საქმე ბს-1376-1126 (კ-კს-04) 19 მაისი, 2016წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ც. ჟ-ის, ქ. მ-ისა და ნ. ყ-ის ნაწილში საკასაციო და კერძო საჩივრების განუხილველად დატოვების საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს ,,...’’ აქციონერებმა: ც. ჟ-მა, ქ. მ-მა, ნ. ყ-მა, მ. ბ-ემ, მ. გ-მა, ლ. ბ-მა, ი. ნ-მა, ვ. ქ-ემ, ა. მ-მა, ვ. ნ-ამ 25.06.2003წ. სარჩელით მიმართეს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის და მესამე პირის შპს ,,ს...’’ მიმართ და მოითხოვა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსის ქონების დაყადაღების შესახებ 15.01.2003წ. N60-07-01 შეტყობინების, ქონების დაყადაღების შესახებ 07.04.2003წ. N80-02 ბრძანების, 12.06.2003წ. აუქციონის ოქმის და 27.06.2003წ. გაცემული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სპეციალიზირებულ, ღია აუქციონზე შეძენილი ქონების N000002 სერთიფიკატის ბათილად ცნობა.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 20.11.2003წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ყადაღა დაედო თბილისში, ... ქ. №3-ში მდებარე შპს „ს...“ სახლზე რიცხული შენობის მე-5 და მე-6 სართულებს.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 19.03.2004წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მესამე პირის შპს ,,ს...’’ წარმომადგენლების განცხადება, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 20.11.2003წ. განჩინება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 15.03.2004წ. გადაწყვეტილებით ც. ჟ-ის, მ.ბ-ისა და სხვათა სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ც. ჟ-ის, მ.ბ-ისა და სხვათა მიერ.
პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის არაერთგზის განხილვის შედეგად, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 18.06.2004წ. განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 15.03.2004წ. გადაწყვეტილება.
მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს, ამავე სასამართლოს 18.06.2004წ. განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რის თაობაზეც თბილისის საოლქო სასამართლოს 04.11.2004წ. განჩინებით სს ,,...’’ აქციონერების განცხადება მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველი. მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს სს ,,...’’ აქციონერებმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს 18.06.2004წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სს ,,...’’ აქციონერების მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 16.05.2007წ. განჩინებით საქმეზე შეჩერდა საკასაციო წარმოება სს `...” სარჩელზე მოპასუხე თბილისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2011 წ. განჩინებით სს `...” აქციონერთა საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.
08.11.2011 წ. მ. ბ-ემ, მ. გ-მა, ლ. ბ-მა, ი. ნ-მა, ვ. ქ-ემ, ა. მ-მა და ვ. ნ-მა განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც სასარჩელო განცხადების გამოხმობა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2011 წ. განჩინებით მ. ბ-ის, მ. გ-ის, ლ. ბ-ის, ი. ნ-ის, ვ. ქ-ის, ა. მ-ისა და ვ. ნ-ის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებები, მ. ბ-ის, მ. გ-ის, ლ. ბ-ის, ი. ნ-ის, ვ. ქ-ის, ა. მ-ისა და ვ. ნ-ის სარჩელი დარჩა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.2012 წ. განჩინებით ც. ჟ-ის და ქ. მ-ის საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება გარდაცვლილი ც. ჟ-ისა და ქ. მ-ის საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ჟ-ის, ქ.მ-ისა და ნ. ყ-ის ნაწილში საკასაციო და კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის დადგენილი წესები.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორები ქ. მ-ი და ც. ჟ-ი გარდაცვლილები არიან, აღნიშნული გარემოების საფუძველზე სსკ 279-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 21.02.2012 წ. განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება მათი საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე.
საკასაციო სასამართლოს მიერ ქ. მ-ის და ც. ჟ-ის სავარაუდო უფლებამონაცვლეებს, ასევე ნ. ყ-ს არაერთხელ გაეგზავნა სასამართლო შეტყობინებები მხარეთა მიერ მითითებულ მისამართებზე, კერძოდ, 16.02.2012წ. (ტ.1.ს.ფ.129), 16.07.2012 (ტ.1. ს.ფ. 130), 16.09.14წ. (ტ.2. ს.ფ. 151, 155, 159, 161), თუმცა მათ შეტყობინებები არ ჩაბარდათ.
საკასაციო სასამართლოს 24.10.2014წ. განჩინებით „სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ“ ნ. ყ-ს ეცნობა, რომ სს „...“ აქციონერთა საქმესთან დაკავშირებით სასამართლოსთვის არ არის ცნობილი მისი პოზიცია და დაევალა 5 დღის ვადაში წერილობითი პოზიციის წარმოდგენა საკასაციო სასამართლოსთვის, მასვე განემარტა მითითებული დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მის ნაწილში საკასაციო და კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს 24.10.2014წ. განჩინებით „სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ“ ქ. მ-ისა და ც. ჟ-ის სავარაუდო უფლებამონაცვლეებს დაევალათ 5 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოსათვის სამკვიდრო მოწმობის ან მემკვიდრეობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, მათვე განემარტათ მითითებული დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ქ. მ-ისა და ც. ჟ-ის ნაწილში საკასაციო და კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
სსკ-ის 275-ე მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვოს სარჩელი, თუ არსებობს ამავე კოდექსის 281-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. სსკ-ის 281-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მხარის გარდაცვალების შემთხვევაში საქმის წარმოების შეჩერების ვადად განსაზღვრულია გონივრული ვადა, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის გასვლა იწვევს სარჩელის განუხილველად დატოვებას. კასატორების სავარაუდო საპროცესო უფლებამონაცვლეებს გაეგზავნათ მიმართვა მათი საპროცესო უფლებამონაცვლის შესახებ ინფორმაციის მოწოდების მოთხოვნით, აღნიშნული მიმართვა (სსკ-ის 78-ე მუხლის საფუძველზე) განთავსდა ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე (www.supremecourt.ge) თუმცა უშედეგოდ, შესაბამის პირებს სასამართლოსათვის არ მოუმართავთ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა ქ. მ-ისა და ც. ჟ-ის საკასაციო და კერძო საჩივრების სსკ-ის 281-ე მუხლით გათვალისწინებული განუხილველად დატოვების საპროცესო საფუძველი.
განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული ასევე ნ. ყ-ის ნაწილში საკასაციო და კერძო საჩივარი, ვინაიდან იგი საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვაზე მოწვეულ იქნა არაერთხელ, ნ. ყ-ს არაერთხელ გაეგზავნა სასამართლო შეტყობინება მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე, ასევე სასამართლოს მიერ მოძიებულ მისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მისამართზე – ქ. თბილისი, ..., პირველი მ/რ, კორპ. 6, ბ.16.. ამასთან, მისი მისამართით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსდა საჯარო შეტყობინება. სსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილით თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამასთანავე, მხარეები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს მისამართის შეცვლის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან, ნ. ყ-ის ადგილსამყოფელი უცნობია და მისთვის სასამართლოს აქტების ჩაბარება ვერ ხერხდება, ასევე, მის მიერ არ მომხდარა სასამართლოს ინფორმირება მისამართის შეცვლის თაობაზე. დღეის მდგომარეობით მას სასამართლოსათვის არ მოუმართავს და შესაბამისად არ დაუდასტურებია საკასაციო საჩივრის მიმართ მისი იურიდიული ინტერესის არსებობა (გასათვალისწინებელია, რომ საკასაციო საჩივრის შეტანიდან გასულია 10 წელი) შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა ნ. ყ-ის ნაწილში საკასაციო საჩივრისა და კერძო საჩივრის სსკ-ის 275.1 მუხლით გათვალისწინებული განუხილველად დატოვების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ" და 281-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტებით, 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ,,...’’ აქციონერების ც. ჟ-ის, ქ.მ-ისა და ნ. ყ-ის ნაწილში საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. სს ,,...’’ აქციონერების ც. ჟ-ის, ქ.მ-ისა და ნ. ყ-ის ნაწილში კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი