ბს-754-746(კს-15) 28 აპრილი, 2016წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ლ. შ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია, თ. დ-ე
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.05.2015 წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. შ-ემ 01.10.13წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და თ. დ-ის მიმართ, რომლითაც თ. დ-ის ნაწილში კომისიის 31.05.2011წ. №7 საოქმო გადაწყვეტილების და №16390 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 04.05.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. შ-ემ.
ბათუმის სააპელაციო სასამართლოს 11.08.2015წ. განჩინებით ლ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 369.1 მუხლის დანაწესზე და აღნიშნა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 04.05.2015წ. გადაწყვეტილება ლ. შ-ეს პირადად ჩაბარდა 17.07.2015წ.. მისთვის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 18.07.2015წ. და ამოიწურა 31.07.2015წ., სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარედგინა 03.08.2015წ., სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მხარემ გაუშვა სააპელაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, რომლის გაგრძელება (აღდგენა) კანონის თანახმად არ დაიშვება.
ბათუმის სააპელაციო სასამართლოს 11.08.2015წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. შ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის არსებითად განსახილველად დაბრუნებას, კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მას პირადად არ ჩაბარებია, ხოლო მის წარმომადგენელს ჩაბარდა 20.07.2015წ., სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა სასამართლოში 03.08.2015წ. საპროცესო ნორმებით განსაზღვრული ვადის სრული დაცვით. შემდგომ აღმოჩნდა რომ სასამართლოს გზავნილი ანალოგიურად გაგზავნილი ყოფილა ლ. შ-ის მისამართზე და მისი სახლში არ ყოფნის მიზეზით მასზე გადასაცემად 17 ივლისს ჩაბარდა მეზობლად მცხოვრებ ლ. შ-ეს, რომელმაც გზავნილი ლ. შ-ეს გადასცა 23 ივლისს.
22.01.2016წ. ლ. შ-ემ სასამართლო კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნის და გზავნილის ჩაბარების დედანი დოკუმენტის შპს „...“ გამოთხოვის შესახებ შესახებ შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს. ლ. შ-ე შუამდგომლობაში აღნიშნავს, რომ საკუთარი ძალებით ვერ შეძლეს ექსპერტიზის ჩატარება, ვინაიდან ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროს მითითების შესაბამისად შპს „...“ მოითხოვეს გზავნილის ჩაბარების დედანი დოკუმენტის წარდგენა, თუმცა ასეთი დოკუმენტი ვერ მიიღეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. შ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს კანონისმიერ და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. კანონისმიერია ვადა, რომელიც კანონით იმპერატიულადაა განსაზღვრული და მისი გაგრძელების (აღდგენის) შესაძლებლობას არ ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იმპერატიულად არის დადგენილი, რომელიც შეადგენს 14 დღეს, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან (სსკ-ის 369 მუხ.). ვადის აღმკვეთი ხასიათის გამო განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ვადის დენის დაწყების მომენტის ზუსტად განსაზღვრას, რომელიც იწყება მხარისათვის განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან (სსკ-ის 60.2 მუხ.). საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე (სსკ-ის 61.3 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში ლ. შ-ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 04.05.2015წ. გადაწყვეტილება სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა 17.07.2015წ., რაც დასტურდება საქმეში დაცული ჩაბარების დასტურით (ტ.2. ს.ფ.71).
საკასაციო პალატა თვლის, რომ არ დასტურდება კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმის შესახებ, რომ ჩაბარების დასტურზე ხელი მოაწერა არა თვითონ, არამედ მეზობელმა – ლ. შ-ემ. სსკ-ის 73.8 მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს გზავნილის სხვა პირისთვის გადაცემის შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, ვინაიდან უწყების ჩაბარების დასტურზე არ არის მითითებული გზავნილის გადასაცემად სხვა პირისათვის ჩაბარების შესახებ. საქმეში დაცულ დასტურზე აღნიშნულია, რომ გზავნილი ჩაიბარა ლ. შ-ემ თვითონ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გზავნილის ჩაბარებისას გარდა ხელმოწერისა, მიმღები მასზე აფიქსირებს საკუთარ პირად ნომერს, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა და რაც ადასტურებს ლ. შ-ის მიერ გზავნილის ჩაბარებას. კერძოდ, საქმეში დაცულ დასტურზე მითითებული პირადი ნომერი ემთხვევა ლ. შ-ის პირად ნომერს (შედარდა საქმეში ტ.1.ს.ფ.25-ზე დაცულ ლ. შ-ის პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან).
საფუძველს არის მოკლებული კერძო საჩივრის მითითება იმის შესახებ, რომ მის წარმომადგენელს სასამართლოს განჩინება ჩაბარდა 20.07.2015წ., რის გამოც მის მიერ სააპელაციო საჩივრის 03.08.2015წ. წარდგენა კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა. საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სასამართლოს გზავნილის მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის გაგზავნას, გზავნილი ჩაბარებულად ითვლება თუ გზავნილი ჩაბარდა ერთ-ერთ მათგანს (სსკ-ის 70.1 მუხ.). წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად ( სსკ-ის 13.2 მუხ.). ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსკ-ის 60.1 მუხლით განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა უნდა დაიწყოს მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისავის კანონით დადგენილი წესით გადაწყვეტილების (განჩინების) ასლის ჩაბარების მომენტიდან. ამდენად, მართებულია გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლის დაწყება არა წარმომადგენლისათვის (20.07.2015წ.), არამედ მხარისათვის გზავნილის (17.07.2015წ.) ჩაბარების მომდევნო დღიდან - 2015 წლის 18 ივლისიდან, შესაბამისად გასაჩივრების ვადა დასრულდა 2015 წლის 31 ივლისს, რომელიც იყო სამუშაო დღე პარასკევი და არ ემთხვეოდა დასვენების ან არასამუშაო დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. შ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია, იგი უცვლელად უნდა დარჩეს, არ არსებობს ლ. შ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება ლ. შ-ის შუამდგომლობას სასამართლო კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნისა და გზავნილის ჩაბარების დედანი დოკუმენტის შპს „...“ გამოთხოვის შესახებ, ექსპერტიზის ბიუროსთვის წარსადგენის მიზნით, საკასაციო პალატა თვლის, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო ინსტანციაში საქმის წარმოების დროს საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს, სსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მის პროცესუალურ კომპეტენციაში შედის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება სამართლებრივი თვალსაზრისით. საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი მოიპოვოს და საქმეზე შეაგროვოს ახალი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო ინსტანციაში ახალი მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას. ამასთან, სასამართლო ვერ უზრუნველყოფს საფოსტო გზავნილის დედანის გამოთხოვას ექსპერტიზაზე წარსადგენად, ვინაიდან „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტის ყველა ეგზემპლარი ორიგინალად ითვლება. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ელექტრონული ხელმოწერის დედანი დოკუმენტის მოპოვების შესაძლებლობას, ვინაიდან ხელმოწერა სრულდება არა მატერიალურად, არამედ ელექტრონულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდესის 1.71 , 73-ე, 74-ე, 369-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. შ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი