საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე Nბს-219-218(კ-16) 27.06.2016 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ლ. ფ-ა, ი. ფ-ა, ი. ფ-ა
მოწინააღმდეგე მხარეები: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, კერძო აღმასრულებელი დ. მ-ი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს „...“
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლიდა, ინგა და ი. ფ-ებმა 2015 წლის 11 თებერვალს სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, კერძო აღმასრულებელი დ. მ-ისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს „...ას“ მიმართ. მოსარჩელეებმა ი. ფ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (მდებარე ქ. ქუთაისი, ..., №3, ბინა 38), აუქციონის გზით განკარგვის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 13 იანვრის №A14063196-013/001 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. ფ-ას, ლ. ფ-ას და ი. ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლიდა, ინგა და ი. ფ-ებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ლ. ფ-ას, ი. ფ-ას და ი. ფ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლიდა, ინგა და ი. ფ-ებმა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის განჩინებით კასატორებს ლიდა, ინგა და ი. ფ-ებს განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა დაევალათ. კასატორებმა 2016 წლის 5 აპრილს განცხადებით მომართეს საკასაციო სასამართლოს და ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოითხოვეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 აპრილის განჩინებით კასატორების - ლ., ი. და ი. ფ-ების შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და გაუგრძელდათ საპროცესო ვადა 10 დღით, რათა წარმოედგინათ დასაბუთებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით და სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით. ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება კასატორებს არაერთგზის გაეგზავნათ სასამართლოსათვის ცნობილ სხვადასხვა მისამართებზე და ბოლოს კასატორების მიერ 2016 წლის 5 აპრილს წარმოდგენილ განცხადებაში მითითებულ მისამართზე (ქ. ქუთაისი, ... ქ. 77) 2016 წლის 6 ივნისს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარდა კასატორების ბიძას გ. ღ-ეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2016 წლის 7 ივნისს დაიწყო და 16 ივნისს 24:00 საათზე ამოიწურა. კასატორებმა ხარვეზი ამ ვადაში არ გამოასწორეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 396-ე, მე-60-61-ე, 74-ე, 374-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ., ი. და ი. ფ-ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი