Facebook Twitter

საქმე ბს-240-236(კს-15) 28 აპრილი, 2016 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.2015 წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

22.11.2004წ. თ. მ-ემ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ახალციხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს მიმართ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნით.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 29.12.2004 წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხე ახალციხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20 506 ლარის ანაზღაურება. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 512.50 ლარის ოდენობით, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ახალციხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 19.05.2005წ. განჩინებით სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაერთო შპს ,,...“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.2006 წ. განჩინებით ახალციხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 19.12.2004 წ. გადაწყვეტილება. ამავე განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ახალციხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 615 ლარის გადახდა. აღნიშნული განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 31.07.2006 წ. გაიცა N3ბ/295-06 საღსრულებო ფურცელი, რომელშიც კრედიტორად მიეთითა საქართველოს ეროვნული ბანკი, ხოლო მოვალედ - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ახალციხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო. სააღსრულებო ფურცელი გაიცა მხოლოდ სააპელაციო პალატის მიერ სამმართველოსათვის სახელმწიფო ბაჟის - 615 ლარის დაკისრების ნაწილში.

29.12.2014 წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სპეციალურმა სამსახურმა, რომელმაც N3ბ/295-06 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით მოითხოვა სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მოვალის უფლებამონაცვლის მითითება. განმცხადებლის მოთხოვნა ეფუძნებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 11.09.2012 წ. N1-1/1742 ბრძანებას, რომლის საფუძველზეც სააღსრულებო ფურცელში დასახელებული მოვალე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალციხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების სამმართველო ლიკვიდირებულია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.2015 წ. განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადება დაკმაყოფილდა, დადგინდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.2006 წ. განჩინებაზე უნდა გაიცეს სააღსრულებო ფურცელი დასახელებული მოვალის - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ახალციხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფლებამონაცვლე პირის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ახალციხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა თბილისის სააპელაციო სასაამრთლოს 13.04.2006წ. განჩინებით, რომელზეც თბილისის სააპელაციო პალატის მიერ 31.07.2006წ. გაცემულ სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად დასახელებულია საქართველოს ეროვნული ბანკი (სახელმწიფო ბიუჯეტი), ხოლო მოვალედ - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ახალციხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 11.09.2012 წ. #1-1/1742 ბრძანებაზე, რომლითაც ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტრიტორიული ორგანოები, მათ შორის ახალციხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო. სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის საფუძველზე დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო ქონების ეროვნული საგენტო, რომლის დებულება დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 17.09.2012 წ. N391 დადგენილებით. დებულების შესაბამისად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ფუნქციებად განისაზღვრა სახელმწიფო ქონების მართვა, განკარგვა და სარგებლობაში გადაცემა (მე–2 და მე–3 მუხლები). აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შემდეგ მათი ფუნქციები გადაეცა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რაც ქმნის მატერიალურ და პროცესუალურ–სამართლებრივ წანამღვრებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოების უფლებამონაცვლედ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დადგენისათვის.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა სსკ-ის 92-ე, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 24-ე მუხლებზე, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 11.09.2012წ. #1-1/742 ბრძანებაზე, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლზე და აღნიშნა, რომ კრედიტორი და არა სააღსრულებო ბიურო არის უფლებამოსილი მიმართოს გადაწყვეტილების გამოტანის სასამართლოს უფლებამონაცვლეობის დადგენისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო შეიქმნა და ფუნქციონირება დაიწყო 2012 წლის 17 სექტემბრიდან, შესაბამისად ის ვერ გახდება მის შექმნამდე განხორციელებული სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მხარე. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოების უფლებამონაცვლედ მიჩნეულ უნდა იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ქონების მართვის საგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 92.1 მუხლის მიხედვით, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაკისრება და სხვ.) სასამართლო უშვებს მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყველა სტადიაზე. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესში უფლებამონაცვლეობის საფუძველია სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. საპროცესო უფლებამონაცვლეობა გულისხმობს მხარეების შეცვლას იმ პირებით, რომლებზეც მათი მატერიალურ-სამართლებრივი უფლება-მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველს მატერიალურ სამართალში არსებული უფლებამონაცვლეობა ქმნის.

მატერიალური სამართალი ითვალისწინებს ორი სახის უფლებამონაცვლეობას: უნივერსალური (ზოგადი) უფლებამონაცვლეობა, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მისი წინამორბედის ყველა უფლება-მოვალეობა (მაგ.: მემკვიდრეობა, იურიდიული პირის რეორგანიზაცია და სხვ.) და სინგულარული (კერძო) უფლებამონაცვლეობა, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მხოლოდ ცალკეული უფლება-მოვალეობანი (მაგ.: მოთხოვნის დათმობა). უფლებამონაცვლეობა არსებობს მაშინ, როდესაც პირს წინამორბედისაგან რომელიმე სამართლებრივი, მათ შორის კანონისმიერი, საფუძვლით შეძენილი აქვს უფლება-მოვალეობანი.

საპროცესო უფლებამონაცვლეობა დასაშვებია სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე, როგორც ქვედა და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში, ასევე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მის აღსრულებამდე. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მხარის უფლებამონაცვლეზეც.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადო დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს. ამასთანავე, უკეთუ სააღსრულებო ფურცელი გაცემულია და უფლებამონაცვლეობის განსაზღვრის პრობლემა წარმოიშვა აღსრულების სტადიაზე, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული საკითხის სასამართლო განმარტების წესით გადაწყვეტა, სსკ-ის 262-ე მუხლის საფუძველზე.

განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 31.07.2006წ. გაცემულია N3ბ/295-06 სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც კრედიტორად მითითებულია საქართველოს ეროვნული ბანკი (სახელმწიფო ხაზინა), ხოლო მოვალედ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ახალციხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო. სამმართველოს მოვალედ მითითება სადავოდ არ გამხდარა არც ერთი სუბიექტის მიერ. 29.12.2014წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სპეციალურმა სამსახურმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა N3ბ/295-06 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით მოვალის უფლებამონაცვლის დადგენა იმ საფუძვლით, რომ სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალე ლიკვიდირებულია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლის სუბიექტის ლიკვიდაცია არის მისი არსებობის, საქმიანობის, ფუნქციონირების შეწყვეტის სამართლებრივი ფორმა, საშუალება. ვალდებულებაში პირთა შეცვლის დროს იცვლება სუბიექტური შემადგენლობა, ხოლო სისტემური კავშირი უფლებამოსილებასა და ვალდებულებას შორის ნარჩუნდება. ადმინისტრაციული ორგანოები ახორციელებენ სახელმწიფო მმართველობას დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. ინოვაციის შედეგად ორგანოს გაუქმების მიუხედავად სახელმწიფო ინარჩუნებს სახელმწიფო ამოცანის შესრულებაზე პასუხისმგებლობას. სახელმწიფო ორგანოთა შექმნა, მათ შორის ფუნქციების განაწილება წარმოადგენს ხელისუფლების დისკრეციის სფეროს, ორგანოთა გაუქმება, ინოვაციური სიახლეები არ იწვევენ სახელმწიფო ფუნქციების და ამოცანების მთლიანად გაუქმებას, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ლიკვიდაცია არ იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების გაუქმებას (სუს 30.05.2012წ., Nბს-1490-1472(კ-11)). მმართველობის სისტემის ერთიანობის გამო, სააგენტოს დაფუძნება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდეგ არ არის უფლებამონაცვლეობის გამომრიცხავი გარემოება, გადამწყვეტი მნიშვნელობა ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამონაცვლეობისათვის აქვს ორგანოს ფუნქციონალურ დატვირთვას, უფლებამოსილებას.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფლებამონაცვლეა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ამის საპირისპიროდ კერძო საჩივრის ავტორი - ქონების მართვის ეროვნული სააგენტო თვლის, რომ ვინაიდან ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოები ეკონომიკის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს წარმოადგენდნენ, მათი უფლებამონაცვლე ყველა დავის შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოების ლიკვიდაციის შემდგომ მათი უფლებამონაცვლე კანონმდებლობით არ დადგენილა, შესაბამისად, ყოველი კონკრეტული დავის ფაქტობრივი გარემოებებისა და დავის საგნის გათვალისწინების შედეგად არის შესაძლებელი კონკრეტულ საქმეში სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფლებამონაცვლე ორგანოს დადგენა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე თ.მ-ე ახალციხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოსგან სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 20 506 ლარის ანაზღაურებას. კანონიერ ძალაში შესული ახალციხის რაიონული სასამართლოს 29.12.2004წ. გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ქონების მართვის ახალციხის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსის რ. გ-ის 28.04.1999წ. #37 ბრძანებით თ. მ-ე დაინიშნა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექს „...“ მატერიალურ პასუხისმგებელ პირად. ამავე ბრძანებით თ.მ-ეს დაევალა შენობის მოვლა-პატრონობა და კაპიტალური რემონტის ჩატარება, რაც მოსარჩელემ განახორციელა საკუთარი ხარჯით. სწორედ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, თ. მ-ის მიერ სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს „...“ მოვლა-პატრონობასა და რემონტზე გაწეული ხარჯის - 20 506 ლარის გადახდა დაეკისრა ახალციხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს. ამდენად, განსახილველი არსებითი დავის საგანი იყო პირის მიერ სახაზინო საწარმოს მოვლა-პატრონობაზე გაწეული ხარჯისა და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის №1-1/2 14.05.2004წ. ბრძანებით დამტკიცებული ,,ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების“ მე-2, მე-3 მუხლებით განსაზღვრული იყო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოების ფუნქციები და უფლებამოსილებები, რომლის თანახმად სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის უზრუნველსაყოფად სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები ახორციელებდნენ შესაბამის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო მუნიციპალური დაქვემდებარებისა და სამინისტროსაგან დელეგირებული სახელმწიფო ქონების ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას. მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით (სკ-ის 155.1 მუხ.), ქონების განკარგვა გულისხმობს როგორც ნივთის გასხვისებას - სხვა პირზე საკუთრების გადატანას, ასევე ნივთის უფლებრივ დატვირთვას (მაგ.: იპოთეკით, აღნაგობით და სხვ.), სარგებლობის უფლება ორგანოს აღჭურავს შესაძლებლობით ისარგებლოს სახელმწიფოს ქონებით, თუმცა ამავე დროს აკისრებს ვალდებულებას სათანადოდ მოუაროს ქონებას, თუკი ნივთის გამოუყენებლობა ან მოუვლელობა ხელყოფს საზოგადო ინტერესებს (სკ-ის 170.3 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი „...“, რომლის მატერიალურ პასუხისმგებელ პირად ქონების მართვის ახალციხის რაიონული სამმართველოს უფროსის ბრძანებით დაინიშნა თ.მ-ე და დაევალა შენობის მოვლა-პატრონობა (კაპიტალური რემონტის ჩატარება), იყო სახაზინო საწარმო, შესაბამისად მისი მოვლა-პატონობა შედიოდა სახელმწიფოს საზოგადო ინტერესებში. ამდენად, სწორედ ახალციხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს ნორმატიული ვალდებულება იყო აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა და თანამდევი ხარჯების ანაზღაურება.

ზემოაღნიშნული ტიპიური დებულება ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 11.01.2007წ. N 1-1/24 ბრძანების მე-2 მუხლით. ამავე ბრძანებით დამტკიცდა ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს დებულება“, რომლის 1.2 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში შედიოდა ახალციხე, ხოლო ამავე დებულების 1.5 მუხლის მიხედვით შესაბამის ტერიტორიაზე არსებული სამინისტროსაგან დელეგირებული სახელმწიფო ქონების ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას ახორციელებდა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შესაბამისი სამხარეო სამმართველო.ამდენად, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს ვალდებულება შესაბამისი ქონების მოვლა-პატრონობაზე გადავიდა მის უფლებამონაცვლეზე - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოზე. აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 11.09.2012წ. №1-1/1742 ბრძანების პირველი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში 05.06.2012წ. №6377 კანონით შეტანილი ცვლილების შედეგად, რომელიც 2012 წლის 17 სექტემბრიდან ამოქმედდა, შეიქმნა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც ახორციელებს ქონების მართვასა და განკარგვას (1.6 მუხ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სუბიექტის მიერ სახელმწიფო ქონების მართვაში მიღება შეიძლება განხორციელდეს სახელშეკრულებო ან კანონისმიერი საფუძვლით. კანონის საფუძველზე კონკრეტული ორგანოსათვის ქონების გადაცემის ძირითადი მიზანი, როგორც წესი, არის ქონების არსებული მდგომარეობის შენარჩუნება, მოვლა-პატრონობა და სათანადო დავალების შემთხვევაში,- სამართავად გადაცემული ქონების გაუმჯობესება, სარემონტო სამუშაოების ჩატარება და სხვ.. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სწორედ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოვალეობაა სახელმწიფო ქონების მართვა, შესაბამისად მისი მოვლა-პატრონობაც. რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლება-მოვალეობებს, სამინისტრო განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას და წარმართავს მას, აგრეთვე ახდენს პრივატიზებისა და სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვის ხელშეწყობას, პრივატიზებისა და სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, წინადადებების მომზადებას შესაბამის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების განხორციელების თაობაზე (საქართველოს მთავრობის 10.09.2004წ. N77 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების“ 2.2 მუხლის ,,დ“ და მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტები; ამჟამად მოქმედი საქართველოს მთავრობის 11.02.2016წ. N70 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების" 2.2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი ).

საქართველოს მთავრობის 11.02.2016წ. N70 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების" მიხედვით სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ სფეროდ სახელმწიფო ქონების მართვის და განკარგვის განსაზღვრა (2.1 მუხ.), არ ადასტურებს ხსენებულ კონკრეტულ სამართალურთიერთობაში სამინისტროს უფლებამონაცვლეობას. სამინისტრო უფლებამოსილებებს ახორციელებს მის სისტემაში შემავალი ერთეულების მეშვეობით, სამინისტროს სისტემაში შედის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები (მე-3 მუხ.), მათ შორის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი). საქართველოს მთავრობის 17.09.2012წ. N391 დადგენილებით დამტკიცებული ,,სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-2 მუხლის მიხედვით სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მიზანია.

საქართველოს მთავრობის 17.09.2012წ. №391 დადგენილებით დამტკიცდა ,,სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ დებულება, რომლის მიხედვით სააგენტო დამოუკიდებლად გამოდის სასამართლოში (1.4 მუხ.), აქვს დამოუკიდებელი ბალანსი (1.6 მუხ.), დებს ხელშეკრულებებს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ (5.2 მუხ.), მისი მიზანია სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა (მე-2 მუხ. ,,ა“ ქვეპუნქტი), თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით (6.1 მუხ.). დებულების მიხედვით სააგენტო უზრუნველყოფს სახელმწიფო ქონების მოვლა-პატრონობისათვის საჭირო ღონისძიებების შერჩევას, რეკომენდაციების მომზადებას და მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელებას (მე-8 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი). ამდენად, სახელმწიფო ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სამინისტროს სამხარეო სამმართველოების უფლება-მოვალეობები მიენიჭა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. ამ უკანასკნელზე კანონმდებლონით დაკისრებული უფლება-მოვალეობების უკეთ განხორციელების მიზნით სააგენტოში შეიქმნა დეპარტამენტები (6.2 მუხ.), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 14.09.2012წ. №1-1/1810 ბრძანებით შეიქმნა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” პრივატიზების დეპარტამენტის მომსახურების ცენტრები, ასევე დამტკიცდა მათი ტიპური დებულებები. აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” პრივატიზების დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის დებულების“ 1.4 მუხლის მიხედვით ცენტრი ახორციელებდა შესაბამის ტერიტორიაზე არსებული სააგენტოსგან დელეგირებული სახელმწიფო ქონების ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას. აღნიშნული ბრძანება ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ,,სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” მომსახურების ცენტრების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 01.05.2013წ. №1-1/107 ბრძანებით. აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" მომსახურების ცენტრის დებულების 1-ლი მუხლი ადგენს, რომ ცენტრი არის სააგენტოს სტრუქტურული ერთეული, ცენტრი ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების მართვას, განკარგვას და სარგებლობაში გადაცემას სააგენტოსგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს მოვალის - ახალციხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს უფლებამონაცვლედ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიჩნევის მატერიალურ - სამართლებრივი და პროცესუალურ -სამართლებრივი წინამძღვრები. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.2015 წ. განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე, 410-ე, 423-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.2015 წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი