Facebook Twitter

¹425აპ-09 ქ. თბილისი

29 ოქტომბერი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

წალკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 იანვრის განაჩენით ვ. გ-ვი, _ დაბადებული .... წლის ........, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტითა და 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა თაღლითობა და მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ. თბილისში, .......... ქ. ¹66-ში მცხოვრებმა დ. მ-ამ მამამისის _ ი. შ-ის კუთვნილი, წალკის რაიონის სოფელ .......... მდებარე ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი 2007 წლის 14 ივლისს ხელწერილით, მისახედად და მოსავლელად ჩააბარა ამავე სოფელში მცხოვრებ ვ. გ-ვს, რომელმაც გადაწყვიტა, დაეშალა მისთვის მიბარებული სახლი და მიეთვისებინა სამშენებლო მასალები.

განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, 2008 წლის ოქტომბერში, რიცხვი დაუდგენელია, ვ. გ-მა დაშალა აღნიშნული სახლი, რომლის კარ-ფანჯარაც და სხვა ხის მასალა გამოიყენა შეშად, ხოლო დანარჩენი მიჰყიდა სხვადასხვა პირს, რომლებიც დაარწმუნა, რომ სახლი ნაყიდი ჰქონდა და მას ეკუთვნოდა. ამ გზით მან შეცდომაში შეიყვანა წალკის რაიონის სოფელ .......... მცხოვრები ლ. ხ-ნი, რომელსაც 390 ლარად მიჰყიდა დ. მ-ას სახლის სახურავიდან მოხსნილი 12 ე.წ. „სტრაფილი» და ამდენივე კოჭი;

იმავე თვეში, რიცხვი დაუდგენელია, ვ. გ-მა შეცდომაში შეიყვანა წალკის რაიონის სოფელ ........ მცხოვრები ჯ- ა-ვი, მოატყუა, რომ სახლი იყიდა დ. მ-საგან 400 ლარად და მიჰყიდა დ. მ-ას საქონლის სადგომის 150 სამშენებლო ბლოკი, ღირებული 60 ლარად;

მანვე, 2008 წლის ოქტომბერში შეცდომაში შეიყვანა იმავე სოფელში მცხოვრები ნ. გ-ვა და მიჰყიდა დ. მ-ას სახლის იატაკიდან მოხსნილი 32 ფიცარი, ღირებული 90 ლარად;

იმავე თვეში ვ. გ-მა მოატყუა კ. A-ვი და მიჰყიდა დ. მ-ას საქონლის სადგომის სახურავიდან მოხსნილი 7 შიფერი, ღირებული 35 ლარად.

აღნიშნული ქმედებისათვის ვ. გ-ვს განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლის ვადით; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 3 ათასი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; ასევე _ დაეკისრა 2 ათასი ლარის გადახდა სამოქალაქო მოსარჩელე დ. მ-ას სასარგებლოდ.

მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 3 დეკემბრიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ. გ-მა და მოითხოვა გამართლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 მარტის განაჩენით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებული ვ. გ-ვი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმის გათვალისწინებით, რომ სრულად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რაც აღნიშნა კიდეც, მაგრამ არსად დაფიქსირდა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეშია არაერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელთა საფუძველზე ფაქტობრივი გარემოებები ობიექტურად დადგინდა და გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებულია. ამასთან, არასწორადაა გამოყენებული მატერიალური კანონი, კერძოდ:

ვ. გ-ვი სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით მსჯავრდებულია იმის გამო, რომ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული ნივთები მიჰყიდა სხვადასხვა პირს, რომლებიც მოატყუა, რომ ნივთები მას ეკუთვნოდა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დამნაშავის მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის გასაღება თაღლითობის შემადგენლობას არ იძლევა. ეს ქმედება არც სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენს, თუ ნივთი არ არის ბრუნვიდან ამოღებული. მოცემულ შემთხვევაში ვ. გ-ის ყველა ქმედებას მთლიანად მოიცავს სსკ-ის 182-ე მუხლი, რომლითაც იგი მსჯავრდებულია, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი და თაღლითობის ბრალდების ნაწილში ვ. გ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა. შესაბამისად, უნდა შემცირდეს სასჯელის ზომაც.

გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ არასწორად გადაწყვიტა ნივთმტკიცებად ცნობილი სამშენებლო მასალების საკითხი, რომლებიც სსსკ-ის 124-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს და არა მათ შემძენ პირებს.

ვინაიდან სათანადოდ არ დადგენილა დაზარალებულის კუთვნილი და ამოღებული ნივთების ფასი, რომლებიც მას უნდა დაუბრუნდეს, შეუძლებელია თანხის იმ ოდენობის განსაზღვრა, რაც სამოქალაქო სარჩელის საფუძველზე გადასახდელად უნდა დაეკისროს მსჯავრდებულს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენი უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად გადაეცეს წალკის რაიონულ სასამართლოს.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განაჩენიდან ამოირიცხოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ეპიზოდში ვალი გეიდაროვის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა;

ვ. გ-ვს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

ვ. გ-ვს დამატებით სასჯელად განსაზღვრული ჯარიმა _ 3000 (სამი ათასი) ლარი შეუმცირდეს 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ დაეკისროს 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

ნივთმტკიცებები _ 150 სამშენებლო ბლოკი, 7 შიფერი, 12 ე.წ. «სტრაფილი», ხის 12 კოჭი და იატაკის 32 ფიცარი _ დაუბრუნდეს დაზარალებულ დილარა მირზოევას;

სააპელაციო პალატის განაჩენი ვ. გ-ის მიმართ გაუქმდეს სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად გადაეცეს წალკის რაიონულ სასამართლოს.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.