Facebook Twitter

ბს-123-122 (კ-უს-16) 24 მაისი, 2016 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. ც-ის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2015წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. ც-ემ 23.06.14წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის და შპს „...-ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ქ. ბათუმის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის ადგილობრივი სამსახურის 07.03.2006 წ. № 01-16/118 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება, ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 11.02.2014წ. №03/271 ბრძანების, 25.02.2014წ. №03/307 ბრძანების, 04.04.2014წ. №03/744 ბრძანების, 27.05.2014წ. №03/1186 ბრძანების და მშენებლობის სანებართვო №სმ 00125 მოწმობის ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10.07.2014წ. განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის სახით აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ც-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.08.2014წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 07.08.2014წ. განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის სახით მშენებლობის გაგრძელების აკრძალვის გამოყენებაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 15.04.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ც-ემ.

27.11.2015წ. თ. ც-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მშენებარე ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების აკრძალვის მოთხოვნით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2015წ. განჩინებით განცხადება დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ განცხადების უარყოფის საფუძვლად მიუთითა სსკ-ის 194.5 მუხლის დანაწესზე და აღნიშნა, რომ სასამართლოსთვის ერთი და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ თ. ც-ის განცხადება განუხილველად უნდა დარჩენილიყო. მითითებული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა თ. ც-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.12.2015წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.02.2016წ. განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და როგორც დაუსაბუთებელი გადმოეგზავნა საკასაციო სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.12.2015წ. განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. ც-ემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ც-ის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 30.11.2015წ. განჩინებაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოსთვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადებით მიმართვის უფლება და განსაზღვრულია ამ უფლების რეალიზაციის წესი. კერძოდ, განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს, ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. აღსანიშნავია, რომ მოცემული ნორმით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს მხარის სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების შესახებ. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

განსახილველ შემთხვევაში თ. ც-ე ითხოვდა უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მშენებარე ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების აკრძალვას. სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფა მიზნად ისახავს, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების ფაქტობრივი აღსრულების გაჭიანურების ან დაბრკოლების თავიდან აცილებას ემსახურება. ამასთან, სწორედ მოსარჩელეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობა გააძნელებს, ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას (სსკ 191-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა მის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, იმის გათვალისწინებით, რომ მშენებლობა უკვე დასრულებულია. მისი განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელის მიზანი ვერ იქნება მიღწეული, იგი ითხოვს ექსპლუატაციაში მიღების აკრძალვას, რაც გავლენას ვერ მოახდენს ნაგებობის არსებობაზე, ვინაიდან შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესის მარეგულირებელი ნორმატიული აქტი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილება არ ითვალისწინებს მთლიანი ნაგებობის დემონტაჟის შესაძლებლობას შენობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის საჭირო პროცედურების წარუმატებლად გავლის შემთხვევაშიც კი. ამავე დადგენილების 3.82 მუხლის თანახმად, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ სანებართვო პირობების შესაბამისად დასრულებულ მშენებლობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დადგენილების 95.1 მუხლის თანახმად, განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღება ნიშნავს დასრულებული მშენებლობის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის საბოლოო დადგენას. მხარე თავდაპირველად ითხოვდა აქტების მოქმედების შეჩერებას, შემდგომ მშენებლობის გაგრძელების აკრძალვას, ხოლო საბოლოოდ ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების აკრძალვა მოითხოვა. სასამართლოების მიერ არ დაკმაყოფილდა თ.ც-ის მითითებული განცხადებები, რაც მას არ გაუსაჩივრებია და დღეის მდგომარეობით ძალაშია.

თ. ც-ის მითითებით და საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ დღეის მდგომარეობით შენობა უკვე აშენებულია, რასაც საჩივრის ბედის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან თ. ც-ის სარჩელის მიზანი იყო მშენებლობის დაუშვებლობა. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და შენობის ექსპლუატაციაში მიღების აკრძალვის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ვერ დადგება თ. ც-ისთვის სასურველი შედეგი, ვინაიდან როგორც ზემოთ აღინიშნა ექსპლუატაციაში მიღების პირობების შეუსრულებლობისას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მთლიანი ნაგებობის დემონტაჟის შესაძლებლობას. შესაბამისად, სახეზე არ არის მდგომარეობა, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება გადაწყვეტილების ფაქტობრივი აღსრულების გაჭიანურების ან დაბრკოლების თავიდან აცილებას მოემსახურება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თ. ც-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 30.11.2015წ. განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 191-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ც-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2015წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი