საქმე ბს-557-550(კს-15) 28 აპრილი, 2016 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ. ბ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.07.2015 წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
02.07.13 წ. ნ. ბ. კ-იმ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მერიის მიმართ, ქ. თბილისის მერიის 27.05.2013წ. #1012 განკარგულებისა და თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 06.02.2013წ. #000013 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.11.2013წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაერთო ი. წ-ი.
05.07.13წ. ი. წ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მერიის მიმართ, ქ. თბილისის მერიის 27.05.2013წ. #1012 განკარგულებისა და თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 06.02.2013წ. #000013 დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით. ი.წ-მა ასევე მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისათვის ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი ატის გამოცემის დავალება, რომლითაც მოხდება ნ. ბ. კ-ის მიერ ლოჯიაზე განხორციელებული მიშენების დემონტაჟი და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.02.2014წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ნ. ბ. კ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.10.2014წ. განჩინებით ადმინისტრაციული საქმე #3/2362-13 ნ. ბ. კ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების ქ.თბილისის მერიის, ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის, მესამე პირის - ი.წ-ის მიმართ და ადმინისტრაციული საქმე #3/2411-13 ი. წ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების ქ.თბილისის მერიის, ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის, მესამე პირის - ნ. ბ. კ-ის მიმართ გაერთიანდა ერთ წარმოებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.11.2014 წ. გადაწყვეტილებით ი.წ-ისა და ნ. ბ. კ-ის სარჩელები არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ. კ-იმ, რომელმაც იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ და აღნიშნა, რომ არის სოციალურად დაუცველი, განუკურნებელი სენით დაავადებული, შრომისუუნარო, საჭიროებს მუდმივ მკურნალობას, რაც სსკ-ის 47-ე მუხლის საფუძველზე ქმნის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს. აპელანტმა წარმოადგინა ჯანმრთელობის ცნობები და 02.02.2015წ. ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლის მიხედვით ნ. ბ. კ-ის სარეიტინგო ქულაა 64 410.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.2015 წ. განჩინებით ნ. ბ. კ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა შვიდდღიანი ვადა სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარსადგენად. აღნიშნული განჩინება 19.06.2015წ. პირადად ჩაბარდა ნ. ბ. კ-ის წარმომადგენელ - ი. ხ-ს.
სააპელაციო პალატამ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებაში მიუთითა სსკ-ის 47-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ აპელანტს არ წარუდგენია გადახდისუუნარობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან N010319500185 ამონაწერის თანახმად ნ. ბ. კ-ის სარეიტინგო ქულაა - 64410, რაც საქართველოს მთავრობის 28.07.2006 წ. N145 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების შესახებ“ წესის 5.1 და მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, გამორიცხავს საარსებო შემწეობის მიღების უფლებას, რადგან სარეიტინგო ქულა ნაკლები არ არის ამ წესით დადგენილ სარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე - 57001-ზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო მისი გადახდისუუნარობისა და სოციალურად დაუცველობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებების წარდგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.07.2015 წ. განჩინებით ნ. ბ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო .
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.07.2015 წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ბ. კ-იმ, რომელმაც აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარში დააყენა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების თაობაზე და წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მოსამართლემ დაუსაბუტებლად არ გაითვალისწინა. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის განხილვის დავალება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რომ ნ. ბ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 თავი აწესრიგებს პროცესის ხარჯებთან დაკავშირებულ საკითხებს.პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები (სსკ-ის 37-ე მუხ.). ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის. ამდენად, სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო შენატანია, თუმცა კანონმდებლობა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონი) ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისგან მხარეთა განთავისუფლების სხვადასხვა შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა განთავისუფლება შესაძლებელია ერთი მხრივ - კანონის იმპერატიული ნების საფუძველზე, როდესაც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან პირის გათავისუფლება სასამართლოს ერთმნიშვნელოვანი, კანონისმიერი ვალდებულებაა (სსკ-ის 46-ე მუხ.) და მეორე მხრივ, სასამართლოს ნების საფუძველზე მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, უკეთუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს (სსკ-ის 47-ე მუხ.).
განსახილველ შემთხვევაში, ნ. ბ. კ-ი უთითებს, რომ არის სოციალურად დაუცველი, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა 02.02.2015წ. ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლის მიხედვით ნ. ბ. კ-ის სარეიტინგო ქულაა 64 410.
სსკ-ის 46.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას. განსახილველ შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 02.02.2015წ. ამონაწერით დასტურდება, რომ მართალია ნ. ბ. კ-ი რეგისტრირებულია აღნიშნულ ბაზაში, თუმცა მისი სარეიტინგო ქულა 64410 შეადგენს. საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წ. №145 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების შესახებ“ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილ საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე. ამავე წესის მე-7 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულაა 57001. ამდენად, ნ. ბ. კ-ი ვერ იქნება მიჩნეული სოციალურად დაუცველ პირად სსკ-ის 46-ე მუხლის მიზნებისათვის და აღნიშნული საფუძვლით ვერ განთავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
კერძო საჩივრის ავტორი აგრეთვე უთითებს, რომ არის განუკურნებელი სენით დაავადებული, შრომისუუნარო, საჭიროებს მუდმივ მკურნალობას, რაც სსკ-ის 47-ე მუხლის საფუძველზე ქმნის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია გაათავისუფლოს მოქალაქე სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, თუ პირი წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დაადასტურებს ხარჯების გადახდის შეუძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში, ნ. ბ-მ კ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა ჯანმრთელობის ცნობები, რომლებიც იძლევიან ინფორმაციას კერძო საჩივრის ავტორის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მკურნალობის ხარჯების და არა მისი გადახდისუუნარობის შესახებ. პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უკეთუ მხარეს სათანადო წესით არ აქვს მინიჭებული ინვალიდის სტატუსი, არ ათავისუფლებს მას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონის 5.1 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტი).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის 20.03.2015წ. განჩინებით მართებულად არ დაკმაყოფილდა ნ. ბ. კ-ის შუამგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ და აპელანტს საფუძვლიანად დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის კანონით განსაზღვრული ოდენობის გადახდა.
საქმის მასალებით დგინდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ 20.03.2015წ. განჩინება 13.06.2015წ. პირადად ჩაბარდა ნ. ბ. კ-ის წარმომადგენელ - ი. ხ-ს (ტ.3, ს.ფ.21), რომლის უფლებამოსილება დასტურდება საქმეში დაცული 31.10.2013წ. #131145604 მინდობილობით (ტ.1, ს.ფ. 131).
სსკ-ის 70.1 მუხლის თანახმად, გზავნილი ეგზავნება მხარეს ან მის წარმომადგენელს, გზავნილი მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. განსახილველ შემთხვევაში გზავნილი ჩაიბარა წარმომადგენელმა - ი. ხ-მა 13.06.2015წ.. სსკ-ის 59.2 მუხლის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების საპროცესო ვადად განისაზღვრა 7 დღე (ტ.3, ს.ფ.7), შესაბამისად აპელანტი - ნ. ბ. კ-ი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მისაღებად ვალდებული იყო გზავნილის უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებიდან - 2015 წლის 13 ივნისიდან 7 დღის ვადაში წარედგინა სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან შუამდგომლობა დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ, რაც აპელანტის (კერძო საჩივრის ავტორის) ან მისი წარმომადგენლის მიერ არ განხორციელებულა.
სსკ-ის 61-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემთხვევაში საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. ბ. კ-ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის საფუძვლით მართებულად იქნა განუხილველად დატოვებული, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 410-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და:
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ. ბ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.07.2015 წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: ნ. სხირტლაძე
მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი