№ბს-426-421(2კ-16) 24 ივნისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) _ 1. სსიპ შემოსავლების სამსახური
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს „...“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება
განსახილველი საგანი _ სარჩელის გამოხმობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2014 წლის 4 აპრილს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 5 აპრილის №13902 ბრძანებისა და 2013 წლის 23 აპრილის №16942 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2014 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხეებისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 5 აპრილის №13902 ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურს არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოსარჩელის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 23 აპრილის №16942 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2014 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, შპს „...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება ნაწილობრივ, კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 5 აპრილის №13902 ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის ნაწილში და დავის ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 5 აპრილის №13902 ბრძანება; შპს „...“ უარი ეთქვა სსიპ შემოსავლების სამსახურის დავალდებულებაზე გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება), რომლითაც შპს „...“ გათავისუფლდებოდა ამ უკანასკნელის მიერ 2013 წლის 31 მარტს წარდგენილი დღგ-ს 2011 წლის იანვრის, თებერვლის, ივლისის, სექტემბრის, დეკემბრის, აგრეთვე, 2012 წლის თებერვლის, მარტის და ივნისის, აგრეთვე საშემოსავლო გადასახადის 2011 წლის იანვრის, 2012 წლის მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის, ასევე, მოგების გადასახადის 2011 წლის წლიური დეკლარაციებიდან გამომდინარე (დეკლარაციებით დარიცხული) გადასახადებისგან და საურავებისგან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.
2016 წლის 1 ივნისს შპს „...“ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, სარჩელის გამოხმობა მოითხოვა.
2016 წლის 7 ივნისს სსიპ შემოსავლების სამსახურმა, შპს „...“ განცხადების საფუძველზე, მომართა საკასაციო სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, თანხმობა განაცხადა შპს „...“ მიერ სარჩელის გამოხმობასთან დაკავშირებით.
2016 წლის 14 ივნისს საკასაციო სასამართლომ შპს „...“ განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსაზრების დადგენის მიზნით წერილობით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
2016 წლის 24 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მომართა საკასაციო სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, თანხმობა განაცხადა შპს „...“ მიერ სარჩელის გამოხმობასთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო შპს „...“ განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სარჩელი განუხილველად დარჩეს, შემდეგ გარემოებთა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამდენად, საკასაციო სასამართლოში სარჩელის გამოხმობა დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა - სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი 07.06.2016წ. №ბ-717-16 და 24.06.2016წ. №ბ-788-16 განცხადებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, თანხმობა განაცხადეს შპს „...“ მიერ სარჩელის გამოხმობასთან დაკავშირებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის _ შპს „...“ განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შპს „...“ სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ დარჩეს განუხილველი, ხოლო ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებები გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 399-ე, 372-ე, 831 მუხლებით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „...“ განცხადება სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. შპს „...“ სარჩელი, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ დარჩეს განუხილველი;
3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი