Facebook Twitter

№ბს-206-205(უს-16) 11 მაისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი (საჩივრის ავტორი) - შპს „...“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.02.2016წ. განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რიცხული საგადასახადო დავალიანების კორექტირება

განმცხადებლის მოთხოვნა - სააღსრულებო წარმოების შეჩერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...“ 11.04.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 14.03.2014წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და გადასახადის გადამხდელის - შპს „...“ პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული დავალიანების კორექტირების მოთხოვნით.

06.06.2014წ. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი სადავოდ ხდის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული დავალიანების ოდენობას. კანონიერ ძალაში მყოფი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 30.05.2011წ. ბრძანებით, რომლის აღსასრულებლად მიქცევაც განხორციელდა 27.10.2011წ. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, დადგენილია, რომ შპს „...“ ქონების რეალიზაცია უნდა მოხდეს რიცხული დავალიანების ფარგლებში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.03.2015წ. გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 14.03.2014წ. გადაწყვეტილება და მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა გარემოებათა გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ.

16.02.2016წ. შპს „...“ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ განსახილველი დავის საგანია გადასახადის გადამხედლის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული თანხის ოდენობა, მიუხედავად ამისა აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია სააღსრულებო საქმე შპს „...“ ქონების რეალიზაციის თაობაზე იმ დავალიანების გადახდევინების მიზნით, რომლის ოდენობა მიმდინარე საქმის დავის საგანია და აღნიშნულ საკითხზე ჯერ არ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იძულებით აუქციონზე შპს „...“ ერთადერთი ქონების რეალიზაცია აზრს დაუკარგავს მიმდინარე დავას და მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარ სამართლებრივ შედეგს, რადგან უძრავი ნივთის რეალიზაცია განხორციელდება არაკორექტირებული დავალიანების ფარგლებში, საზოგადოება გაკოტრდება და მიიღებს შეუქცევად ზიანს. ამდენად, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სახეზეა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო პალატამ აგრეთვე უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ საქალაქო სასამართლოს 17.03.2015წ. გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 14.03.2014წ. გადაწყვეტილება შპს „...“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. ამდენად, ვიდრე სადავოა გადასახადის გადამხდელზე დარიცხული დავალიანების ოდენობა, სააღსრულებო ბიურო არ არის უფლებამოსილი მოახდინოს შპს „...“ ქონების რეალიზაცია, რის გამოც სააღსრულებო წარმოება უნდა შეჩერდეს განსახილველი საქმის გადაწყვეტამდე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 36.1 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.02.2016წ. განჩინებით შპს „...“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი არის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფი და ეფექტური საპროცესო-სამართლებრივ გარანტია. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დასაშვებია იმ პირობებში, როცა მხარე განცხადებაში კონკრეტულად და რეალურად მიუთითებს იმ საფრთხეზე, რომლის აცილებაც შეუძლებელია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. სააპელაციო სასამართლო მიიჩნია, რომ სწორედ ამ გარემოებით არის განპირობებული სსკ-ის 191-ე მუხლით დადგენილი დანაწესი, რომელიც განმცხადებელს ავალდებულებს მიუთითოს: იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას; მიუთითოს მოწინააღმდეგე მხარის იმ ქონებაზე ან ფულად სახსრებზე, რომელთა მიმართაც უნდა მოხდეს უზრუნველყოფა და მიუთითოს უზრუნველყოფის იმ ღონისძიებაზე, რომლის გატარებაც განმცხადებელს მიაჩნია აუცილებლად. სააპელაციო პალატამ სსკ-ის 191-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა ყველა შემთხვევაში მიმართულია მოპასუხის წინააღმდეგ. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილია აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული N110066098 სააღსრულებო საქმის შეჩერება იმ ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელიც წარმოებს შპს „...“ სარჩელის საფუძველზე, მოპასუხე შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, ამ უკანასკნელთა მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და რიცხული დავალიანების კორექტირების მოთხოვნით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიმართულია იმ ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ, რომელიც საქმეში მხარედ არ არის დასახელებული და არ წარმოადგენს მოპასუხეს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაუსაბუთებელია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტზე მითითება, რადგან განსახილველი დავის საგანია საგადასახადო ორგანოს მიერ დარიცხული თანხების კანონიერების შემოწმება, ხოლო შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული ნორმა აწესებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შეჩერების შესაძლებლობას, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავს განსახილველ ურთიერთობაზე მითითებული მატერიალური ნორმის გავრცელების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია წარმოებს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული სამართალწარმოების მექანიზმების გამოყენებით, რომელიც რეგულირდება ასკ-ის 2121-2123 მუხლებით და დავის არსებობის პირობებში აწესებს კრედიტორის დაცვის დამოუკიდებელ მექანიზმებს.

აღნიშნულ განჩინებაზე შპს „...“ საჩივრით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, თუმცა სააპელაციო პალატის 07.03.2016წ. განჩინებით შპს „...“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული განჩინება და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“ საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.02.2016წ. განჩინებაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოსათვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადებით მიმართვის უფლება და განსაზღვრულია ამ უფლების რეალიზაციის წესი. კერძოდ, განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. სარჩელის უზრუნველყოფის სამართლებრივი ინსტიტუტის არსებობა განპირობებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფის საჭიროებით, სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსალოდნელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობით (ობიექტური ფაქტორი) და გარდაუვალობით (სუბიექტური ფაქტორი). განსახილველ შემთხვევაში შპს „...“ ითხოვს სააღსრულებო წარმოების შეჩერებას მიმდინარე საქმის განხილვის დასრულებამდე იმ საფუძვლით, რომ განსახილველი დავის საგანია იმ საგადასახადო დავალიანების ოდენობა, რომლის ფარგლებშიც უნდა განხორციელდეს სააღსრულებო წარმოების გზით შპს „...“ ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძვლები განსაზღვრულია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 36-ე მუხლით, რომელიც ადგენს აღსრულების შეჩერებას სპეციალურად გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუმცა აღნიშნული ნორმა არ ადასტურებს აღსრულების შეჩერების, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ზომის, გამოყენებაზე უარის თქმას, ვინაიდან ხსენებული მუხლი არ შეიცავს აღსრულების შეჩერების ამომწურავ ჩამონათვალს, 36.1 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულება შეიძლება შეჩერდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებშიც. სსკ-ის 198-ე მუხლი ჩამოთვლის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძებებს (მაგ.:ყადაღა, მოპასუხისათვის ქმედების შესრულების აკრძალვა და სხვ.), ჩამონათვალი არ არის ამომწურავი, ნორმა ადგენს, რომ სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს ჩამოთვლილისაგან განსხვავებული ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფის მიზნებისათვის. ამდენად, ის გარემოება, რომ განსახილველი შემთხვევა - სააღსრულებო წარმოების შეჩერება, არ არის პირდაპირ მითითებული სსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ჩამონათვალში, არ ადასტურებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შეუძლებლობას. სარჩელის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დაშვებული, აუკრძალავი იძულებითი ხასიათის იმ ღონისძიებათა ერთობლიობაა, რომელსაც სასამართლო იყენებს მოსარჩელის შუამდგომლობით, მოსარჩელისათვის სასურველი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, აღსრულების უზრუნველსაყოფად. სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოყენების საკითხს წყვეტს სასამართლო, უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფის მიზნის გათვალისწინებით.

უკვე აღინიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების ფაქტობრივი აღსრულების გაჭიანურების ან დაბრკოლების თავიდან აცილებას ემსახურება, იგი მთლიანად მოტივირებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფით, სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსალოდნელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობით, მისი გარდაუვალობით. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მიმდინარე დავის საგანია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 14.03.2014წ. გადაწყვეტილებისა და შპს „...“ სახელზე რიცხული საგადასახადო დავალიანების კანონიერების შემოწმება. აღნიშნულის პარალელურად აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია N110066098 სააღსრულებო საქმე, რომელშიც კრედიტორია - სსიპ შემოსავლების სამსახური, ხოლო მოვალე - შპს „...“, სააღსრულებო წარმოება დაწყებულია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 30.05.2011წ. №3/16-11 ბრძანების და ამ ბრძანების აღსასრულებლად გაცემული 27.10.2011წ. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (ტ.1, ს.ფ.138, 143). ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 30.05.2011წ. №3/16-11 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით მოვალეს სსიპ შემოსავლების სამსახურს ნება დაერთო ღია აუქციონის ჩატარებაზე მოვალის - შპს „...“ ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით, რეალიზაციის დროისათვის არსებული დავალიანების ფარგლებში. აღიარებული დავალიანების კონკრეტული ოდენობა ბრძანებაში სასამართლოს მიერ განსაზღვრული არ არის, დადგენილია მხოლოდ, რომ შპს „...“ ერიცხება გარკვეული ოდენობის აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რაც ქმნის ამ დავალიანების ფარგლებში გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის საფუძველს (ტ.1, ს.ფ. 255). აღნიშნული ბრძანების განმარტება, შპს „...“ და აღმასრულებლის განცხადებების მიუხედავად, სასამართლოს მიერ არ მომხდარა იმ საფუძვლით, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 30.05.11წ. ბრძანების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი. ამდენად, აღსასრულებლად მიქცეულია კანონიერ ძალაში შესული ისეთი ბრძანება, რომელშიც კონკრეტულად არ არის განსაზღვრული აღსასრულებელი თანხა და მხოლოდ ზოგადად არის მითითებული აღსრულების ფარგლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საფუძვლიანია შპს „...“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით N110066098 სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ, რადგან სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სწორედ იმ დავალიანების გადახდევინების მიზნით, რომელიც სადავოდ არის გამხდარი მიმდინარე დავაში.

შუამდგომლობის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელ საფუძველს არ ქმნის სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო არ არის მოპასუხე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება - სააღსრულებო წარმოების შეჩერება მიმართულია მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის და არა სააღსრულებო ბიუროს წინააღმდეგ. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საგადასახადო ორგანოს შორის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით მოახდინოს საგადასახადო კანონმდებლობით საგასადახადო ორგანოს კომპეტენციისადმი დაქვემდებარებული ქმედების განხორციელება (3.11 მუხ.). განსახილველ დავაში უზრუნველყოფის ღონისძიება მიზნად ისახავს არა სააღსრულებო ბიუროს უფლებების შეზღუდვას ან მისთვის რაიმე ქმედების აკრძალვას, არამედ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 30.05.2011წ. №3/16-11 ბრძანებით მოპოვებული აღსრულების უფლების განხორციელების შეჩერებას, რათა არ მოხდეს მოვალის კანონმდებლობით დაცული ინტერესის დაუსაბუთებელი შელახვა საგადასახადო დავალიანების რეალურად არსებულზე მეტი ოდენობით გადახდევინებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოება მიმართულია უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე კრედიტორის მოთხოვნის რეალიზაციისაკენ, ყოველი სააღსრულებო ქმედება ხორციელდება აღნიშნული შედეგის მიღწევის მიზნით, მოვალისა და კრედიტორის ინტერესების, კანონმდებლობით განსაზღვრული აღსრულების წესისა და პირობების დაცვის მაქსიმალური უზრუნველყოფით. ამასთანავე, სააღსრულებო ბიურო სააღსრულებო პროცესში არ გვევლინება დამოუკიდებელ მხარედ, მას არ აქვს დამოუკიდებელი, პირადი ინტერესი აღსრულების მიმდინარეობის (შეჩერების, შეწყვეტის და სხვ.) თუ დამდგარი შედეგის მიმართ, აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელიც აღსრულებას უზრუნველყოფს თავისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით, აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებითი აღსრულების პროცედურებს ახორციელებს (,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 3.1, 5.1 მუხ.). აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით აღსრულების ქვემდებარე აქტით დამდგარი სამართლებრივი შედეგი ხორციელდება არსებულ რეალობაში. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ვერ განხორციელდება სააღსრულებო წარმოების შეჩერება იმის გამო, რომ სააღსრულებო ბიურო დავის მოპასუხე არ არის. სააღსრულებო წარმოების შეჩერება აფერხებს კრედიტორის უფლების - საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით შპს „...“ ქონების აუქციონზე რეალიზაციის განხორციელებას, შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნა მიმართულია მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის და არა აღსრულების ეროვნული ბიუროს ან მისი ტერიტორიული ორგანოების მიმართ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...“ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეჩერდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ 27.10.2011წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროში მიმდინარე სააღსრულებო წარმოება (საქმე №11066098, კრედიტორი: სსიპ შემოსავლების სამსახური, მოვალე: შპს „...“).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 198-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...“ საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.02.2016წ. განჩინება;

3. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეჩერდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ 27.10.2011წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროში მიმდინარე სააღსრულებო წარმოება (საქმე №11066098, კრედიტორი: სსიპ შემოსავლების სამსახური, მოვალე: შპს „...“);

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი