Facebook Twitter

საქმე №ბს-397-391(2k-4კს-15) 16 ნოემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. რ-ისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის გამგეობის კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინებაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

მ. რ-ემ 2014 წლის 22 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობისა და მესამე პირის ე. თ-ის მიმართ. მოსარჩელემ ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 სექტემბრის №60 ბრძანების ბათილად ცნობა, მ. რ-ის ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის ... განყოფილების ... თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განაცდურის ანაზრაურება და სადავო აქტის ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი თბილისის დიდუბის რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 სექტემბრის №60 ბრძანება, მ. რ-ის გათავისუფლების თაობაზე; მოპასუხე თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობას დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული -სამართლებრივი აქტის გამოსცემა მ. რ-ის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენის თაობაზე; დაევალა მოპასუხე თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობას მოსარჩელე მ. რ-ის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მაგრამ არაუმეტეს სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტი მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. რ-ემ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 20 აპრილის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის წარმომადგენლის ი. პ-ის შუამდგომლობა საქმის შეჩერების შესახებ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და საკონსტიტუციო სასამართლოსადმი კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №3ბ/429-15, აპელანტი (მოსარჩელე) - მ. რ-ე, აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობა, დავის საგანი - აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, განაცდურის ანაზღაურება, გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება, შეჩერდა საქმის განხილვა, მ. რ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილია სარჩელის სრულად დაკმაყოფილება სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო იძულებით განაცდურის სრულად ანაზღაურების შესახებ, ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობამ და მ. რ-ემ.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის გამგეობა კერძო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 20 აპრილის სასამართლო სხდომაზე არ დააკმაყოფილა მ. რ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში საქმის შეჩერებისა და საკონსტიტუციო სასამართლოსათვის საკონსტიტუციო წარდგინებით მიმართვის თაობაზე, რის შემდეგაც ჩვეულებრივ გაგრძელდა სხდომა და სასამართლო გავიდა სათათბიროდ გადაწყვეტილების გამოსატანად. 2015 წლის 30 აპრილის კი გადაწყვეტილებასთან ერთად გამოაცხადა განჩინება სახელფასო დავალინების ანაზღაურების ნაწილში საქმის წარმოების შეჩერებისა და საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის შესახებ. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით სასამართლოს აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად უნდა მოეწვია სასამართლო სდომა მხარეთა სავალდებულო დასწრებით და მათთვის უნდა მიეცა შესაძლებლობა აღნიშნულ საკითხზე წარედგინათ თავიანთი დასაბუთებული პოზიცია.

მ. რ-ის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განჩინებით საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის საფუძვლით არ უნდა შეეჩერებინა საქმის წარმოება, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილი სიცხადის პირობებში სააპელაციო პალატას შეეძლო თვითონ გადაეწყვიტა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 ნაწილის წინააღმდეგობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილთან. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით გასაჩივრებული გაჩინების გასაჩივრების წესიც არასწორად განსაზღვრა სასამართლომ, როდესაც არ მისცა მხარეებს აღნიშნული განჩინების გასაჩივრების უფლება, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად „საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა“. ამდენად კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს რომ გასაჩივრებული განჩინება არის დაუსაბუთებელი. ამასთან, კანონის დარღვევით იქნა განმარტებული გასაჩივრების წესი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის გამგეობისა და მ. რ-ის კერძო საჩივრებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 112-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინებაზე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით, კანონი, რომელიც ამ საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ შეესაბამება ან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სასამართლო შეაჩერებს საქმის განხილვას ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რის შემდეგაც საქმის განხილვა განახლდება (ანალოგიურ დებულებას შეიცავს “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის მე-7 მუხ.). მხედველობაშია მისაღები, რომ სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტისათვის გამოსაყენებელი კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა სამოსამართლეო დისკრეციის სფეროს განეკუთვნება იმ თვალსაზრისით, რომ კონსტიტუციური წარდგინების აუცილებლობამდე სასამართლო დამოუკიდებლად მიდის და არა პროცესის მონაწილეთა შუამდგომლობის დაკმაყოფილების გზით.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის - მ. რ-ის მითითებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინებით განმარტებული გასაჩივრების უფლების უსწორობაზე საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 მაისის განჩინებაზე, რომლითაც გასწორდა აღნიშნული უსწორობა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად მხარეებს განემარტათ განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. საგულისხმოა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ივნისის განჩინებით მ. რ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მაისის განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განჩინებაში გასაჩივრების წესის განმარტების შესახებ, ამავე სასამართლოს 2015 წლის 6 მაისის განჩინება კანონიერ ძალაშია შესული, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განჩინებით განმარტებულ გასაჩივრების უფლებასთან მიმართებაში მ. რ-ის პრეტენზიის გაზიარების შესაძლებლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. რ-ისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის გამგეობის კერძო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. რ-ისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის გამგეობის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი

საქმე №ბს-397-391(2k-4კს-15) 16 ნოემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. რ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივნისის განჩინებაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

მ. რ-ემ 2014 წლის 22 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობისა და მესამე პირის ე. თ-ის მიმართ. მოსარჩელემ ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 სექტემბრის №60 ბრძანების ბათილად ცნობა, მ. რ-ის ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განაცდურის ანაზრაურება და სადავო აქტის ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი თბილისის დიდუბის რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 სექტემბრის №60 ბრძანება, მ. რ-ის გათავისუფლების თაობაზე; მოპასუხე თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობას დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული -სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. რ-ის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენის თაობაზე; დაევალა მოპასუხე თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობას მოსარჩელე მ. რ-ის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მაგრამ არაუმეტეს სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტი მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. აღნიშული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. რ-ემ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №3ბ/429-15, აპელანტი (მოსარჩელე) - მ. რ-ე, აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობა, დავის საგანი - აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, განაცდურის ანაზღაურება, გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება, შეჩერდა საქმის განხილვა, მ. რ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილია სარჩელის სრულად დაკმაყოფილება სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო იძულებით განაცდურის სრულად ანაზღაურების შესახებ, ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით მ. რ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ. რ-ის სააპელაციო მოთხოვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე სასამართლოს მიერ აღდგენილ არ იქნა პირდაპირ სასამართლოს გადაწყვეტილებით და მისი აღდგენის საკითხი სასამართლომ მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალებით განახორციელა, არ დაკმაყოფილდა; მ. რ-ის მოთხოვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინების (ჩანაწერი), რომლითაც დაკმაყოფილდა მოპასუხე - დიდუბის რაიონის გამგეობის შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულების სახით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის ამონარიდის ასლის საქმეზე დართვის თაობაზე, დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის ამონარიდის ასლის, საქმეზე მტკიცებულებების სახით დართვის თაობაზე; არ დაკმაყოფილდა მ. რ-ის სააპელაციო მოთხოვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინების იმ ნაწილში გაუქმების თაობაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. რ-ის შუამდგომლობა - სარჩელის დაჩქარებული წესით განხილვაზე; არ დაკმაყოფილდა მ. რ-ის სააპელაციო მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 სექტემბრისა (დასაბუთებული) და 2014 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე იმ ნაწილში, რომლითაც აუცილებელი წესით მოსაწვევი მესამე პირის სახით (ასკ 16.2 მუხლის საფუძვლით) ჩაბმულ იქნა ე. თ-ი; დაკმაყოფილდა მ. რ-ის სააპელაციო მოთხოვნა, საქმეზე საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინების გაუქმების შესახებ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საქმეზე საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ; ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობას დაეკისრა ადვოკატის ხარჯები მ. რ-ის სასარგებლოდ 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; არ დაკმაყოფილდა მ. რ-ის სააპელაციო მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობისათვის სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, დანარჩენ ნაწილში; ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით მხარეებს განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა, კერძოდ მითითებული იქნა იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებულიყო საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მეშვეობით. საკასაციო საჩივრის შეტანის ვადად მიეთითა 21 (ოცდაერთი) დღე.

მ. რ-ემ 2015 წლის 14 მაისს შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ამავე სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი მიუთითა არასწორად.

განცხადებელის განმარტებით მ. რ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა: - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც უარყოფილ იქნა სასარჩელო მოთხოვნა - გათავისუფლებიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდურის სრული მოცულობით მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობისათვის დაკისრებაზე; - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე სასამართლოს მიერ აღდგენილ არ იქნა პირდაპირ სასამართლოს გადაწყვეტილებით და მისი აღდგენის საკითხი მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალებით განახორციელა სასამართლომ; - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ოქტომბრის განჩინების (საოქმო ჩანაწერი) გაუქმება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოპასუხე - დიდუბის რაიონის გამგეობის შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულების სახით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის ამონარიდის ასლის საქმეზე დართვის თაობაზე, სააპელაციო პალატაში ამოღებულ იქნას საქმიდან და დაუბრუნდეს მის წარმომდგენს; - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც უარყოფილ იქნა მ. რ-ის შუამდგომლობა - სარჩელის დაჩქარებული წესით განხილვაზე უარის თქმის შესახებ; - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 სექტემბრის (დასაბუთებული) განჩინების და 2014 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინების გაუქმება იმ ნაწილებში, რომლითაც აუცილებელი წესით მოსაწვევი მესამე პირის სახით (ასკ 16.2 მუხლის საფუძვლით) ჩაბმულ იქნა ე. თ-ი; შესაბამისად, სააპელაციო პრეტენზია შეეხებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების ორ საკითხს - ა) გათავისუფლებიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდურის სრული მოცულობით დაკისრებას და ბ) გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე სასამართლოს მიერ აღდგენილ არ იქნა პირდაპირ სასამართლოს გადაწყვეტილებით და მისი აღდგენის საკითხი მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალებით განახორციელა სასამართლომ; სხვა დანარჩენი მოთხოვნები გამომდინარეობდა პირველი ინსტანციის სასამართლოში შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე მიღებული ნაწილი დასაბუთებული და ნაწილი - საოქმო განჩინებების კანონიერების შემოწმების მოთხოვნებიდან, რომლებიც ცალკე, დამოუკიდებლად, მისი მიღების პერიოდში კერძო საჩივრით არ საჩივრდებოდა, მათზე არ დაიშვებოდა მიღებისთანავე კერძო საჩივარი და მათი მიღების დროს, კანონიერების შემოწმება ვერ მოხდებოდა ზემდგომ სასამართლოში. ამასთან, ისინი არ წარმოადგენდნენ სასარჩელო მოთხოვნებს. დასახელებული დასაბუთებული და სხვა საოქმო განჩინებებზე პრეტენზიების წარმოდგენა სააპელაციო საჩივართან ერთად, სააპელაციო საჩივრის ფორმატში, განპირობებული იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის ძალით მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილით. შუამდგომლობის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების წინმსწრები იმ სასამართლო აქტების - დასაბუთებული და სხვა საოქმო განჩინებების გასაჩივრება სააპელაციო პრეტენზიასთან ერთად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის სამართლებრივი საფუძვლით, მოაზრებული უნდა იქნას, როგორც კერძო საჩივართან დაკავშირებული წარმოება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე, რომელიც მოიცავს პრეტენზიას, როგორც საბოლოო გადაწყვეტილებაზე, ასევე მის წინმსწრებ განჩინებებზე, რომლებიც ცალკე არ საჩივრდება, დაუშვებელია, რომ სააპელაციო პალატის შემაჯამებელი გადაწყვეტილებით ერთიანად, ყველა პრეტენზიის შესახებ განიმარტოს, რომ ასეთ პრეტენზიებზე მიღებული სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საჩივრდება საკასაციო წესით. შუამდგომლობის ავტორს მიაჩნია, რომ სწორია სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნებზე დაიშვება საკასაციო საჩივარი, რამეთუ აღნიშნული მოთხოვნები, არსებითი საკითხებია, არაა საპროცესო საკითხები და უნდა შემოწმდეს ყველა სასამართლო ინსტანციაში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ეს სააპელაციო პრეტენზიები უარყოფილ იქნა, სააპელაციო პალატას სააპელაციო საჩივარი არა გადაწყვეტილების გამოტანით, არამედ განჩინების მიღებით უნდა გადაეწყვიტა, რადგან ამ ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში დარჩა; ხოლო სააპელაციო საჩივრის ფორმაში მითითებული დანარჩენი სხვა მოთხოვნები, შინაარსობრივად წარმოადგენდა კერძო საჩივარს, რამეთუ გამომდინარეობდა პირველი ინსტანციის სასამართლოში შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე მიღებული ნაწილი დასაბუთებული და ნაწილი - საოქმო განჩინებების კანონიერების შემოწმების მოთხოვნებიდან, რომლებიც ცალკე, დამოუკიდებლად, მისი მიღების პერიოდში, კერძო საჩივრით არ საჩივრდებოდა, მათზე არ დაიშვებოდა მიღებისთანავე კერძო საჩივარი და მათი მიღების დროს მათი კანონიერების შემოწმება ვერ მოხდებოდა ზემდგომ სასამართლოში და ისინი შემოწმებას კერძო საჩივართან ერთად დაექვემდებარებოდა, მხოლოდ იმ წესის მხედველობაში მიღებით, რომ ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება - მათზე არ უნდა განმარტებულიყო მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების დაშვების შესაძლებლობა ასევე საკასაციო წესით. შუამდგომლობის ავტორს მიაჩნია, რომ ამ განჩინებებზე მიღებული სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება რეალურად საბოლოოა, ამ მიმართებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება შეიცავს უსწორობას და უნდა გასწორდეს. შუამდგომლობის ავტორს მიაჩნია, რომ საპროცესო კანონის არსებითი დარღვევით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ არასწორად იქნა განმარტებული ზემდგომ სასამართლო ინსტანციებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა, მისი ამ ნაწილში კანონიერ ძალაში შესასვლელად არ გატარდა მართებული და სათანადო ღონისძიებები, რითაც მხარეს ეძლევა მისი გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს მისი უკანონოდ გასაჩივრების შესაძლებლობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივნისის განჩინებით აპელანტ მ. რ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. რ-ემ, რომელმაც შუამდგომლობაში მითითებული საფუძვლებით გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის მოცემულ საკითხზე შუამდგომლობის განხილვის ეტაპიდან სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო საჩივრით დავის საგნად იყო ქცეული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 დეკემბრის შემაჯამებელი გადაწყვეტილება და ასევე ამ გადაწყვეტილების მიღებამდე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული სხვა წინმსწრები საპროცესო აქტები - დასაბუთებული და სხვა საოქმო განჩინებები. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო პრეტენზიის გარდა, სააპელაციო საჩივრის დანარჩენი სხვა მოთხოვნები გამომდინარეობდა პირველი ინსტანციის სასამართლოში შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე მიღებული ნაწილი დასაბუთებული და ნაწილი - საოქმო განჩინებების კანონიერების შემოწმების მოთხოვნებიდან, რომლებიც ცალკე, დამოუკიდებლად, მისი მიღების პერიოდში კერძო საჩივრით არ საჩივრდებოდა, მათზე არ დაიშვებოდა მიღებისთანავე კერძო საჩივარი და მათი მიღების დროს კანონიერების შემოწმება ვერ მოხდებოდა ზემდგომ სასამართლოში. ამასთან, ისინი არ წარმოადგენდნენ სასარჩელო მოთხოვნებს. დასახელებული დასაბუთებული და სხვა საოქმო განჩინებებზე პრეტენზიების წარმოდგენა სააპელაციო საჩივართან ერთად, სააპელაციო საჩივრის ფორმატში, განპირობებული იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის ძალით მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილით. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების წინმსწრები იმ სასამართლო აქტების - დასაბუთებული და სხვა საოქმო განჩინებების გასაჩივრება სააპელაციო პრეტენზიასთან ერთად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის სამართლებრივი საფუძვლით, მოაზრებული უნდა იქნეს, როგორც კერძო საჩივართან დაკავშირებული წარმოება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს მკაცრად უნდა გაიმიჯნოს პრეტენზიები არსებით მოთხოვნებზე - შემაჯამებელი, საბოლოო გადაწყვეტილებაზე და პრეტენზიები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის სამართლებრივი საფუძვლით წარდგენილ შემაჯამებელ გადაწყვეტილებამდე წინმსწრებ სასამართლო აქტებზე, პროცედურულ საკითხებზე. რადიკალურად განსხვავდება სააპელაციო განხილვა სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული წარმოებისას და სააპელაციო საქმის წარმოება კერძო საჩივართან დაკავშირებით, რაც გამომდინარეობს ამ ნორმების დასაბუთებული შედარებიდან. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საკითხის იმგვარად დაყვანა, რომ წინმსწრებ განჩინებებზე პრეტენზიების შევსება ხორციელდება სააპელაციო საჩივრის ფორმაში, განჩინებებზე სააპელაციო წარმოება მიჩნეულ იქნეს სააპელაციო წარმოებად დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლოში ამგვარი სააპელაციო საჩივრის განხილვა-გადაწყვეტისას სამართლებრივი შედეგი განსხვავებული უნდა იყოს ზემდგომ სასამართლოში - საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების კუთხით. საზოგადოდ, იმ სამართლებრივი აქტებით, რომლებიც საქმეს არსებითად არ წყვეტენ, არ დგინდება სასარჩელო მოთხოვნების შედეგი და არ გვევლინებიან მატერიალური ნორმებით დაცული უფლებების გადამწყვეტ სასამართლო აქტებად, კანონიერების თვალსაზრისით შემოწმდებიან მარტოოდენ ზედა ინსტანციის სასამართლოში და მასზე მიღებული ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. სააპელაციო საჩივარზე, რომელიც მოიცავს პრეტენზიას, როგორც საბოლოო გადაწყვეტილებაზე, ასევე მის წინმსწრებ განჩინებებზე, რომლებიც ცალკე არ საჩივრდება, დაუშვებელია, რომ სააპელაციო პალატის შემაჯამებელი გადაწყვეტილებით ერთიანად, ყველა პრეტენზიის შესახებ განიმარტოს, რომ ასეთ პრეტენზიებზე მიღებული სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საჩივრდება საკასაციო წესით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა მ. რ-ის კერძო საჩივრის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

მოცემულ შემთხვევაში, სადავოა, რა წესით უნდა განიხილოს ზემდგომმა სასამართლომ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად წინმსწრებ განჩინებაზე შეტანილი საჩივარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ამ ნორმით კანონმდებელმა სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგნად დაადგინა აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა, რითაც შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მოაქცია დასახელებული განჩინებების კანონიერების შემოწმება. ვინაიდან სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემაჯამებელ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად იხილავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებსაც, ამიტომ აღნიშნული განჩინებები ამ შემთხვევაში შეიძლება მსჯელობის საგანიც გახდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებშიც საკასაციო სასამართლოშიც.

საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ წინსმწრები განჩინების გასაჩივრების არსი არის იმის დადგენა, განხილულია თუ არა საქმე მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც გავლენას ახდენს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენის ფარგლებში უნდა იმსჯელოს, საქმის განხილვის პროცესში ხომ არ ყოფილა რაიმე ისეთი დარღვევა, რაც შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესს, გადაწყვეტილების კანონიერებას ან დავის გადაწყვეტის შედეგს აყენებს ეჭქვეშ. სწორედ ამ მიზეზით, გასაჩივრების შემთხვევაში, ამგვარი განჩინებები საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანიც უნდა გახდეს, რაც გამორიცხავს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ წინმსწრები განჩინებები კერძო საჩივრის განხილვისათვის დადგენილი წესით უნდა შეფასდეს, რაც გულისხმობს მათ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინების საბოლოობას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LI თავით დადგენილია საკითხის განხილვის სპეციალური წესი, რომელიც უშუალოდ კერძო საჩივარს შეეხება და, ამ შემთხვევაში, ანალოგიით გამოყენებული ვერ იქნება. კანონმდებლობით ამომწურავადაა დადგენილი, რა შემთხვევაში დაიშვება კერძო საჩივრის შეტანა. წინმსწრები განჩინების გასაჩივრებისას კანონმდებელი საქმის განხილვის რაიმე განსხვავებულ წესს არ ადგენს. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლიდან გამომდინარე, შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად შეიძლება გასაჩივრდეს ის განჩინებაც, რომლის მიმართაც კერძო საჩივრის შეტანა დაიშვებოდა, მაგრამ ეს გარემოება არ გულისხმობს საქმის განხილვის წესის შეცვლას.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოსათვის გაუგებარია, ჰიპოთეტურად მაინც, მხარის რა ინტერესი შეიძლება დაირღვეს, წინსმწრები განჩინების შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო საჩივრის ფარგლებში განხილვით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი სწორად იყო განმარტებული და უსწორობის შესწორების საფუძველი არ არსებობდა, ამდენად, საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. რ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი