Facebook Twitter

Nბს-185-184 (კს-16 ) 26 აპრილი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ა. ჯ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია; კ. ა-ე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ა-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქ. ბათუმის მერიისა და ა. ჯ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა „არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 1 აგვისტოს №02/1567 ბრძანების ბათილად ცნობა, ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს -საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2013 წლის 1 აგვისტოს გაცემული, სმ №000413 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის სარჩელით კ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ” თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 1 აგვისტოს №02/1567 ბრძანება, ქ. ბათუმში, ... გამზ. №56-ში მდებარე 2136 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებული საცხოვრებელი სახლის სარდაფზე კარის და ჩასასვლელი კიბის (ვიტრაჟის) მოწყობის მიზნით მშენებლობის ნებართვისა და მის საფუძველზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის ნაწილში; კ. ა-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, ა. ჯ-მა და კ. ა-ემ.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ა. ჯ-ის წარმომადგენელმა ვ. ლ-ამ მოცემულ საქმეში მესამე პირად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ ჩაბმა მოითხოვა, იმ საფუძვლით, რომ იგი არის სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 თებერვლის განჩინებით ა. ჯ-ის წარმომადგენელის - ვ. ლ-ას შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ ჩაბმის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეეხება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ ინტერესებს, ამასთან, იგი ასევე მიჩნეული ვერ იქნება სავალდებულო მესამე პირად, რამდენადაც არ წარმოადგენს სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული დავის საგანს წარმოადგენს „არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 1 აგვისტოს №02/1567 ბრძანების კანონიერება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ კრების ოქმების კანონიერება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით არ განიხილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. ჯ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი აზრით, სასამართლო გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ბმა „...“ საკუთრებაზე, რაც სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ ა. ჯ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ არ არსებობს მოცემულ საქმეში ბმა „...“ მესამე პირად ჩაბმის საფუძველი.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტრესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა სავალდებულო ჩაბმის ფორმა სახეზეა, თუ მესამე პირი იმ სამართალურთიერთობის მონაწილეა, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესები, ხოლო რაც შეეხება აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობებიც შეიძლება განისაზღვროს. სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირების იურიდიულ ინტერესებს სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება შეეხოს პოტენციურად, სავარაუდოდ. მესამე პირთა ასეთ დიფერენციაციას განაპირობებს ის გარემოება, რომ სავალდებულო მოწვევის მესამე პირის (16.2 მუხლი) საქმეში ჩაბმა იმპერატიულად არის რეგლამენტირებული, ანუ პირი იმ სამართალურთიერთობის სუბიექტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანის არეალში.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ განსახილველი დავა ბმა „...“ იურიდიულ ინტერესს საერთოდ არ ეხება.

მოცემული დავის საგანს წარმოადგენს „არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 1 აგვისტოს №02/1567 ბრძანების კანონიერება.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით, რომელიც დღეისათვის კანონიერ ძალაშია შესული, კ. ა-ის სარჩელი ა. ჯ-ისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ მიმართ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ 2009 წლის 8 მაისის №42 კრების ოქმი, ქ. ბათუმში, ... გამზ. №56-ში მდებარე სახლის №36 ბინის ქვეშ არსებული 8,03 კვ.მ სარდაფისა და 3,84 კვ.მ. დერეფნის ა. ჯ-ისთვის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში. ასევე ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ 2013 წლის აპრილის №38 კრების ოქმი, ა. ჯ-ისათვის ვიტრაჟის მოწყობაზე ნებართვის გაცემის ნაწილში, ანუ, ამხანაგობის კრების ოქმები, რომლებიც წინ უსწრებდა მშენებლობის ნებართვის გაცემას, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უკვე ბათილადაა ცნობილი და ამ ოქმების კანონიერების საკითხი განსახილველი ადმინისტრაციული დავის ფარგლებში არ განიხილება.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ ამ საქმეზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება, რაიმე გავლენა მოახდინოს ამხანაგობის საკუთრების უფლებაზე, ვინაიდან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ამხანაგობის კრების ოქმი, რომლითაც სადავო სარდაფის ნაწილი და დერეფანი ა. ჯ-ს გადაეცა, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილადაა ცნობილი. მოცემული დავის ფარგლებში სადავო ფართზე რომელიმე სუბიექტის საკუთრების უფლების საკითხი არ განიხილება. დავის გადაწყვეტისათვის არსებითი გარემოება (ის ფაქტი, რომ სარდაფი, რომელზეც სადავო მშენებლობის ნებართვა გაიცა ა. ჯ-ის საკუთრება არაა) უდავოდ დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილბით. ამ დავის ფარგლებში სასამართლოს კომპეტენციას არ წარმოადგენს იმ საკითხის გადაწყვეტა, რეალურად ვის ეკუთვნის სარდაფი, ამხანაგობის წევრების საერთო საკუთრებაა, თუ კ. ა-ის ინდივიდუალური საკუთრება.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ ბმა „...“ მოცემული დავაში არ წარმოადგენს ასკ-ის მე-16 მუხლის არც პირველი და არც მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირს, ამდენად, მისი საქმეში ჩაბმის საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-16 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე