Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-187-186(კ-16) 27 მაისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ნ. ჯ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე.

2014 წლის 14 ივლისს ნ. ჯ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის №76944 და 2014 წლის 17 აპრილის №882014188543-03 გადაწყვეტილებების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 11 ივნისის №121015 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და გორის სარეგისტრაციო სამსახურისათვის სადავო უძრავ ნივთზე ნ. ჯ-ას საკუთრების უფლების აღდგენის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 ივლისის განჩინებით ნ. ჯ-ას სარჩელი განსახილველად გადაეგზავნა განსჯად სასამართლოს - გორის რაიონულ სასამართლოს.

გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „...“.

გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სს „...“ და სსიპ შემოსავლების სამსახური.

სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ დამატებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 8 სექტემბრის №882014464379-03 და 2014 წლის 15 სექტემბრის №882014476717-03 გადაწყვეტილებებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 11 ნოემბრის №234705 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჯ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ნ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჯ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს – ნ. ჯ-ას დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხარვეზის შევსება, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედნის წარმოდგენა. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 მარტის განჩინების შემცველი გზავნილი კასატორის წარმომადგენელს 2016 წლის 25 მარტს ჩაბარდა.

2016 წლის 4 აპრილს, ფოსტის მეშვეობით, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა, რომელმაც ხარვეზის შევსების ვადის 5 დღით გაგრძელების შესახებ იშუამდგომლა იმ მოტივით, რომ კასატორმა ეკონომიური მდგომარეობის გამო ვერ შესძლო საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შევსება.

ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის განჩინებით გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა; კასატორს - ნ. ჯ-ას დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედნის წარმოდგენა. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით, საქმეში მითითებულ მისამართზე, გაეგზავნა კასატორის - ნ. ჯ-ას წარმომადგენელს - მ. პ-ს და ჩაბარდა 2016 წლის 4 მაისს პირადად, რაც დასტურდება გზავნილზე პირის ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით; ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე; ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

გამომდინარე იქიდან, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის განჩინების ასლი ნ. ჯ-ას წარმომადგენელს 2016 წლის 4 მაისს ჩაბარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2016 წლის 5 მაისიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადა 2016 წლის 10 მაისს (ვინაიდან, 2016 წლის 9 მაისი იყო უქმე დღე) 24 საათზე იწურებოდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ნ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი