Facebook Twitter

Nბს-199-198 (კს-16) 26 აპრილი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ა. ბ-ი

წარმომადგენელი - თ. რ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ჯ. ბ-ა; გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ. ბ-ამ რუსთავის საქალაქო სასამართლოში გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, რომლითაც გარდაბნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების 25.12.2000 წლის N57 განქორწინების სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობა მოითხოვა. საქმეში მესამე პირად ჩაება ა. ბ-ი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ჯ. ბ-ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების 25.12.2000 წლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი N57 განქორწინების სააქტო ჩანაწერი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მესამე პირმა ა. ბ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ა. ბ-ს დაევალა განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის წარმოდგენა.

ამავე სასამართლოს 2016 წლის 29 იანვრის განჩინებით ა. ბ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ოქტომბრის განჩინება აპელანტის წარმომადგენელ თ. რ-ეს 2015 წლის 24 დეკემბერს ჩაბარდა. აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების განცხადებით მიუმართავს სასამართლოსათვის.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ა. ბ-ის წარმომადგენელმა თ. რ-ემ კერძო საჩივარი წარადგინა. მისი მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ოქტომბრის განჩინება არ ჩაბარებია. სააპელაციო სასამართლომ ა. ბ-ის სახელზე მართლაც გააგზავნა გზავნილი, მაგრამ კონვერტში მოთავსებული იყო შპს „...-ის“ საქმეზე მიღებული განჩინება, რომლის ინტერესებსაც ასევე თ. რ-ე იცავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ ა. ბ-ის წარმომადგენელ თ. რ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არსებობდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ა. ბ-ს დაევალა განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის წარმოდგენა.

განჩინება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს და 2015 წლის 24 დეკემბერს ჩაბარდა მის მეუღლეს, მ. ყ-ს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა 2015 წლის 25 დეკემბრიდან დაიწყო და 31 დეკემბერს ამოიწურა. კერძო საჩვრის ავტორს ხარვეზი ამ ვადაში არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობა წარუდგენია სასამართლოში.

კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, ა. ბ-ის გზავნილში მოთავსებული იყო შპს „...-ის“ საქმეზე მიღებული განჩინება, რომლის ინტერესებსაც ასევე თ. რ-ე იცავს.

საკასაციო სასამართლო ამ მტკიცებას ვერ გაიზიარებს და ყურადღებას ამახვილებს, რომ საქმეში არსებულ სააპელაციო სასამართლოს გზავნილზე მითითებულია განსახილველი საქმის ნომრები - 3ბ/1543-15 და 190310015691884. გზავნილში ასევე აღნიშნულია, რომ თ. რ-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ოქტომბრის განჩინება ეგზავნება. საქმეში წარმოდგენილ გზავნილი ჩაბარების დასტურში ასევე მითითებულია, რომ ადრესატს ჩაბარდა N3ბ/1543-15 განჩინება, შესაბამისად, მხარის მხოლოდ სიტყვიერი განმარტება, რომ კონვერტში სხვა საქმეზე მიღებული განჩინება იდო, სასამართლოს არასარწმუნოდ მიაჩნია.

საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი განუხილველად მართებულად დარჩა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ბ-ის წარმომადგენელ თ. რ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ბ-ის წარმომადგენელ თ. რ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე