Facebook Twitter

საქმე ბს-141-140 (გ-16) 07 აპრილი, 2016წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ააიპ „…“ სარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ააიპ „…“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 07.09.2015წ. ბრძანების ბათილად ცნობა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქ. რუსთავის გამგეობის 16.12.1992წ. გადაწყვეტილებით რეგისტრაციაში გატარდა საქველმოქმედო ორგანიზაცია „ი…“, რომლის საქმიანობის სახეობად ამავე უწყების მიერ 1992 წლის დეკემბრის თვეში გაცემული მუდმივი მოწმობის თანახმად განისაზღვრა მარტოხელა, ხანდაზმული, ინვალიდების სოციალური დაცვა, სამედიცინო და სხვა საყოფაცხოვრებო საქმიანობის მომსახურება. ქ. რუსთავის მერის 22.10.1993წ. №539 განკარგულებით რუსთავის №… … შენობა უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს რესპუბლიკის … არსებული მარტოხელა პანსიონატს. მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ მითითებულ შენობაში საქველმოქმედო ორგანიზაცია „ი…“ წლების განმავლობაში დამოუკიდებლად ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას და შემოწირულობების ხარჯზე ემსახურება მარტოხელა ხანდაზმულებს. შემოწირულობების ხარჯზე შესაძლებელი გახდა ძველი დანგრეული შენობის აღდგენა და სარემონტო სამუშაოების ჩატარება. მითითებული ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ რამოდენიმეჯერ მიმართეს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ კანონის შესაბამისად, თუმცა უშედეგოდ. მოსარჩელე უთითებს, რომ საქველმოქმედო ორგანიზაცია „ი…“ ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული ქონება ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტს გადაეცა თანახმად „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 07.09.2015წ. ბრძანებისა. კერძოდ, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტს დამატებითი ქონების სახით გადაეცა ქ. რუსთავში … მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 8445 კვ.მ. არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 3 (სამი) შენობა-ნაგებობით. მოსარჩელე თვლის, რომ მითითებული ბრძანება არის უკანონო, რის გამოც ითხოვს მის ბათილად ცნობას სზაკ-ის 53-ე, 601, 95-ე მუხლების შესაბამისად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.01.2016წ. განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან სადავო უძრავი ნივთი მდებარეობს რუსთავში, მოცემულ შემთხვევაში განსჯად სასამართლოს წარმოადგენს რუსთავის საქალაქო სასამართლო. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, 26-ე მუხლზე, სსკ-ის მე-15, 284-286-ე მუხლებზე და ააიპ „…“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 29.01.2016წ. განჩინებით ააიპ „…“ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. რუსთავის საქალაქო სასამართლომ სსკ-ის მე-15 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ საქმე ეხება ტერიტორიულ განსჯადობას. ვინაიდან დავის საგანია არა საკუთრება უძრავ ქონებაზე, არამედ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხედ დასახელებულია აქტის გამომცემი ორგანო, სარჩელი უნდა იქნეს განხილული მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით - თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ. სასამართლოებმა სადავო აქტების სასამართლო წესით განსჯადობის განსაზღვრისას აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფელის მიხედვით უნდა გამოარკვიონ სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიასაც განეკუთვნება საქმე განსახილველად. მით უფრო მაშინ, როდესაც დავის საგანია არა უძრავ ნივთთან დაკავშირებული კონფლიქტი, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერება, რა დროსაც საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე სარჩელი უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით განსჯადმა სასამართლომ. ვინაიდან გასაჩივრებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანება, რომლის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, … №12, ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით განსჯადი სასამართლო არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებებს და თვლის, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს. სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე.

სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, საერთო წესის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. სსკ-ის მე-18 მუხლით რეგლამენტირებულია ნივთობრივი განსჯადობის შესახებ სპეციალური წესები. ხსენებული მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების შესახებ, თუ დავა ეხება უძრავ ნივთს, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით. აღნიშნული ნორმა ადგენს სპეციალურ განსჯადობას და იძლევა განსჯადობის განსაზღვრის შესაძლებლობას უძრავი ნივთის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით (სუს 23.01.15წ. №ბს-816-802 (გ-14); 04.06.15წ. №ბს-280-276 (გ-15)). მოცემულ შემთხვევაში დავა ეხება არა უძრავ ქონებას, არამედ უძრავი ქონების გადაცემასთან დაკავშირებით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 07.09.2015წ. ბრძანების) კანონიერებას. ტერიტორიული განსჯადობა წყდება მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით, რა დროსაც საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე სარჩელი უნდა წარედგინოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი მოიცავს მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 07.09.2015წ. ბრძანების ბათილად ცნობას, მოპასუხედ დასახელებულია მხოლოდ ერთი ადმინისტრაციული ორგანო – სსიპ სახელმწიფო

ქონების ეროვნული სააგენტო, შესაბამისად სახეზე არ არის ალტერნატიული განსჯადობა. ,,საჯარო სამართლის იურიდული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 17.09.2012 წ. №391 დადგენილების თანახმად აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მისამართია ქ. თბილისი, ... ქ. №12.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ ააიპ „…“ სარჩელი განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლის იურისდიქციის ტერიტორიაზეც მდებარეობს აქტის გამომცემი ორგანო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 2.1, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ააიპ „…“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი