საქმებს-568-561 (2კ-15) 28 აპრილი, 2016წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ლ. ფ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2015წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ფ-ამ 15.10.2013წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მოპასუხის 12.07.2013წ. და 13.09.2013წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის 130560 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.06.2014წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.07.2013წ. და 13.09.2013წ. გადაწყვეტილებები, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ და ლ. ფ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26.02.2015წ. გადაწყვეტილებით ლ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.07.2014 წ. გადაწყვეტილება ნაწილობრივ, კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.07.2013 წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში და დავის ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ლ. ფ-ას უარი ეთქვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.07.2013 წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ და ლ. ფ-ამ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ლ. ფ-ას საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა სამოქალაქო დავა „ი. მ-ისათვის წილის დათმობის შესახებ“ შპს „...“ დამფუძნებელი პარტნიორის შ. მ-ის 17.07.2013წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ლ. ფ-ას 40%–იანი წილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, რაც დასრულდა მორიგებით. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.10.2013წ. განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება, რომლის თანახმად მოპასუხეებმა შ. მ-მა და ი.მ-ემ იკისრეს ვალდებულება ლ. ფ-ას გადაუხადონ 70000 აშშ დოლარი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებულ შემთხვევაში მორიგებას გააჩნდა ვალდებულებით-სამართლებრივი ხასიათი, რომელიც წარმოშობდა ლ. ფ-ასთვის თანხის გადახდის ვალდებულებას და რომლის შესრულება სადავოდ არ არის გამხდარი. სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია დეტერმინირებულია მხარეთა ნებით, მორიგების აქტის დამტკიცების შედეგად ლ. ფ-ამ ფაქტობრივად უარი თქვა დავის გაგრძელებაზე, შესაბამისად შ. მ-ის 17.07.2013წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და მისი (ლ. ფ-ას) 40 %-იანი წილის აღდგენაზე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად ეთქვა უარი ლ. ფ-ას მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ლ. ფ-ას საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 01.10.2015წ. №27751 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ლ. ფ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26.02.2015წ. გადაწყვეტილება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 01.10.2015წ. №27751 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე