საქმე #ბს-207-203(კ-15) 23 ივნისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს ,,...“
მოწინააღმდეგე მხარე – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირი - მ.ბ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2014წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს ,,...“ 07.04.2014წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, - წარმოების შეჩერების შესახებ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 22.01.2014წ. #882014017772-03 გადაწყვეტილების, მ.ბ-ის სახელზე რეგისტრაციის განხორციელების შესახებ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 10.06.2013წ. გადაწყვეტილების და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.03.2014წ. #49556 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სს „... “ საკუთრებაში ირიცხება ბათუმში, ... №78/88-ში მდებარე 17533.62 კვ.მ. ფართის უძრავი ქონების 2/37 ნაწილი, რაც შეადგენს 947.67 კვ.მ.-ს. ეს უძრავი ქონება განლაგებულია 6762 კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე მრავალბინიანი კორპუსის 1-ელ სართულზე. მოსარჩელის კუთვნილი სადავო ფართი იზოლირებულად გამოყოფილია, ფართის დანარჩენი ნაწილი არის ფიზიკური პირების საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლები. სს „...“ მისი კუთვნილი ფართით რამდენიმე ათეული წელია სარგებლობს კომერციული დანიშნულებით. აღნიშნულს ადასტურებს ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში არსებული ნახაზი, რითაც ფართი გამიჯნულია სხვა საერთო ფართებისაგან. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ქ. ბათუმში, ... ქ. №78/88-ში მდებარე უძრავი ნივთი - 6 კვ.მ. დამხმარე სათავსო შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე 1992 წლიდან არის სს ,,...“ საკუთრების უფლების ობიექტი. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სს ,,...“ არის ბმა ,,...“ წევრი, მიუხედავად ამისა სადავო ფართის განკარგვისას იგი ამხანაგობის კრებაზე მიწვეული არ ყოფილა. 13.01.2014წ. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა სს „...“ წარმომადგენელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ - ი. ა-ემ, რომელმაც მოითხოვა ქ. ბათუმში, ... ქ. №78/88-ში მდებარე უძრავ ნივთზე მ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 10.06.2013წ. გადაწყვეტილების გაუქმება. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 22.01.2014წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, რაც ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.03.2014წ. #49556 გადაწყვეტილებით საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ფართი კანონის უხეში დარღვევით მიისაკუთრა მ. ბ-მა. 10.05.2013წ. კანონდარღვევით შედგა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის =2 ოქმი, რომლის საფუძველზეც სს „...“ კუთვნილი დამხმარე ფართი საკუთრებაში გადაეცა მ. ბ-ს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრს უნდა გაერკვია, კონკრეტულად ვისი საკუთრება იყო სარეგისტრაციოდ წარდგენილი ფართი. საჯარო რეესტრი ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა დაინტერესებულ პირთა უფლებები, გამოეკვლია საქმის გარემოებები, გამოეთხოვა შესაბამისი მტკიცებულებები და მიეღო ობიექტური გადაწყვეტილება. ორგანოს მიერ არ ჩატარებულა ადმინისტრაციული წარმოება, მოსარჩელეს არ მიეცა საშუალება დაეფიქსირებინა თავისი მოსაზრებები სადავო საკითხებთან დაკავშირებით, მოპასუხემ უგულებელყო კანონის მოთხოვნები, არ მიიწვია და არ დაკითხა მოწმეები ან სპეციალისტები, არ გამოიძახა ექსპერტები და შესაბამისად მიიღო ფაქტობრივად და სამართლებრივად უკანონო ადმინისტრაციული აქტი. სადავო აქტების საფუძველზე მოსარჩელის უფლებები პირდაპირ და უშუალოდ შეიზღუდა, რადგან სადავო აქტების შედეგად მას წაერთვა საკუთრებით სარგებლობის უფლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული აქტების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.04.2014წ. განჩინებით, ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო მ.ბ-ი, ხოლო 17.06.2014წ. განჩინებით სს ,,...“ უარი ეთქვა ექსპერტიზის დანიშვნაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.06.2014წ. გადაწყვეტილებით სს ,,...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, ... ქუჩა №78/88-ში ს.ს. „...“ საკუთრებაში ირიცხება 947.67 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ფართი. მ. ბ-ი, რომელიც, ს.ს. „...“ მსგავსად, არის ამხანაგობა „...“ წევრი, არის იმავე მისამართზე №84 საცხოვრებელი ბინის მესაკუთრე. მ. ბ-მა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით 04.06.13წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს. განაცხადს თან ერთვოდა ბმა ,,...“ წევრთა 10.05.2013წ. საერთო კრების №2 ოქმი. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 10.06.2013წ. გადაწყვეტილებით მ. ბ-ი აღირიცხა ... ქ. №78/88-ში მდებარე 6 კვ.მ. ფართის (დამხმარე სათავასო) მესაკუთრედ. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში 13.01.2014წ. წარდგენილი იქნა სს ,,...“ განცხადება, მ.ბ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 22.01.2014წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ხოლო 28.02.2014წ. გადაწყვეტილებით - სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 21-ე, 23-ე, 26-ე მუხლებზე, მე-2 მუხლის ,,ი“ და ,,კ“ ქვეპუნქტებზე, მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 22.01.2014წ. გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ სადავო ფართი სს ,,...“ინდივიდუალურ სარგებლობაშია 1992 წლიდან და მას გააჩნდა ფართზე საკუთრების უფლების საფუძველი. ასკ-ის 17.1 მუხლის საფუძველზე სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ქ. ბათუმში, ... ქ. №78/88-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის 1-ელ სართულზე განთავსებული, სს ,,...“ კუთვნილი კომერციული ფართის ნახაზზე არ არის მონიშნული სადავო 6 კვ.მ. ფართი, რომელიც არის სანაგვე ბუნკერის დამხმარე სათავსო. არ დასტურდება მოსარჩელის მიერ აღნიშნული ფართით სარგებლობა, ამის საპირისპიროდ მ.ბ-ის მიერ წარმოდგენილია ბმა ,,...“ წევრთა 10.05.2013წ. =2 საერთო ოქმი, რომლის თანახმად, მხოლოდ მ. ბ-ი სარგებლობდა 2007 წლიდან ... ქ. №78/88-ში მდებარე, სადავო 6 კვ.მ. ფართით, რის გამოც დადგინდა ფართის მ.ბ-ის საკუთრებაში გადაცემა. აღნიშნული ოქმის საფუძველზე მ.ბ-ი მიჩნეულ იქნა სადავო ფართის მესაკუთრედ და აღირიცხა საჯარო რეესტრში. სასამართლომ აღნიშნა, რომ სს ,,...“ მ. ბ-ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი - ბმა ,,...“ წევრთა 10.05.2013წ. საერთო კრების №2 საოქმო გადაწყვეტილება, სადავოდ არ გაუხდია. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის №882013255047-03 გადაწყვეტილება კი წარმოადგენს ამხანაგობა ,,...“ წევრთა 10.05.2013წ. საერთო კრების №2 საოქმო გადაწყვეტილების სამართლებრივ შედეგს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მ.ბ-ისათვის საკუთრების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.
სასამართლომ აღნიშნა აგრეთვე რომ ს.ს. ,,...“ რეგისტრაციის მოთხოვნისას არ გააჩნდა და ვერც სასამართლოში წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ქ. ბათუმში, ... ქ. №78/88-ში მდებარე 6 კვ.მ. ფართის სარგებლობისა და საკუთრების უფლების არსებობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სადავო აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რადგან აქტები გამოცემულია სათანადო გამოკვლევის შედეგად და მათი მოქმედებით არ იზღუდება მოსარჩელის კანონიერი უფლებები და ინტერესი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.06.2014წ. გადაწყვეტილება და 17.06.2014წ. საოქმო განჩინება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სს ,,...“ მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2014წ. განჩინებით სს ,,...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 26.06.14წ. გადაწყვეტილება და ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ ამავე სასამართლოს 17.06.14წ. საოქმო განჩინება. სააპელაციო პალატამ სსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-8, მე-9, 26-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ რეგისტრაცია ბათილად ან არარად რომ გამოცხადდეს, ბათილად ან არარად უნდა იყოს ცნობილი ის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა რეგისტრაცია ანუ უფლების დამდგენი დოკუმენტი. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული რეგისტრაციის საფუძველი, უფლების დამდგენი დოკუმენტი არის ამხანაგობა ,,...“ წევრთა 10.05.13წ. საერთო კრების გადაწყვეტილება მ. ბ-ისათვის, მის სარგებლობაში არსებული 6 კვ.მ. სათავსოს საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რომელიც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, ამხანაგობის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილების უკანონობის დადგენის გარეშე არ დასტურდება გასაჩივრებული სარეგისტრაციო ჩანაწერის უკანონობა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სკ-ის 312-ე მუხლის თანახმად სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერების მიმართ არსებობს უტყუარობის პრეზუმფცია ანუ ივარაუდება, რომ რეესტრში უფლების რეგისტრაციის ფაქტი სრულად და სწორად არის განხორციელებული. ნებისმიერი ფაქტი, რომელიც მიუთითებს რეგისტრაციის უკანონობაზე ვერ გამორიცხავს მითითებული ნორმით დაცულ ვარაუდს რეესტრში რეგისტრირებული უფლების მართებულობასთან დაკავშირებით, მანამ სანამ არ დადგინდება ჩანაწერის უსწორობა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სადავო ფართით სარგებლობის ან ფართზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულება, კრების ოქმის თანახმად სადავო ფართით სარგებლობდა მხოლოდ მ. ბ-ი. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობდა სადავო ფართზე მ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრული რომელიმე საფუძველი. ამასთანავე, სარეგისტრაციო სამსახურისათვის სს ,,...“ მიერ მიმართვის შემდეგ არ დადგენილა მითითებული კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედებოდა სადავო ფართზე მ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად გამოცხადებას.
ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.06.14წ. საოქმო განჩინებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ის 162.1 მუხლის საფუძველზე ექსპერტიზის დანიშვნა ხდება იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია, საკითხის გარკვევა სპეციალურ ცოდნას უნდა მოითხოვდეს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი, ვინაიდან საკითხი არ საჭიროებდა სპეციალურ ცოდნას და მისი გარკვევა სასამართლოს შეეძლო მტკიცებულებების გამოკვლევით და გაანალიზებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2014წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სს ,,...“ მიერ, რომელმაც აგრეთვე მოითხოვა ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო პალატის 17.06.2014წ. განჩინების გაუქმება.
კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო ფართით, როგორც საკუთრებით, სს „...“ სარგებლობს რამდენიმე ათეული წელია, რასაც ადასტურებს ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში დაცული ნახაზი. მ. ბ-ს საკუთრების რეგისტრაცია კანონდარღვევით არის განხორციელებული, რადგან არსებობს რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული ამხანაგობა „...“ კრების ოქმის ბათილად ცნობის საფუძვლები, კერძოდ: ამხანაგობის კრება არ ჩატარებულა, მისი წევრები არ ყოფილან კრების შესახებ ინფორმირებულები, ამხანაგობის წევრებს არ გამოუხატავთ თანხმობა მ. ბ-ისათვის ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. საჯარო რეესტრმა ისე მოახდინა ფართის მ. ბ-ის სახელზე აღირცხვა, რომ არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, არ დაუდგენია ფართის რეალური მესაკუთრე, არ დაუკითხავს მოწმეები და სპეციალისტები, არ მიუწვევია წარმოებისას დაინტერესებული მხარეები, დამატებით არ გამოუთხოვია სარეგისტრაციო მასალები, რითაც დაირღვა სზაკ-ის 96-ე, 97-ე მუხლების მოთხოვნები. მარეგისტრირებელმა ორგანომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის უგულებელყოფით არ გაითვალისწინა, რომ მ.ბ-ის სარეგისტრაციო განაცხადს არ ერთვოდა სათანადო სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, შესაბამისად, არ არსებობდა საკუთრების აღრიცხვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. კასატორმა მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-9, 21-ე, 26-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრს შეეძლო შეეგროვებინა მოთხოვნილ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ის მასალები (მათ შორის ელექტრონული), რომელსაც თვითონვე აწარმოებს და მის სამსახურში ინახება. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა დაენიშნა ექსპერტიზა, რომელიც დაადგენდა სადავო ფართის ზუსტ მდებარეობას, რითაც დადასტურდებოდა, რომ აღნიშნული 6 კვ.მ. ფართი სს „...“ საკუთრებაში არსებული ფართის შემადგენლობაშია, სასამართლოს არ გააჩნდა სპეციალური ცოდნა ამ საკითხთან დაკავშირებით. არასწორია სასამართლოს მითითება, რომ მ. ბ-ის საკუთრების რეგისტრაციის საფუძვლად არსებული კრების ოქმი სადავოდ არ არის გამხდარი, სასამართლოსათვის ცნობილი იყო იმის შესახებ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა სამოქალაქო სამართალწარმოება კრების ოქმის კანონიერების შესახებ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 11.08.2014წ. გადაწყვეტილებით სს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ბმა „...“ 10.05.2013წ. =2 საერთო კრების ოქმი, რომლის თანახმად მ. ბ-ს საკუთრებაში გადაეცა მის სარგებლობაში არსებული 6 კვ.მ. ფართი. ამდენად, ბათილად არის ცნობილი რეგისტრაციის საფუძველი, რაც თავის მხრივ, რეგისტრაციის ბათილად ცნობას განაპირობებს.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. ამასთანავე სააპელაციო სასამართლომ, არასწორად განმარტა სსკ-ის 377-ე მუხლი და სათანადო დასაბუთების გარეშე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება, არ გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა. კასატორი თვლის, რომ დავა სამოქალაქო კოლეგიის განსჯადია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის სააპელაციო პალატაში დაბრუნების საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრებაში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) შეადგენს. ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წარმოიშობა მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების შეძენისთანავე. კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არის მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება. საქმეში დაცული საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდება, რომ მ. ბ-ი და სს „...“ რეგისტრირებულნი არიან ქ. ბათუმში, ... ქ. =78/88-ში მდებარე უძრავი ქონების ნაწილის მესაკუთრეებად, ამდენად, აღნიშნულ მისამართზე ფლობენ ინდივიდუალურ საკუთრებას და არიან ბმა „...“ წევრები.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 10.06.2013წ. გადაწყვეტილებით ქ.ბათუმში, ... ქ. =78/88-ში მდებარე 6 კვ.მ. დამხმარე სათავსო საკუთრების უფლებით აღირიცხა მ. ბ-ის სახელზე, უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა ბმა „...“ 27.05.2013წ. საერთო კრების ოქმი. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის თანახმად, ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ამხანაგობის წევრმა რეესტრში უნდა წარადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების ოქმი და ნახაზი, რომლითაც შესაძლებელია სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა (4.2 მუხლი). განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში 04.06.2013წ. მ. ბ-ის მიერ წარდგენილ იქნა სარეგისტრაციო განაცხადი ქ.ბათუმში, ... ქ. =78/88-ში მდებარე 6 კვ.მ. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, განაცხადზე თანდართული იქნა ბმა „...“ 10.05.2013წ. =2 კრების ოქმი და სიტუაციური ნახაზი. აღნიშნული განცხადების საფუძველზე ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 10.06.2013წ. გადაწყვეტილებით მ. ბ-ი აღირიცხა ქ.ბათუმში, ... ქ. =78/88-ში მდებარე 6 კვ.მ. დამხმარე სათავსოს მესაკუთრედ. სს ,,...“ აღნიშნული რეგისტრაცია გაასაჩივრა ჯერ ზემდგომ ორგანოში, ხოლო შემდგომ სასამართლოში და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ფაქტობრივად 6 კვ.მ. დამხმარე სათავსო მოქცეულია სს „...“ საკუთრებაში რიცხულ ფართში, ამასთანავე უკანონოა მ.ბ-ის საკუთრების რეგისტრაციის საფუძველი - ამხანაგობის კრების ოქმი, რადგან მოსარჩელე, როგორც ამხანაგობის წევრი, არ ყოფილა ამხანაგობის კრებაზე მიწვეული, კრება საერთოდ არ მოწვეულა, მას არ მიუღია რაიმე გადაწყვეტილება.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის სადავო, №882013255047-03 გადაწყვეტილებას, რომლითაც სადავო ფართი აღირიცხა მ. ბ-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში, საფუძვლად დაედო ამხანაგობა ,,...“ წევრთა 10.05.13წ. საერთო კრების №2 საოქმო გადაწყვეტილება. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის №882013255047-03 გადაწყვეტილება წარმოადგენს ამხანაგობა ,,...“ წევრთა 10.05.13წ. საერთო კრების №2 საოქმო გადაწყვეტილების სამართლებრივ შედეგს. საქმეში დაცული სს ,,...“ სარჩელი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“ მიმართ, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვდა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობას (ტ.1, ს.ფ. 104-123), წარედგინა სასამართლოს მოცემული საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს. აღნიშნულის მიუხედავად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სს ,,...“ მ. ბ-ის რეგისტრირებული საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი - ამხანაგობა ,,...“ წევრთა 10.05.13წ. საერთო კრების №2 საოქმო გადაწყვეტილება სადავოდ არ გაუხდია. სააპელაციო საჩივარში სს ,,...“ საგანგებოდ უთითებდა, რომ საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელის დაკმაყოფილებით ბათილად ცნო ამხანაგობის კრების ოქმი (ტ.1, ს.ფ. 211), აღნიშნულის მიუხედავად სააპელაციო სასამართლო განჩინებაში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად აღნიშნავს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“ წევრთა 10.05.13წ. საერთო კრების გადაწყვეტილება მ. ბ-ისათვის ქ. ბათუმში, ... ქ. №78/88-ში მდებარე, მის სარგებლობაში არსებული 6 კვ.მ. სათავსოს საკუთრებაში გადაცემის შესახებ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია (ტ. 2, ს.ფ. 70). სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო რეგისტრაციის უკანონობა ამხანაგობის საერთო კრების უკანონობის დადგენის გარეშე ვერ დადგინდება. აღნიშნულის მიუხედავად სააპელაციო პალატას სხვა დავის გადაწყვეტამდე საქმის წარმოება არ შეუჩერებია (სსკ-ის 279-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.08.2014წ. კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „...“ სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“ 10.05.2013წ. №2 კრების ოქმი, რომლის მიხედვით მ.ბ-ს საკუთრებაში გადაეცა მის სარგებლობაში არსებული 6 კვ.მ. ფართის სათავსო. კრების ოქმის ბათილად ცნობას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ 10.05.2013 წ. გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტის თანხმობით, ამასთანავე ამხანაგობის წევრები არ ყოფილან მიწვეული კანონით დადგენილი წესით ამხანაგობის საერთო კრებაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების გადაწყვეტილება არის მრავალმხრივი გარიგება, რომელიც მიმართულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციის და განვითარებასთან დაკავშირებული ურთიერთობების წარმოშობის, შეწყვეტის ან შეცვლისკენ, ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა გარიგების (კრების ოქმის) ბათილად ცნობის სკ-ის 54-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 266-ე მუხლის თანახმად, მხარეებს არ აქვთ უფლება სადავოდ გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 9.1 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელიც უნდა ერთვოდეს საჯარო რეესტრში წარდგენილ განცხადებას (8.2 მუხ.), სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას (მე-2 მუხ. ,,კ“ ქვეპუნქტი). სზაკ-ის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესები. განსახილველ შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მ. ბ-ის უფლების დამდგენი დოკუმენტი ბათილად იქნა ცნობილი. ამდენად, ვინაიდან სახეზეა რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტის - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის წარუდგენლობა, არ დასტურდება მ.ბ-ის სახელზე სადავო ფართის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი.
სარეგისტრაციო წარმოების მონაცემების მიხედვით ამჟამად სადავო აქტი - მ. ბ-ის სახელზე საკუთრების აღრიცხვის თაობაზე ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 22.01.2014წ. გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.06.2015წ. გადაწყვეტილებით გაუქმდა. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებულია ბათუმის საქალაქო სასამრთლოს კანონიერ ძალაში მყოფი 11.08.2014წ. გადაწყვეტილება ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ და მის საფუძველზე გაცემული 22.05.2015წ. სააღსრულებო ფურცელი. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, ადგილი აქვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სადავო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას და არა ბათილად ცნობას, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნას სწორედ რეგისტრაციის ბათილად ცნობა შეადგენდა. რეგისტრაციის გაუქმების (ძალადაკარგულად გამოცხადების) მიუხედავად კასატორი ითხოვს მის ბათილად ცნობას (სასკ-ის 32.3 მუხ.). ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს. იმ საფუძვლით, რომ ერთის მხრივ არამართლზომიერი იყო რეგისტაციის საფუძველი (კრების ოქმი), ხოლო მეორეს მხრივ სადავო ფართი იყო სს ,,...“ საკუთრებაში არსებული 947 კვ.მ. უძრავი ქონების შემადგენლობაში და მაშასადამე უკანონო იყო სხვა პირის საკუთრებაში მისი აღრიცხვა, მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს შეადგენს სასამართლოს მიერ აქტების ბათილად ცნობა სადავო დამხმარე სათავსოს სს ,,...“ საკუთრებაში ყოფნის გამო. სააპელაციო პალატას არ დაუდგენია თუ ვის საკუთრებაში იმყოფება სადავო ფართი. სს „...“ სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად უთითებდა იმ გარემოებას, რომ სადავო ფართი მისი საკუთრების შემადგენელი ნაწილია, რაც დასტურდება ტექ.ბიუროში დაცული მასალებით (საინვენტარიზაციო გეგმა, საკადასტრო ნახაზი). იმის გათვალისწინებით, რომ მ. ბ-ზე სადავო ფართის რეგისტრაციამდე სს ,,...“ საკუთრება უკვე იყო რეგისტრირებული, დავის გადაწყვეტა, სადავო ფართის მ. ბ-ის სახელზე აღრიცხვის მართლზომიერების გარკვევა საჭიროებდა გადაფარვის არარსებობის, საჯარო რეესტრში სს ,,...“ სახელზე რეგისტრირებული ფართის (17533.62 კვ.მ. 2/37 ნაწილი) კონტურის, მისი საზღვრების, კოორდინატთა სისტემის დადგენას. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო მ. ბ-ის საკუთრების უფლების აღრიცხვამდე გამოეკვლია უძრავი ქონების სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, რადგან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას მისი წევრისთვის მხოლოდ იმ ქონების საკუთრებაში გადაცემის უფლება აქვს, რომელიც არ ირიცხება ინდივიდუალურ საკუთრებაში. ამასთანავე, გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებით, რომ უპირატესად თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი ყველა უძრავი ქონების უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ. სადავო ფართის მესაკუთრე არც სასამართლოს დაუდგენია, სააპელაციო პალატამ სადავო ფართის მესაკუთრის გარკვევის გარეშე დაასკვნა, რომ მ ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამომრიცხავი გარემოება არ არსებობდა. მოსარჩელე ფართზე უფლების დასადასტურებლად უთითებდა ტექბიუროს არქივიდან წარმოდგენილ, ქ. ბათუმში, ... ქ. 78-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის 1-ელ სართულზე განთავსებულ, სს ,,...“ კუთვნილი კომერციული ფართის ნახაზზე. საინჟინრო-სივრცობრივი ექსპერტიზის ჩატარების გარეშე სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნახაზზე არ არის მონიშნული სადავო 6 კვ.მ. დამხმარე ფართი, სს ,,...“ შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო პალატის საკასაციო წესით გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 26.06.14წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და აგრეთვე ამავე სასამართლოს 17.06.14წ. საოქმო განჩინება ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი, ვინაიდან საკითხი არ საჭიროებდა სპეციალურ ცოდნას და მისი გარკვევა სასამართლოს შეეძლო საქმეში დაცული მტკიცებულებების გამოკვლევით და გაანალიზებით, თუმცა ასეთი გამოკვლევა და ანალიზი სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებაში მოყვანილი არ არის. ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის 4.2 მუხლის თანახმად მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსოს ადგილმდებარეობის დადგენა. სააპელაციო პალატამ არც ის დოკუმენტაცია გამოიკვლია, რომელზე დაყრდნობითაც ამხანაგობა სადავო ფართს ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებად მიიჩნევდა. გასაჩივრებული განჩინება მთლიანად დაეყრდნო რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულ - ამხანაგობის საერთო კრების გადაწყვეტილებას, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი. მართალია დავა ეხება ფართზე მ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერებას, მ. ბ-ის სახელზე უძრავი ქონების აღრიცხვის კანონიერებას (მოსარჩელე მოითხოვდა მ. ბ-ზე რეესტრში ჩანაწერის გაუქმების შესახებ განცხადებაზე წარმოების შეჩერების შესახებ ბათუმის სარეგისტრაციო სარეგისტრაციო სამსახურის 22.01.14წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობას; ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.03.14წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობას; მ. ბ-ის სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობას), სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის გარკვევა საჭიროებდა სადავო ფართზე მოსარჩელის - სს ,,...“ საკუთრების უფლების არსებობის დადგენას.
მ. ბ-ის საკუთრების უფლების სადავო რეგისტრაციასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ განჩინებაში უთითებს, რომ სკ-ის 312-ე მუხლიდან გამომდინარე რეგისტრაციის მიმართ მოქმედებს საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფცია და ნებისმიერი ფაქტი, რომელიც შესაძლოა მიუთითებდეს რეგისტრაციის არაკანონიერებაზე, არ გამორიცხავს აღნიშნულ პრეზუმფციას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის მოსაზრება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან სკ-ის 312-ე მუხლით და ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლით განმტკიცებული საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფცია, როგორც ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის მნიშვნელოვანი გამოვლინება, სერიოზულ გარანტიას ქმნის კეთილსინდისიერი შემძენის უფლების დაცვისათვის. პრეზუმფცია ემსახურება კეთილსინიდისიერი პირის ინტერესების დაცვას იმ შემთხვევაში, როდესაც ჩანაწერის მიმართ არ არის შეტანილი საჩივარი ან მესამე პირს არ აქვს ინფორმაცია ჩანაწერის ხარვეზის შესახებ. იმ შემთხვევაში როდესაც დავის საგანი ეხება საჯარო რეესტრში არსებული რეგისტრაციის კანონიერებას, სადავო რეგისტრაციაზე არ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა უშუალოდ ეხება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის, მათ შორის ამხანაგობის იმ წევრების ინტერესებს, რომლებიც საცხოვრებელი სახლის ბინათმესაკუთრენი არიან, რადგან თითოეული წევრის ინდივიდუალური საკუთრების ცვლილება გავლენას ახდენს ამხანაგობის წევრების უფლებრივ მდგომარეობაზე. ამასთანავე, სადავო რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა ბმა „...“ კრების ოქმი. აღნიშნულის მიუხედავად, სასკ-ის მე-16 მუხლის დარღვევით, სასამართლოს არ ჩაუბია ბმა „...ე“ ან მისი წევრები საქმის განხილვაში, რის შედეგადაც სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით არ არის დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლომ იმის ნაცვლად, რომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არსებითად განეხილა საქმე, დამატებით გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სამართლებრივი შეფასება მიეცა სადავო საკითხისათვის და მიეღო სათანადო გადაწყვეტილება, სრულად გაიზიარა და უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად ქმნის განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არსებობს სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „...“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2014წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი