საქმე ბს-758-750 (გ-16) 07 აპრილი, 2016წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ი. ჩ-ას და ც. შ-ას პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ განცხადებასთან დაკავშირებული დავა, განსჯადობის თაობაზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. ჩ-ამ და ც. შ-ამ განცხადებით მიმართეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება. განმცხადებლებმა მიუთითეს, რომ მათ მშობელს– ა. ჩ-ას საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებული სამეულის 13.12.1937 დადგენილებით მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა, რომელიც სისრულეში 30.12.1937წ. იქნა მოყვანილი. სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 16.01.1989წ. ბრძანებულების საფუძველზე მოხდა ა. ჩ-ას რეაბილიტაცია. მითითებული გარემოებების საფუძველზე ი. ჩ-ა და ც. შ-ა ითხოვენ მათი მშობლის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 28.09.2015წ. განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. სასამართლომ მიუთითა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნა, რომ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ განცხადება გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და განხილული უნდა იქნას ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. სასამართლომ ასევე მიუთითა სასკ-ის 2126 და 26-ე მუხლებზე, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლზე და აღნიშნა, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ რეპრესირებულ პირს, მის პირველი რიგის მემკვიდრეს ან მათ წარმომადგენელს არაუგვიანეს 2018 წლის 01 იანვრისა. სარჩელი წარედგინება რეპრესირებული პირის ან მისი მემკვიდრის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. აღნიშნულ ნორმაზე მითითებით ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმე განსჯადობით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უნდა გადაგზავნოდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 13.10.2015წ. განჩინებით განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, სასკ-ის 2126, 26-ე მუხლებზე, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის, მე-7 და მე-9 მუხლზე და აღნიშნა, რომ ი. ჩ-ას და ც. შ-ას საცხოვრებელი მისამართია ქ. ზუგდიდი, სსკ-ის მე-20 მუხლის მიხედვით თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, სასამართლოს არჩევის უფლება ეკუთვნის მოსარჩელეს. მოსარჩელემ განსჯად სასამართლოდ მიიჩნია ზუგდიდის რაიონული სასამართლო. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. აღნიშნული მსჯელობის საფუძველზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ განსჯადობის შესახებ სასამართლოებს შორის დავა გადასაწყვეტად უნდა გადაეგზავნოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოსა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებებს და თვლის, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს. სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე.
ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში კანონი „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ უშუალოდ განსაზღვრავს განცხადების განმხილველ სასამართლოს, კერძოდ, კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად განცხადება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ წარედგინება იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მუდმივად ან დროებით ცხოვრობს რეპრესირებული პირი ან მისი მემკვიდრე. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განსჯადობით განსახილველად გადააგზავნა დავის საგნის გაუთვალისწინებლად. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მსჯელობა ემყარება სასკ-ის VII7 თავის ნორმებს, რომლებიც განსაზღვრავენ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის და მისი პირველი რიგის მემკვიდრისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებულ სამართალწარმოების წესს. მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილია არა ფულადი კომპენსაციის გაცემა, არამედ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება, რის გამო საფუძველს არის მოკლებული განსჯადი სასამართლოს გადაწყვეტა სასკ-ის 2126 მუხლისა და „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის დანაწესების მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის 7.1 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე განსჯადია ის სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ცხოვრობს განმცხადებელი. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლების – ი. ჩ-ას და ც. შ-ას საცხოვრებელი ადგილი არის ქალაქი ზუგდიდი. „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.08.2007წ. N1/150-2007 გადაწყვეტილების მე-19 მუხლის თანახმად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის - ზუგდიდის, მესტიის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
ზემოაღნიშნულთან ერთად საკასაციო პალატა არ იზიარებს აგრეთვე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მითითებას ალტერნატიული განსჯადობის არსებობაზე, რომლის პირობებშიც განსჯადი სასამართლო მოსარჩელის არჩევით დგინდება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ ალტერნატიულ განსჯადობას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც მოსარჩელეს შეუძლია სარჩელი აღძრას მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის, მისი ადგილმდებარეობის ან მისი ქონების ადგილმდგომარეობის მიხედვით, რაც შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს აირჩიოს სასამართლო. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ალტერნატიული განსჯადობა, ვინაიდან კანონი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს განსჯად სასამართლოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ ი. ჩ-ას და ც. შ-ას პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ განცხადება განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 2.1, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ჩ-ას და ც. შ-ას პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ განცხადება განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი