საქმე #ბს-441-436(კ-16) 10 ივნისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბ. ი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 აპრილის განჩინებაზე.
2015 წლის 27 ოქტომბერს ბ. ი-ემ სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის ოზურგეთის სოციალური სააგენტოს მიმართ.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ბეჟან ირემაძის სარჩელი დატოვებულ იქნა ხარვეზზე და მოსარჩელეს მიეცა 5-დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად, რათა მიეთითებინა მოპასუხე მხარე და მისი მისამართი, ჩამოეყალიბებინა სასარჩელო მოთხოვნა და დაერთო სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული მტკიცებულებები.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ბ. ი-ეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
2015 წლის 25 ნოემბერს ბ. ი-ემ საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინებით ბ. ი-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის განჩინება.
2016 წლის 2 თებერვალს ბ. ი-ემ კერძო საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
2016 წლის 18 თებერვალს ბ. ი-ემ სააპელაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 თებერვლის განჩინებით ბ. ი-ის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა სასარჩელო განცხადებად და განსჯადობით გადაეგზავნა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის განჩინებით ბ. ი-ის სარჩელი დატოვებულ იქნა ხარვეზზე და მოსარჩელეს განესაზღვრა 3-დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად, რათა მიეთითებინა მოპასუხე მხარე და მისი მისამართი, ჩამოეყალიბებინა სასარჩელო მოთხოვნა და დაერთო სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული მტკიცებულებები.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის განჩინებით ბ. ი-ეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
2016 წლის 29 მარტს ბ. ი-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 აპრილის განჩინებით ბ. ი-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის განჩინება.
2016 წლის 17 მაისს ბ. ი-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო ბ. ი-ის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391.1 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანა შეიძლება მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რაც ნიშნავს, რომ საკასაციო წესით გასაჩივრებას ექვემდებარება სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი აქტები, რომლებიც გამოტანილია საქმის არსებითად გადაწყვეტის შედეგად.
მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 აპრილის განჩინებით განხილულ იქნა ბ. ი-ის კერძო საჩივარი სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის განჩინებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის შესაბამისად, თუ აღმოჩნდება, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.
კერძო საჩივრის განხილვის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლები. მითითებული კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.
აღნიშნული მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. ი-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ვინაიდან ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის განჩინებაზე, ბ. ი-ის კერძო საჩივრის საფუძველზე, იმსჯელა ზემდგომმა _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, რომლის განჩინებაც, წარმოადგენს სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო პროცესუალურ აქტს და ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, რაზედაც მიუთითებს თავად გასაჩივრებული განჩინება. აღნიშნულის მიუხედავად, ბ. ი-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 აპრილის განჩინებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ბ. ი-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინიატრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 აპრილის განჩინებაზე დაუშვებელია, რის გამოც განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. ი-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი