Facebook Twitter

საქმე№ბს-722-714 (კ-15) 28 აპრილი, 2016წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ო-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.2015წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ო-მა 13.02.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის ქ. თბილისის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და მესამე პირის იბა „...“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 26.12.2013წ. №381 გადაწყვეტილების და ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების №381 მოწმობის ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.12.2014წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ო-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.05.2015წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.12.2014წ. გადაწყვეტილება.

განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ო-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც დაკმაყოფილდება სარჩელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ო-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, მ. ჩ-ს (პ.ნ. ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს თ. ო-ის საკასაციო საჩივარზე 16.12.2015წ. №1 საგადახდო დავალებით მ. ჩ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ო-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.05.2015წ. განჩინება;

3. მ. ჩ-ს (პ.ნ. ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, დაუბრუნდეს თ. ო-ის საკასაციო საჩივარზე 16.12.2015წ. №1 საგადახდო დავალებით მ. ჩ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი