#ბს-79-78(კ-16) 11 მაისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 26 იანვარს შ. კ-ემ, გ. კ-ემ, ლ. გ-ემ, ნ. ფ-ემ, ე. ბ-ემ, გ. მ-ემ, დ. კ-მა, მ. თ-ემ, მ. დ-ემ, ჟ.დ-ემ, ნ. ბ-ემ, ს. ბ-ემ და თ. რ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.
მოსარჩელეებმა მოპასუხისთვის მათი კომპენსაციის მიმღებ ბენეფიციართა სიაში შეყვანისა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის დაზუსტებული სიის გადაგზავნის დავალება მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 ივნისის სასამართლო სხდომაზე სარჩელის ტრანსფორმაციის შედეგად მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის №01-27/1843 წერილის, როგორც უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის/ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიისათვის/ ახალი აქტის გამოცემის დავალება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა/ანაზღაურების უფლების მქონე პირთა სიაში შ. კ-ის, გ. კ-ის, ლ. გ-ის, ნ. ფ-ის, ე. ბ-ის, გ. მ-ის, დ. კ-ის, მ. თ-ის, მ. დ-ის, ჟ.დ-ის, ნ. ბ-ის, ს. ბ-ისა და თ. რ-ის შეყვანის თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით შ. კ-ის, გ. კ-ის, ლ. გ-ის, ნ. ფ-ის, ე. ბ-ის, გ. მ-ის, დ. კ-ის, მ. თ-ის, მ. დ-ის, ჟ. დ-ის, ნ. ბ-ის, ს. ბ-ისა და თ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 22 დეკემბრის №01-27/183 გადაწყვეტილება შ. კ-ის, გ. კ-ის, ლ. გ-ის, ნ. ფ-ის, ე. ბ-ის, გ. მ-ის, დ. კ-ის, მ. თ-ის, მ. დ-ის, ჟ. დ-ის, ნ. ბ-ის, ს. ბ-ისა და თ. რ-ის 2014 წლის 10 დეკემბრის №მ-01-33/84 განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე; მოპასუხეს - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს /ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიას/ დაევალა ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა/ანაზღაურების უფლების მქონე პირთა სიაში შ. კ-ის, გ. კ-ის, ლ. გ-ის, ნ. ფ-ის, ე. ბ-ის, გ. მ-ის, დ. კ-ის, მ. თ-ის, მ. დ-ის, ჟ. დ-ის, ნ. ბ-ის, ს. ბ-ისა და თ. რ-ის შეყვანის შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი