საქმე ¹ბს-418-413(კ-12) 25 მაისი, 2016 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა –ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. ბ-ე (სავარაუდო უფლებამონაცვლე შ. ბ-ე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობა
მესამე პირი – სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო), ...ს მუნიციპალიტეტის გამგეობა.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.2012 წ. განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ.ბ-ემ 02.09.2011წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის 18.07.2011 წ. #309 ბრძანების ბათილად ცნობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის თავშესაფრით უზრუნველსაყოფად განკუთვნილი კომპენსაციის – 10 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.09.2011 წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაებნენ ...ს მუნიციპალიტეტის გამგეობა (ასკ-ის 16.2 მუხ.) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (ასკ-ის 16.1 მუხ.).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.12.2011 წ. გადაწყვეტილებით გ.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.2012 განჩინებით გ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.ბ-ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.2012წ. განჩინებით №ბს-418-413(კ-12) ადმინისტრაციულ საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება გ. ბ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
13.01.2014წ. კასატორ გ.ბ-ის წარმომადგენელ ქ. კ-ს საკასაციო სასამართლოდან გაეგზავნა მიმართვა (ტ.2, ს.ფ.128), რომელშიც განემარტა, რომ სსკ-ის 281-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში საქმის წარმოება ჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა, მოსარჩელის გარდაცვალებისას თუ აღნიშნულ ვადაში საქმეში არ ჩაერთვება უფლებამონაცვლე, სარჩელი განუხილველი დარჩება. იდენტური შინაარსის მიმართვა გაეგზავნა გ. ბ-ის სავარაუდო უფლებამონაცვლეს (ტ.2, ს.ფ.131) საქმეში მითითებულ მისამართზე (თბილისი, ... ქ. 43), თუმცა გზავნილის ჩაბარება ვერ განხორციელდა. შპს ,,...“ კურიერის განმარტებით (შეტყობინების ბარათი №...), გ. ბ-ის ოჯახი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს (ტ.2, ს.ფ.133).
გ.ბ-ის წარმომადგენელმა ქ.კ-მა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და აღნიშნა, რომ გ.ბ-ის შვილის შ. ბ-ის კონკრეტული საკონტაქტო მონაცემების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა სავარაუდოდ შ. ბ-ე იმყოფება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე (ტ.2, ს.ფ.135).
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შ. . ბ-ის (პ.ნ. ....) შესახებ ინფორმაციის მოწოდების მოთხოვნით (ტ.2, ს.ფ.137). სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს უფროსის - ი. ლ-ის 02.06.2015წ. მომართვით საკასაციო პალატას ეცნობა, რომ შ. გ. ბ-ე არ იხდის სასჯელს დეპარტამენტისადმი დაქვემდებარებულ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში (ტ.2, ს.ფ.139).
08.06.2015წ. გ. ბ-ის სავარაუდო უფლებამონაცვლეს შ. ბ-ეს გაეგზავნა მიმართვა (ტ.2, ს.ფ.141), რომელშიც განემარტა, რომ სსკ-ის 281-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში საქმის წარმოება ჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა, მოსარჩელის გარდაცვალებისას თუ აღნიშნულ ვადაში საქმეში არ ჩაერთვება უფლებამონაცვლე, სარჩელი განუხილველი დარჩება. შ. ბ-ეს გზავნილი არ ჩაბარდა (ტ.2, ს.ფ. 142).
12.06.2015წ. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმეორებით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შ. გ. ბ-ის საკონტაქტო ინფორმაციის (მისამართი, ტელეფონის ნომერი) მოწოდების თხოვნით (ტ.2, ს.ფ.144). სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს უფროსის - ი. ლ-ს 16.06.2015წ. მომართვით საკასაციო პალატას ეცნობა, რომ შ. გ. ბ-ე სასჯელს იხდიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 06.12.2013წ. განაჩენის საფუძველზე და გათავისუფლდა 09.02.2015წ.. სასამართლოს ასევე ეცნობა, რომ შ. ბ-ის მისამართია: გორი, სოფ. ..., განაჩენში კი მითითებული იყო მისამართი: თბილისი, ..., პირველი ჩიხი, ბ. №14 (ტ.2, ს.ფ.146).
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ მითითებულ მისამართზე 17.06.2015წ. საკასაციო სასამართლოს მიერ შ. ბ-ეს გაეგზავნა მიმართვა (ტ.2, ს.ფ. 148), რომელშიც კიდევ ერთხელ განემარტა, რომ სსკ-ის 281-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში საქმის წარმოება ჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა, მოსარჩელის გარდაცვალებისას თუ აღნიშნულ ვადაში საქმეში არ ჩაერთვება უფლებამონაცვლე, სარჩელი განუხილველი დარჩება. ადრესატს გზავნილი არ ჩაბარდა. შპს ,,ს...“ კურიერის მიერ №200516226 შეტყობინების ბარათზე მითითებულია, რომ ადრესატი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს (ტ.2, ს.ფ. 149).
ადმინისტრაციული საქმის შეჩერების პერიოდში შ. ბ-ეს ან გ. ბ-ის ოჯახის სხვა წევრს საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის ზეპირი ან წერილობითი ფორმით არ მოუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ გ.ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის დადგენილი წესები.
საქმეში დაცული 03.04.2012წ. გარდაცვალების აქტის ჩანაწერით (ტ.2, ს.ფ.110) დასტურდება, რომ კასატორი გ. ბ-ე გარდაიცვალა 03.04.2012წ.. აღნიშნული გარემოების საფუძველზე სსკ-ის 279-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 17.12.2012წ. განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება გ. ბ-ის საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება შეჩერდება ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები.
საკასაციო სასამართლოდან 2012-2015 წლებში გ. ბ-ის წარმომადგენელ ქ.კ-ს, გ. ბ-ის სავარაუდო უფლებამოცავლეს - შ. ბ-ეს, აგრეთვე შ.ბ-ის მოძიების მიზნით - სასჯელაღსრულების დეპარტამენტს არა ერთი მიმართვა გაეგზავნა გ. ბ-ის საპროცესო უფლებამონაცვლის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით, ასევე განემარტათ, რომ სათანადო ინფორმაციის არაუმეტეს ერთი წლის ვადაში მიუწოდებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ბ-ის წარმომადგენელი ქ. კ-ი გ. ბ-ის ოჯახის წევრების და მათი საკონტაქტო მონაცემების შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს (ტ.2, ს.ფ.135), ხოლო შ. ბ-ეს გზავნილები არ ბარდება, არც საქმეში მითითებულ მისამართზე - ქ.თბილისი, ... ქ. 43 (ტ.2, ს.ფ.133, 142) და არც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ მისამართზე - თბილისი, ..., პირველი ჩიხი, ბ. 14 (ტ.2, ს.ფ. 149). სსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. საქმის წარმოების შეჩერების პერიოდში შ. ბ-ის ოჯახის წევრებს სასამართლოსთვის არ მოუმართავთ არც ზეპირად და არც წერილობით, არ დაინტერესებულან საქმის მიმდინარეობით, არ წარმოუდგენიათ დოკუმენტაცია გ. ბ-ის უფლებამონაცვლის დადგენისა და სამართალწარმოების განახლების მიზნით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვოს სარჩელი, თუ არსებობს ამავე კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განუხილველად უნდა დარჩეს გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და 281-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი