Facebook Twitter

#ბს-224-223(გ-16) 11 მაისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ თ.ჭ-ე

მოპასუხე _ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობა

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 17 ნოემბერს თ.ჭ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ისნის რაიონის გამგეობაში პოლიტიკური ორგანიზაციის - „....“ მმართველობის პერიოდში ეკავა ... თანამდებობა. 2013 წლის 1 ოქტომბერს დაიკავა ისნის რაიონის ტერიტორიული ერთეულის … უბნის განყოფილების უფროსის თანამდებობა.

2014 წლის 20 ოქტომბერს, იგი თბილისის ისნის რაიონის გამგებლის - ვ. ქ-ის ბრძანებით გათავისუფლდა თანამდებობიდან. აღნიშნულ გათავისუფლებას, მოსარჩელის მითითებით, წინ უძღვოდა მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული შევიწროვება და მოპყრობა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შემდეგ, როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, თვითმმართველობის ორგანოებიდან საჯარო მოხელეების მასობრივი გათავისუფლებები დაიწყო. გათავისუფლებები ხორციელდებოდა, როგორც ზემდგომი თანამდებობის პირების ბრძანებით, ისე მოხელეების პირადი განცხადებების საფუძველზე, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებდა, რომ მოხელეების მსგავს გათავისუფლებებში ადგილი ჰქონდა მიკერძოებულ, დისკრიმინაციულ მიდგომებს პოლიტიკური პარტიისადმი „კუთვნილების“ გამო და პირთა იძულებას „საკუთარი ნებით“ დაეტოვებინათ სამსახურები.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ვინაიდან იგი ღიად მხარს უჭერდა პოლიტიკურ გაერთიანება „...“, მიმდინარე მოვლენების ფონზე, შიშობდა სამსახურის დატოვებას მასაც მოსთხოვდნენ. ამიტომ 2014 წლის აგვისტოს თვეში თავისი სოციალური გვერდის მეშვეობით საჯაროდ განაცხადა, რომ იგი არ აპირებდა საკუთარი ნებით განცხადების დაწერას და თანამდებობის დატოვებას, რის შემდგომაც ზემდგომი თანამდებობის პირების თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგებლის - ვ. ჭ-ისა და მისი მოადგილის - გ. ჯ-ას მხრიდან დაიწყო მასზე სავარაუდო პილიტიკური ნიშნით დევნა, შევიწროვება და მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, რაც საბოლოოდ, მისი თანამდებობიდან გათავისუფლებით დასრულდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მისთვის შენიშვნის გამოცხადების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 16 ოქტომბრის №16 ბრძანების, მისი გათავისუფლების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 20 ოქტომბრის №41 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის - 1700 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

მოსარჩელემ ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის მხრიდან მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და მისგან გამომდინარე მორალური ზიანის - 3000 ლარის ოდენობით ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინებით თ.ჭ-ის სარჩელიდან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, განაცდურის ანაზღაურების, საშვებულებო თანხის ანაზღაურების, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე ცალკე წარმოებად გამოიყო დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნები. თ.ჭ-ის სარჩელი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გამგეობის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე განსახილველად გადაეგზავნოს განსჯად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას; თ.ჭ-ის სარჩელზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გამგეობის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, განაცდურის ანაზღაურებისა და საშვებულებო თანხის ანაზღაურების მოთხოვნების ნაწილში შეჩერდა წარმოება სამოქალაქო სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად:

1. ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

2. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.

სამართალწარმოება დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე დარეგულირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-73 კარით, რომელიც ამ კატეგორიის საქმეთა განხილვისათვის სპეციალურ წესს ადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ კანონმდებლობა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის, მისი აღმოფხვრისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე საქმეების განსჯადობას სამოქალაქო სასამართლოებს მიაკუთვნებს, შესაბამის საქმეთა განხილვისათვის სამოქალაქო საპროცესო ნორმებით სპეციალური წარმოებაა განსაზღვრული, რაც გამორიცხავს ამ საქმეთა ადმინისტრაციული სასამართლოების მიერ განხილვას.

„რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №649 ბრძანებულებაში 2005 წლის 12 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის №213 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილების თანახმად, ლიკვიდირებულ იქნა თბილისის რაიონული სასამართლოები და შექმნილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომელშიც შეიქმნა სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები – ადმინისტრაციულ საქმეთა, სამოქალაქო საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიები.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს განსაზღვრავს საპროცესო კანონი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმე უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს აღნიშნული საქმე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაუფლებამოსილ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის უფლებამოსილ სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სარჩელი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა გამოიყოს ცალკე წარმოებად და განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გადაეგზავნოს.

სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. ამავე კოდექსის 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, განაცდურისა და საშვებულებო თანხის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების ძირითადი საფუძველია მოსარჩელის მიმართ მოპასუხის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენა, რის გამოც დასახელებული მოთხოვნების განხილვა არ უნდა განხორციელდეს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის თაობაზე მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამდენად, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნების ნაწილში სარჩელის განხილვამდე და შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სარჩელის დანარჩენ ნაწილში სასამართლო წარმოება უნდა შეჩერდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის განჩინებით თ.ჭ-ის სარჩელი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის სამსახურიდან გათავისუფლებას დისკრიმინაციული მოტივით, კერძოდ, ის მიიჩნევს, რომ გათავისუფლების ბრძანების გამოცემა მოხდა გარკვეული ნიშნით, რომელიც შესაძლოა მიჩნეულ იქნეს დისკრიმინაციულად. სარჩელის არსი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე მსჯელობა და იმის დადგენა, მართლაც ხომ არ ჰქონდა სამსახურიდან გათავისუფლებას პოლიტიკური ნიშნით ადგილი. სასამართლო ვერ შეაფასებს დისკრიმინაციული მოტივით მოხდა თუ არა მისი გათავისუფლება, თუ არ შეაფასებს სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებს. სასამართლოს მიერ დისკრიმინაციის საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული სამსახურიდან გათავისუფლებასთან და მათი განცალკევება შეუძლებელია. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის მოთხოვნის დამოუკიდებლად განხილვა გამოიწვევს იმას, რომ სამოქალაქო კოლეგიას მოუწევს იმსჯელოს სამსახურიდან გათავისუფლებაზე, რადგან სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სავარაუდო დისკრიმინაციულ ქმედებას, მან უნდა შეაფასოს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება და დისკრიმინაციის დადგენის შემთხვევაში დაავალოს დისკრიმინაციული ქმედების შედეგების აღმოფხვრა, რაც ასეთ შემთხვევებში მოიცავს სამსახურში აღდგენას. სამოქალაქო სამართლის არსს კი ეწინააღმდეგება სამოქალაქო სასამართლოსთვის უფლებამოსილების მინიჭება ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს ინდივიდუალური აქტის გამოცემა ან ქმედების განხორციელება.

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის განსჯადობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია სარჩელის ელემენტებისა და სამართალურთიერთობის ცალკეული კომპონენტების განსაზღვრა. დაუშვებელია საჯარო სამართლებრივი დავის კერძო სამართლებრივ დავად მიჩნევა მხოლოდ იმ მოტივით, რომ მოსარჩელე თავის საჯარო სამართლებრივ მოთხოვნას ასაბუთებს კერძო სამართლებრივი ნორმების მეშვეობით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. განსახილველ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ სწორედ პოლიტიკური მოტივი იყო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, ან თუ გამოიკვეთება ე.წ. „კომპარატორი“ (როგორც დისკრიმონაციული ქმედების გამოვლენისათვის აუცილებელი ერთ-ერთი სტანდარტი), რომელსაც იმავე მოცემულობაში განსხვავებულად მოექცნენ, სახეზე იქნება დისკრიმინაცია სამსახურიდან გათავისუფლების დროს და უკანონო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი. შეუძლებელია განცალკევებით შეფასდეს აქტის კანონიერება და დისკრიმინაცია, მაშინ როდესაც სწორედ სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივი არის აქტის უკანონობის მთავარი საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან დისკრიმინაცია აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით, ინივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომელსაც საფუძვლად უდევს დისკრიმინაციული მოტივები უნდა ჩაითვალოს კანონსაწინააღმდეგოდ და შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს მიჩნეული საქართველოს ადმისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაცული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება საქმეები იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის და მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხის განხილვა გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერების შემოწმებისგან დამოუკიდებლად არამართებულია, რის გამოც დავის საგნის ამგვარი დაყოფა გამოიწვევს მოსარჩელის უფლების ხელყოფას, მისი სარჩელი განიხილოს უფლებამოსილმა სასამართლომ, აღნიშნული იქნება იმ გონივრული ვადის სტანდარტის უგულებელყოფა, რაც რეგლამენტირებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში, რომლის თანახმადაც, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული საქმე განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით ვინაიდან, სახეზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დადგენილი წინაპირობები: დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. დავაში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, დავის საგანს წარმოადგენს ბრძანების ბათილად ცნობა, რომელიც, თავის მხრივ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მე-8 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ეფექტიანად იქნეს აღდგენილი უფლებებში კომპეტენტური ნაციონალური სასამართლოების მიერ იმ შემთხვევაში, როცა დარღვეულია მისთვის კონსტიტუციით თუ კანონით მინიჭებული ძირითადი უფლებები.

სასამართლოს აზრით, ნებისმიერი სახის სასარჩელო განცხადებით მიმდინარე სამართალწარმოებაში დისკრიმინაციული ნიშნით მიღებული გადაწყვეტილების შედავება, თავისთავად ვერ აქცევს ამ სარჩელს სამოქალაქოდ, სარჩელი განხილულ უნდა იქნეს იმ ზოგადი წესით, რითაც ძირითადი საკითხი განიხილება.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან. ადმინისტრაციული სამართალწარმოება, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან - ინკვიზიციურია. ამ სამართალწარმოებაში, სამართალურთიერთობის „ძლიერი მხარე“ - ადმინისტრაციული ორგანო ხშირ შემთხვევაში ვალდებულია სრულად ზიდოს მტკიცების ტვირთი, რაც მოსარჩელეს, როგორც სამართალურთიერთობის „სუსტ“ მხარეს, უფრო კომფორტულ და მომგებიან ვითარებაში ამყოფებს. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ ისეთი სამართალურთიერთობის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით გადაწყვეტა, რომელიც კანონის შესაბამისად შესაძლოა ადმინისტრაციულ სამართალურთიერთობად მოვიაზროთ, ნამდვილად არ იქნებოდა შესაბამისობაში სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დამდგენ საერთაშორისო რეგულაციებთან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ ქვემდებარეობას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რაც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს თ.ჭ-ისათვის შენიშვნის გამოცხადების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 16 ოქტომბრის №16 ბრძანებისა და მისი გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 20 ოქტომბრის №41 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის - 1700 ლარის ანაზღაურება, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და მორალური ზიანის 3000 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.

სამართალწარმოება დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე დარეგულირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-73 კარით, რომელიც ამ კატეგორიის საქმეთა განხილვისათვის სპეციალურ წესს ადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3631-ე მუხლის თანახმად, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელი შეიძლება განხილულ იქნეს ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის და მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხის განხილვა გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერების შემოწმებისგან დამოუკიდებლად არამართებულია და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა დისკრიმინაციული ფაქტის დადგენისა და მისგან გამომდინარე მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დამოუკიდებლად სამოქალაქო დავათა კატეგორიას მიეკუთვნება, ხოლო სადავო სამართალურთიერთობა ძირითადი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში - თ.ჭ-ისათვის შენიშვნის გამოცხადების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 16 ოქტომბრის №16 ბრძანებისა და მისი გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 20 ოქტომბრის №41 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის - 1700 ლარის ანაზღაურების თაობაზე, ატარებს საჯაროსამართლებრივ შინაარსს და ესადაგება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა ჩამონათვალს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძვლზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა (თ.ჭ-ისათვის შენიშვნის გამოცხადების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 16 ოქტომბრის №16 ბრძანებისა და მისი გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 20 ოქტომბრის №41 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის - 1700 ლარის ანაზღაურება) გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, ხოლო ამ მოთხოვნის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, პროცესის ეკონომიურობის, მართლმსაჯულების სწრაფად და ეფექტურად განხორციელების, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შემოწმებისას, სასამართლოს მხრიდან უნდა მოხდეს ამ სასარჩელო მოთხოვნების ერთობლივი განხილვა.

შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმე - თ.ჭ-ის სარჩელისა გამო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი