Facebook Twitter

ბს-51-50(2კ-16) 25 მაისი, 2016 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.10.2015წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,...“ და შპს ,,პ..." 04.06.2014წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ზონალური საბჭოსა და სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 08.04.2014წ. #1210326 ბრძანების, ზონალური საბჭოს #1181630 გადაწყვეტილების ქ. თბილისის მერიის 20.05.2014წ. განკარგულების ბათილად ცნობა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის სადავო მიწის ნაკვეთებზე სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.04.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მერიის 20.05.2014წ. #1204 განკარგულება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 08.04.2014წ. #1210326 ბრძანება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ.თბილისში, საქართველოს სამხედრო ბაზაზე, ... და ... ქუჩების კვეთას შორის ... ხეივანი #...-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს.კ....;...;...) სავაჭრო ცენტრის განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.10.2015წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მოსაზრებას, რომ სადავო აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის, სათანადო ნორმატიული და ფაქტობრივი საფუძვლების გარეშე, რაც ქმნის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მათი ბათილად ცნობის საფუძველს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს სადავო აქტების გამოცემისას არ შეუფასებიათ ზონალური საბჭოს დასკვნა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად (სსკ-ის 105-ე მუხ.), არ უმსჯელიათ საქმეში დაცულ ქ. თბილისის საკრებულოს 31.03.2006წ. #41 დადგენილებაზე, რომლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 27.06.2003წ. #55 დადგენილების პირველი პუნქტის მიხედვით დიღმის ტყე-პარკში იკრძალება კაპიტალური სამშენებლო სამუშაოები, არ დადგენილა მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთებისა და დიღმის ტყე-პარკის ზუსტი საზღვრები, მათი ურთიერთმდებარეობა. ამდენად, აღნიშნული გარემოებების გამოკვლევის გარეშე ზონალური საბჭოს გადაწყვეტილება, ისევე როგორც მის საფუძველზე სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცემული სადავო განკარგულება მოკლებულია სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.02.2016წ. =00245 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.10.2015წ. განჩინება;

3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.02.2016წ. =00245 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი