Facebook Twitter

საქმე #ბს-597-590(კ-15) 19 მაისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი - ა. ვარდიძე

კასატორი (მესამე პირი) - ნ. მა-ი, წარმომადგენლები - მ. ნ-ე (მინდობილობა №130679141; 05.07.2013წ.), ნ. თ-ა (მინდობილობა №130679141; 05.07.2013წ.), თ. მ-ე (მინდობილობა №160181045; 27.02.2016წ.)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ. მ-ე, წარმომადგენელი - ნ. გ-ე (მინდობილობა №120702727; 05.07.2012წ.)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი - შ. ბ-ი (მინდობილობა №90881; 14.04.16წ)

მესამე პირი – ა. დ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორცილების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2015წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. მ-ემ 17.12.2012წ. და 11.03.2013წ. სარჩელებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.12.2012წ. და 15.03.2013წ. განჩინებებით ნ. მ-ის სარჩელები განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა საჩხერის რაიონულ სასამართლოს.

საჩხერის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და საბოლოოდ მოითხოვა:

1. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის გადადების შესახებ (სისხლის სამართლის საქმის დასრულებამდე) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.02.2013წ. №25141 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

2. ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მდებარე სავაჭრო რიგში განთავსებულ №... ფართზე არსებულ ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 19.12.2012წ. №892012156733-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

3. ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მდებარე მშენებარე სავაჭრო რიგის .. სართულზე №...-ში განთავსებულ არასაცხოვრებელ ფართზე ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 24.08.2009წ. ნ. მა-ის სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა;

4. ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მდებარე მშენებარე სავაჭრო რიგის ... სართულზე №...-ში განთავსებულ არასაცხოვრებელ ფართზე ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 26.06.2009წ. ა. დ-ის სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა;

5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მდებარე №... სავაჭრო ობიექტზე ა. დ-ისა და ნ. მა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის დავალება;

6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის მიერ განხორციელებულ უკანონო სარეგისტრაციო ჩანაწერთან დაკავშირებით მისი სამსახურებრივი პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის დავალება, მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდის მოპასუხეებზე დაკისრება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ნ. მ-ემ 14.10.2006წ. მ. ყ-ესთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება და შეიძინა ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მდებარე მშენებარე სავაჭრო ობიექტში, ... სართულზე არსებული 27 კვ.მ. №... ფართი, რომელიც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და აღირიცხა მის საკუთრებად. ნ. მ-ის პარალელურად აღნიშნული ფართის მესაკუთრედ 26.06.2009წ. დარეგისტრირდა ა. დ-ე, რომელმაც ფართი გაასხვისა ნ. მა-ზე. მოძიებული დოკუმენტაციის მიხედვით ა. დ-ეს, ხოლო შემდეგ ნ. მა-ს №... ობიექტის ნაცვლად გაუფორმდათ №... სავაჭრო ფართი. ნ. მა-ი აღნიშნული ფართით უკვე წლებია სარგებლობს, ხოლო თავად მოსარჩელე ვერ იყენებს საკუთრებას, რითაც ადგება ზიანი. ნ. მ-ემ აღნიშნა, რომ ნ. მა-ის სახელზე არსებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე მიმართა საჯარო რეესტრის ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურს, რის პასუხადაც განემარტა, რომ ჩანაწერის ბათილად ცნობა აღემატებოდა სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამოსილებას, რაც გაასაჩივრა ზემდგომ ორგანოში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 01.11.2012წ. გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის საფუძველზე, ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება პირდაპირ სასამართლოში საჩივრდებოდა. მოსარჩელემ განმეორებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ნ. მა-ის სახელზე 25.08.2009წ. განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა, რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის გასწორება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 19.12.2012წ. გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დგინდებოდა ხარვეზის არსებობა, რაც გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.02.2013წ. №25141 გადაწყვეტილებით მისი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა გადაიდო იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან პასუხის მიღებამდე.

დავის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ. მა-ი და ა.დ-ე.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 31.07.2013წ. გადაწყვეტილებით ნ. მ-ის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 19.12.2012წ. გადაწყვეტილება №892012156733-03, ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 26.06.2009 წ. გადაწყვეტილება ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე, სავაჭრო რიგის ... სართულზე №... არასაცხოვრებელ ფართზე ა. დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე და მის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი _ განაცხადის რეგისტრაციის №882009184134, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ...., ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 24.08.2009წ. გადაწყვეტილება ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე, სავაჭრო რიგის ... სართულზე №... არასაცხოვრებელ ფართზე ნ. მა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე და მის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი _ განაცხადის რეგისტრაციის №882009257544, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი .... საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ა. დ-ისათვის და ნ. მა-ისათვის ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე, სავაჭრო რიგის ... სართულზე №... არასაცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმა; ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნები _ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის გადადების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.02.2013 წ. №25141 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დავალდებულება ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის თაობაზე მის მიერ განხორციელებული უკანონო სარეგისტრაციო ჩანაწერების გამო, არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. მ-ემ მ. ყ-ისაგან შეიძინა №... ფართი, ხოლო ა. დ-ემ №... ფართი, რომელიც მათ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩაიწერა ჯერ №...-ად, ხოლო შემდგომ გაკეთებული შენიშვნის თანახმად №...-ად. ა. დ-ემ აღნიშნული ფართი გაასხვისა ნ. მა-ზე, რომლის ნომერი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირდა №...-ად. მოგვიანებით დაზუსტდა, რომ ა. დ-ის მიერ შეძენილი ფართის ნომერი იყო არა №... ან №..., არამედ №.... შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ ნ. მა-ის მიერ ა. დ-ისაგან შეძენილია ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მდებრე სავაჭრო რიგის ... სართულზე არსებული №... და არა №... უძრავი ქონება. ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ნ. მ-ე არის ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მშენებარე სავაჭრო რიგის ... სართულზე არსებული 27კვ.მ. №... ფართის მესაკუთრე, ხოლო ნ. მა-ის საკუთრებაში იმყოფება 25 კვ.მ. №... ფართი, მაგრამ საჯარო რეესტრში ამ ცვლილების დარეგისტრირება ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ნ. მა-ის მიერ არ იქნა წარდგენილი ნახაზი, სადაც მითითებული იქნებოდა რიგითი ნომრები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემები ნ. მა-ის №.. ფართის მესაკუთრეობასთან დაკავშირებით აშკარად უზუსტო იყო, რასაც სარეგისტრაციო სამსახურიც ადასტურებდა თავის წერილებში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურს 18.12.2012წ. განცხადებით მიმართა ნ. მ-ემ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მდებარე №... ფართზე, რაზედაც ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 19.12.2012წ. №892012156733-03 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მშენებარე სავაჭრო რიგში მდებარე №... ფართზე ”საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული ხარვეზი არ არსებობდა. ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 19.12.2012წ. №892012156733-03 გადაწყვეტილება ნ. მ-ემ გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის 15.02.2013წ. გადაწყვეტილებით მისი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა გადაიდო შესაბამისი ორგანოდან - იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან პასუხის მიღებამდე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილების სისწორის, კანონშესაბამისობის დასაბუთება და აღნიშნა, რომ როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურს ა. დ-ემ და შემდგომში ნ. მა-მა სარეგისტრაციოდ წარუდგინეს დოკუმენტაცია, ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული ოყო თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში შეესწავლა და გამოეკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად, კერძოდ, გაერკვია აღნიშნული №... არასაცხოვრებელი ფართი იყო თუ არა უკვე რეგისტრირებული სხვა პირზე. მით უმეტეს, რომ ა. დ-ემ მანამდე უკვე მიმართა საჯარო რეესტრს სადავო ქონების ნომერზე ტექნიკური ხარვეზის გასწორების მოთხოვნით, როდესაც გაირკვა, რომ მის მიერ თავდაპირველად შეძენილი №... ფართი რეგისტრირებული იყო სხვა პირზე, რის გამოც ფართის №... შეიცვალა №...-ით. სასამართლომ მიუთითა, რომ ამ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახური არ დაინტერესებულა მითითებულ სადავო ქონებაზე წარმოებული რეგისტრაციის კანონიერებით და სრულყოფილად არ გამოუკვლევია საკითხი. უსაფუძვლოა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის საკმარისი იყო ქონების ფართის ოდენობის მითითება, კერძოდ, ნ. მ-ემ შეიძინა 27 კვ.მ. ფართი, ხოლო ა. დ-ემ და შემდგომში ნ. მა-მა _ 25 კვ.მ. ფართი ანუ სარეგისტრაციო მოთხოვნები არ იყო ერთმანეთის იდენტური და მათი დარეგისტრირება სრულიად კანონიერი იყო.

სასამართლომ აღნიშნა აგრეთვე, რომ ქონების რეგისტრაციისათვის მხოლოდ ერთი სახის მონაცემზე დაყრდნობა საკითხის არასრულყოფილად გამოკვლევას ნიშნავდა, რამაც კონკრეტულ შემთხვევაში გამოიწვია სადავო უძრავ ქონებაზე არასათანადო სარეგისტრაციო წარმოება. საჯარო რეესტრის ჭიათურის სარეგისტრაციო სამასახურმა ყურადღება არ მიაქცია ისეთ საიდენტიფიკაციო მონაცემს, როგორიცაა ფართის მისამართი და არ გადაამოწმა №... ფართზე იყო თუ არა საკუთრების უფლება დარეგისტრირებული. ამასთან, ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე, სავაჭრო რიგის ... სართულზე არ არსებობს სხვა №... მისამართის მქონე ფართი, გარდა ნ. მ-ის საკუთრებაში არსებულისა, ანუ არ არსებობს ორი №... ფართი, რომელთა ფართობებიც განსხვავებული ოდენობის იქნებოდა. საგულისხმოა, რომ საჯარო რეესტრში არსებული სავაჭრო რიგის ... სართულის გეგმა-ნახაზის მიხედვით №... ფართი, რომელიც რეგისტრირებულია ნ. მა-ის საკუთრებად, მნიშვნელოვნად აღემატება მის მიერ შეძენილ ფართს _ 25 კვ.მ.-ს. №... ფართი აღრიცხული იყო და ამაჟამადაც აღრიცხულია ნ. მ-ის საკუთრებად. ამ უკანასკნელს ფართი არ გაუსხვისებია ან სხვაგვარად არ დაუკარგავს მასზე საკუთრების უფლება, შესაბამისად, მასზე სხვა პირთა საკუთრების უფლების დარეგისტრირება დაუშვებელი იყო. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურს, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, ა. დ-ისათვის და შემდგომ ნ. მა-ისათვის უარი უნდა ეთქვა №... ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 31.07.2013წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურისა და ნ. მა-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.2014წ. გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის და ნ. მა-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 31.07.2013წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 26.06.2009წ. №882009184134-03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და მის საფუძველზე ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მდებარე მშენებარე სავაჭრო რიგის ... სართულზე №...-ში განთავსებულ არასაცხოვრებელ ფართზე ა. დ-ის სახელზე 26.06.2009წ. განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 25.08.2009წ. №882009257544-03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და მის საფუძველზე ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მდებარე მშენებარე სავაჭრო რიგის ... სართულზე №...-ში განთავსებულ არასაცხოვრებელ ფართზე ნ. მა-ის სახელზე 25.08.2009წ. განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა ა. დ-ის 26.06.2009 წ. №882009184134 და ნ. მა-ის 24.08.2009 №882009257544 განაცხადებებთან დაკავშირებით; ნ. მ-ის მოთხოვნა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 19.12.2012წ. №892012156733-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა დროის სხვადასხვა მონაკვეთში წარმოშობილი სხვადასხვა პირის საკუთრების უფლება. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მ. ყ-ესა და ა. დ-ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მდებარე მშენებარე სავაჭრო რიგის ... სართულზე №... ფართში განთავსებულ არასაცხოვრებელ ფართზე ჯერ 26.06.2009წ. დარეგისტრირდა ა. დ-ის საკუთრების უფლება, ხოლო შემდგომ, 25.08.2009წ. ა. დ-ესა და ნ. მა-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე - ნ. მა-ის საკუთრების უფლება იმ პირობებში, როდესაც ამავე მისამართზე მდებარე №... არასაცხოვრებელ ფართზე 2006 წლიდან უკვე რეგისტრირებული იყო ნ. მ-ის საკუთრების უფლება. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ. მ-ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი - 14.10.2006წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და მის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მდებარე მშენებარე სავაჭრო რიგის ... სართულზე №... ფართზე ნ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, დღევანდელი მდგომარეობითაც ძალაშია და არ გაუქმებულა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ როგორც ა. დ-ის, ასევე ნ. მა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტისათვის ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მდებარე მშენებარე სავაჭრო რიგის ... სართულზე №... არასაცხოვრებელი ფართი არის საჯარო რეესტრში მოსარჩელის - ნ. მ-ის სახელზე რეგისტრირებული ფართი, რაც გამორიცხავდა მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან ამავე ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. დ-ისა და ნ. მა-ის განცხადებების განხილვისას და №... არასაცხოვრებელი ფართის მათ სახელზე რეგისტრაციისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახური ვალებული იყო გამოეკვლია სახეზე ხომ არ იყო სხვა პირის საკუთრებაში არსებული ფართის გადაფარვა, სადავო არასაცხოვრებელი ფართი №... ხომ არ იყო უკვე რეგისტრირებული სხვა პირის საკუთრებად, რაც სარეგისტრაციო სამსახურის მხრიდან არ განხორციელებულა.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თავდაპირველად 25.04.2009წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ა. დ-ემ მ. ყ-ისგან შეიძინა ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მდებარე მშენებარე სავაჭრო რიგის ... სართულზე №...-ში განთავსებული არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც შემდგომ მის საკუთრებად დარეგისტრირდა, ხოლო მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ №... ფართზე რეგისტრირებული იყო სხვა პირის უფლება, ნასყიდობის ხელშეკრულებაში შენიშვნის სახით აღინიშნა, რომ ა. დ-ის მიერ შეძენილი ფართის ნომერი ...-ის ნაცვლად იყო ..., რაც საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 26.06.2009წ. გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორებას და ა. დ-ის საკუთრებად ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მშენებარე სავაჭრო რიგის ... სართულზე მდებარე №...-ის ნაცვლად №... არასაცხოვრებელი ფართის დარეგისტრირებას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია აღმოჩენისთანავე შეასწოროს თავის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მდებარე უძრავი ნივთის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორების შესახებ ა. დ-ის განცხადების განხილვისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურს არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია მოცემულ შემთხვევაში ა. დ-ის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების მისამართის შეცვლა რამდენად იყო ტექნიკური ხარვეზის შესწორება და აღნიშნული ხომ არ იწვევდა საჯარო რეესტრის ჩანაწერების არსებით ცვლილებას, კერძოდ, ა. დ-ის საკუთრებად არა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, არამედ სრულიად სხვა ფართის დარეგისტრირებას, მით უფრო მაშინ, როდესაც რეალურად ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მდებარე სავაჭრო რიგის ... სართულზე განთავსებული №... ფართი იმ დროისათვის უკვე რეგისტრირებული იყო მოსარჩელე ნ. მ-ის საკუთრებად. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ფართზე ორივე მხარის მიერ პრეტენზიის წარდგენის პირობებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია ხელახლა განიხილოს საკითხი, რა დროსაც უნდა გამოიკვლიოს არის თუ არა 17.10.2006წ. ნ. მ-ის საკუთრებად რეგისტრირებული და მეორე მხრივ, 26.06.2009წ. ა. დ-ის, ხოლო შემდგომ 25.08.2009წ. ნ. მა-ის საკუთრებად რეგისტირერებული არასაცხოვრებელი ფართები იდენტური. ანუ ა. დ-ის და ნ. მა-ის განცხადებების საფუძველზე ჯერ ა. დ-ის და შემდეგ ნ. მა-ის საკუთრებად დარეგისტრირდა თუ არა იგივე ფართი, რომელიც 2006 წლიდან ნ. მ-ის საკუთრებად იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ამ კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა ხელახლა განიხილოს საკითხი და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება კონკრეტული შემთხვევისათვის.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის - ნ. მა-ის სააპელაციო საჩივრის მოტივი იმასთან დაკავშირებით, რომ ა. დ-ე ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მდებარე სავაჭრო რიგის ... სართულზე განთავსებული №... ფართის გასხვისებამდე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ამ ფართის მესაკუთრედ, რის გამოც მასსა და ა. დ-ეს შორის კანონმდებლობის დაცვით მოხდა სადავო ფართზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება და იგი №... ფართის კეთილსინდისიერი შემძენია. სკ-ის 185-ე მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია სერიოზული გარანტიაა კეთილსინდისიერი პარტნიორის უფლების დაცვისათვის. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს უფლების ადრინდელ მფლობელზე, ასევე მის შემძენზე რეგისტრაციის სისწორეს და მისი ვარაუდი უადვილებს შემძენს მტკიცების ტვირთს, მაგრამ სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რეესტრის სანდოობის აღიარება არ არის საკმარისი შემძენის კეთილსინდისიერად მიჩნევისათვის თუ შემძენმა იცოდა რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის შესახებ, ჩანაწერის უზუსტობის ცოდნა ნიშნავს იმ გარემოებათა ცოდნას, რის გამოც ჩანაწერია უზუსტო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. მა-ის კეთილსინდისიერებაზე მსჯელობა დაუსაბუთებელია, ვინაიდან მის მიერ ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მდებარე სავაჭრო რიგის ... სართულზე განთავსებული №... ფართის შეძენის დროისათვის იგივე მისამართზე მდებარე №... ფართი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ნ. მ-ის საკუთრებად და საქმის მასალებით სარწმუნოდ არ დასტურდება, რომ შესაძლებელია ნ. მა-ისათვის უცნობი ყოფილიყო ეს გარემოება იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულ მისამართზე მდებარე ფართების, მათ შორის, №... ფართის გასხვისებასთან დაკავშირებით არსებობდა სადავო საკითხები, რის გამოც გამყიდველის მიერ არაერთხელ მოხდა ფართების გადანომვრა, რამაც გამოიწვია ნასყიდობის ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.2014წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. მ-ისა და ნ. მა-ის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.12.2014წ. განჩინებით ნ. მა-ისა და ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.2014წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების, კერძოდ, სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დარღვევით. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასრულად, სწორად არ იქნა გამოკვლეული საქმის მასალები და დადგენილი ფაქტები, რითაც დაირღვა სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, სადავო სამართალურთიერთობას არასწორად შეუფარდა სამართლის ნორმა, ხოლო სასამართლო დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეში შეკრებილი მტკიცებულებების ობიექტური ანალიზისა და შეფასებიდან, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებში არ არის გაქარწყლებული აპელაციის მოტივები, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა ასკ-ის 32.4 მუხლით. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე. კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძველი, ვინაიდან მითითებული ნორმით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლო საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლოს სრული პროცესუალური უფლებამოსილება ჰქონდა თავად გადაეწყვიტა დავა, ვინაიდან გასაჩივრებული აქტების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო დარღვეული აქტის გამოცემის ის პროცედურები, რაც უპირობოდ შექმნიდა საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნების წინაპირობას. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის მასალები, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს არ მიეცა ობიექტური შეფასება. სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია სადავო ფართების იდენტურობა, გამოერკვია წარმოადგენდა თუ არა ერთსა და იმავე ფართს ნ. მ-ისა და ნ. მა-ის საკუთრებაში არსებული ფართები, მოწმედ უნდა დაკითხულიყო ა. დ-ე და ფართების თავდაპირველი მესაკუთრე - მ. ყ-ე. საკასაციო სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ იმის დადგენა, იცოდა თუ არა ნ. მა-მა უფლების რეგისტრაციის ხარვეზის შესახებ, სადავო ფართზე ნ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის არსებობა, მ. ყ-ესა და ა. დ-ეს შორის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების შესახებ საქმეში არსებული მასალები იძლევა თუ არა იმის შესაძლებლობას, რომ ნ. მა-მა იცოდა უფლების რეგისტრაციის ნაკლის თაობაზე ამ შეთანხმების არსებობამდე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2015წ. განჩინებით ნ. მა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 31.07.2013წ. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში (ნ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში).

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ქონების ჯერ ა. დ-ის, ხოლო შემდეგ ნ. მა-ის საკუთრებად დარეგისტრირებისას, მასზე უკვე არსებობდა ნ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სააპელაციო სასამართომ უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია, ნ. მ-ის საკუთრებაში არსებული ჭიათურაში, ... ქუჩაზე, სავაჭრო რიგის ... სართულზე მდებარე 27 კვ.მ. №... ფართისა და ნ. მა-ის საკუთრებაში არსებული ამავე მისამართზე მდებარე 25 კვ.მ. №... ფართის იდენტურობა.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე და სკ-ის მე-9 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის დანიშნულებაა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებიდან გამომდინარე საკუთრების უფლების დაცვა და სამოქალაქო კანონთა მიზნიდან - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების უზრუნველყოფა, თუ ამ თავისუფლების განხორციელება არ ხელყოფს მესამე პირთა უფლებებს. სამოქალაქო ურთიერთობების ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს კეთილსინდისიერების საკითხი. სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების და სტაბილურობის გარანტია სწორედ სახელმწიფოს მიერ კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვაში მდგომარეობს. საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციით სახელმწიფო იცავს ბრუნვის მონაწილეებს არაკეთილსინდისიერი გარიგებებისაგან. რეესტრის საჯარო ხასიათის გამო იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების უზრუნველყოფას - დაცვას ემსახურება. პალატამ აღნიშნა რომ დავის გადაწყვეტისათვის საჭიროა უფლების მფლობელსა და კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესების სამართლიანი ბალანსის გარკვევა. კანონმდებლობა ამ საკითხს წყვეტს არა მხოლოდ ბრუნვის კონკრეტული მონაწილის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ თვით ამ ბრუნვის სიმყარის და სტაბილურობის ინტერესების გათვალისწინებით. მესაკუთრის და კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესთა კონფლიქტის საკითხი განსხვავებულად წესრიგდება მოძრავი და უძრავი ქონების ბრუნვის შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში პრიორიტეტი იძლევა კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებს. სუს 07.03.13წ. №ას-1179-1108-2012 განჩინებაში განიმარტა, რომ საჯარო რეესტრის დანიშნულებაა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. ის წარმოადგენს კეთილსინდისიერი პარტნიორის უფლების დაცვის გარანტს. ზუსტად ამ პრინციპიდან გამომდინარე, სკ-ის 312.2 და 185-ე მუხლებით ტერმინ „გამსხვისებელში“ ყოველთვის იგულისხმება პირი, რომელიც არ არის უფლებამოსილი გასხვისებაზე, დადოს გარიგება. ასეთ პირობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სკ-ის 185-ე მუხლით დაცულ შემძენის უფლებას, ნორმა იცავს სამოქალაქო ბრუნვას, არ შეიძლება შემძენს მოეთხოვოს უფლების შესახებ იმაზე მეტის ცოდნა, რაც კანონით არის დადგენილი. რეესტრში რეგისტრირებული ფაქტისადმი ნდობა გულისხმობს იმას, რომ უფლება, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, ნამდვილად ეკუთვნის გამსხვისებელს. პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა ნიშნავს სამოქალაქო ურთიერთობების მონაწილეთა მიმართ ნდობას და კეთილსინდისიერებას, რაც უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის და სისრულის პრეზუმფციით. ამდენად, კეთილსინდისიერი შემძენის უფლება საკუთრებაზე წარმოიშობა არა იმიტომ, რომ არაუფლებამოსილი გასხვისებელი რეგისტრაციის ფაქტით გახდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრე, არამედ იმიტომ, რომ სამოქალაქო ბრუნვის ინტერესების დაცვის მიზნით კანონი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გარეგნულად აღქმად ფაქტებს, რომლის მიმართ არსებობს დასაბუთებული ნდობა. პალატამ მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ამ ფაქტებს განეკუთვნება საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაცია. სკ-ის 312-ე მუხლით გათვალისწინებული რეესტრის მონაცემთა უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია თავისი ბუნებით წარმოადგენს იურიდიულ ფიქციას, რომლის თანახმად ივარაუდება, რომ რეესტრში უფლების რეგისტრაციის ფაქტი სრულად და სწორად არის განხორციელებული. აღნიშნული ფიქცია ნიშნავს იმას, რომ ობიექტურად არსებული ნებისმიერი ფაქტი, რომელიც მიუთითებს რეგისტრაციის ხარვეზზე, ვერ გამორიცხავს ნორმით დაცულ ვარაუდს რეესტრში რეგისტრირებული უფლების მართებულობასთან დაკავშირებით. პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, კონკრეტულ შემთხვევაში სადავო უძრავი ნივთი ნ. მა-მა შეიძინა ა. დ-ისაგან, რომელიც რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში მესაკუთრედ, მაგრამ საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობის პრეზუმფცია ვერ იმოქმედებს შემძენის - ნ. მა-ის მიმართ, ვინაიდან მას უნდა სცოდნოდა უფლების ხარვეზის შესახებ. ასეთი შეფასების საფუძველს, სააპელაციო პალატის აზრით, იძლევა მ. ყ-ესა და ა. დ-ეს შორის 22.10.2009წ. ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, მხარეები ადასტურებდნენ, რომ ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მდებარე მშენებარე სავაჭრო რიგის ...-ლ სართულზე მოხდა ფართების გადანომვრა და მ. ყ-ის მიერ ა. დ-ეზე მიყიდული ფართი იყო არა №... ან №..., არამედ №.... ამავე განცხადებაში მიეთითა, რომ იგი წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. სააპელაციო პალატამ მიუთითა აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.03.12წ. №49033 წერილზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნ. მ-ის სახელზე ქონება რეგისტრირებულია 17.10.06წ., ნასყიდობის 14.10.06წ. ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო ნ. მა-ზე სარეგისტრაციო წარმოება განხორციელდა 24.08.09წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. წერილში აღნიშნულია, რომ შემდგომში გაირკვა №... ფართის ნ. მ-ეზე რეგისტრაცია, შედგა სანოტარო წესით დამოწმებული შეთანხმება, რომ ნ. მა-ზე მიყიდული ფართი იყო არა №..., არამედ №.... ცვლილება ნ. მა-მა წარადგინა სარეგისტრაციო სამსახურში, მას სიტყვიერად განემარტა, რომ გაორების თავიდან აცილების მიზნით, თვალსაჩინოებისათვის უნდა წარედგინა ნახაზი, სადაც მითითებული იქნებოდა რიგითი ნომრები მესაკუთრის ჩვენებით, რაც არ წარმოდგენილა.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე იმაზე, რომ ნ. მ-ესა და ნ. მა-ს შორის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სამოქალაქო წესით წარმოებულ დავასთან დაკავშირებით კანონიერ ძალაში შევიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.06.13წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. მა-ი გამოსახლდა ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მდებარე ნ. მ-ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 27 კვ.მ. სავაჭრო ფართიდან და აღნიშნული ფართი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ნ. მ-ეს.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. მა-ის მიერ. კასატორი თვლის, რომ მოსარჩელეს დარღვეული აქვს სასკ-ის 22-ე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ 29-ე მუხლით გათვალისწინებული მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა. კასატორმა აღნიშნა, რომ არც პირველი ინსტანციის სასამართლოს და არც სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არ არის დასაბუთებული საჯარო რეესტრის 25.08.2009წ. №882009257544-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები, არ არის დასაბუთებული კანონის რა ნორმა დაარღვია საჯარო რეესტრმა იმ გადაწყვეტილების გამოტანისას, რომლითაც სადავო უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ნ. მა-ის საკუთრების უფლება. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად დასახელებულია მხოლოდ ის გარემოება, რომ ნ. მა-ი არ არის და ვერც იქნება შეძენილი უძრავი ნივთის კეთილსინდისიერი შემძენი, სსკ-ის 185-ე მუხლის თანახმად შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მისთვის უცნობი იყო მ. ყ-ესა და ა. დ-ეს შორის 22.10.2009წ. ნოტარიულად დამოწმებული განცხადების შესახებ, ვინაიდან ქონება 2009 წლის აგვისტოში შეიძინა. საჯარო რეესტრის 25.08.09წ. გადაწყვეტილება არ არის გამოტანილი ნ. მ-ის მიმართ, მას ამ გადაწყვეტილებით არ მიდგომია და ვერც მიადგებოდა უშუალო და პირდაპირი ზიანი. არ არსებობს რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან არ გასაჩივრებულა რეგისტრაციის საფუძველი. კასატორი თვლის, რომ სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით ჯერ კიდევ რეგისტრირებული ფართიდან გამოსახლდა, მას არ აქვს პრეიუდიციული მნიშვნელობა.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა და მისმა წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა, აგრეთვე მესამე პირმა - ა. დ-ემ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს. მოწინააღმდეგე მხარე - ნ. მ-ემ და მისმა წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს და საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობის გამო მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2015წ. განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილია, რომ 14.10.2006წ. მ. ყ-ესა და ნ. მ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, ნ. მ-ემ შეიძინა ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე, სავაჭრო რიგის ... სართულზე, მშენებარე 27 კვ.მ. №... სავაჭრო ფართი, 17.10.2006წ. საჯარო რეესტრში ფართი აღირიცხა ნ. მ-ის სახელზე (ტ.1. ს.ფ. 30-33; 34). 25.04.2009წ. ა. დ-ემ, მ. ყ-ესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძინა ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე, მშენებარე №... სავაჭრო ფართი - 25 კვ.მ., მდებარე, სავაჭრო რიგის ... სართულზე, რომელიც 29.05.2009წ. საჯარო რეესტრში აღირიცხა ა. დ-ის სახელზე (ტ. 3, ს.ფ. 63-64). შემდგომში გაირკვა, რომ №... ფართზე უკვე რეგისტრირებული იყო ე. ბ-ის საკუთრების უფლება, რის გამოც მ. ყ-ესა და ა. დ-ეს შორის 25.04.2009წ. დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში გაკეთდა შენიშვნა და ფართის ნომრად №...-ის ნაცვლად მიეთითა №... (ტ.3, ს.ფ. 63-64). 26.06.2009წ. ა. დ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურს საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორების შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 26.06.2009წ. №882009184134-03 გადაწყვეტილებით ა. დ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ა. დ-ე დარეგისტრირდა ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მდებარე მშენებარე სავაჭრო რიგის I სართულზე №...-ში განთავსებული 25 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის, საკადასტრო კოდით №..., მესაკუთრედ (ტ.1., ს. ფ. 35). 22.08.2009წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ა. დ-ემ ნ. მა-ზე გაასხვისა ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მდებარე მშენებარე სავაჭრო რიგის ... სართულზე №...-ში განთავსებული 25 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი (ტ.2, ს.ფ. 102-103). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 24.08.2009წ. №882009257544-03 გადაწყვეტილებით ნ. მა-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მის საკუთრებად დარეგისტრირდა ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მდებარე მშენებარე სავაჭრო რიგის ... სართულზე №...-ში განთავსებული 25 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, საკადასტრო კოდი №... (ტ.1., ს. ფ. 37). 22.10.2009წ. მ. ყ-ის და ა. დ-ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით, მ. ყ-ესა და ა. დ-ეს შორის 25.04.2009წ. დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა შესწორება, რომლითაც განიმარტა, რომ ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე სავაჭრო რიგის ... სართულზე ა. დ-ის სახელზე მიყიდული ფართის ნომერი არის არა №... და №..., არამედ №... (ტ. 3., ს. ფ. 66). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურს 18.12.2012წ. განცხადებით მიმართა ნ. მ-ემ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მდებარე №... ფართზე. ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 19.12.2012წ. №89201215673303 გადაწყვეტილებით განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ ... ქუჩაზე მშენებარე სავაჭრო რიგში მდებარე №... ფართზე სარეგისტრაციო მონაცემებში ”საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული ხარვეზი დაშვებული არ ყოფილა (ტ.1., ს.ფ. 134). ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 19.12.2012წ. №89201215673303 გადაწყვეტილება ნ. მ-ემ გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის 15.02.2013წ. გადაწყვეტილებით მისი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა გადაიდო შესაბამისი ორგანოდან _ იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან პასუხის მიღებამდე (ტ.1., ს.ფ. 148). საქმეზე დადგენილია, რომ ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მდებარე მშენებარე სავაჭრო რიგის ... სართულზე განთავსებული №... არასაცხოვრებელი ფართი საჯარო რეესტრში ერთდროულად დარეგისტრირებულია, როგორც ნ. მ-ის, ასევე ნ. მა-ის საკუთრებად, ხოლო ფაქტობრივად აღნიშნულ მისამართზე მდებარე ფართს ფლობდა და სარგებლობდა მხოლოდ ნ. მა-ი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები არასრულად დაადგინა, ამასთან, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი დავის გადაწყვეტა საჭიროებს გარკვეული ფაქტების დადგენას, ვინაიდან სამართლით რეგულირებული ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე, ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა გარკვეულ იურიდიულ შედეგს უკავშირებს. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამდენად, სააპელაციო სასამართლო, საკასაციო ინსტანციისგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები. საკასაციო პალატის 25.12.2014წ. განჩინების მიხედვით, საქმის სხვა გარემოებებთან ერთად, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა და გამოერკვია ფართების იდენტურობა და შესაბამისად გადაფარვის არსებობა, ფართის შემძენისათვის (ნ. მა-ისათვის) საკუთრების საჯარო რეესტრში ა. დ-ის სახელზე რეგისტრაციის ხარვეზის ცოდნა. სააპელაციო პალატას ამ მოსაზრებით გარემოებები სრულყოფილად არ დაუდგენია, გასაჩივრებულ განჩინებაში ამ საკითხთან დაკავშირებით განვითარებული მსჯელობა არის დაუსაბუთებელი და არ ემყარება საქმის მასალებს.

გასაჩივრებულ განჩინებაში მითითება იმაზე, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებული მონაცემების იდენტურობის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 23-ე მუხ.), მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით ხარვეზის აღმოჩენისთანავე მარეგისტრირებელ ორგანოს აქვს შესწორების, შემდეგი რეგისტრაციის მოთხოვნაზე უარის თქმის ვალდებულება („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 28-ე მუხ.) არ არის საკმარისი მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისათვის, აღნიშნული შესაძლოა გახდეს №... არასაცხოვრებელი ფართის ა. დ-ის სახელზე რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი, რაც შეეხება ა. დ-ის მიერ ფართის რეალიზაციის შემდეგ ნ. მა-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმებას, აღნიშნული საჭიროებს შემძენის მიერ რეგისტრაციის ხარვეზის ცოდნის დადასტურებას. საკასაციო პალატის 25.12.2014წ. განჩინებით დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებად იქნა მიჩნეული საქმეზე იმის გარკვევა თუ რამდენად იყო შესაძლებელი ნ. მა-ისათვის ფართის ნ. მ-ის სახელზე რეგისტრაციის დადგენა იმის გათვალისწინებით, რომ გამყიდველის მ. ყ-ის მიერ არაერთხელ მოხდა ფართების გადანომვრა, რამაც გამოიწვია ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა.

საქმის მასალების მიხედვით, ნ. მ-ის სახელზე ფართი საკუთრებაში 2006 წლიდან არის რეგისტრირებული, მას იგი არ გაუსხვისებია. საერთო წესის თანახმად, ახალი რეგისტრაცია აუქმებს ძველ რეგისტრაციას. მოცემულ შემთხვევაში ა. დ-ის სახელზე №... ფართის რეგისტრაციით არ გაუქმებულა ნ. მ-ეზე რეგისტრაცია ამ ფართზე, ფართებზე უფლებების გადაფარვის შემთხვევაში ერთსა და იმავე ფართზე არსებობს ორი პარალელური რეგისტრაცია. იმის გათვალისწინებით, რომ ადგილი ჰქონდა ნუმერაციის რამდენიმეჯერ შეცვლას, ხოლო მხარეს ვერ მოეთხოვება იმაზე მეტის ცოდნა ვიდრე ეს კანონითაა დადგენილი, გარკვევას საჭიროებს მყიდველის - ნ. მა-ის მიერ ა. დ-ეზე ფართის რეგისტრაციის ხარვეზის არსებობის დადგენის შესაძლებლობა. სკ-ის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინეტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. სკ-ის 185-ე და 312-ე მუხლებით გათვალისწინებულ „გამსხვისებელში“ იგულისხმება პირი, რომელიც არ არის უფლებამოსილი გაასხვისოს საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრირებული უფლება, სახელდობრ იმ შემთხვევაში, როდესაც უძრავ ნივთს ასხვისებს საამისოდ არაუფლებამოსილი, მაგრამ საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირი, მნიშვნელობა ენიჭება სკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაწესს. კეთილსინდისიერი შემძენის უფლება საკუთრებაზე წარმოიშობა არა იმიტომ, რომ არაუფლებამოსილი გამსხვისებელი რეგისტრაციის ფაქტით გახდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრე, არამედ იმიტომ, რომ სამოქალაქო ბრუნვის ინტერესების დაცვის მიზნით, კანონი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გარეგნულად აღქმად ფაქტებს, რომლის მიმართ არსებობს დასაბუთებული ნდობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. მა-ის მიერ სადავო ფართის შეძენისას ფართზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ა. დ-ის საკუთრების უფლება, ფართის შეძენის მომენტში ჩანაწერის საწინააღმდეგოდ საჩივარი შეტანილი არ ყოფილა. არ არის დასაბუთებული სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნ. მა-ისათვის ცნობილი იყო რეგისტრაციის ნაკლის არსებობა. აღნიშნულის დასადასტურებლად სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ განჩინებაში უთითებს მ. ყ-ის და ა. დ-ის სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაზე. საქმის მასალებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მ. ყ-ის და ა. დ-ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება შედგა მას შემდეგ, რაც ნ. მა-მა შეიძინა და აღრიცხა თავის სახელზე საჯარო რეესტრში სადავო ფართზე საკუთრების უფლება. 22.10.09წ. მ. ყ-ის და ა. დ-ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით მ. ყ-ეს და ა. დ-ეს შორის 25.04.09წ. დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა შესწორება, რომლის თანახმად ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე სავაჭრო რიგის ... სართულზე ა. დ-ის სახელზე მიყიდული ფართის ნომერი არის არა ... და ..., არამედ №... (ტ. 3, ს.ფ. 66). აღნიშნული ცვლილება არ ასახულა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში, ვინაიდან ამ დროისათვის ა. დ-ეს უკვე მიყიდული ჰქონდა ნ. მა-ისათვის ფართი და ის საჯარო რეესტრში ნ. მა-ის საკუთრებად იყო აღრიცხული (საქმის მასალების მიხედვით 24.08.09წ. განცხადებით (სარეგისტრაციო №882009257544) ნ. მა-მა მოითხოვა უძრავი ქონების რეგისტრაცია. ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურმა 25.08.09წ. №882009257544-03 გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა, 22.08.09წ. ხელშეკრულების საფუძველზე ნ. მა-ის საკუთრებად დარეგისტრირდა მშენებარე სავაჭრო რიგის ... სართულზე №... -ში განთავსებული 25 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი (ტ.1, ს.ფ. 37)). სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ამ გარემოებების მიუხედავად, გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში სააპელაციო პალატა მ. ყ-ის და ა. დ-ის 22.10.09წ. განცხადებაზე მითითებით ასკვნის, რომ ნ. მა-ისათვის ცნობილი იყო ა. დ-ის სახელზე რეგისტრაციის ხარვეზი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა არ ემყარება საქმის მასალებს და არ ადასტურებს სკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული მყიდველის ფართის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის გამომრიცხავი გარემოებების არსებობას. ამდენად, მყიდველის კეთილსინდისიერების გამომრიცხავი გარემოების სახით სააპელაციო პალატის ეს მოსაზრება არ არის არგუმენტირებული და ვერ იქნება გაზიარებული.

უძრავი ქონების მყიდველისათვის გამყიდველის სახელზე რეგისტრაციის ხარვეზის არსებობის ცოდნას არ ადასტურებს აგრეთვე ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის 29.03.12წ. №49033 წერილი, რომელიც ასევე ნ. მა-ის მიერ ფართის შეძენის შემდეგაა შედგენილი, წერილის ადრესატია არა ნ. მა-ი, არამედ ნ. მ-ე (ტ.1, ს.ფ. 136). აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის მითითება 29.03.12წ. №49033 წერილზე საფუძველს არის მოკლებული და არ ადასტურებს მყიდველისათვის რეგისტრაციის ხარვეზის ცოდნას. ამასთანავე, საკასაციო პალატის 25.12.14წ. განჩინების მითითების (ტ. 4, ს.ფ. 372) მიუხედავად, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია იმ საკითხზე, რომ ნ. მა-ი 2009 წლიდან სარგებლობდა აღნიშნული ფართით და საქმის მასალებში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება მოსარჩელე ნ. მ-ის მიერ სადავო ფართით სარგებლობის შესახებ.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ 19.12.2008წ. კანონის 21-ე მუხლის თანახმად, თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული უძრავი ნივთის ფართობს, სარეგისტრაციო სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე და მისი აღმოფხვრის მიზნით უნიშნავს ვადას განმცხადებელს (21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი). სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ, ხოლო თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე (21-ე მუხლის მე-4 პუნქტი, 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). მოცემულ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება სარეგისტარციო სამსახურის მიერ არ შეჩერებულა, რეგისტრაციის განცხადება დაკმაყოფილდა და ფართის მესაკუთრედ თავდაპირველად ა. დ-ე და შემდეგ ნ. მა-ი აღირიცხა. სადავო №...ფართის ჯერ ა. დ-ის, ხოლო შემდგომში ნ. მა-ის საკუთრებად დარეგისტრირებისას ფართზე უკვე რეგისტრირებული იყო ნ. მ-ის საკუთრების უფლება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. მ-ის სახელზე რეგისტრირებულია ჭიათურაში, ... ქუჩაზე სავაჭრო რიგის ...-ელ სართულზე მდებარე №..., 27 კვ.მ. ფართი, ხოლო ნ. მა-ის სახელზე რეგისტრირებულია ჭიათურაში, ... ქუჩაზე სავაჭრო რიგის ...-ელ სართულზე მდებარე №..., 25 კვ.მ. . აღნიშნულის გამო, საკასაციო პალატამ 25.12.14წ. განჩინებით სააპელაციო სასამართლოს მიუთითა, რომ საქმეზე სარწმუნოდ და უტყუარად არ არის დადგენილი მოცემული ფართების იდენტურობა, რისი დადგენის დავალება მარეგისტრირებელი ორგანოსათვის აღემატება მარეგისტრირებელ ფუნქციას, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს დაევალა სასკ-ის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით თავად გამოეკვლია ფართების იდენტურობა, ნ. მ-ის და ნ. მა-ის საკუთრებაში რიცხული ფართების იგივეობა, მონაცემების შეგროვება, ფართების თავდაპირველ მესაკუთრეთა დაკითხვა (ტ. 4, ს.ფ. 370-371). აღნიშნულის მიუხედვად, სააპელაციო პალატას არ მიუღია ზომები საკასაციო სასამართლოს მითითების შესასრულებლად, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად. მიუხედავად იმისა, რომ სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მითითებები სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის, სააპელაციო პალატის განჩინებაში საკასაციო პალატის განჩინება, მასში მოყვანილი მოსაზრებები და მითითებები საერთოდ არ არის ნახსენები.

საკასაციო პალატა კვლავინდებურად ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ მოცემული დავის გადაწყვეტა საჭიროებს უტყუარად ერთი და იმავე ფართის რამდენიმე პირზე რეგისტრაციის ფაქტის დადგენას. აღნიშნულის გარკვევისათვის ცხადად უნდა დადგინდეს მხარეების მიერ შეძენილი ფართების ადგილმდებარეობა, შეძენილი და რეგისტრირებული ფართების იგივეობა, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება იმის გარკვევა მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ერთი და იმავე ფართის რამდენიმე პირზე რეგისტრაციას თუ საჯარო რეესტრში სხვადასხვა ფართების სხვადასხვა პირებზე რეგისტრაციას. მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო რიგის ... სართულზე არსებობს მხოლოდ ერთი №... არასაცხოვრებელი, კომერციული ფართი, იმის გათვალისწინებით, რომ სავაჭრო რიგის თავდაპირველ მესაკუთრესთან - მ. ყ-ესთან გარიგების დადების მომენტისათვის ობიექტი წარმოადგენდა მშენებარე ობიექტს, ფართების ნუმერაცია შეიცვალა (აღნიშნულს ადასტურებს მ. ყ-ის და ა. დ-ის მიერ ხელმოწერილი, სანოტარო წესით დამოწმებული 22.10.09წ. განცხადება), გადანომვრის შედეგად ფართების განაწილება სასამართლოს მიერ გამოკვლეული არ არის, ფართები სხვადასხვა პარამეტრების მქონეა (27 კვ.მ. და 25 კვ.მ.), არ არის დადგენილი თავდაპირველი მესაკუთრის მიერ ერთი და იმავე ფართის სხვადასხვა პირებზე რამდენიმეჯერ გაყიდვა, ასეთ პირობებში საკასაციო პალატა თვლის, რომ ჯეროვნად არ არის დადგენილი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფართებზე უფლებების გადაფარვა, ერთსა და იმავე ფართზე რამდენიმე რეგისტრაციის არსებობა. სააპელაციო პალატას არგუმენტირებული მსჯელობით არ დაუდგენია თუ რას აქვს განსახილველ შემთხვევაში ადგილი - ფართების გადაადგილებას ნუმერაციის შეცვლის გამო, სხვადასხვა ფართის ნუმერაციის აღრევას, ფართის სივრცითი მდგომარეობის შეცვლას დამტკიცებულ პროექტთან ობიექტის შეუსაბამობის გამო თუ ერთი და იმავე ფართის რამდენიმეჯერ გაყიდვას. სააპელაციო სასამართლო საქმეზე დადგენილად მიიჩნევს ნ. მა-ზე და ნ. მ-ეზე რეგისტრირებული ფართების იდენტურობას, იგივეობას, თუმცა აღნიშნულს ასაბუთებს მხოლოდ და მხოლოდ ნ. მა-ის და ნ. მ-ის სახელზე რეგისტრირებული ფართების სხვაობით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ფართის მონაცემების სხვაობას აზომვის დასაშვები (0.3 მ.) ზედდებით (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. №4 ბრძნებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი), სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.12.2006წ. №800 ბრძანებით დამტკიცებული „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქცია არ ითვალისწინებდა. სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამოტივაციო ნაწილში დადგენილად მიიჩნია ფართების იდენტურობა, აღნიშნულის დამადასტურებლად სააპელაციო პალატა უთითებს იმას, რომ ნ. მ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულია 27 კვ.მ. №... ფართი, ხოლო ნ. მა-ის საკუთრებაშია 25 კვ.მ. №... ფართი (ტ. 5, ს.ფ. 93). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ფართის განსხვავებული ოდენობა ადასტურებს არა ფართების იგივეობას, არამედ პირიქით, მათ სხვაობას, სააპელაციო სასამართლოს სამოტივაციო ნაწილში მოყვანილი დასკვნა არ ემყარება სააპელაციო სასამართლოს მიერვე დადგენილ გარემოებებს, უფრო მეტიც - ეწინააღმდეგება მას.

სააპელაციო სასამართლომ ერთი მხრივ დადგენილად მიიჩნია ნ. მ-ეზე და ნ. მა-ზე რიცხული ფართების იდენტურობა, ხოლო მეორეს მხრივ, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. მა-ის მიერ შეძენილია არა №..., არამედ №... ფართი. იმის დადგენილად ცნობა, რომ ნ. მა-ს არ შეუძენია №... ფართი საჭიროებს შეძენილი ფართის ადგილმდებარეობის ზუსტ განსაზღვრას. სააპელაციო პალატამ ისე დაადგინა ნ. მა-ის მიერ სავაჭრო რიგის ...-ლი სართულის №... ფართის შეძენა, რომ არ დაუდგენია რა ოდენობის ფართია №...-ში, ფართის ადგილმდებარეობის მის საკადასტრო კოდთან შესაბამისობა, სააპელაციო პალატას არ დაუდგენია არის თუ არა სავაჭრო რიგის ... სართულის №... ფართი ვინმეზე რეგისტრირებული, არ უმსჯელია №... ფართის მესაკუთრის დავაში სასკ-ის მე-16 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმის საჭიროებაზე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხს სვამდა ნ. მა-ი სააპელაციო საჩივარში. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ ნ. მა-ზე №... ფართის რეგისტრაცია არის უზუსტო და ნ. მა-ის მიერ შეძენილია არა №..., არამედ №... ფართი, არ არის დასაბუთებული, ამ მოსაზრების დასადასტურებლად სააპელაციო პალატას არ მოჰყავს რაიმე არგუმენტი, სასამართლოს ეს დაკვნა არ ემყარება სავაჭრო ობიექტის საინჟინრო-სივრცობრივი ასპექტის გამოკვლევას (კერძოდ, ობიექტის პირველ სართულზე გეგმის მიხედვით გათვალისწინებული კომერციული ფართების ოდენობას და განლაგებას, შიდა აზომვით ნახაზებს, რეალიზებული ფართების რაოდენობას, პირველ სართულზე არსებული ფართების ოდენობას, ნუმერაციას, მათ შეცვლას და სხვ. საკითხებს), შესაბამისად, სასამართლოს ჯეროვნად არ დაუდგენია ნ. მ-ეზე და ნ. მა-ზე რიცხული ფართების ზუსტი განლაგება. სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია სავაჭრო ობიექტის ნუმერაციის მიხედვით დაყოფის, ნუმერაციის შეცვლის, ფართების გადანაწილების, ფართების განშლის, სადავო ფართის სივრცითი გადაადგილების საკითხი. სააპელაციო სასამართლოს ამ საკითხებზე არ უმსჯელია მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეტანილი ნ. მა-ის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივრებში ამ საკითხებზე იყო საუბარი. კერძოდ, თავდაპირველი მესაკუთრისგან ფართის შეძენის მომენტში ობიექტის მშენებლობის დაუსრულებლობის, ე.წ. „განშლის“ არარსებობის გამო, ნ. მა-ი სააპელაციო საჩივარში ყურადღებას ამახვილებდა ნუმერაციის მიხედვით ფართის იდენტიფიცირების შეუძლებლობაზე, ნ. მ-ისათვის მიყიდული ფართის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით აპელანტი ყურადღებას ამახვილებდა მ. ყ-ის მიერ პოლიციაში 19.10.11წ. მიცემული განმარტებების შეფასების საჭიროებაზე (შსს ჭიათურის რაიონული სამმართველოს მ. ყ-ის 19.10.11წ. გამოკითხვის ოქმის თანახმად (ტ. 2, ს.ფ. 62-63), ადგილი ჰქონდა პროექტის რეკონსტრუქციას, რამაც გამოიწვია ფართების ნუმერაციის შეცვლა, თავდაპირველი მესაკუთრე შპს „...“ დირექტორი მ. ყ-ე აღნიშნავდა, რომ ნ. მ-ის №... ფართი გადაიწია, კარკასულ მდგომარეობაშია და მდებარეობს გ. ნ-ის ფართის გვერდით). რაც შეეხება სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარს, სამსახური უთითებდა, რომ არსებობდა რამდენიმე პროექტი, ფართების ადგილმდებარეობის გასარკვევად საჭიროა იმის დადგენა თუ რომელი პროექტის გათვალისწინებით განხორციელდა მშენებლობა. სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია აგრეთვე საქმეში დაცული ექსპერტიზის დასკვნა, განჩინებაში არ არის მითითებული სასამართლოს მოსაზრებები დასკვნის გაზიარების ან უარყოფასთან დაკავშირებით. სსკ-ის 173-ე მუხლის თანახმად, თუ ექსპერტის დასკვნა არ არის სრული ან გაურვეველია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა, თუ არსებობს სსკ-ის 162.1 მუხლით გათვალისწინებული პირობები. საქმეზე ექსპერტიზის ჩატარების საჭიროებაზე სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას ამახვილებდა სარეგისტრაციო სამსახური მის სააპელაციო საჩივარში, ფართის ადგილმდებარეობის ზუსტი განსაზღვრის საჭიროებაზე მითითებულია საკასაციო პალატის 25.12.14წ. განჩინებაში, აღნიშნულის მიუხედავად სააპელაციო პალატამ არათუ ობიექტის დამატებითი საინჟინრო-სივრცობრივი ექსპერტიზის ჩატარება, არამედ საქმეში დაცული ნ. მ-ის ადვოკატ ნ. გ-ის მიმართვის საფუძველზე მომზადებული ექსპერის 06.08.12წ. დასკვნის შეფასება არ მოახდინა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეზე ჯეროვნად უნდა გაირკვეს არის თუ არა ერთი მხრივ 17.10.06წ. ნ. მ-ის საკუთრებად რეგისტრირებული და მეორე მხრივ 26.06.09წ. ა. დ-ის, ხოლო შემდეგ 25.08.09წ. ნ. მა-ის საკუთრებად რეგისტრირებული არასაცხოვრებელი ფართები იდენტური, ანუ ა. დ-ის 26.06.09წ. და ნ. მა-ის 24.08.09წ. განცხადებების საფუძველზე, შესაბამისად, ჯერ ა. დ-ის და შემდგომში ნ. მა-ის საკუთრებად დარეგისტრირდა თუ არა ის ფართი, რომელიც 2006 წლიდან ნ. მ-ის საკუთრებად იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ასეთის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე დასადგენია თითოეული ფართის ზუსტი ადგილმდებარეობა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ გამომდინარეობს განჩინების სამოტივაციო ნაწილში მოყვანილი მოსაზრებებიდან. სააპელაციო პალატის განჩინების მითითებები იმის შესახებ, რომ სამოქალაქო კანონთა მიზანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების უზრუნველყოფა, სამოქალაქო ურთიერთობის ფუნდამენტური პრინციპია - კეთილსინდისიერება (ტ.5, ს.ფ. 92), აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მითითებები ბრუნვის სიმყარის და სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე საკითხის გადაწყვეტის საჭიროებაზე, სააპელაციო პალატის მიერ განვითარებული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოძრავი და უძრავი ქონების ბრუნვის შემთხვევაში კონფლიქტები განსხვავებულად წესრიგდება, პირველ შემთხვევაში ქონების მესაკუთრის ინტერესებისათვის, ხოლო მეორე შემთხვევაში კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებისათვის პრიორიტეტის მინიჭებით (ტ.5, ს.ფ. 93), სააპელაციო პალატის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო რეესტრის მთავარი დანიშნულებაა კეთილსინდისიერი პარტნიორის უფლების დაცვის გარანტია, საჯარო რეეტსრის მონაცემთა უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია (სკ-ის 312-ე მუხ.), პალატის მითითებები საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრირებული გამსხვისებელი არაუფლებამოსილი პირის მიერ უძრავი ნივთის გასხვისების შემთხვევაში შემძენის უფლების სკ-ის 185-ე მუხლით დაცვაზე, საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციის ფაქტისადმი მაღალი ნდობის უზრუნველყოფაზე, შემძენისათვის კანონით დადგენილზე მეტის ცოდნის მოთხოვნის დაუშვებლობაზე, აგრეთვე სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებიდან გამომდინარე კანონის მიერ გარეგნულად აღქმადი ფაქტებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებაზე, რეგისტრაციის ხარვეზის მიუხედავად რეგისტრირებული უფლების მართებულობის შესახებ სკ-ის 312-ე მუხლით დაცული ვარაუდის მოქმედებაზე (ტ.5, ს.ფ. 94) და სხვ. მოსაზრებები არ ასაბუთებენ მიღებულ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ნ. მა-მა სადავო უძრავი ნივთი შეიძინა ა. დ-ისაგან, რომელიც საჯარო რეეტრში იყო რეგისტრირებული.

საფუძველს არის მოკლებული პირველი და სააპელაციო სასამართლო ინსტანციების მითითება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა იმპერატიულად განსაზღვრავს სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამოსილების საკითხს უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, უძრავი ქონების საჯარო რეეტსრში აღრიცხვის საფუძვლებს, აღნიშნული არ უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულებას, საკითხზე ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილება ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს თავისუფლებას კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება (სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი). უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის კანონმდებლობით იმპერატიულად აკრძალულია ურთიერთსაწინააღმდეგო რეგისტრაციის განხორციელება, რეგისტრაცია მკაცრადაა დეტერმინირებული სამართლებრივი საფუძვლით, შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მითითება დაუსაბუთებელია და არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

დაუსაბუთებელია აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მითითება სამოქალაქო საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სამოქალაქო წესით წარმოებულ დავაზე ნ. მ-ესა და ნ. მა-ს შორის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.06.13წ. გადაწყვეტილება ძალაშია შესული, ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. მა-ი გამოსახლდა 27 კვ.მ. ფართიდან და ფართი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ნ. მ-ეს. სსკ-ის 106-ე მუხლის თანახმად, პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს იმ საქმეებს, რომლებშიც ერთი და იგივე მხარეები მონაწილეობენ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია კანონიერ ძალაში მყოფ სააპელაციო სასამართლოს 05.06.2013წ. გადაწყვეტილებით დადგენილ რა გარემოებებს აქვს პრეიუდიციული მნიშვნელობა განსახილველი საქმისათვის. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.06.13წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლით, ამ გადაწყვეტილების სუბიექტური და ობიექტური ფარგლები განსახილველი დავისათვის არ ქმნის სსკ-ის 266-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურისა და ნ. მა-ის მიერ. საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა ჭიათურის სარეგისტრაციო სამასხურის მიერ მისი აქტების, კერძოდ, №892012156723, №882009184134 და №882009257544 განაცხადებებზე მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში, აპელანტი - სარეგისტრაციო სამსახური მოითხოვდა აგრეთვე რაიონული სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის გაუქმებას, რომლითაც სამსახურს აეკრძალა №... არასაცხოვრებელ ფართზე ა. დ-ის და ნ. მა-ისათვის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საპელაციო სასამართლოს 21.11.13წ. განჩინებით რეესტრის სამსახურის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. სააპელაციო სასამართლოს 04.04.14წ. გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის და ნ. მა-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 31.07.13წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. მ-ის სარჩელი დამაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სადავო აქტები და სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა ა. დ-ის და ნ. მა-ის განცხადებებთან დაკავშირებით. საქართველოს უზენაესი სასამართლო, არ დაეთანხმა რა ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის შესასწავლად დაბრუნებას და ახალი გადაწყვეტილების გამოსატანად დავალებას, სააპელაციო პალატის განჩინება გააუქმა მთლიანად, ყველა ნაწილში და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ 23.06.15წ. გასაჩივრებული განჩინებით საქმე განიხილა მხოლოდ ნ. მა-ის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ ნ. მა-ის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გადამოწმების დასაბუთებისათვის სააპელაციო პალატას რაიმე არგუმენტაცია არ მოუყვანია. სააპელაციო პალატის 23.06.2015წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. მა-ის სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით ისე დარჩა უცვლელად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ არ განხილულა საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სარეგისტრაციო სამსახურის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივარი. სასკ-ის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი. სსკ-ის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლო განიხილავს საქმეს იმ მოთხოვნათა ფარგლებში, რომლებიც ასახულია სააპელაციო საჩივარში. საქმის მასალებით არ დასტურდება ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივრის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის, განუხილველად დატოვების ან შეჩერების (სსკ-ის 272-ე, 275-ე, და 279-ე მუხ.) საფუძვლების არსებობა, აღნიშნულის შესახებ სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანა. სააპელაციო პალატას არ უმჯელია სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაზე, სამსახურის სააპელაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტაციაზე, განჩინება არ შეიცავს დასკვნას სააპელაციო საჩივრის მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, უარის მოტივებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, დავის გადაჭრისათვის საჭირო ყველა ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, მათი სამართლებრივი ანალიზისა დ მიღებული დასკვნების საფუძველზე დავის გადაწყვეტა, სსკ-ის 377-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრების ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სრულყოფილი შემოწმება. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოკლებულია სათანადო ფაქტობრივ და პროცესუალურ წინამძღვრებს, სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის აბსოლიუტური საფუძველი- გადაწყვეტილება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც თავის მხრივ არის სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი.

სასამართლო ხარჯები მხარეთა შორის უნდა განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. მა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2015წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. სასამართლო ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე