში, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომლებმაც ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, მიიღეს 8, 9, 10, 11, 11,5 და 12 ქულა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, კერძოდ, მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია და შეეფასებინა მ. ბ-ას მდგომარეობის ამსახველი ფაქტობრივი გარემოებები, საცხოვრებელი პირობები, მატერიალური და სოციალური მდგომარეობა. ასევე უნდა გაეთვალისწინებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ბ-ას სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ჯერ არ იყო გასული საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის #403 განკარგულებით განსახორციელებელი დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებისათვის სამოქმედო გეგმის შესრულებისათვის დადგენილი ვადა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „სახელმწიფოს დღეის მდგომარეობით არ გააჩნია რესურსი მოსარჩელეს ქ. თბილისში გამოუყოს საცხოვრებელი ფართი, შესაბამისად, არ არსებობს მ. ბ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველიც, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ჯერ არ გასულა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის #403 განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულებისათვის დადგენილი ვადა“. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით გასულია ზემოაღნიშნული ვადა, მაგრამ მოსარჩელე არ არის უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ფართით. მ. ბ-ამ შემდეგშიც არა ერთხელ მიმართა სამინისტროს განცხადებით, მაგრამ საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილებაზე უარი მიიღო. მოცემულ შემთხვევაში არსებობს ისეთი ვითარება, რომ დავის დაწყებიდან გავიდა 6 წელი, ამ პერიოდში მ. ბ-ა გახდა პენსიონერი, შეიცვალა მისი სოციალური და მატერიალური მდგომარეობა, მაგრამ მისი მოთხოვნები დღემდე არ დაკმაყოფილებულა და ის დღეს ისევ ქირით ცხოვრობს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სადავო აქტის მიღებისას იხელმძღვანელა ნორმატიული აქტებით, კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის #1162 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმისა“ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანების 1-ლი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად და აღნიშნა, რომ მოცემული აქტებით ხორციელდება დევნილთა გრძელვადიანი სახოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. აღნიშნული აქტები ასევე ადგენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და მათი განხილვის წესს. ამავე წესით რეგულირდება ასევე დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურა და კრიტერიუმები. თითოეული დევნილი ოჯახის განაცხადის შევსება ხორციელდება სამინისტროს მიერ მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, დევნილთა გრელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების საფუძველზე. შეფასების შედეგად თითოეულ დევნილ ოჯახს ენიჭება შესაბამისი ქულა. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად და იმ დევნილ ოჯახს, რომელიც სხვა დევნილ ოჯახებთან შედარებით მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის #1162 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო სტრატეგიის მთავარი მიზანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ამ მიზნის მისაღწევად სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას, სახელმწიფოზე მათი დამოკიდებულების შემცირებასა და დაუცველი დევნილების სახელმწიფო სოციალურ პროგრამებში ინტეგრირებას ობიექტური და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე, ვიდრე შესაძლებელი გახდება მათი დაბრუნება. ამავე წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მას შემდეგ, რაც სამინისტრო ან პარტნიორი ორგანიზაცია სამინისტროს ჩართულობით შეიმუშავებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტებს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისთვის კონკრეტული შეთავაზებების გაკეთების მიზნით, კომისია პირველ რიგში განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტიგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისთვის კონკრეტული შეთავაზებები, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისთვის კონკრეტული შეთავაზება გულისხმობს გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, რათა კომისიის მიერ განსაზღვრულ კონტიგენტს მიეცეს საშუალება, წარადგინოს შესაბამისი განაცხადი და გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისთვის.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის #1162 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის #240 განკარგულებაზე, რომლის 2.2.2 პუნქტში აღნიშნულია გრძელვადიანი განსახლების სხვა მიმართულებები, კერძოდ, ცარიელი შენობების რეაბილიტაცია, ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, დევნილთა განსახლება და საკუთრებაში გადაცემა, ასევე დევნილთა განსახლება გამოსყიდულ ან აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ ბინებში სოფლად. ამ პროექტების ფარგლებში დაკმაყოფილდებიან ის დევნილები, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ კოლექტიურ ცენტრებში, რომლებიც არ გარემონტდება ან/და საკუთრებაში არ გადაეცემათ, ასევე კერძო სექტორში მაცხოვრებელი უკიდურესად გაჭირვებული დევნილები, რომლებიც არიან რისკის წინაშე. აღნიშნულთან შესაბამისობაშია საქართველოს ოკუპირეული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანების დანართი #4-ის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, კომპაქტურად (ორგანიზებულად) ან კერძოდ განსახლების იმ ობიექტებში მაცხოვრებელი დევნილები, რომელი შენობებიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას და მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცერდურას, ასეთ დევნილებს ენიჭებათ 3 ქულა, რაც მ. ბ-ას არ მიანიჭეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების რიცხვი საკმაოდ მაღალია იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს თითოეული მსურველის დადგენა, რისთვისაც სამინისტრომ დაადგინა სპეციალური პროცედურა და თავად დევნილი ოჯახი აკეთებს განაცხადს და გამოთქვამს სურვილს კონკრეტულ ობიექტში განსახლებაზე. მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა მ. ბ-ამ არა ერთხელ მოითხოვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტროს მიერ ბინის ქირის გადახდა. იგი ჩართული იყო როგორც საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის #403 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებისათვის სამოქმედო გეგმაში, ისე საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაში“, მაგრამ მ. ბ-ა დღემდე არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მიღებული ნორმატიული აქტები, მართალია, დევნილს ანიჭებს უფლებას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნისა, მაგრამ იგი ვერ ახდენს კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაციას, ვინაიდან აღნიშნული ნორმატიული აქტებით ქულების მინიჭების ისეთი პროცედურაა გაწერილი, რაც აბრკოლებს საცხოვრისით დაკმაყოფილების უფლების გამოყენებას. აღნიშნულის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ მ. ბ-ას დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ მიენიჭა 5 ქულა, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა საცხოვრებელი ფართის მისაღებად. 2013 წლის ნოემბერში კასატორი გახდა პენსიონერი, რაც დამატებითი ქულის მიღებას გულისხმობდა, მაგრამ საკასაციო პალატის სხდომაზე სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მ. ბ-ას საპენსიო ასაკის მიღწევის გამო მოემატა 1.5 ქულა, მაგრამ დააკლდა სხვა კატეგორიის მაჩვენებელში, კერძოდ, შემოსავალში, რითაც მ. ბ-ამ უფრო დაბალი შეფასება მიიღო, ვიდრე საპენსიო ასაკის მიღწევამდე ჰქონდა. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეიძლება თავისი კანონმდებლობა აქციოს პირის კანონიერი უფლების შემზღუდავად, რაც იმას გულისხმობს, რომ დევნილს მინიჭებული აქვს უფლება, მაგრამ იგი ვერ უზრუნველყოფს მის გამოყენებას. ნორმატიულ აქტებში განსაზღვრული უნდა იყოს განაცხადის შევსებისა და ანკეტირების, ასევე ქულების მინიჭების ისეთი პროცედურა, რაც შესაძლებელს გახდის მოცემული ნორმატიული კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების მიზნის მიღწევას. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო სტრატეგიის მთავარი მიზანია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ამ მიზნის მისაღწევად სამოქმედო გეგმები ითვალისწინებს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას, სახელმწიფოზე მათი დამოკიდებულების შემცირებასა და დაუცველი დევნილების სახელმწიფო სოციალურ პროგრამებში ინტეგრირებას ობიექტური და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე.
ამდენად, ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში გაკეთებული განმარტებებისა და საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 12 მარტის #05/02-12/5175 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მ. ბ-ას საკითხის განხილვისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ უნდა გამოიკვლიოს მისი ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც განსხვავებულია ადრინდელი მდგომარეობისაგან, შეაფასოს დევნილის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე გაითვალისწინოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და ისე მიიღოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ბ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ. ბ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 12 მარტის #05/02-12/5175 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი