#ბს-334-331(კ-16) 23 ივნისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 13 მაისს ვ. ლ-მა განცხადებით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, რ. გ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე - ქ. ახალქალაქი ... , ბინა 21, საკადასტრო კოდი ...) ყადაღის დადება მოითხოვა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 მაისის განჩინებით ვ. ლ-ს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებაზე.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 მაისის განჩინება საჩივრით გაასაჩივრა ვ. ლ-მა და მოითხოვა მისი განცხადების დაკმაყოფილება.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის განჩინებით ვ. ლ-ის საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად და საქმე გადაეგზავნა სააპელაციო სასამართლოს.
ვ. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და რ. გ-ის მიმართ.
მოსარჩელემ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 23 ოქტომბრის №101 ბრძანებისა და №173 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა, ასევე, რ. გ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების ჩანაწერის გაუქმება და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის მის სახელზე უძრავი ქონების (მდებარე - ქ. ახალქალაქი .. , ბინა 21) პრივატიზაციის განხორციელების დავალება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივნისის განჩინებით ვ. ლ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 მაისისა და 20 მაისის განჩინებები; ვ. ლ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო რ. გ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - ქ. ახალქალაქი .. , ბინა 21, საკადასტრო კოდი ... .
ახალქალაქის რაონული სასამართლოს 2014 წლის 15 აგვისტოს განჩინებით რ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ლ-მა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ვ. ლ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 აგვისტოს განჩინება და საქმე სარჩელის დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივნისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მიღებული ღონისძიება - რ. გ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე - ქ. ახალქალაქი ს/ქ კორპ. 428, ბინა 21, საკადასტრო კოდი ...) დადებული ყადაღა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ლ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ვ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ლ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ლ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ვ. ლ-ის საკასაციო საჩივარზე 2016 წლის 12 თებერვალს ნიკოლოზ ათუნაშვილს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ვ. ლ-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინება;
3. ვ. ლ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნიკოლოზ ათუნაშვილს მიერ 2016 წლის 12 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი