#ბს-35-34(2კ-2კს-16) 14 ივნისი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე - გ. გ-ა
წარმომადგენელი - ი. პ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მხარემ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნები დააყენა:
1. ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნას ცნობილი გ. გ-ას დისციპლინური წესით დასჯის და შს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 4 დეკემბრის №2459359 ბრძანება. გ. გ-ა აღდგენილი იქნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ფოთის საქალაქო სამმართველოს მალთაყვის პოლიციის განყოფილების უფროსად.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისროს განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურება, მისი თანამდებობაზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდისათვის მოცემულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისროს ხელფასის ანაზღაურება 2014 წლის 8 ნოემბრიდან დისციპლინური წესით დასჯის და შს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 4 დეკემბრის ბრძანების ოფიციალურად გაცნობამდე.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისროს თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური დანამატის ანაზღაურება 2014 წლის 7 ნოემბრიდან მოცემულ საქმეზე მისაღები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს პროცესის ხარჯის -სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით ადვოკატის და სხვა წარმომადგენლების დახმარებისთვის 2000 ლარის მოსარჩელისთვის ანაზღაურება.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ 2005-დან 2014 წლამდე გამოუყენებელი კუთვნილი შვებულების ანაზღაურება.
7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისროს პროცესის ხარჯის, 10 ლარის, ანაზღაურება (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით შედგენისასგაღებული სასამართლოს გარეშე ხარჯის).
8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისროს პროცესის ხარჯის - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით მოცემულ საქმეზე სარჩელის სასამართლოში წარდგენის, საქმის განხილვისას, საქმის გადადების გამო განხილვისას სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად, სასამართლო აქტების ჩაბარების მიზნით გადაადგილების გამო გაღებული სატრანსპორტო ხარჯის - 50 ლარის მოსარჩელისთვის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით გ. გ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 4 დეკემბრის ბრძანება გ. გ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს ასევე დაევალა მოსარჩელისთვის მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება: 10 ლარის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით შედგენის საფასურის და ადვოკატის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გ. გ-ს წარმომადგენლის ი. პ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გაწეული პროცესის ხარჯის (სასამართლოსგარეშე ხარჯი) 10 ლარის ოდენობით ანაზღაურების ნაწილში (გადაწყვეტილების 4.1. პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა გ. გ-ას სასარგებლოდ 60 ლარის გადახდა მის მიერ გაწეული პროცესის ხარჯის (სასამართლოს გარეშე ხარჯი) ასანაზღაურებლად. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების თაოაბზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა გ. გ-ას სასარგებლოდ სამი წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღუარება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების მე-2, მე-3, 4.2. პუნქტები უცვლელად დარჩა. ასევე უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის და მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე. გ. გ-ას შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა გ. გ-ას სასარგებლოდ 1000 ლარის გადახდა მის მიერ სააპელაციო სასამართლოში ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
2015 წლის 1 დეკემბერს და 22 დეკემბერს გ. გ-ას წარმომადგენელმა ი. პ-მა სასამართლოს განცხადებით მიმართა და საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის დამატებითი განჩინებით გ. გ-ას წარმომადგენლის ადვოკატ ი. პ-ის სააპელაციო მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოში გაწეული პროცესის ხარჯის (სასამართლოს გარეშე ხარჯი) ანაზღაურების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა გ. გ-ას სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა მის მიერ გაწეული პროცესის ხარჯის (სასამართლოს გარეშე ხარჯი) ასანაზღაურებლად. გ. გ-ას წარმომადგენლის ადვოკატ ი. პ-ის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს დამატებით განჩინებაზე, იმ ნაწილში, რომლითაც გ. გ-ას წარმომადგენლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კერძო საჩივარი წარმოადგინა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 მარტის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ინსტანციაში გაღებული ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების დაკისრების, ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
2016 წლის 5 მაისს გ. გ-ას წარმომადგენელმა ი. პ-მა სასამართლოს შუამდგომლობით მომართა, რომლითაც მოითხოვა გ. გ-ას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 მარტის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღება ადვოკატის ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების შესახებ, აგერთვე საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში, მსჯელობს გ. გ-ას წარმომადგენლის - ი. პ-ის შუამდგომლობაზე საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის თაობაზე.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911.1 მუხლის თანახმად, საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ:
ა) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას;
ბ) საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას);
გ) საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და განმცხადებლის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება დავის არსებით მხარეს, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში აფასებს გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების თაობაზე გ. გ-ას სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისას სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენციით. კონვენციის პირველი მუხლი განსაზღვრავს რომელ სფეროებში მოქმედ კერძო თუ სახელმწიფო უწყებაში დასაქმებულ პირებზე ვრცელდება კონვენციის მოქმედება. აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გავრცელება შეუძლებელია სამართალდამცავ სისტემაში, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში დასაქმებულ სამხედრო და სპეციალური წოდებების მქონე პირებზე.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მიხედვით ყველას აქვს პერიოდული ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება; ამდენად, დასაქმებულის უფლება ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით რეალიზდება დამსაქმებლის ვალდებულებით უზრუნველყოს დასაქმებულის ფასიანი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა, თუმცა არ იზიარებს სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ საქმეზე არსებობს 3 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების საფუძველი.
„პოლიციის შესახებ“ კანონის 53-ე მუხლით გათვალისწინებულია პოლიციელის ყოველწლიური შვებულებით სარგებლობის უფლება და ხანგრძლივობა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის“ მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს კუთვნილი შვებულების დროს ეძლევა შესაბამისი ხელფასი (ფულადი სარგო), წელთა ნამსახურობისა და სხვა სპეციალური დანამატები და კომპენსაციები.
აღნიშნული სპეციალური ნორმატიული აქტები არ განსაზღვრავს პოლიციის ორგანოებიდან დათხოვნის შემთხვევაში გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების შესაძლებლობას, რაც შეეხება წინა წლის შვებულების მომდევნო წლისათვის გადატანის წესს, ეს საკითხი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე, წესრიგდება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.
შრომის კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, თუ დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის. აკრძალულია არასრულწლოვნის ანაზღაურებადი შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის. აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. გ-ას შეუძლია, მოითხოვოს 2014 წლის კუთვნილი გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურება, ვინაიდან, დამსაქმებლის მიზეზით, მის მიერ ვერ მოხერხდა ყოველწლიური შვებულებით სარგებლობის უფლების რეალიზება. მოსარჩელეს, აგრეთვე, შეეძლო, მოეთხოვა 2013 წლის კუთვნილი შვებულების ანაზღაურება, შრომის კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობის - შვებულების მომდევნო წლისათვის გადატანის უფლების გამოყენების შემთხვევაში, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება.
საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ, მართალია, შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილი ითვალისწინებს დამსაქმებლის ვალდებულებას, დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად, მაგრამ ამავე ნორმით პირდაპირაა დადგენილი, შრომის ხელშეკრულების მოშლის რომელი საფუძველი უნდა არსებობდეს ამ ვალდებულების წარმოშობისათვის (შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“–„თ“ და „ო“ ქვეპუნქტები). ამგვარი საფუძველი, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ გვაქვს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შსს-ს არასწორად დააკისრა გ. გ-ას სასარგებლოდ 3 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება.
რაც შეეხება ადვოკატის ხარჯების ანაზღაურებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პროცესის ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს სასამართლო გადაწყვეტილებით, რომლითაც საქმე წყდება არსებითად. ეს დასკვნა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის შინაარსიდან, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. პროცესის ხარჯების განაწილების საკითხი შეიძლება დადგეს ასევე იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქმის წარმოება მთავრდება გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). ასეთ დროს სასამართლო შესაბამისი განჩინებით გადაწყვეტს პროცესის ხარჯების განაწილების საკითხს.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არ არის ადვოკატის დახმარების საფასურის გადახდის, ან სხვა საპროცესო ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად, კასატორის მიერ ამ ხარჯის გაწევა არ დასტურდება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ისეთ პირობებში, როდესაც არ დასტურდება კონკრეტული ხარჯის გაწევა, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ამავე კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც გ. გ-ას სასარჩელო მოთხოვნა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით შსს-ს უნდა დაეკისროს გ. გ-ას სასარგებლოდ 2014 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება ამ ინსტანციაში გაღებული ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების დაკისრების, ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით გ. გ-ას მოთხოვნა ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2016 წლის 5 მაისს გ. გ-ას წარმომადგენელმა ი. პ-მა სასამართლოს შუამდგომლობით მომართა, რომლითაც მოითხოვა გ. გ-ას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 მარტის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღება ადვოკატის ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ:
ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა;
ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს;
გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის აზრით, საკასაციო სასამართლოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების ანაზღაურების შესახებ საკასაციო მოთხოვნაზე.
საკასაციო სასამართლომ ზემოთ უკვე იმსჯელა ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების საპროცესოსამართლებრივ საფუძვლებზე. ისეთ პირობებში, როდესაც არ დასტურდება კონკრეტული ხარჯის გაწევა, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, ამდენად, საკასაციო სასამართლოს მხედველობიდან კი არ გამორჩა გ. გ-ას საკასაციო მოთხოვნა, არამედ უსაფუძვლოდ მიიჩნია და საკასაციო საჩივარი, ამ მოთხოვნის ჩათვლით, დაუშვებლად ცნო, შესაბამისად, დამატებითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 261-ე, 3911-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ. გ-ას წარმომადგენელ ი. პ-ის შუამდგომლობა საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. გ. გ-ას წარმომადგენელ ი. პ-ის მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 მარტის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი (დაშვებულ ნაწილში) დაკმაყოფილდეს;
4. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა, დაკმაყოფილდა გ. გ-ას მოთხოვნა სააპელაციო ინსტანციაში გაღებული ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. გ-ას სასარჩელო მოთხოვნა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების თაობაზე;
5. ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
6. გ. გ-ას სასარჩელო მოთხოვნა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის კუთვნილი შვებულების ანაზღაურება;
8. გ. გ-ას მოთხოვნა სააპელაციო ინსტანციაში გაღებული ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
9. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე # 330310014680386
Nბს-35-34 (5კ-2კს-16) 18 თებერვალი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
შეგებებული კასაციის ავტორი - გ. გ-ას წარმომადგენელი ი. პ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის საოქმო განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება, პროცესის ხარჯების სრულად ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა 2014 წლის 22 დეკემბერს და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება, პროცესის ხარჯების სრულად ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით გ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 4 დეკემბრის ბრძანება გ. გ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ; დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელისათვის მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება; წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით შედგენისათვის 10 ლარის ოდენობით; ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება გ. გ-ამ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გ. გ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გაწეული პროცესის ხარჯის (სასამართლოსგარეშე ხარჯი) 10 ლარის ოდენობით ანაზღაურების ნაწილში (გადაწყვეტილების 4.1. პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა გ. გ-ას სასარგებლოდ 60 ლარის გადახდა მის მიერ გაწეული პროცესის ხარჯის (სასამართლოს გარეშე ხარჯი) ასანაზღაურებლად; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა გ. გ-ას სასარგებლოდ სამი წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება; უცვლელად დარჩა თბილისის საქლაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების მე-2, მე-3, 4.2. პუნქტები; უცვლელად დარჩა თბილისის საქლაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი სამსახურში აღდგენის, იძულებით განაცდურის და მიუღებელი ხელფასის ანაზრაურების თაობაზე; გ. გ-ას შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა გ. გ-ას სასარგებლოდ 1000 ლარის გადახდა მის მიერ სააპელაციო სასამართლოში ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად.
აღნიშნული განჩინება გ. გ-ამ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
გ. გ-ას წარმომადგენელმა ი. პ-მა 2016 წლის 8 თებერვალს საკასაციო სასამართლოს მომართა შეგებებული საკასაციო საჩივრით და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინებისა და ამავე სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის საოქმო განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შეგებებული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
ამავე კოდექსის 405-ე მუხლის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია საკასაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის განმავლობაში წარადგინოს შეგებებული საკასაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ნათქვამი უარი საკასაციო საჩივრის შეტანაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. გ-ას წარმომადგენლის ი. პ-ის მიერ გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის საოქმო განჩინება საკასაციო წესით, რაც საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 1 თებერვლის განჩინებით წარმოებაშია მიღებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო წარმოდგენილი შეგებებული საკასაციო საჩივარი იდენტურია უკვე წარმოებაში მიღებული საკასაციო საჩივრის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. გ-ს წარმომადგენლის ი. პ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე და 405-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. გ-ას წარმომადგენლის ი. პ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.მოსამართლე ვ. როინიშვილი