Facebook Twitter

Nბს-262-260 (2კ-16) 14 ივნისი, 2016 წელი,

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მოწინააღმდეგე მხარეები - ჯ. თ-ე, დ. თ-ე, მ. ბ-ე, ნ. დ-ე

მესამე პირი - თ. ფ-ე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 4 აგვისტოს ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ის და ნ. დ-ის წარმომადგენელმა ჯ. ქ-მა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა კომპენსაციის სახით თანხის, კერძოდ, ჯ. თ-ის და მ. ბ-ის სასარგებლოდ - 15 000-15 000 ლარის დაკისრება, დ. თ-ის სასარგებლოდ 9 000 ლარის, ხოლო ნ. დ-ის სასარგებლოდ - 6 000 ლარის დაკისრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 აგვისტოს განჩინებით ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ის და ნ. დ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს. 2015 წლის 21 იანვარს ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ის და ნ. დ-ის წარმომადგენელმა ჯ. ქ-მა დააზუსტა სარჩელო მოთხოვნა, მოპასუხედ დაასახელა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო მესამე პირად - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მოითხოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დავალდებულება მოსარჩელეები შეიყვანოს საკომპენსაციო სიებში და დაზუსტებული სიები გადაუგზავნოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 იანვრის განჩინებით ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ის და ნ. დ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

2015 წლის 1 ივნისის სასამართლო სხდომაზე ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ის და ნ. დ-ის წარმომადგენელმა ჯ. ქ-მა ისევ დააზუსტა სარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 14 იანვრის N01-25/23 წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის და გამოკვლევის საფუძველზე , გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ის და ნ. დ-ის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა კომპენსაციის მიმღებთა სიაში შეყვანის თაობაზე .

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება თ. ფ-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ის და ნ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 14 იანვრის №01-25/23 წერილი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი; მოპასუხეს - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ის და ნ. დ-ის მიერ საკომპენსაციო სიაში შეყვანის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ და მესამე პირმა თ. ფ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით თ. ფ-ის და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ და მესამე პირმა თ. ფ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრეს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 აპრილის განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო ამავე სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის განჩინებით თ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

Nბს-262-260(კ-16) 28.04.2016 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: თ. ფ-ე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მოწინააღმდეგე მხარეები - ჯ. თ-ე, დ. თ-ე, მ. ბ-ე, ნ. დ-ე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, მოსარჩელეთათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ. თ-ემ, დ. თ-ემ, მ. ბ-ემ და ნ. დ-ემ 2014 წლის 4 აგვისტოს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელეებმა მოპასუხისათვის კომპენსაციის სახით მოსარჩელე დ. თ-ის სასარგებლოდ - 9000 ლარის, მ. ბ-ის სასარგებლოდ - 19000 ლარის, ნ. დ-ის სასარგებლოდ - 6000 ლარისა და ჯ. თ-ის სასარგებლოდ - 15 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 მაისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში, ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ისა და ნ. დ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე მოთხოვნით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა თ. ფ-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ის, ნ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 14 იანვრის N01-25/23 წერილი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოპასუხეს - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჯ. თ-ის, დ. თ-ის, მ. ბ-ისა და ნ. დ-ის მიერ

საკომპენსაციო სიაში შეყვანის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. ფ-ემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით თ. ფ-ისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. ფ-ემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 აპრილის განჩინებით კასატორ თ. ფ-ეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლებზე მითითებით (კასაციის მიზეზები) და სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. განჩინება 2016 წლის 11 აპრილს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ... №47, ... საადვოკატო ბიურო) გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს, ო. ს-ს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად 2016 წლის 12 აპრილს ჩაჰბარდა ადვოკატ ლ. დ-ს ო. ს-ზე გადასაცემად. ხარვეზის შევსების ვადის დენა 2016 წლის 13 აპრილს დაიწყო და 17 აპრილს ამოიწურა, რომელიც ემთხვეოდა უქმე - კვირა დღეს. თ. ფ-ის წარმომადგენელმა, ო. ს-მა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.2 მუხლით დადგენილი წესის დაცვით 2016 წლის 18 აპრილს განცხადება წარმოადგინა საკასაციო სასამართლოში და კასატორის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო საქმის განხილვის დასრულებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. მოცემულ შემთხვევაში თ. ფ-ის მიერ არანაირი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას გაეთავისუფლებინა იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, თ. ფ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ. ამასთან, საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 8 აპრილის განჩინებით სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რა მოცულობით საჩივრდება გადაწყვეტილება, გასაჩივრების სამართლებრივ საფუძვლებს (კასაციის მიზეზები) და კასატორს დაევალა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, რაც ასევე არ იქნა შესრულებული კასატორის მიერ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2016 წლის 13 აპრილს დაიწყო და 17 აპრილს ამოიწურა. კასატორმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 396-ე, მე-60, 61-ე, 374-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ფ-ის წარმომადგენლის ო. ს-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;

2. თ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი