Facebook Twitter

№ბს-841-833(კ-15) 19 მაისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - ლაშა აფციაური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „…“

წარმომადგენელი - ს. ნ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 7 ივლისს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მის კუთვნილ ტერმინალში 2014 წლის 11 აპრილს შეტანილ იქნა ავტომობილებით დატვირთული კონტეინერები. 2014 წლის 12 აპრილს მოსარჩელემ, როგორც ტვირთმიმღებების წარმომადგენელმა, გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთს“ აღნიშნული ავტომანქანების ზოგადი დეკლარირების მიზნით წერილობით მიმართა და წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. იმის გამო, რომ მიმართვას არ მოჰყვა არანაირი რეაგირება, მოსარჩელემ წერილობით მიმართა გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ უფროსს და საბაჟო დეპარტამენტის უფროსს და მოითხოვა ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შესრლებულიყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო პროცედურები. აღნიშნულის პასუხად საბაჟო დეპარტამენტმა მოითხოვა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფ კონტეინერებით გადაადგილებულ სატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გატარების მიზნით მათი წარდგენა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში. მოსარჩელე არ ეთანხმებოდა რა საბაჟო დეპარტამენტის პოზიციას, 2014 წლის 8 მაისს შესაბამისი საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, თუმცა უშედეგოდ, საჩივარზე არანაირი პასუხი მოსარჩელეს არ მიუღია.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურმა მისდამი დაქვემდებარებული შესაბამისი სამსახურების მეშვეობით უნდა შეასრულოს კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობა, კერძოდ, განახორციელოს შპს „...“ საწყობში განთავსებულ კონტეინერში ჩატვირთულ ავტომანქანებზე შესაბამისი საბაჟო პროცედურები ამ კონტეინერის სხვა პირის საწყობში წარდგენის გარეშე.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხე (მისადმი დაქვემდებარებული სამსახურების - გეზის და საბაჟო ორგანოს მეშვეობით) უარს აცხადებს რა კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე, მოითხოვს ავტომანქანებით დატვირთული კონტეინერების გეზ-ში წარდგენას და იქვე აიძულებენ მათ აღნიშნული კონტეინერების შპს „ი...“ საწყობში შეტანას. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი მომსახურებაში (იგივე მომსახურებაში, რასაც ახორციელებს ნებისმიერი სხვა საწყობი, მათ შორის, მოსარჩელე და რომელსაც იგი 2011 წლამდე წარმატებით ახორციელებდა) ერთ ავტომანქანაზე ითხოვს 70 ლარის გადახდას. მოპასუხე ამ ქმედებით შპს „ი...“ აყენებს უპირატეს მდგომარეობაში სხვა მსგავსი ტიპის საქმიანობით დაკავებულ საწარმოებთან მიმართებაში (შპს „ი...“ და მოსარჩელეს, ისევე, როგორც ფოთში არსებულ რამოდენიმე ტერმინალს გააჩნიათ აბსოლუტურად იდენტური საწყობის სანებართვო მოწმობა) და უქმნის მას მონოპოლიურ მდგომარეობას (ფაქტობრივად გამორიცხავს ავტომანქანებით დატვირთული კონტეინერებს სხვა საწყობში შესვლას, ხოლო შესვლის შემთხვევაში იძულებულს ხდის პირს, ეს კონტეინერები გადატანილ იქნეს შპს „ი...“ საწყობში).

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხისათვის (მისადმი დაქვემდებარებული სამსახურების - გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ და საბაჟო დეპარტამენტის მეშვეობით) შპს „...“ საწყობში განთავსებულ №... კონტეინერში ჩატვირთულ ავტომანქანებზე, ამ კონტეინერის შპს „ი...“ საწყობში წარდგენის გარეშე, შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის კუთვნილ ტერმინალში (მდებარე - ფოთი, ... №1, საწყობის სანებართვო მოწმობა №...) 2014 წლის 11 აპრილს შეტანილ იქნა ავტომობილებით დატვირთული ორი კონტეინერი: №... და №...).

2014 წლის 12 აპრილს მოსარჩელემ, როგორც ტვირთმიმღებების წარმომადგენელმა, გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთს“ აღნიშნული ავტომანქანების ზოგადი დეკლარირების მიზნით წერილობით მიმართა და წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. იმის გამო, რომ ამ მიმართვას არ მოჰყვა რეაგირება, მოსარჩელემ 2014 წლის 16 აპრილს კვლავ წერილობით მიმართა გაფორმების ეკონომიკური ზონა ფოთის უფროსს და საბაჟო დეპარტამენტის უფროსს და მოითხოვა ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შესრულებულიყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო პროცედურები. აღნიშნული წერილით ასევე დაისვა კითხვა - შეეძლო თუ არა მოსარჩელეს, გაეხსნა კონტეინერები ავტომანქანების გადმოსატვირთად. მოსარჩელის 2014 წლის 16 აპრილის წერილის პასუხად შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა 2014 წლის 17 აპრილის №21-10-17/2659 წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ კონტეინერით გადაადგილებულ სატრანსპორტო საშუალებებზე მოთხოვნილ პროცედურებზე მიმდინარე წლის 4 აპრილს მიეცათ განმარტება საბაჟო დეპარტამენტის წერილით. აქვე აცნობა, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნულ წერილში მითითებულ კონტეინერებში განთავსებულ ავტომანქანებზე საბაჟო პროცედურები არ განხორციელებულა - ისინი იმყოფებიან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, გულისხმობს შემოსავლების სამსახურის მიერ გასატერებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, მათ შორის, ზოგად დეკლარირებასაც. ამავდროულად, საქონლის მიმართ არ განხორცილებულა საბაჟო კონტროლის პროცედურები. ზემოთქმულიდან გამომდინარე საბაჟო დეპარტამენტმა მოითხოვა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი კონტეინერებით გადაადგილებულ სატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გატარების მიზნით მათი წარდგენა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში.

მოსარჩელემ ავტომანქანებით დატვირთული ერთი კონტეინერი №... გადაიტანა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში; კონტეინერში განთავსებული ავტომანქანების მფლობელების მიერ შპს „ი...“ სასარგებლოდ სატერმინალო მომსახურებისათვის გადახდილ იქნა თითოეულ ავტომანქანაზე 70 ლარი.

დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2014 წლის 8 მაისს და 2014 წლის 17 ივნისს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, რაზეც მას პასუხი არ მიუღია.

საბაჟო დეპარტამენტის 2014 წლის 4 აპრილის №21-10-17/22571 წერილის მიხედვით: საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი კონტეინერებით გადაადგილებული ავტომობილების ზოგადი დეკლარირებისათვის, დოკუმენტების წარდგენასთან ერთად საჭიროა კონტეინერის გახსნა, ავტომობილის იდენტიფიცირება და დადგენილი წესით აღრიცხვა (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტორიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით), ავტომობილში არსებულ საქონელზე შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელება, რისი შესრულებაც ფოთში საბაჟო გამშვები პუნქტის ან თუნდაც ნავსადგურის ტერიტორიაზე შეუძლებელია. შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ხოლო გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილების დანიშნულებით სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომეკლატურის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტორიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 8 ივლისის №32960 ბრძანებით მოსარჩელის საჩივარი, რომელიც შეეხებოდა მოსარჩელის კუთვნილ საბაჟო საწყობში განთავსებულ კონტეინერში ჩატვირთულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო პროცედურების განხორციელებას ამ კონტეინერის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში წარდგენის გარეშე, არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ გეზ „ფოთი“ განთავსებულია ფოთის ნავსადგურის მახლობლად, სადაც შპს „ი...“ ტერიტორია უსასყიდლოდ უზუფრუქტით არის დატვირთული მის სასარგებლოდ. მოპასუხის განმარტებით, საბაჟო პროცედურების განსახორციელებლად საჭიროა შესაბამისი ტერიტორია და ინფრასტრუქტურა, ამ მიზნით ნაწილობრივ გამოიყენება შპს „ი...“ ტერიტორიაც, რომელიც ემიჯნება ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონას.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კოდექსის და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო გამშვები პუნქტი არის საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი პროცედურები; ამავე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობა – შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა; ამავე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქონლის წარდგენა – შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ადგილზე საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; „ტ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, საბაჟო კონტროლი – შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა; „ღ“ ქვეპუნქტის თანახმად, ზოგადი დეკლარირება – საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენა, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე, ხოლო მიზნობრივი დანიშნულებით გაფორმებისას – საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მიზნობრივი დანიშნულების დასრულებამდე. მე-3 ნაწილის მიხედვით კი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე ან შემოტანილი საქონლის წარდგენისას ხორციელდება ზოგადი დეკლარირება.

მოცემული ნორმების განმარტების შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით, ამასთან, საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი, რაც შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობაა, რომლის მიზანი საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვაა, ამ მიზნით კი სავალდებულოა საქონლის წარდგენა, რაც თავის მხრივ, შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ადგილზე საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებულია „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქცია, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით. ეს ვალდებულებები არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შეიძლება გადაადგილდეს ნებისმიერი სახის საქონელი, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის. ამავე ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ხოლო გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული ან საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოს დანიშნულებით სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვისას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზოგადი დეკლარირება ნიშნავს საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენას, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის. მე-4 პუნქტის თანახმად კი, ზოგად დეკლარირებას ახორციელებს: ა) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი ან საქონლის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირი; ბ) საქონლის მესაკუთრე ან მისი წარმომადგენელი.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქონლის საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენის წესს არეგულირებს ინსტრუქციის მე-2 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონელი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმების დასრულების მომენტიდან, ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის წარდგენა ხდება საბაჟო გამშვები პუნქტის გარდა სხვა ადგილებში საქონლის შემოტანისას – საგადასახადო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო გამშვები პუნქტი, საბაჟო ტერმინალი, საბაჟო საწყობი, გაფორმების ეკონომიკური ზონა, საბაჟო კონტროლის სხვა ზონა ან საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) საქონლის ფაქტობრივი განთავსებით.

ზემოაღნიშნულ ნორმებზე მითითებით საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით მხოლოდ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგად დეკლარირებას ითვალისწინებს, ვინაიდან ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტებით ცალსახად არის განსაზღვრული, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან საქონელი ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და სავალდებულოა მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით, ანუ საბაჟო ზედამხედველობის უზრუნველყოფა ხდება არა მხოლოდ საქონლის ზოგადი დეკლარირებით, არამედ საქონლის წარდგენით საბაჟო გამშვები პუნქტში ან სხვა ადგილებში საქონლის შემოტანისას – საგადასახადო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო გამშვები პუნქტი, საბაჟო ტერმინალი, საბაჟო საწყობი, გაფორმების ეკონომიკური ზონა, საბაჟო კონტროლის სხვა ზონა ან საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) საქონლის ფაქტობრივი განთავსებით. ამასთან, საქონლის წარდგენა ხდება საგადასახადო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში.

რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას, რომ კონტეინერის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში წარდგენის შემთხვევაში მას უწევს კონტეინერის შპს „ი...“ საწყობში შეტანა, რასაც მოჰყვება დამატებითი ხარჯის გაღება, რაც ასევე „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევას წარმოადგენს, აღნიშნულის მიზეზად კი მოწინააღმდეგე მხარე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „ი...“ კუთვნილი ტერიტორია დატვირთულია უზუფრუქტით გეზ „ფოთის“ სასარგებლოდ, სასამართლოს მოსაზრებით, წარმოადგენს სხვა დავის წარმოების საფუძველს.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა გაფორმების ეკონომიკური ზონა ფოთის მეშვეობით შპს „...“ საწყობში განთავსებულ „...“ კონტეინერში ჩატვირთულ ავტომანქანებზე შესაბამისი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და დამატებით აღნიშნა, რომ სსიპ კონკურენციის სააგენტოს ქ. თბილისის 2015 წლის 30 მარტის №40 ბრძანებით დადგინდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა დარღვევის ფაქტები. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საავტომობილო-საკონტეინერო მომსახურების ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტებისათვის თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნის მიზნით, უზრუნველყოს ამ ბრძანებით დადგენილი დარღვევის ფაქტების აღმოფხვრა და მისი ქმედების „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 231-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საბაჟო საწყობი წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას. ამასთან, საწყობის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, საბაჟო საწყობი/საბაჟო ტერმინალში/შენახვის სხვა ადგილზე შენახულ იქნეს უცხოური საქონელი სატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე, ასევე, საქართველოს საქონელი, თუ საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვის მიზანია მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, რისთვისაც შემოსავლების სამსახური, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გასცემს შესაბამის ნებართვას. საქმის მასალების თანახმად, შპს „...“ ფლობს საბაჟო საწყობის სანებართვო მოწმობას და იგი უფლებამოსილია განახორციელოს სასაწყობო საქმიანობა. ამასთან, იგი ვალდებულია შეასრულოს „საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებით) მე-7 მუხლით განსაზღვრული პირობები, მათ შორისაა - ხელი არ შეუშალოს სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას, ასევე, საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უსასყიდლოდ გამოუყოს კონტროლის პროცედურებისათვის აუცილებელი სათავსო, მოწყობილობები და კავშირგაბმულობის საშუალებები.

დავის კანონიერად გადაწყვეტის მიზნით, სააპელაციო სასამართლომ აუცილებლად მიიჩნია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების მიმოხილვა და იმის დადგენა, შესაძლებელია თუ არა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი კონტეინერით გადაადგილებულ სატრანსპორტო საშუალებებზე, საბაჟო პროცედურების განხორციელება იურიდიული პირის საბაჟო საწყობში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „თ“, „ს“, „ნ“, „ტ“ და „ღ“ ქვეპუნქტებზე, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე, ამავე ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტებზე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაცია, რომ ზოგადი დეკლარირებისათვის აუცილებელია საქონლის უშუალოდ წარდგენა საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრული (შერჩეული) კონტროლის ზონაში და მიუთითა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის მე-4 მუხლზე (სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი), რომლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ზოგადი დეკლარირება ხორციელდება ელექტრონულად ან წერილობით; საქონლის შემოტანისას ზოგადი დეკლარირება ხორციელდება ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტის წარდგენით: ა) სატრანსპორტო დოკუმენტი: ა.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი; ა.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი; ა.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები; ა.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები; ბ) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულების ან ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისი), ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტის დედანი ან ასლი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ზოგადი დეკლარირებისათვის აუცილებელი არ იყო (არც მოქმედი ნორმები შეიცავს ასეთ დანაწესს) „საგადასახადო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე საქონლის ფაქტობრივი განთავსება“ და ზოგადი დეკლარირებისათვის საკმარისი იყო დადგენილი დოკუმენტის წარდგენა ადმინისტრაციული ორგანოსათვის. სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა 2014 წლის 13 მაისის ნორმატიულ ცვლილებებზე, რომლის საფუძველზეც, ინსტრუქციის მე-4 მუხლს დაემატა 21 ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, საბაჟო საწყობში წარდგენილი, კონტეინერით გადაადგილებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს საგადასახადო ორგანოსათვის შესაბამისი საბაჟო საწყობის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე ელექტრონულად მიწოდებული ინფორმაციის გამოყენებით. ამ ნორმის საფუძველზე კი ნათელია, რომ ზოგადი დეკლარირების განხორციელება საბაჟო საწყობს შეუძლია ელექტრონულად მიწოდებული შესაბამისი ინფორმაციის გამოყენებით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-3 ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ზოგადი დეკლარირებისათვის საქონლის ფაქტობრივი განთავსება მოითხოვება იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს საქონლის სატრანსპორტო დოკუმენტი ან ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა, ვინაიდან ამავე ნორმის თანახმად, ასეთ შემთხვევაში, საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის/ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ზოგადი დეკლარირება გულისხმობს განსაბაჟებელ საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენას, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის. საბაჟო ზედამხედველობა წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა; ხოლო საბაჟო კონტროლი – შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებებია, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე ადმინისტრაციული ორგანოს აპელირება იმ ნაწილში, რომ საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი კონტეინერებით გადაადგილებული ავტომობილების ზოგადი დეკლარირებისათვის დოკუმენტების წარდგენასთან ერთად საჭიროა კონტეინერის გახსნა, ავტომობილის იდენტიფიცირება და დადგენილი წესით აღრიცხვა, თუმცა აქვე განმარტა, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოქმედების შესრულება, ასევე ავტომობილში არსებულ საქონელზე შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელება, აუცილებელია საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ზოგადი დეკლარირების საფუძველზე წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით, საბაჟო კონტროლის განხორციელება საბაჟო კონტროლის ზონის ნებისმიერ ადგილას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ ან შემოტანამდე საქონელი ექვემდებარება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საბაჟო ტერმინალში ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ ადგილზე გაფორმებას. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე საქონელი ექვემდებარება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საბაჟო ტერმინალში ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ ადგილზე გაფორმებას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქონლის საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენის წესს უშუალოდ არეგულირებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის მე-2 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონელი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმების დასრულების მომენტიდან, ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის წარდგენა ხდება საბაჟო გამშვები პუნქტის გარდა სხვა ადგილებში საქონლის შემოტანისას – საგადასახადო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო გამშვები პუნქტი, საბაჟო ტერმინალი, საბაჟო საწყობი, გაფორმების ეკონომიკური ზონა, საბაჟო კონტროლის სხვა ზონა ან საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) საქონლის ფაქტობრივი განთავსებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის წარდგენა ხდება: ა) საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებით; ბ) საბაჟო გამშვები პუნქტის გარდა სხვა ადგილის გავლით საქონლის გატანისას, საგადასახადო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე საქონლის ფაქტობრივი განთავსებით.

მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადად, საბაჟო კონტროლი შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟო კონტროლის ზონაში შემავალ ნებისმიერ ადგილზე (საბაჟო კონტროლის ზონას განეკუთვნება აპელანტის საბაჟო საწყობი), თუმცა კონკრეტული ადგილი განსაზღვრული უნდა იქნეს საგადასახადო ორგანოს მიერ, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას, სადაც დასაბუთდება შერჩეული საბაჟო კონტროლის ზონის ადგილის უპირატესობა. სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ უფლებამოსილი ორგანოების მიერ ფოთის პორტის საბაჟო კონტროლის ზონაში ასეთი ადგილი კონკრეტულად განსაზღვრული არ არის. უფრო მეტიც, საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების (კონტეინერში მყოფი) წარმოდგენა ფოთის ეკონომიკური გაფორმების ზონაში, თუმცა რეალურად გეზ-ის თანამშრომლებმა, საბაჟო პროცედურების განხორციელების მიზნით, მოითხოვეს კონტეინერის შეტანა შპს „ი...“ საწყობში (რომელსაც გააჩნია ზუსტად ისეთივე სანებართვო მოწმობა, როგორიც შპს „...“). კონტეინერში განთავსებული ავტომანქანების მფლობელების მიერ, შპს „ი...“ სასარგებლოდ სატერმინალო მომსახურებისათვის გადახდილი იქნა თითოეულ მანქანაზე 70 ლარი. ამდენად, იმ ვითარებაში, როცა არ არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც დადგინდებოდა, თუ რატომ მიენიჭა უპირატესობა სასაწყობო ნებართვის მქონე კონკრეტულ იურიდიულ პირს, მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მითითება, რომ შპს „ი...“ ფოთის გეზ-ის მახლობლად მდებარეობს, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა.

ასევე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს შპს „...“ მიმართ არ წაუყენებია დამატებითი მოთხოვნები კონტროლის პროცედურებისათვის აუცილებელი სათავსო, მოწყობილობებისა და კავშირგაბმულობის საშუალებების შესახებ და შესაბამისად, ადგილი არ ქონია შპს „...“ მხრიდან კანონით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებზე, ასევე, ამავე ბრძანების მე-3 მუხლზე და აღნიშნავს, რომ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან ექვემდებარება სახელმწიფო ზედამხედველობას და შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა საგადასახადო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში და ზოგადი დეკლალირება; ხოლო კანონმდებლობა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ზოგად დეკლარირებას დეკლარანტს ავალდებულებს განახორციელოს ან საბაჟო გამშვებ პუნქტში ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, რომელთაგან არცერთს არ განეკუთვნება შპს „...“ საწყობი.

კასატორის განმარტებით, საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი კონტეინერებით გადაადგილებული ავტომობილების ზოგადი დეკლარირებისას საბაჟო ორგანო ახორციელებს რა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებომოსილებას, ახდენს საქონლის ფიზიკურ დათვალიერებას (საბაჟო კონტროლის ერთერთი პროცედურა), რისთვისაც დოკუმენტების წარდგენასთან ერთად საჭიროა საქონლის ფიზიკური დათვალიერება, კერძოდ, კონტეინერების გახსნა, ავტომობილის იდენტიფიცირება და დადგენილი წესით აღრიცხვა, რისი განხორციელებაც ფოთში საბაჟო გამშვები პუნქტის ან თუნდაც ნავსადგურის ტერიტორიაზე შეუძლებელია, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. ამიტომ განისაზღვრა აღნიშნული საბაჟო პროცედურები საბაჟო გამშვები პუნქტის ნაცვლად ჩატარებულიყო გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“. კასატორი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 214-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მხრიდან ადგილი არ აქვს კანონშეუსაბამო ქმედებას.

ამასთან, კასატორის მითითებით, საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის წარდგენა ხდება: საბაჟო გამშვები პუნქტის გარდა სხვა ადგილებში საქონლის შემოტანისას – საგადასახადო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო გამშვები პუნქტი, საბაჟო ტერმინალი, საბაჟო საწყობი, გაფორმების ეკონომიკური ზონა, საბაჟო კონტროლის სხვა ზონა ან საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) საქონლის ფაქტობრივი განთავსებით. ამავე ინსტრუქციის მე-18 მუხლის მიხედვით კი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის გაფორმების ადგილი გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთისთვის“ არის ქ. ფოთი, ... ქუჩა №32.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელის კუთვნილ ტერმინალში (მდებარე - ქ. ფოთი, ... №1, საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობა №...) 2014 წლის 11 აპრილს შეტანილ იქნა ავტომობილებით დატვირთული ორი კონტეინერი: №... და №.... 2014 წლის 12 აპრილს მოსარჩელემ, როგორც ტვირთმიმღებების წარმომადგენელმა, აღნიშნული ავტომანქანების ზოგადი დეკლარირების მიზნით წერილობით მიმართა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთს“ და წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. იმის გამო, რომ ამ მიმართვას არ მოჰყვა რეაგირება, მოსარჩელემ 2014 წლის 16 აპრილს კვლავ წერილობით მიმართა გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ უფროსს და საბაჟო დეპარტამენტის უფროსს და მოითხოვა ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შესრულებულიყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო პროცედურები. აღნიშნული წერილით ასევე დაისვა კითხვა - შეეძლო თუ არა მოსარჩელეს გაეხსნა კონტეინერები ავტომანქანების გადმოსატვირთად. მოსარჩელის 2014 წლის 16 აპრილის წერილის პასუხად, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა 2014 წლის 17 აპრილის №21-10-17/2659 წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ კონტეინერით გადაადგილებულ სატრანსპორტო საშუალებებზე მოთხოვნილ პროცედურებზე მიმდინარე წლის 4 აპრილს მიეცათ განმარტება საბაჟო დეპარტამენტის წერილით. მოსარჩელეს აქვე ეცნობა, რომ ვინაიდან წერილში მითითებულ კონტეინერებში განთავსებულ ავტომანქანებზე საბაჟო პროცედურები არ განხორციელებულა - ისინი იმყოფებიან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ, რაც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, გულისხმობს შემოსავლების სამსახურის მიერ გასატერებელ ღონისძიებათა ერთობილობას, მათ შორის, ზოგად დეკლარირებასაც. ამავდროულად, საქონლის მიმართ არ განხორციელებულა საბაჟო კონტროლის პროცედურები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო დეპარტამენტმა მოითხოვა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი კონტეინერებით გადაადგილებულ სატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გატარების მიზნით მათი წარდგენა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში.

დადგენილია, რომ მოსარჩელემ ავტომანქანებით დატვირთული ერთი კონტეინერი №... გადაიტანა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში; ხოლო კონტეინერში განთავსებული ავტომანქანების მფლობელების მიერ შპს „ი...“ სასარგებლოდ სატერმინალო მომსახურებისათვის გადახდილ იქნა თითოეულ ავტომანქანაზე 70 ლარი.

ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2014 წლის 8 მაისს და 2014 წლის 17 ივნისს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, რაზეც მას პასუხი არ მიუღია.

ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის 2014 წლის 4 აპრილის №21-10-17/22571 წერილის თანახმად, საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი კონტეინერებით გადაადგილებული ავტომობილების ზოგადი დეკლარირებისათვის, დოკუმენტების წარდგენასთან ერთად საჭიროა კონტეინერის გახსნა, ავტომობილის იდენტიფიცირება და დადგენილი წესით აღრიცხვა (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტორიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით), ავტომობილში არსებულ საქონელზე შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელება, რისი შესრულებაც ფოთში საბაჟო გამშვები პუნქტის ან თუნდაც ნავსადგურის ტერიტორიაზე შეუძლებელია. შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ხოლო გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილების დანიშნულებით სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომეკლატურის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტორიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 8 ივლისის №32960 ბრძანებით მოსარჩელის საჩივარი, რომელიც შეეხებოდა მოსარჩელის კუთვნილ საბაჟო საწყობში განთავსებულ კონტეინერში ჩატვირთულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო პროცედურების განხორციელებას ამ კონტეინერის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში წარდგენის გარეშე, არ დაკმაყოფილდა.

ამასთან, დადგენილია, რომ სსიპ კონკურენციის სააგენტოს ქ. თბილისის 2015 წლის 30 მარტის №40 ბრძანებით დადგინდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა დარღვევის ფაქტები. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საავტომობილო-საკონტეინერო მომსახურების ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტებისათვის თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნის მიზნით, უზრუნველყოს ამ ბრძანებით დადგენილი დარღვევის ფაქტების აღმოფხვრა და მისი ქმედების „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე - შპს „...“ მოპასუხისათვის - სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის (მისადმი დაქვემდებარებული სამსახურების - გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ და საბაჟო დეპარტამენტის მეშვეობით) შპს „...“ საწყობში განთავსებულ №... კონტეინერში ჩატვირთულ ავტომანქანებზე, ამ კონტეინერის შპს „ი...“ საწყობში წარდგენის გარეშე, შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელების დავალებას მოითხოვს. მოცემული დავა გამოწვეულია სწორედ იმ გარემოებით, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობის მფლობელი - შპს „...“, რომელიც თავად ეწევა სასაწყობო საქმიანობას, იძულებული გახდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული კონტეინერით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებები შეეტანა შპს „ი...“ საწყობში (რომელსაც გააჩნია ზუსტად ისეთივე სანებართვო მოწმობა, როგორიც შპს „...“), სადაც კონტეინერში განთავსებული ავტომანქანების მფლობელების მიერ შპს „ი...“ სასარგებლოდ სატერმინალო მომსახურებისათვის თითოეულ ავტომანქანაზე გადახდილ იქნა 70 ლარი. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა არ გამოუწვევია საბაჟო დეპარტამენტის მოთხოვნას შპს „...“ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი კონტეინერით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებები წარედგინა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში. მართალია, შპს „...“ არ ეთანხმებოდა აღნიშნულ მოთხოვნას, მაგრამ მოსარჩელემ კონტეინერის მოცდენის თავიდან აცილებისა და ამ კონტეინერში განთავსებული ავტომანქანების მფლობელების ინტერესების გათვალისწინებით, საბაჟო პროცედურების განხორციელების მიზნით, ავტომანქანებით დატვირთული ერთი კონტეინერი №... გადაიტანა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, სადაც აღმოჩნდა, რომ საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული კონტეინერში ჩატვირთული სატრანსპორტო საშუალებები უნდა შეეტანა შპს „ი...“ საწყობში.

მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელის კანონიერ ინტერესს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურმა შპს „...“ საწყობში განთავსებულ №... კონტეინერში ჩატვირთულ ავტომანქანებზე შპს „ი...“ საწყობში წარდგენის გარეშე განახორციელოს შესაბამისი საბაჟო პროცედურები, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე თავად წარმოადგენს საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობის მფლობელ სუბიექტს. ამასთან, განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შპს „...“ მიერ შემდგომში სასაწყობო საქმიანობის განხორციელების კუთხითაც. სახეზე გვაქვს მოცემულობა, როდესაც მოსარჩელე იძულებული ხდება საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული კონტეინერით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებები შეიტანოს შპს „ი...“ საწყობში და აღნიშნული ავტომანქანების მფლობელებმა მის კონკურენტ შპს-ს გადაუხადონ საფასური ისეთივე მომსახურებაში, რასაც თვითონაც ახორციელებს.

განსახილველი დავის ფარგლებში, სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ერთობლიობაში მიმოხილვით, უნდა დადგინდეს კანონმდებლობა უშვებს თუ არა საბაჟო პროცედურების განხორციელების შესაძლებლობას გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსების გარეშე, კერძოდ, საბაჟო პროცედურების განხორციელებისას სავალდებულოა თუ არა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საქონლის ფიზიკურად წარდგენა. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი კონტეინერით გადაადგილებულ სატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო პროცედურების განხორციელება იურიდიული პირის საბაჟო საწყობში.

სადავო სამართალურთიერთობის შეფასებისას, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს თავად სასაწყობო საქმიანობის არსის განმარტებას. საბაჟო საწყობის საქმიანობა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. აღნიშნული ნებართვის მისაღებად კანონმდებლობით დადგენილია გარკვეული პირობები, მათ შორის სანებართვო მოსაკრებელი. საგადასახადო კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, საბაჟო საწყობი არის საბაჟო კონტროლის ზონა. საწყობი არის ადგილი, სადაც შესაძლებელია დასაწყობდეს საქართველოში შემოტანილი/გასატანი უცხოური საქონელი ან ექსპორტში მოქცეული საქართველოს საქონელი. კერძოდ, საწყობში შესაძლებელია: საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვა; იმ საქონლის დროებით შენახვა, რომლის მიმართაც განსაზღვრულია ან არ არის განსაზღვრული სასაქონლო ოპერაცია; საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით განთავსება.

საქმის მასალების თანახმად, შპს „...“ ფლობს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულ საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობას და იგი უფლებამოსილია განახორციელოს სასაწყობო საქმიანობა. ამასთან, იგი ვალდებული იყო შეესრულებინა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებით დამტკიცებული „საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ“ ინსტრუქციის მე-7 მუხლით განსაზღვრული პირობები, მათ შორის - ხელი არ შეეშალა სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის, ასევე, საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოსთვის უსასყიდლოდ გამოეყო კონტროლის პროცედურებისათვის აუცილებელი სათავსო, მოწყობილობები და კავშირგაბმულობის საშუალებები.

საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ ან შემოტანამდე საქონელი ექვემდებარება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საბაჟო ტერმინალში ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ ადგილზე გაფორმებას. ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა.

საქონლის საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენის წესს უშუალოდ არეგულირებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის მე-2 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონელი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმების დასრულების მომენტიდან, ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის წარდგენა ხდება საბაჟო გამშვები პუნქტის გარდა სხვა ადგილებში საქონლის შემოტანისას – საგადასახადო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო გამშვები პუნქტი, საბაჟო ტერმინალი, საბაჟო საწყობი, გაფორმების ეკონომიკური ზონა, საბაჟო კონტროლის სხვა ზონა ან საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) საქონლის ფაქტობრივი განთავსებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის წარდგენა ხდება: ა) საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებით; ბ) საბაჟო გამშვები პუნქტის გარდა სხვა ადგილის გავლით საქონლის გატანისას, საგადასახადო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე საქონლის ფაქტობრივი განთავსებით. ამასთან, ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი დეკლარირება ხორციელდება ელექტრონულად ან წერილობით. აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2014 წლის 29 სექტემბერს განხორციელებულ ნორმატიულ ცვლილებებზე, კერძოდ, ინსტრუქციის მე-4 მუხლს დაემატა 21 ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, საბაჟო საწყობში წარდგენილი, კონტეინერით გადაადგილებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს საგადასახადო ორგანოსათვის შესაბამისი საბაჟო საწყობის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე ელექტრონულად მიწოდებული ინფორმაციის გამოყენებით. ამდენად, აღნიშნული ნორმის მიხედვით, ზოგადი დეკლარირების განხორციელება საბაჟო საწყობს შეუძლია ელექტრონულად მიწოდებული შესაბამისი ინფორმაციის გამოყენებით. აღნიშნული საგამონაკლისო შემთხვევა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ზოგადი დეკლარირებისათვის საქონლის ფაქტობრივი განთავსება მოითხოვება იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს საქონლის სატრანსპორტო დოკუმენტი ან ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა, ვინაიდან ამავე ნორმის თანახმად, ასეთ შემთხვევაში, საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის/ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას.

ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით (http://www.rs.ge/Default.aspx?sec_id=4785&lang=1), შესაძლებელია ტვირთი გაფორმდეს ელექტრონულად, გაფორმების სამმართველოში მიუსვლელად შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე დოკუმენტების ატვირთვით, რა დროსაც შესაძლებელია მომსახურების საფასურის გადახდა ხელსაყრელ დროსა და ადგილზე. ამასთან, საწყობის ნებართვის მოქმედების პერიოდში, დასაწყობებული საქონლის შესახებ ელექტრონულად ატვირთული ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში ხელმისაწვდომი უნდა იყოს შემოსავლების სამსახურისათვის (http://www.rs.ge/4989).

ამდენად, ზოგადი წესის მიხედვით, საბაჟო ორგანოს, საბაჟო პროცედურების განხორციელების მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული სათანადო დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად ან წერილობით, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ საბაჟო კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფო ორგანოს ეზღუდება უფლებამოსილება საბაჟო პროცედურების სათანადოდ და კანონშესაბამისად განხორციელების მიზნით საქონლის ფაქტობრივი განთავსება მისთვის სასურველ ადგილას მოითხოვოს. იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდა კონტეინერის გახსნა, ავტომობილების იდენტიფიცირება და დადგენილი წესით აღრიცხვა, შემოსავლების სამსახური, მისი ფუნქციებიდან და საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე უფლებამოსილია მოითხოვოს საქონლის ფიზიკურად წარდგენა. თუმცა, ამგვარი მოთხოვნა უნდა უკავშირდებოდეს მხოლოდ საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების მიზნებს და არა რომელიმე იურიდიული პირისთვის უპირატესობის მინიჭებას. საბაჟო ორგანოს ამგვარი ქმედება დაუსაბუთებელ უპირატესობას არ უნდა ანიჭებდეს იდენტურ სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფ პირებს. საკასაციო სასამართლოს მითითებით, შემოსავლების სამსახურის ქმედებას კანონშეუსაბამო ხასიათს სწორედ ის გარემოება სძენს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეს საბაჟო პროცედურების განხორციელების მიზნით კონტეინერის შპს „ი...“ საწყობში შეტანა მოსთხოვა, რომელსაც გააჩნია შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ზუსტად ისეთივე სანებართვო მოწმობა, როგორიც მოსარჩელეს და საქმეზე არც მისი სამართლებრივი უპირატესობა დადასტურებულა შპს „...“ შედარებით. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შპს „ი...“ უპირატესობის მინიჭებას მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ის ფოთის გეზ-ის მახლობლად მდებარეობს.

ამასთან, იმ შემთხვევაში თუ საბაჟო პროცედურების განხორციელებისას დოკუმენტების წარდგენასთან ერთად საჭირო გახდა კონტეინერის გახსნა, ავტომობილების იდენტიფიცირება და დადგენილი წესით აღრიცხვა, შემოსავლების სამსახურს შესაძლებლობა ჰქონდა საჭირო პროცედურები განეხორციელებინა თავად შპს „...“ კუთვნილ საბაჟო საწყობში, რომელიც სათანადო ნებართვის საფუძველზე უფლებამოსილია განახორციელოს სასაწყობო საქმიანობა. ასევე დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურს შპს „...“ მიმართ არ წაუყენებია დამატებითი მოთხოვნები კონტროლის პროცედურებისათვის აუცილებელი სათავსო, მოწყობილობებისა და კავშირგაბმულობის საშუალებების შესახებ და შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია შპს „...“ მხრიდან კანონით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის უარი ქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს შპს „...“, შესაბამისად, მოპასუხეს შპს „...“ საწყობში განთავსებულ №... კონტეინერში ჩატვირთულ ავტომანქანებზე შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელება უნდა დაევალოს ამ კონტეინერის შპს „ი...“ წარდგენის გარეშე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

პ. სილაგაძე