Facebook Twitter

ბს-192-191(3კ-16) 16 ივნისი, 2016 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.12.2015წ. განჩინებაზე და შპს „...“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.12.2015წ. და 18.12.2015წ. საოქმო განჩინებებზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა(ა)იპ სამოქალაქო მოძრაობა „...“ 24.02.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. თბილისის მერიის, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და შპს „...“ მიმართ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 30.01.2013წ. №660583 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის 24.01.2014წ. №110 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

01.05.2014წ. ა(ა)იპ სამოქალაქო მოძრაობა „...“ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და იშუამდგომლა შპს „...“ საქმეში მესამე პირად ჩართვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.05.2014წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.05.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 24.01.2014წ. №110 განკარგულება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 25.04.2015წ. №660583 ბრძანება, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, … ქ. №10 (ნაკვეთი…) შპს „...“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი: №…) მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ. მოპასუხეებს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქ. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, მოსარჩელე - ა(ა)იპ სამოქალაქო მოძრაობა „...“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის, წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის და საექსპერტო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 1 000 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და შპს „...“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.12.2015წ. განჩინებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და შპს „...“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა 15.05.2015წ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და შპს „...“ მიერ. შპს „...“ მიერ აგრეთვე გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.12.2015წ. საოქმო განჩინება, რომლითაც შპს ,,...“ შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და შპს „...“ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და შპს „...“ საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, კს ,,…“ (ს.კ. …) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.02.2016წ. =190203 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.03.2016წ. =00774 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და შპს „...“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.12.2015წ. და 18.12.2015წ. განჩინებები;

3. კს ,,…“ (ს.კ. …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.02.2016წ. =190203 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი;

4. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.03.2016წ. =00774 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი