#ბს-811-803(კ-15) 7 აპრილი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. რ-ისა და თ. რ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 27 იანვარს მ. რ-ემ და თ. რ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „...“ (უფლებამონაცვლე შპს „ა...“) მიმართ.
მოსარჩელეებმა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, მოპასუხის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 31 მაისის №291-ა საკუთრების უფლების მოწმობის მოქმედების შეჩერება მოითხოვეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 იანვრის განჩინებით მ. რ-ისა და თ. რ-ის შუამდგომლობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 31 მაისის №291-ა საკუთრების მოწმობის შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დაზუსტებული სარჩელით მ. რ-ემ და თ. რ-ემ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების 2006 წლის 16 ივნისის №95 მიმართვის, თერჯოლის რაიკოოპერატივის მიერ ნებაყოფლობით გადაცემული უძრავი ქონების, კერძოდ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 753 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სახელმწიფოზე გადაცემის ნაწილში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკუთრების დამადასტურებელი №291-ა მოწმობის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 29 მაისის 1-1/833 ბრძანების, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „ავ...“ შორის 2007 წლის 8 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და შპს „...“ (უფლებამონაცვლე შპს „ა...“) საკუთრების დამადასტურებელი ჩანაწერიდან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 753 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ყოფილი ... შენობა-ნაგებობის (საერთო ფართით - 557 კვ.მ. საკადასტრო კოდი ...) ამორიცხვა მოითხოვეს.
2015 წლის 3 თებერვალს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართეს მ. რ-ემ და თ. რ-ემ, რომლითაც მოითხოვეს ქ. თერჯოლაში, ... ქ. №111-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით №...) ყადაღის დადება და ასევე აღნიშნული საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებიდან გამოსახლების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 4 თებერვლის განჩინებით მ. რ-ისა და თ. რ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო: მოპასუხე შპს „....“ (უფლებამონაცვლე შპს „ა...“) (ს/კ ...) საკუთრებაში არსებულ ქ. თერჯოლაში, ... ქ. №111-ში მდებარე უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდით №...); მ. რ-ესა და თ. რ-ეს უარი ეთქვათ ქ. თერჯოლაში, ... ქ. №111-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (საკადასტრო კოდით №...) გამოსახლების შეჩერებაზე.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს „...“ (უფლებამონაცვლე შპს „ა...“), რომლითაც განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით შპს „...“ (უფლებამონაცვლე შპს „ა...“) საჩივარი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 4 თებერვლის განჩინებაზე (სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ), როგორც უსაფუძვლო არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მარტის განჩინებით შპს „...“ (უფლებამონაცვლე შპს „ა...“) საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 4 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
2015 წლის 31 მარტს მ. რ-ემ და თ. რ-ემ დაზუსტებული სარჩელით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „...“ (უფლებამონაცვლე შპს „ა...“) მიმართ.
მოსარჩელეებმა 1. ქ. თერჯოლაში, ... ქ. №111-ში მდებარე ... შენობის 557.9 კვ.მ. და მასზე დამაგრებული 753 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების თერჯოლის განყოფილების 2006 წლის 16 ივნისის №95 მიმართვის, 2. ქ. თერჯოლაში, ... ქ. №111-ში მდებარე ... შენობის 557.9 კვ.მ. და მასზე დამაგრებული 753 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზების გამოცხადების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 15 იანვრის №1-1/42 ბრძანების, 3. აუქციონის კომისიის 2007 წლის 15 თებერვლის №5 ოქმის დამტკიცების ნაწილში საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 15 იანვრის №1-1/310 ბრძანების მე-3 პუნქტის და ქ. თერჯოლაში, ... ქ. №111-ში მდებარე ... შენობის 557.9 კვ.მ. და მასზე დამაგრებული 753 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით ჩატარებულ აუქციონში შპს „ავ...“ გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ თვით ამ ოქმის მე-2 პუნქტის, 4. ქ. თერჯოლაში, ... ქ. №111-ში მდებარე შენობის 557.9 კვ.მ. და მასზე დამაგრებულ 753 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 2007 წლის 8 მაისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელსა და შპს „ავ...“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების, 5. ქ. თერჯოლაში, ... ქ. №111-ში მდებარე შენობის 557.9 კვ.მ. და მასზე დამაგრებული 753 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საერთო ღირებულებით 31 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში) გადაცემის თაობაზე 2007 წლის 23 ივლისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის წარმომადგენელსა და შპს „ავ...“ შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, 6. შპს „ავ...“ საკუთრების უფლების დადასტურების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 29 მაისის №1-1/833 ბრძანების, 7. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 31 მაისის №291-ა საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა, შპს „ავ...“ უფლებამონაცვლე „...“ სადავო ქონების არაკეთილსინდისიერ შემძენად ცნობა, „...“ ნივთის უკან დაბრუნებისა და ხელშეშლის აღკვეთის დავალება და ასევე მფლობელობის აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება მოითხოვეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით მიხეილ და თ. რ-ეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. რ-ემ და თ. რ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით მიხეილ და თ. რ-ეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. რ-ემ და თ. რ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. რ-ისა და თ. რ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. რ-ისა და თ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. რ-ისა და თ. რ-ის საკასაციო საჩივარზე თ. რ-ეს 2016 წლის 10 თებერვალს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თ. რ-ეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. რ-ისა და თ. რ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინება;
3. თ. რ-ეს დაუბრუნდეს მ. რ-ისა და თ. რ-ის საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2016 წლის 10 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი