#ბს-393-388(კ-16) 15 ივნისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლისა და 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ფ. კ-ას განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 22 იანვარს ფ. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 7 ნოემბრის №882014588957-04 და №882014589003-03 გადაწყვეტილებების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 დეკემბრის №265019 და №265018 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურისთვის ფ. კ-ას მიერ 2014 წლის 3 ნოემბრის №882014588957 და №882014589003 განცხადებებით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 იანვრის განჩინებით ფ. კ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ფ. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ. კ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 თებერვლის განჩინებით ფ. კ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ. კ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ფ. კ-ას საკასაციო საჩივარი.
2016 წლის 16 მაისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ფ. კ-ამ და აღნიშნა, რომ უარს აცხადებდა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე და იხმობდა მას.
2016 წლის 18 მაისს კასატორმა კვლავ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ იგი უარს აცხადებდა საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 30 მაისის წერილით კასატორს განემარტა სარჩელის გამოხმობის, სარჩელზე უარის თქმისა და საკასაციო საჩივარზე უარის თქმის პირობები და შესაბამისი სამართლებრივი შედეგები, რის საფუძველზეც კასატორს მოთხოვნის დაზუსტება დაევალა.
2016 წლის 7 ივნისს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, დააზუსტა მოთხოვნა და მიუთითა, რომ იგი უარს აცხადებდა საკასაციო საჩივრის განხილვაზე, რის საფუძველზეც საქმის წარმოების შეწყვეტა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და მიაჩნია, რომ ფ. კ-ას მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს ფ. კ-ას საკასაციო საჩივარზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლი აპელანტს ანიჭებს საპროცესო უფლებას უარი თქვას მის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე. მითითებული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორი – ფ. კ-ა უარს ამბობს საკასაციო საჩივრის განხილვაზე, შესაბამისად, აღნიშნული გარემოება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო ფ. კ-ას საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება. ამასთან, კასატორს უნდა განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით.
ამასთან, ფ. კ-ას სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ქ. ბ-ის მიერ 2016 წლის 10 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 600 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 399-ე, 378-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ. კ-ას განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. ფ. კ-ას მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;
3. მხარეს განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით;
4. ფ. კ-ას სრულად დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ქ. ბ-ის მიერ 2016 წლის 10 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 600 ლარის ოდენობით;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი