Facebook Twitter

განცხადების განსჯადი სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ

საქმე #ბ-440-1 (ა-16) 03 მაისი, 2016 წელი

ა-ი ბ-440-1 (ა-16) ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ ვ. ა-ი.

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთაA სამინისტრო.

მესამე პირები – საქართველოს მთავრობა, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

განმცხადებლის მოთხოვნა _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.09. 2014წ. განჩინების გადასინჯვა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ა-მა 25.01.13წ. სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთაA სამინისტროს, მესამე პირების: საქართველოს მთავრობის, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთაAსამინისტროს 04.01.13წ. №02 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება - ვ. ა-ზე საცხოვრებელი ფართის სანაცვლო კომპენსაციის გაცემა 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.07.13წ. გადაწყვეტილებით ვ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 04.01.13წ. №02 ბრძანება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ვ. ა-ი საცხოვრებელი ფართის სანაცვლო კომპენსაციით დაკმაყოფილება - 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტით ლარებში.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.14 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.07.13წ. გადაწყვეტილება, მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ა-მა.

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.09.2014წ. განჩინებით ვ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.14წ. გადაწყვეტილება.

01.04.2016წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ვ. ა-მა და აღნიშნა, რომ ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.09.2014წ. განჩინების გაუქმებას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას. განმცხადებელი საქმის წარმოების განახლების საფუძვლად უთითებს იმას, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით უარის ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე საცხოვრებელი სახლის მას საკუთრებაში აღურიცხაობის გამო. მის მიერ მოპოვებულია ქურთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ვ. ა-ს საკუთრებაში ჰქონდა საცხოვრებელი სახლი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ვ. ა-ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.

აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ვ. ა-ის განცხადება განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება არა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, არამედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, ვინაიდან საკასაციო პალატის მიერ უცვლელად იქნა დატოვებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ვ. ა-ის სარჩელი. ამდენად, ვ. ა-ის სარჩელზე არსებითად იმსჯელა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ და არა საკასაციო სასამართლომ. სასამართლო თვლის, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გადასინჯვის მოთხოვნით ვ. ა-ს უნდა მიემართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატისათვის, ანუ სასამართლოსთვის, რომელმაც არსებითად იმსჯელა განსახილველ საკითხებზე და მიიღო გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ვ. ა-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 11.09.2014წ. განჩინების გადასინჯვის შესახებ განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ა-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი