Facebook Twitter

Nბ-471-2 (ა-16) 3 მაისი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - ნ. ვ-ე

წარმომადგენელი - დ. ვ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები - 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახური; 3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია; 4. გ. ბ-ე

გასაჩივრებული განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა - საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ადმინისტრაციულ-სამრთლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 6 აპრილს საკასაციო სასამართლოში შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე №ბს-209-205(კ-15), ე. ს-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განჩინებით ე. ს-ეს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორს განესაზღვრა საპროცესო ვადა 7 დღე მითითებული ხარვეზის შესავსებად.

ე. ს-ის წარმომადგენელმა დ. ვ-ემ 2015 წლის 5 მაისს განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და კასატორის გარდაცვალების გამო ე. ს-ის სამართალმემკვიდრის დადგენამდე საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა. განმცხადებელმა წარმოადგინა 2015 წლის 22 აპრილს გაცემული №70157000582 გარდაცვალების მოწმობა, რომლითაც დასტურდება, რომ ე. ს-ე გარდაიცვალა 2015 წლის 11 აპრილს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 მაისის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება ე. ს-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

2016 წლის 11 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა ნ. ვ-ემ, რომელმაც განმარტა, რომ ე. ს-ის პირველი რიგის მემკვიდრე - შვილია, სამკვიდრო მიღებული აქვს, შესაბამისად, ითხოვს საქმეში ე. ს-ის უფლებამონაცვლედ ჩაბმას. განცხადებას ერთვის 2015 წლის 12 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმადაც ე. ს-ის სამკვიდრო მიიღო ნ. ვ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქმის წარმოება განახლდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე ე. ს-ის საკასაციო საჩივარზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. ბ-ე); ე. ს-ის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება ნ. ვ-ე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის განჩინებით ნ. ვ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად დარჩა.

განჩინების თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განჩინებით კასატორ ე. ს-ეს განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა დაევალა. აღნიშნული განჩინება ე. ს-ის უფლებამონაცვლეს - ნ. ვ-ის წარმომადგენელს დ. ვ-ეს გაეგზავნა 2016 წლის 15 თებერვალს და ჩაბარდა დ. ვ-ის მეუღლეს - ე. ბ-ეს (პირადი #...) 2016 წლის 20 თებერვალს, მაგრამ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

2016 წლის 7 აპრილს ნ. ვ-ის წარმომადგენელმა დ. ვ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მომართა.

განმცხადებლის მტკიცებით, 2016 წლის 20 თებერვალს მხოლოდ საქმის წარმოების განახლებისა და ნ. ვ-ის უფლებამონაცვლედ ჩაბმის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 თებერვლის განჩინება ჩაიბარა. ხარვეზის განჩინება კი, არ ჩაუბარებიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა განცხადება, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ნ. ვ-ის წარმომადგენელ დ. ვ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი.

იმავე კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული განცხადება უსაფუძვლოა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

განსახილველი განცხადება მხოლოდ იმ გარემოებას ემყარება, რომ ნ. ვ-ის წარმომადგენელმა მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 თებერვლის განჩინება ჩაიბარა. ხარვეზის განჩინება კი, არ ჩაუბარებია.

საკასაციო სასამართლო ამ მტკიცებას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განჩინებით კასატორ ე. ს-ეს განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა დაევალა. საქმეში არსებული გზავნილით ირკვევა, რომ აღნიშნული განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 თებერვლის განჩინებასთან ერთად, ე. ს-ის უფლებამონაცვლე ნ. ვ-ის წარმომადგენელ დ. ვ-ეს 2016 წლის 15 თებერვალს გაეგზავნა (ტ. III; ს.ფ. 214). საქმეში ასევე წარმოდგენილია შპს „...“ შეტყობინების ბარათი, რომელიც ადასტურებს, რომ 2016 წლის 15 თებერვლის გზავნილი ამავე წლის 20 თებერვალს ჩაბარდა დ. ვ-ის მეუღლეს, ე. ბ-ეს (პირადი #...) (ტ. III; ს.ფ. 222). საპირისპირო მტკიცებულება განმცხადებელს არ წარმოუდგენია. მოცემულ საქმეზე კასატორმა ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორა, რის გამოც, საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განუხილველად მართებულად დარჩა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე, 423-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ვ-ის წარმომადგენელ დ. ვ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის Nბს-209-205(კ-15) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე