Facebook Twitter

#ბს-306-304(კ-16) 25 მაისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 31 ივლისს ლ. თ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.

მოსარჩელემ სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 2013 წლის 10 ივნისის №13032481-004/002 გაფრთხილების ბათილად ცნობა და საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 აგვისტოს განჩინებით ლ. თ-ის შუამდგომლობა სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვნის თაობაზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 2013 წლის 10 ივნისის №13032481-004/002 გაფრთხილების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. ხ-ი.

სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 2013 წლის 10 ივნისს №13032481-004/002 და 2014 წლის 20 თებერვლის №13032481-010/003 გაფრთხილებების საფუძველზე აღსრულების ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ნ. ხ-ის 2013 წლის 4 ივნისის №348194 განცხადებაზე დაწყებული აღსრულების შეჩერება ლ. თ-ის სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მარტის განჩინებით ლ. თ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა ნ. ხ-ის 2013 წლის 4 ივნისის №348194 განცხადებაზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება №A13032481, უძრავი ქონებიდან (მდებარე - ქ. თბილისი, ..., სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი - 5500 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1 - საცხოვრებელი სახლი, №2, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი - 414,45 კვ.მ. სხვენი - 97 კვ.მ., საზაფხულო ფართი - 118 კვ.მ.) საკადასტრო კოდით: №..., ლ. თ-ის გამოსახლების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მარტის განჩინებაზე საჩივარი შეიტანა ნ. ხ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება ან სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების გარანტიის მიზნით, მოსარჩელისათვის სათანადო დეპოზიტზე 120 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის განთავსების დავალება.

2014 წლის 31 მარტს ლ. თ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება, ამავე სასამართლოს წარმოებაში არსებულ №3/1371-13 ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 აპრილის განჩინებით ნ. ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 15 მაისის განჩინებით ნ. ხ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მარტის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მარტის განჩინება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 აგვისტოს განჩინებით შეჩერდა 3/2763-13 ადმინისტრაციულ საქმეზე წარმოება ლ. თ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, მესამე პირის - ნ. ხ-ის მონაწილეობით, №3/1371-13 ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 აგვისტოს განჩინება, შესაბამისად, მოსარჩელის - ლ. თ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, აღსრულების პოლიციის 2013 წლის 10 ივნისის №13032481-004/002 გაფრთხილების (სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე გაფრთხილების) ბათილად ცნობის შესახებ აღძრული ადმინისტრაციული საქმე არსებითად განსახილველად უკან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით ლ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ლ. თ-ის სარჩელთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 იანვრის განჩინებით ლ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. თ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი