Facebook Twitter

საქმე №ბს-806-798 (კ-15) 11 მაისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე): ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის

გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): ვ. გ-ა

გასაჩივრებული განჩინება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.15წ. განჩინება

დავის საგანი: სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. გ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ საბურთალოს რაიონის გამგეობის 15.09.14წ. №63 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2013 წლის 01 მარტიდან ეკავა საბურთალოს რაიონის გამგეობის, ტერიტორიული ერთეულის-ვეძისი-ყაზბეგი-გოთუა-საბურთალოს ქუჩის უბნის სამსახურის ... თანამდებობა. გამგებლის 15.09.14წ. №63 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან დისციპლინური გადაცდომისათვის. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2014 წლის სექტემბერში სამსახურის უფროსმა ლ. მ-მა მისცა საკუთარი სურვილით სამსახურიდან წასვლის წინადადება, რაზედაც მან უარი განაცხადა. ამის შემდეგ, 11.09.14წ. სამსახურის უფროსმა საბურთალოს რაიონის გამგებლის სახელზე შეადგინა პირველი მოხსენებითი ბარათი, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ვ. გ-ამ არ იცოდა კომპიუტერთან მუშაობა, აფერხებდა სამსახურის საქმიანობას. ბრძანება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ არ გამოცემულა. 15.09.14წ. ლ. მ-მა წარადგინა მეორე მოხსენებითი ბარათი, რომელშიც მიუთითა, რომ 12.09.14წ. მან შერჩევითი პრინციპით გადაამოწმა ვ. გ-ას მიერ 2013 წელს ჩატარებული მოკვლევის მასალები მოქალაქეების ა. ა. ო-ის და ე. კ-ის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ, რომლითაც მათ გაეწიათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება და მიიჩნია, რომ ისინი არ საჭიროებდნენ დახმარებას. გარდა ამისა ორ მოქალაქეს, რომელთა საყოფაცხოვრებო მდგომარეობა ასევე ვ. გ-ას მიერ იქნა მოკვლეული, - ნ. ს-ასა და ნ. კ-ს არ მიუღიათ დახმარება მიუხედავად იმისა, რომ დახმარების მიზნით გამგეობამ თანხა გადარიცხა. იმავე დღეს 15.09.14წ. გამოიცა გათავისუფლების შესახებ გამგებლის №63 ბრძანება. მოსარჩელე თვლის, რომ ბრძანება გამოიცა დაჩქარებული წესით, ლ. მ-ის პირადი, მიკერძოებული და არაკვალიფიციური შეფასებების საფუძველზე. 15.09.14წ. მოხსენებით ბარათში უგულებელყოფილია რიგი გარემოება: მისი მოვალეობა იყო მოქალაქეების განცხადებების საფუძველზე მათი საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა და მხოლოდ რეკომენდაციების მომზადება. საქმე სრულად იქნა გამოკვლეული და დოკუმენტალურად ასახული; გადაწყვეტილებას დახმარების გაწევის შესახებ, მასალების შესწავლის საფუძველზე, იღებდა გამგეობა, რომლის წევრი მოსარჩელე არ იყო და არც ხმის უფლება ჰქონდა; მოსარჩელე არ იყო პასუხისმგებელი მოქალაქეებისათვის თანხების გადარიცხვაზე და მათი მოძრაობის კონტროლზე. მოსარჩელე აღნიშნავს აგრეთვე, რომ გამგეობამ არ შეატყობინა მას მიმდინარე წარმოების შესახებ, გააცნო მას მხოლოდ განთავისუფლების ბრძანება, მას არ მიეცა წარმოებაში მონაწილეობისა და კანონით მინიჭებული უფლებებით სარგებლობის საშუალება. საჯარო სამსახურის პერიოდში დისციპლინური წესით დასჯილი არ ყოფილა არცერთხელ, გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემისას მოსარჩელის მიმართ არ მოქმედებდა დისციპლინური პასუხისმგებლობის რაიმე ზომა. მოსარჩელე თვლის, რომ 15.09.14წ. ბრძანება დაუსაბუთებელია, ხოლო მოხსენებით ბარათში მოყვანილი გარემოებები უსაფუძვლოა, დარღვეულია სზაკ-ის მე-5, 53-ე, 95-99-ე მუხლების მოთხოვნები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.02.15წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგებლის 15.09.14წ. N63 ბრძანება ვ. გ-ას გათავისუფლების თაობაზე, მოპასუხეს - საბურთალოს რაიონის გამგეობას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ვ. გ-ას სამსახურში აღდგენის შესახებ, გამგეობას დაევალა აგრეთვე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მაგრამ არაუმეტეს სამი თვის თანამდობრივი სარგოს ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი - გამგეობის სამსახურის უფროსის 15.09.14წ. მოხსენებითი ბარათი, ეფუძნებოდა შესწავლილ და გამოკვლეულ ფაქტებს, რასაც ადასტურებს თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დასკვნა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათი 15.09.14წ. არის დათარიღებული, იმავე დღესვეა გამოცემული სადავო აქტი, შესაბამისად დამატებით წარმოებას ადგილი არ ჰქონია, ხოლო მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნა მოსარჩელის გათავისუფლებიდან 14 დღის შემდეგ, 29.09.14წ. შედგა. სასამართლომ მიუთითა აგრეთვე, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც გაეწიათ ფინანსური დახმარება, ახსნა-განმარტებები ჩამოერთვა ვ. გ-ას სამსახურიდან გათავისუფლებიდან 9 დღის შემდეგ. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაციები მოძიებულია სადავო აქტის გამოცემის შემდგომ, სასამართლომ აღნიშნა, რომ სზაკ-ის მე-4 თავი ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს აქტი გამოსცეს ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ გამგებელმა ვ. გ-ას მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების, სამსახურიდან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული წარმოების წესების დარღვევით, გამგებელმა ისე გაათავისუფლა მოსარჩელე სამსახურიდან, რომ არ გამოუკვლევია გადაცდომის არსებობის ფაქტი, მისი ჩამდენი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოიყენოს სზაკ-ით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცემა კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებას მიიღოს აქტიური მონაწილეობა აქტის მომზადების სტადიაზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგებზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. სზაკ-ის 53.5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემობებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ხსენებული მუხლი ცხადჰყოფს, რომ აქტის ფორმალური კანონიერების განსაზღვრის პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს მის დასაბუთებას. ეს ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს სამართლით შებოჭვით და თვითკონტროლის ფარგლებში შებოჭვით. სასამართლომ არ გაიზიარა გამგეობის წარმომადგენლის განმარტება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე გაათავისუფლა მოსარჩელე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი და ფაქტები, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია აგრეთვე ადრესატისათვის, რათა შეფასდეს მისი მართლზომიერება, ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით. სასამართლომ მიუთითა სზაკ-ის 601.1 მუხლზე, სასკ-ის 22-ე, 32.1, 33-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტები და გამგეობას უნდა დაევალოს სამსახურში აღდგენის შესახებ აქტის გამოცემა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.15წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნა, რომ გამგეობის სახელით კონკრეტული ფიზიკური პირისათვის სოციალური დახმარების გაწევის მიზნით ერთჯერადი ფულადი თანხის გადახდის შესახებ საკითხის გამო გადაწყვეტილებებს იღებს არა გამგეობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, არამედ გამგეობა, საკითხის კოლეგიური წესით და ზეპირი მოსმენის გზით განხილვის შედეგად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოქალაქეებზე ერთჯერადი ფულადი დახმარებების არასწორად გაცემის საკითხი არ წარმოადგენს ისეთი შინაარსის ფაქტს, ხდომილებას, რომლის გამოც დისციპლინური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს .... პალატამ აღნიშნა აგრეთვე, რომ ლ. მ-ის 15.09.14წ. N12/142581091-47 მოხსენებით ბარათში მოხმობილი ფაქტები, რომლებიც გამოკვლეული იქნა მოცემული საქმის სასამართლო წესით განხილვის ორივე ეტაპზე, არ ქმნის საჯარო სამსახურში დისციპლინური გადაცდომის მაკვალიფიცირებელი ნორმის - "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 99.3 მუხლის შემადგენლობას - ვ. გ-ას არ დაურღვევია მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ვალდებულებები.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ 12.09.14წ. საუბნო სამსახურის ხელმძღვანელის და ვ. გ-ას უშუალო უფროსის ლ. მ-ის მიერ შესწავლილ იქნა ვ. გ-ას მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს მასალები და დადგინდა, რომ მოქალაქეებისათვის ფინანსური დახმარების გაწევის თაობაზე ვ. გ-ას მიერ მომზადებული სარეკომენდაციო წერილის საფუძველზე, სადაც მოსარჩელე უთითებდა, რომ გამოიკვლია მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა და ისინი იმყოფებოდნენ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში, გამგეობის მიერ გაცემული იყო ფინანსური დახმარება. ლ. მ-ის მიერ გამოკითხულ იქნა მოქალაქეები და დადგინდა, რომ მათ არავითარი ფინანსური დახმარება არ მიუღიათ, გარდა ამისა ისინი კატეგორიულად უარყოფენ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში ყოფნას, გამგეობისაგან რაიმე დახმარების მოთხოვნას ან მიღებას. შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ ვ. გ-ას მიერ გამგეობისათვის მიწოდებული ინფორმაცია იყო განზრახ ცრუ ინფორმაციის შემცველი, რაც სამსახურებრვი მოვალეობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 99.3 მუხლის შესაბამისად გამგებლის 15.09.14წ. N63 ბრძანებით ვ. გ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა აუდიტის დასკვნას, გამგეობის მიერ დასკვნა წარდგენილ იქნა არა როგორც სადავო აქტის გამოცემის საფუძველი, არამედ იმის დასადასტურებლად, რომ არა მხოლოდ საბურთალოს რაიონის გამგეობას მიაჩნდა ვ. გ-ას ქმედება სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევად, არამედ აგრეთვე მაკონტორლებელ ორგანოსაც. სასამართლოს შეუსაბამო დასკვნამ განაპირობა არასათანადო სამართლებრივი კვალიფიკაცია.

კასატორი აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერი ადმინისტრირება მოითხოვს საჯარო მოხელის სამსახურებრივი მოვალეობების მიმართ სუბიექტური განწყობის შეფასებას. სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე და ვ. გ-ას მიერ დაშვებული ხარვეზი, განზრახ ცრუ ინფორმაციის დიკუმენტში ასახვა, ხელმძღვანელი პირისათვის განსახილველად მიწოდება, დიდი ოდენობით ბიუჯეტის სახსრების გაფლანგვის პირობის შექმნა მაშინ, როდესაც მოხელემ იცოდა, რომ ძირითადად მის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე არის დამოკიდებული გამგეობის გადაწყვეტილება. ზემდგომი ორგანოს მიერ დადასტურდა გადაწყვეტილების მართებულობა, რაც კასატორის აზრით ადასტურებს იმას, რომ ხარვეზის მიუხედავად უფლებამოსილი ორგანოს მიერ მაინც იგივე გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული. კასატორი თვლის, რომ სადავო აქტების ბათილად გამოცხადებით სასამართლომ დაარღვია სზაკ-ის 60.1 მუხლი, ვ. გ-ას მიერ წერილობით ახსნა-განმარტების წარდგენის და სამსახურის უფროსის მიერ მოქალაქეებისაგან წერილობითი ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შემთხვევაშიც სხვაგვარი გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება.

კასატორი აღნიშნავს, რომ აქტის ბათილად ცნობით სასამართლო არასწორად განმარტავს ადმინისტრაციული სამართლის ნორმებს. სზაკ-ის მე-60 მუხლის თანახმად, აქტი ბათილია თუ სახეზეა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული წარმოების შესაძლო ხარვეზის მიუხედავად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა შესაძლებელი. ვ. გ-ას რომც წარმოედგინა წერილობითი სახით თავისი ახსნა-განმარტება (კასატორის მტკიცებით ვ. გ-ა ინფორმირებული იყო წარმოების შესახებ და არ ისურვა მოსაზრებების გამოთქმა) და საუბნო სამსახურის უფროსს რომც შეექმნა წერილობითი სახის დოკუმენტები მოქალაქეების გამოკითხვის თაობაზე, საქმეზე მაინც იგივე გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, ვინაიდან გამოკითხული მოქალაქეები წერილობით ოქმში ინფორმაციას დაადასტურებდნენ, რაც მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ცალსახად იქნა დადასტურებული წარმოდგენილი გამოკითხვის ოქმებით. შესაბამისად, ყველა შემთხვევაში იგივე გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, სახეზეა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 99.3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სამსახურის ფუნქციას შეადგენს უბნის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ გამგებლისათვის წინადადების წარდგენა, სტატისტიკური და სხვა მონაცემთა შეგროვება, სხვადასხვა სახის რეკომენდაციების შემუშავება, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადება და გამგებლისათვის წარდგენა. ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირები კონკრეტულ საკითხზე მსჯელობენ მათი სამსახურების მიერ მიწოდებული ინფორმაციის ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ პირებს გადაწყვეტილების მიღებამდე თავად მოუხდებოდათ ყველა იმ ფუნქციის შეთანხმება, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებს აკისრიათ და აზრს დაკარგავდა სამსახურების არსებობა. ერთი პირი ვერ შეითავსებს ორგანოს ყველა საქმიანობას, თითოეულ საჯარო მოხელეს კონკრეტულად განსაზღვრული ფუნქცია აკისრია, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირები მეტნაკლებად დამოკიდებულები არიან თავიანთი თანამშრომლების კეთილსინდისიერებაზე. მოცემულ შემთხვევაში საუბარია ვ. გ-ას მიერ არა ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე, არამედ იმაზე, რომ მის მიერ შედგა განზრახ ცრუ ინფორმაციის შემცველი სარეკომენდაციო წერილი, რითაც შეცდომაში იქნა შეყვანილი გამგეობის თანამდებობის პირები და არამიზნობრივად განიკარგა ბიუჯეტის სახსრები.

საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივარი სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სზაკ-ის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების და გაუქმების მიზნით. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არის დასაბუთებული სააპელაციო პალატის მოსაზრება ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე სადავო აქტის გამოცემის თაობაზე. ადმინისტრაციულ აქტს გამოსცემს უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირი, აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციულ წარმოებას ატარებს ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი, ქ. თბილისის მერიის 28.02.13წ. №11 ბრძანებით დამტკიცებული „ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის დებულების“ 54-ე მუხლის თანახმად, საბურთალოს რაიონის ტერიტორიული ერთეულის–ვეძისი-ყაზბეგი–გოთუა-საბურთალოს ქუჩის უბნის სამსახურის (განყოფილების) უფროსი არის გამგებლის წარმომადგენელი, რომელიც წარმართავს სამსახურის საქმიანობას, ზედამხედველობას უწევს სამსახურის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, წარუდგენს გამგებელს სამსახურში შემავალ თანამდებობაზე დასანიშნ და თანამდებობიდან გასათავისუფლებელ თანამშრომელთა კანდიდატურებს (დებულების 55-ე მუხლის „ა“, ,,გ'' და „ვ“ ქვეპუნქტები), სამსახურის ხელმძღვანელი არის გამგეობის წევრი (3.1 მუხ.). ხსენებული დებულების 14.5 მუხლი ადგენდა გამგეობის სამსახურის შემადგენლობის (თანამშრომლების) ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას სამსახურის უფროსის, შესაბამისი დარგობრივი მოადგილისა და რაიონის გამგებლის წინაშე (14.5 მუხ.). აღნიშნულიდან გამომდინარე სამსახურის ხელმძღვანელი არის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მის მიერ გადამოწმდა ვ. გ-ას მიერ ჩატარებული საქმიანობა. სამსახურის უფროსის მიერ შედგა ორი მოხსენებითი ბარათი (11.09.14წ., 15.09.14წ.), შესაბამისად არ დასტურდება ადმინისტრაციული წარმოების გარეშე სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრუივი აქტის გამოცემა. ვ. გ-ას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით საბურთალოს რაიონის გამგებელს სამსახურის უფროსმა ლ. მ-მა მიმართა 15.09.14წ. მოხსენებითი ბარათით, რომლის ტექსტიდან ირკვევა, რომ შერჩევითი პრინციპით გადამოწმდა ვ. გ-ას მიერ 2013 წელს ჩატარებული მოკვლევის მასალები მოქალაქეების ა. ა. ო-ის (... დასახლ. №57) და ე. კ-ის (... დასახლ. №49) საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ, რომელთაც გაეწიათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება. მოხსენებითი ბარათის მიხედვით ხსენებული მოქალაქეები არ საჭიროებდნენ დახმარებას. გარდა ამისა, ორ მოქალაქეს - ნ. ს-ასა (... დასახლ. №82) და ნ. კ-ს (... დასახლ. №68), რომელთა საყოფაცხოვრებო მდგომარეობა ასევე ვ. გ-ამ მოიკვლია, არ მიუღიათ დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ დახმარების მიზნით გამგეობამ თანხა გადარიცხა. სზაკ-ის 601 მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება ადმინისტრაციის მიერ სადავო აქტის გამოცემა საქმის გარემოებათა გამოკვლევის, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, შესაბამისად არ დასტურდება სზაკ-ის 601 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სადავო აქტის ბათილად ცნობის აბსოლუტური საფუძველი. რაც შეეხება მოხსენებით ბარათში მოყვანილი გარემოებების სისწორეს, აღნიშნული სასამართლოს მიერ დავის არსებითი განხილვის შედეგად უნდა დადგინდეს.

სზაკ-ის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ტარდება თუ კანონმდებლობით არ განისაზღვრება აქტის გამოცემის მიზნით ჩასატარებელი ადმინისტრაციული წარმოების სახეობა. ვინაიდან წარმოების სახე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით არ არის დადგენილი, გამოყენებული უნდა იქნეს მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. ფორმალური წარმოებისაგან განსხვავებით მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დროს დასაშვებია საკითხის გადაწყვეტა ზეპირი მოსმენის გარეშე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცეს კანონით დადგენილი პროცედურული წესების დაცვით. დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში არ არის სავალდებულო, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ჩააბას ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარე (სზაკ-ის 95.1 მუხ.). ამასთანავე, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა აცნობოს პირს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, თუ იზღუდება მისი კანონიერი ინტერესი, მას უნდა მიეცეს მისი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა (სზაკ-ის 95.2, 13 მუხ.). ვინაიდან სადავო აქტით მოხდა ვ. გ-ას მდგომარეობის გაუარესება, ამდენად საჭირო იყო მისი შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების შესახებ. მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში ანიჭებს მას წარმოების მასალების გაცნობის, შუამდგომლობის დასმის, მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს კვალიფიციური და ობიექტური აქტის გამოცემას. ამდენად, დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვის უზრუნველყოფად ზომების მიუღებლობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უდავოდ ადასტურებს ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ხარვეზიანობას. ამასთანავე, საქმეზე არ არის გამოკვლეული ვ. გ-ას ადმინისტარციულ წარმოებაში ჩართულობის ხარისხი, სასარჩელო განცხადებაში ვ. გ-ა აღნიშნავს, რომ სადავო აქტის გამოცემამდე, კერძოდ 01.09.14წ. სამსახურის უფროსმა შესთავაზა მას საკუთარი სურვილით სამსახურიდან წასვლა, რაზედაც მან უარი განაცხადა (ტ.1, ს.ფ. 2.).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების წესის ყოველგვარი, თუნდაც უხეში დარღვევა, დაინტერესებული მხარისათვის წარმოების შესახებ არ შეტყობინება არ იწვევს უპირობოდ აქტის გაუქმებას. პროცედურის სუბსიდარული ხასიათიდან გამომდინარე, სზაკ-ის 601.2 მუხლში აღნიშნული დარღვევებისაგან განსხვავებით, ხსენებული დარღვევა არ არის აბსოლუტური ხასიათის და არ იწვევს უცილობლად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას. სზაკ-ის 601 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ უთითებს სზაკ-ის 601.2 მუხლით გათვალისწინებული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებზე, უფრო მეტიც, არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია მოხსენებით ბარათში მითითებულ ფაქტებზე, არ დაუდგენია ამ მიმართებით საქმის გარემოებები, არ შეუფასებია მტკიცებულებები, რომელთა მოპოვება მოხდა სადავო აქტის გამოცემის შემდეგ (მოქალაქეთა ახსნა-განმარტებები, აუდიტორული დასკვნა). სამსახურის უფროსის 15.09.14წ. მოხსენებით ბარათში მითითებული გარემოების საფუძვლიანობის დადგენა საჭიროებდა საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულების შეფასებას, მათ შორის, სადავო აქტის გამოცემის შემდეგ მოპოვებული მტკიცებულებების შეფასებას, მით უფრო, რომ აღნიშნულ დოკუმენტაციაზე მითითებით ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ყველა შემთხვევაში მიიღებდა იგივე გადაწყვეტილებას, ხოლო სამსახურის უფროსის 14.09.13წ. მოხსენებით ბარათში, რომელიც საფუძვლად დაედო სადავო აქტს, საუბარია მნიშვნელოვან დარღვევებზე, მათი დადასტურების შემთხვევაში ადმინისტრაციის მიერ მოსარჩელის ჩართვა ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეცვლიდა მიღებულ გადაწყვეტილებას. 29.09.14წ. დასკვნის მიხედვით ის შედგენილია მოქალაქეების გამოკითხვის, წერილობითი ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის, საუბნო სამსახურის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილების შესწავლის შედეგად. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის განყოფილების 29.09.14წ. დასკვნის, დასკვნაზე თანდართული მოქალაქეების ახსნა-განმარტებების შეფასება იძლევა 15.09.14წ. მოხსნებით ბარათში მოყვანილი გარემოებების საფუძვლიანობის გარკვევის შესაძლებლობას. კასატორი აღნიშნავს, რომ დასკვნის წარდგენა მოხდა იმის დასადასტურებლად, რომ წარმოების ხარვეზიანობის მიუხედავად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხზე იგივე გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. 29.09.14წ. დასკვნის შედგენის პერიოდში მოქმედი ქ. თბილისის მერიის 27.03.12წ. N2 ბრძანებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დებულების" მე-3 მუხლის თანამახმად, შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის ძირითად ამოცანას და ფუნქციას შეადგენდა საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის, ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის შეფასება, სახსრების ხარჯვის, გამოყენების კანონიერების, მართვის და დაცვის კანონიერების შესწავლა და ანალიზი, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი. დასკვნის, როგორც შემოწმების შედეგების შემცველი დოკუმენტის, შეფასება ხელს შეუწყობს საქმის გარემოებების სრულყოფილ, ობიექტურ გამოკვლევას. სააპელაციო სასამართლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შედეგად უნდა გაერკვია საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, აუდიტორულ დასკვნაში მითითებული ფაქტების სისწორე. აღნიშნულის ნაცვლად სასამართლომ სადავო აქტის შემდეგ აუდიტორული დასკვნის შედგენა სადავო აქტის ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების, სამსახურში აღდგენის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლად მიიჩნია.

რაც შეეხება მოქალაქეთა წერილობით ახსნა-განმარტებებს, მათში აღნიშნული ფაქტები ეხება სადავო აქტების გამოცემამდე პერიოდს, იმ გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად დაედო სადავო აქტების გამოცემას, რაც აგრეთვე საჭიროებდა სსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე ამ მტკიცებულებების შეფასებას სასამართლოს მიერ. ვ. გ-ას მიერ მომზადებული სარეკომენდაციო წერილების (ტ.1, ს.ფ. 87-89) მიხედვით, მოკვლევის ჩასატარებლად წერილის ავტორი იმყოფებოდა ე. კ-ის, ნ. კ-ის, ნ. ს-ის ოჯახში, წერილის თანახმად, მათი სოციალური მდგომარეობა მძიმეა, ისინი საჭიროებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, თითოეული ორი ათასი ლარის ოდენობით. საქმეში დაცული ე. კ-ის, ნ. კ-ის, ნ. ს-ის ახსნა-განმარტებების მიხედვით მოქალაქეები უარყოფენ მათი მდგომარეობის შემოწმებას და აღნიშნავენ, რომ მათი მდგომარეობის შესამოწმებლად გამგეობიდან არავინ ყოფილა მოსული, მათთვის უცნობი იყო ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ. გამგეობა შესაგებელში აღნიშნავდა, რომ სამსახურის უფროსი ლ. მ-ი პირადად შეხვდა მოხსენებით ბარათში აღნიშნულ პირებს და პირადად გაეცნო მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლოს მოწმის სახით არ მოუწვევია მოხსენებითი ბარათის ავტორი, პალატას არ მიუცია შეფასება მოქალაქეთა ახსნა-განმარტებებისათვის, არ მოუწვევია ისინი მოწმის სახით პროცესში. სააპელაციო სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქეთა განცხადებები დახმარების შესახებ საბურთალოს რაიონის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში რეგისტრირებულია 30.12.13წ., 14:07 საათიდან 14:25 საათამდე, ხოლო გამგეობის №45 სხდომა, რომელზედაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოქალაქეებისათვის დახმარების გაწევის შესახებ, დაიწყო 11:00 საათზე. გაურკვეველია რის საფუძველზე მოხდა ვ. გ-ას მიერ მოქალაქეების საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა და სარეკომენდაციო წერილის შედგენა, სააპელაციო პალატას არ გამოურკვევია რატომ მოხდა საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა და სარეკომენდაციო წერილის შედგენა მოქალაქეთა განცხადების რეგისტრაციამდე, ამასთანავე, მოქალაქეები თავიანთ ახსნა-განმარტებებში საერთოდ უარყოფენ საუბნო სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათი საყოფაცხოვრებო პირობების გადამოწმების ფაქტს. საკასაციო პალატა თვლის, რომ დავის კანონიერი გადაწყვეტის მიზნით, გამოკვლეული უნდა იქნას ყველა გარემოება, შეფასება უნდა მიეცეს ყველა მტკიცებულებას. აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ვალდებულება არ უკრძალავს ადმინისტრაციულ ორგანოს მოიპოვოს და წარუდგინოს სასამართლოს მტკიცებულებები საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა იწვევს სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას და საქმის გარემოებების გამოკვლევის, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას. აღნიშნულის მიუხედავად სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სადავო აქტი და გამგეობას დაევალა ვ. გ-ას სამსახურში აღდგენის შესახებ აქტის გამოცემა. სასამართლომ იმ გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რომლებიც მოყვანილია მოხსენებით ბარათში და საფუძვლად დაედო სადავო აქტის გამოცემას, გამგეობას დაავალა ვ. გ-ას სამსახურში აღდგენა. სააპელაციო სასამართლოს მითითება იმაზე, რომ ორი ინსტანციის სასამართლომ გამოიკვლია 15.09.14წ. №12/142581091-47 მოხსენებით ბარათში აღნიშნული ფაქტები, მოკლებულია რაიმე საფუძველს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობის მიღმა დარჩა მოხსენებით ბარათში მითითებული გარემოებები, მოხსენებით ბარათში აღნიშნული პრეტენზიების მართებულობის გარკვევა არც ადმინისტრაციულ ორგანოს დავალებია სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, გამგეობას სასკ-ის 33-ე მუხლის საფუძველზე დაევალა მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შესახებ აქტის გამოცემა. სადავო აქტის ფორმალური ასპექტების გამო გაუქმება საჭიროებდა მის ბათილად ცნობას სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, ფორმალურ კანონიერების დარღვევის არარსებობა საჭიროებდა სადავო აქტის მატერიალური კანონიერების გარკვევას, საამისოდ დავის ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, მათ სამართლებრივ შეფასებას.

გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას არ ასაბუთებს სააპელაციო პალატის მითითება სზაკ-ის 53.5 მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. რამდენადაა საქმის გარემოებები გამოკვლელი არის მატერიალური კანონიერების საკითხი, რომლის შესახებ სააპელაციო პალატას არ უმსჯელია.

არ დასტურდება აგრეთვე სააპელაციო პალატის მოსაზრება სადავო აქტის დაუსაბუთებლობის შესახებ. უდავოა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრია მის მიერ გამოცემული აქტის დასაბუთების ვალდებულება, რომელიც თვითკონტროლის ფუნქციას ასრულებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის, ხოლო აქტის ადრესატს აძლევს მისი კანონიერების შეფასების, აქტის გასაჩივრების შესაძლებლობას. აქტში მოყვანილი დასაბუთება აძლევს მას შესაძლებლობას გაიგოს რა ფაქტებზე და სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანომ, აღნიშნული თავის მხრივ აძლევს პირს შესაძლებლობას დაუპირისპიროს აქტში მოყვანილ არგუმენტებს თავისი მოსაზრებები. ზემოაღნიშნულთან ერთად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას სადავო აქტის დაუსაბუთებლობის შესახებ, სადავო აქტის ტექსტის შესაბამისად აქტი გამოცემულია საბურთალოს რაიონის გამგეობის ტერიტორიული ერთეულის – ვეძისი – ყაზბეგი –გოთუა – საბურთალოს ქუჩის უბნის სამსახურის უფროსის ლ. მ-ის 15.09.14წ. №12/142581091-47 მოხსენებითი ბარათის და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 99.3 მუხლის საფუძველზე. სადავო აქტში აღნიშნული მითითება იძლეოდა აქტის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გარკვევის და მაშასადამე მისი გასაჩივრების შესაძლებლობას, აღნიშნული თავის მხრივ ვალდებულს ხდიდა სასამართლოს ემსჯელა სამსახურის უფროსის მოხსენებით ბარათში მოყვანილ გარემოებებზე, გაერკვია მათი საფუძვლიანობა. მოხსენებით ბარათში აღნიშნულია მნიშვნელოვანი ხასიათის დარღვევები, რომელთა დადასტურების შემთხვევაში არსებობდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 99-ე მუხლის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ამდენად, დავის გადაწყვეტა საჭიროებდა მოხსენებით ბარათში მითითებული გარემოებების გარკვევას, რასაც ადგილი არ ჰქონია, არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია მოხსენებით ბარათში აღნიშნულ გარემოებაზე, არ დაუდგენია ამ მიმართებით რაიმე ფაქტობრივი გარემოებები.

საკასაციო პალატამ სადავო აქტი ბათილად ცნო ვ. გ-ას სამსახურებრვი უფლებამოსილების გარკვევის გარეშე. გასაჩივრებულ განჩინებას არ ასაბუთებს სააპელაციო პალატის მითითება იმაზე, რომ ვ. გ-ა არ არის გამგეობის წევრი, გადაწყვეტილებას იღებს არა საბურთალოს რაიონის ტერიტორიული ერთეულის საუბნო სამსახურის მთავარი სპეციალისტი ვ. გ-ა, არამედ ადმინისტრაციული ორგანო – გამგეობა, საკითხის კოლეგიური წესით და ზეპირი მოსმენის გზით განხილვის შედეგად. ქ. თბილისის მერიის 28.02.13წ. №11 ბრძანებით დამტკიცებული „ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის დებულების“ თანახმად სოციალურ სფეროში გემგეობის კომპეტენციას განეკუთვნება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის მონიტორინგი, ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი (მე-10 მუხ. „ა“ ქვეპუნქტი), აპარატის ძირითადი ამოცანაა გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო, ტექნიკური, იურიდიული და ორგანიზაციული უზრუნველყოფა (მე-17 მუხ.), გამგეობისათვის წინადადებების მომზადება (მე-18 მუხ.), სამსახური ახორციელებს საბურთალოს რაიონის ტერიტორიულ ერთეულში – ვეძისი – ყაზბეგი – გოთუა – საბურთალოს ქუჩის უბანში გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფას (51-ე მუხ.), საჭიროების შემთხვევაში გამგეობის სხდომისათვის წინადადებების მომზადებას. ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის დებულების 8.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად გამგეობის უფლებამოსილებებს განეკუთვნება სოციალური მომსახურების ორგანიზება. „საბურთალოს რაიონის ტერიტორიული ერთეულის – ვეძისი – ყაზბეგი –გოთუა – საბურთალოს ქუჩის სამსახურის (განყოფილების) თანამშრომელთა შორის ფუნქციების განაწილების შესახებ“ ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის 01.03.13წ. №52 განკარგულებით ... ვ. გ-ას ევალებოდა სამსახურში შემოსული სხვადასხვა სოციალური დახმარების შესახებ მოქალაქეთა განცხადებების შესწავლა, დოკუმენტაციის შემოწმება და პასუხის მომზადება, უბნის ტერიტორიაზე გამგეობის და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ კონტროლი, სხვადასხვა სახის რეკომენდაციების შემუშავება და დარგის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით გამგებლისათვის წარდგენა, საჭიროების შემთხვევაში მომზადება წინადადებების გამგეობის სხდომაზე განსახილველად (ქ.1., ს.ფ. 22). ამდენად, უფროს სპეციალისტს ვ. გ-ას ევალებოდა საკითხის შესწავლის შედეგად ობიექტური, კვალიფიციური დასკვნების (რეკომენდაციების) მომზადება, სწორედ აპარატის მუშაკების მიერ მომზადებულ მასალებს ემყარება კოლეგიური ორგანოს – გამგეობის გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კოლეგიური ორგანო თანხის გადარიცხვაზე გადაწყვეტილებას იღებს მოკვლეული მასალებისა და შემსრულებლის მიერ წარდგენილი სარეკომენდაციო წერილის საფუძველზე, ხოლო საჯარო მოხელე ვალდებულია იმოქმედოს ობიექტურად და კომპეტენტურად, აღნიშნული არის მისი არა უფლება, არამედ ვალდებულება. ამდენად, ის გარემოება, რომ ქ. თბილისის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 30.12.13წ. №45.3.757 დადგენილების მიღებაში უშუალოდ არ იღებდა მონაწილებას ვ. გ-ა არ ადასტურებს გამგებლის 15.09.14წ. №63 ბრძანების უკანონობას.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 93-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირი შეიძლება განთავისუფლდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც სამსახურებრივი მოვალეობების უხეშად დარღვევის შემთხვევაში. 15.09.14წ. მოხსენებით ბარათში აღნიშნულია მძიმე ხასიათის დარღვევები, მათი დადასტურების შემთხვევაში 99.3 მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება არ არის გამორიცხული. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს იმ გარემოებაზე მითითება, რომ სადავო აქტის გამოცემამდე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ვ. გ-ას მიმართ გამოყენებული არ ყოფილა, არ ადასტურებს სადავო აქტის უკანონობას, გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის არაადექვატურობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა ანუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. ამდენად, სახეზეა სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების პირობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინრე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2015წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი