Facebook Twitter

ბს-174-173(3კ-16) 16 ივნისი, 2016 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის და შპს „….“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2015წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა(ა)იპ სამოქალაქო მოძრაობა „…“ 08.05.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. თბილისის მერიისა და, სსიპ თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ სსიპ თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 31.12.2013წ. №4-4/25 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის 04-04.2014წ. №717 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.10.2014წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „…“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.03.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 04.04.2014წ. №717 განკარგულება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 31.12.2013წ. №4-4/25 ბრძანება შპს „…“ განცხადების - ქ.თბილისში, … N10-ში მშენებარე მრავალფუნქციური შენობის „ბ“ ბლოკის კონსტრუქციული ნაწილის კომერციულ საიდუმლოდ მიჩნევის თაობაზე, მოსარჩელეს უარი ეთქვა საადვოკატო მომსახურების ხარჯებისა და ლ.სამხარაულის სახელობის სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს მომსახურების საფასურის მოპასუხეთათვის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და შპს „…“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2015წ. განჩინებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და შპს „…“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა 20.03.2015წ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და შპს „…“ მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და შპს „…“ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და შპს „…“ საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, კს ,,…“ (ს.კ. ..) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.02.2016წ. =190202 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და შპს „…“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2015წ. განჩინება;

3. კს ,,…“ (ს.კ. …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.02.2016წ. =190202 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი