Nბს-77-76 (კ-16) 26 აპრილი, 2016 წელი,
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,..." თავმჯდომარე ს. ლ-ა, ნ. ჯ-ა, გ. ს-ა, მ. წ-ი, ი. დ-ა
მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირები - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია; მ. ბ-ე; ნ. ი-ა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 4 დეკემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც ამავე სამსახურის 2009 წლის 1 აპრილის რეგისტრაციის შესახებ №882009087591-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ მ. ბ-ე, ნ. ჯ-ა, გ. ს-ა, ნ. ი-ა, მ. წ-ი და ი. დ-ა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...” და ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 1 აპრილის რეგისტრაციის შესახებ №882009087591-03 გადაწყვეტილება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“ თავმჯდომარე ს. ლ-ამ, ნ. ჯ-ამ, გ. ს-ამ, მ. წ-მა და ი. დ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...", ნ. ჯ-ას, გ. ს-ას, მ. წ-ის და ი. დ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“ თავმჯდომარე ს. ლ-ამ, ნ. ჯ-ამ, გ. ს-ამ, მ. წ-მა და ი. დ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 თებერვლის განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...", ნ. ჯ-ას, გ. ს-ას, მ. წ-ის და ი. დ-ას საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...", ნ. ჯ-ას, გ. ს-ას, მ. წ-ის და ი. დ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ნელი გოგიშვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,..." თავმჯდომარე ს. ლ-ას, ნ. ჯ-ას, გ. ს-ას, მ. წ-ის და ი. დ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ნოემბრის განჩინება;
3. კასატორებს დაუბრუნდეთ 12/01/16 წლის N8987267 საგადახდო დავალებით ს. ლ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი, ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე