Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-93-92(კ-16) 25 აპრილი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ლ.ო-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.2015წ. განჩინებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.2015წ. განჩინებით ლ.ო-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ლ.ო-ის მიერ.

საკასაციო სასამართლოს 11.02.2016წ. განჩინებით ლ.ო-ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში უზენაესი სასამართლოსათვის წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით ლ.ო-ს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს 11.02.2016წ. განჩინება ლ.ო-ს პენიტენციურ დაწესებულებაში გაეგზავნა 07.03.2016წ. და 16.03.2016წ. ჩაბარდა პირადად, რასაც ადასტურებს ლ.ო-ის ხელწერილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 11.02.2016წ. განჩინების ჩაბარების შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, ლ.ო-ს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს სასამართლოსთვის.

სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. სსკ-ის 135-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს დოკუმენტი წარედგინება დედნის სახით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 135-ე, 396.3 და 420-ე მუხლების თანახმად, ლ.ო-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 და 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ო-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.2015წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი