Nბს-194-193 (კს-16) 12 აპრილი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ფ. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ფ. ხ-მა ხაშურის რაიონულ სასამართლოში ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, რომლითაც მოითხოვა ფ. ხ-ის 2000 ლარით დაჯარიმების და შენობის დემონტაჟის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 5 მაისის N12 დადგენილების ბათილად ცნობა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით ფ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ფ. ხ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის განჩინებით ფ. ხ-ს დაევალა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, რისთვისაც განესაზღვრა 7 დღის ვადა, ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 თებერვლის განჩინებით ფ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, განუხილველად დარჩა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა ფ. ხ-ის სრულწლოვან შვილს მ. ლ-ეს (პ/ნ ...) 2016 წლის 30 იანვარს, 13:53 საათზე (ტ.II, ს.ფ.7), თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში განჩინებაში მითითებული ხარვეზი აპელანტს არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობა წარმოუდგენია ხარვეზის შევსებისათვის დაწესებული ვადის გაგრძელების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ფ. ხ-მა კერძო საჩივარი წარადგინა. მისი მითითებით, სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადა, მაგრამ ავადმყოფობის გამო ვერ მოახერხა ქვითრის სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ ა. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არსებობდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის განჩინებით ფ. ხ-ს დაევალა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, რისთვისაც განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადა, ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
განჩინება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა აპელანტს მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2016 წლის 30 იანვარს ჩაბარდა ფ. ხ-ის შვილს - მ. ლ-ეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა 2016 წლის 31 იანვრიდან დაიწყო და 8 თებერვალს ამოიწურა. კერძო საჩვრის ავტორს ხარვეზი ამ ვადაში არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობა წარუდგენია სასამართლოში.
კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გამოასწორა, მაგრამ ავადმყოფობის გამო, ბაჟის ქვითარი სააპელაციო სასამართლოში ვერ გააგზავნა. კერძო საჩივარს ერთვის მ. ლ-ის მიერ 2016 წლის 3 თებერვალს სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე 150 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზი გამოსწორებულად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სრულად შეასრულებს სასამართლოს მითითებას. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს ხარვეზის განჩინების სარეზოლუციო ნაწილით ნათლად განემარტა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი უნდა წარედგინა, შესაბამისად, სასასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა ხარვეზის შესავსებად საკმარისი ვერ იქნებოდა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ ქვითარი ავადმყოფობის გამო ვერ გადააგზავნა სასამართლოში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაშვებული საპროცესო ვადა აღუდგინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით განსაზღვრული წესით დაადასტურებს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო. მოცემულ შემთხვევაში, ფ. ხ-ს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ავადმყოფობის გამო ხარვეზის შევსების შეუძლებლობას. მხარის მხოლოდ სიტყვიერ მითითებას კი, სასამართლო ვერ გაიზიარებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ქვითარი ადასტურებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ფაქტს. ვინაიდან ფ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, აპელანტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად უნდა დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე,410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 თებერვლის განჩინება;
3. ფ. ხ-ს დაუბრუნდეს 03/02/2016 წლის N9213127 საგადახდო დავალებით მ. ლ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე