Facebook Twitter

#ბს-91-90(კ-16) 11 მაისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 1 იანვარს ა. ლ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - ქ. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქ. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2015 წლის 8 აპრილის №1/კ-25 ბრძანების, რომლითაც ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ..., ა. ლ-ას მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელის ზომა - გაფრთხილება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, ბათილად ცნობა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქ. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2015 წლის 8 აპრილის №1/კ-25 ბრძანება ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ... ა. ლ-ას მიმართ დისციპლინური სახდელის - გაფრთხილების გამოყენების შესახებ; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს - ქ. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ა. ლ-ას სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქ. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით თანხის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება; ა. ლ-ას დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 2015 წლის 1 მაისს ლიბერთი ბანკში, საგადასახადო დავალება №6735239, სახელმწიფო ბაჟი შეტანილია ერთიან საბიუჯეტო ანგარიშზე, სახაზინო კოდი: №300183150, ბანკის კოდი TRESGE22).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება ქ. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2015 წლის 8 აპრილის №1/კ-25 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი