Facebook Twitter

Nბს-253-251 (3კ-16) 7 ივნისი, 2016 წელი,

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - 1. კ. შ-ე, 2. ი. ს-ი, 3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - ა. შ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. შ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, რომლითაც მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 24 იანვრის N882012026786-03 გადაწყვეტილება. საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება ი. ს-ი და კ. შ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით ა. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 24 იანვრის N882012026786-03 გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს კ. შ-ემ, ი. ს-მა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. შ-ის, ი. ს-ის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კ. შ-ის, ი. ს-ის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, კასატორებს - ი. ს-სა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი უნდა დაუბრუნდეთ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. შ-ის, ი. ს-ის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. ი. ს-ს დაუბრუნდეს 12/04/16 წლის N7 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნდეს 13/04/16 წლის N06819 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე

სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ

საქმე №ბს-253-251(3კ-16) 6 მაისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - ა. შ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი - ი. ს-ი, კ. შ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

განმცხადებლის მოთხოვნა - მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ავთანდილ შ-ემ 2014 წლის 18 მარტს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხის 2012 წლის 24 იანვრის №882012026786-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 მაისის განჩინებით №3/888-14 ადმინისტრაციულ საქმეში (მოსარჩელე ა. შ-ე, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა კ. (კ.) შ-ე და ი. ს-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის ა. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. შ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით აპელანტის - ა. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის - ა. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 24 იანვრის N882012026786-03 გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ი. ს-მა და კ. შ-ემ.

ა. შ-ემ 2016 წლის 5 მაისს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის სადავო უძრავ ქონებაზე (მდებარე: ქ. თბილისი, ... მე-3 მ/რ, კვარტალი 4, კორპუსი 60, ბინა 4, ს/კ ...) ყოველგვარი ქმედების განხორციელების - გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის შესახებ რეგისტრაციის გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა მოითხოვა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ი. ს-მა შესაძლოა გაასხვისოს ამჟამად მის საკუთრებაში რიცხული სადავო უძრავი ქონება. მოპასუხისა და მესამე პირის ურთიერთშეთანხმებით ერთხელ უკვე იყო სადავო ბინის გასხვისების მცდელობა, რაც დასტურდება შუამდგომლობაზე დართული მტკიცებულებებით. სადავო უძრავი ქონების გასხვისების შემდეგ ა. შ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება გადაწყვეტილების აღსრულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, შუამდგომლობის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ... ამავე კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთი სახეა მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფა მიზნად ისახავს, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების ფაქტობრივი აღსრულების გაჭიანურების ან დაბრკოლების თავიდან აცილებას ემსახურება. ამასთან, სწორედ მოსარჩელეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობა გააძნელებს, ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას (სსკ 191-ე მუხლის პირველი ნაწილი). სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს, ერთი მხრივ, სასამართლოს მიერ აღიარებული უფლების განხორციელების გარანტს, ხოლო მეორე მხრივ, მოწინააღმდეგე მხარის უფლების შეზღუდვის კანონიერ საფუძველს. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მსჯელობისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება დავის განხილვის სამართლებრივი შედეგის - გადაწყვეტილების აღსრულება.

განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი უთითებს, რომ ი. ს-ის სახელზე აღრიცხულ უძრავ ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში, შესაძლოა ი. ს-მა მოახდინოს აღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაცია, რაც შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. საკასაციო სასამართლო განმცხადებლის ამ მოსაზრებას იზიარებს და აღნიშნავს, რომ მიმდინარე დავაში ა. შ-ეს სადავოდ აქვს გამხდარი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ს-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. თბილისში, ... მე-3 მ/რ, კვარტალი 4, კორპუსი 60, ბინა 4-ში მდებარე უძრავი ქონება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ი. ს-მა ერთხელ უკვე სცადა ბინის გასხვისება და შესაბამისად, ა. შ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკამყოფილების შემთხვევაში, თუ ი. ს-ს გასხვისებული ექნება სადავო უძრავი ქონება, მოსარჩელე ვეღარ შეძლებს მისი სასამართლო წესით აღიარებული უფლების რეალიზაციას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელმა იშუამდგომლა რა სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ი. ს-ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე გასხვისებისა და იპოტეკით დატვირთვის შესახებ რეგისტრაციის გადაწყვეტილების მიღების აკრძალვის თაობაზე, წარმოადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საიდანაც დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ..., მე-3 მიკრო რაიონის, მე-4 კვარტალის, მე-60 კორპუსში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი ...) მესაკუთრე არის ი. ს-ი. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. შ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხისათვის სადავო უძრავ ქონებაზე ყოველგვარი ქმედების განხორციელების შესრულების აკრძალვის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 193-ე, 198-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. შ-ის წარმომადგენელ შ. ძ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალოს ი. ს-ის საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, ..., მე-3 მიკრო-რაიონის, მე-4 კვარტლის, მე-60 კორპუსში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი ...) ყოველგვარი რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები მ. ვაჩაძე

ნ.სხირტლაძე