№ბს-49-48(კ-16) 23 ივნისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ა-ე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი _ ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 24 თებერვალს ზ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მას ესაჭიროებოდა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელზე, რომლის თაობაზეც განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მიიღო უარი იმ მიზეზით, რომ მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას. პირი რომლის თაობაზეც ითხოვს ინფორმაციას გარდაცვლილია. კერძოდ, მოსარჩელე ითხოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელზე - თ. ჭ-ეზე, რომელიც გარდაიცვალა 2009 წლის ... ... ე.წ. „დაგეგმილ სპეცოპერაციაში“, ირიცხებოდა თუ არა სამსახურებრივ-საშტატო იარაღი (რა მოდელი, რა ფერი) ასევე როდის იქნა მასზე აღნიშნული იარაღი გადაცემული და დოკუმენტაცია მისი ხელმოწერით იარაღის აღების თაობაზე.
მოსარჩელის მითითებით, თ. ჭ-ე ატარებდა უკანონო იარაღს, რომელიც შემდეგ მას მიაწერეს, ხოლო მისი თანამშრომლები კი ამბობენ, რომ მას ჰქონდა ტაბელური იარაღი.
მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული ინფორმაცია მას სჭირდება მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, კერძოდ, იგი ამზადებდა შუამდგომლობას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარსადგენად და აღნიშნული ინფორმაცია უნდა დაურთოს შუამდგომლობას მტკიცებულების სახით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებოდა გაეცა ინფორმაცია ირიცხებოდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელზე - თ. ბ. ჭ-ეზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, რა მოდელი, რა ფერის და როდის იქნა მასზე აღნიშნული იარაღი გაცემული, ასევე საბუთი მისი ხელმოწერით, რომლითაც ის ადასტურებს იარაღის აღებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა შემდეგი ინფორმაციის გაცემა - ირიცხებოდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელზე - თ. ბ. ჭ-ეზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, რა მოდელი, რა ფერის და როდის იქნა მასზე აღნიშნული იარაღი გაცემული, ასევე საბუთი მისი ხელმოწერით, რომლითაც ის ადასტურებს იარაღის აღებას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 20 იანვრის №125298 წერილით მსჯავრდებულ ზ. ა-ეს, მისივე განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ზ. ა-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას, შესაბამისად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში - სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მარტის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა წარმოედგინა ინფორმაცია იმის თაობაზე: ირიცხებოდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელზე – თ. ბ. ჭ-ეზე სამსახურებრივ–საშტატო იარაღი, რა მოდელი, რა ფერის და როდის იქნა მასზე აღნიშნული იარაღი გაცემული, ასევე საბუთი მისი ხელმოწერით, რომლითაც ის ადასტურებს იარაღის აღებას აღნიშნული ინფორმაცია შეიცავდა თუ არა რაიმე სახის საიდუმლო ინფორმაციას, რა სახის და რის საფუძველზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 20 აპრილის №831653 მომართვით თბილისის საქალაქო სასამართლოს ეცნობა, რომ სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის შეიარაღების სამმართველო თავის ძირითად საქმიანობას წარმართავს შს მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანების საფუძველზე, რაც ითვალისწინებს იარაღის, ტყვია-წამლის და სხვადასხვა აღჭურვილობის ბრუნვას. შესაბამისად, დოკუმენტაცია (ფორმა №7 და ფორმა №15) რითაც ხდება შს თანამშრომლებზე იარაღის გაცემა-ჩაბარება არ შეიცავს რაიმე სახის საიდუმლო ინფორმაციას.
სასამართლოს მითითებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი იცავს სხვათა იდეების მოპოვებას, დამუშავებასა და შემდგომ გადაცემას. ხსენებული მუხლის შესაბამისად, პიროვნებას აქვს იდეების და ცნობების მიღების უფლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მეტ გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას _ გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ უფლებას თუ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.
საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ინფორმაციის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, თუმცა აღნიშნული უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურად დაცულ სიკეთეს, ვინაიდან კონსტიტუციითვე განსაზღვრულია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ფარგლები, კერძოდ, 41-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
ზემოაღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტისაგან განსხვავებით, ამავე მუხლის მეორე პუნქტით დაცვის სუბიექტი არის პირი, რომლის კერძო სფეროს მიკუთვნებული მონაცემებიც დაცულია ოფიციალურ წყაროებში. ამდენად, ამ პუნქტით დაცული სიკეთე არის პირის კერძო სფეროს ხელშეუხებლობა, რაც გულისხმობს პირის უფლებას, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული, მის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამხელისაგან იყოს დაცული.
პირის ინტერესი, არ დაუშვას კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება და აკონტროლოს ამ ინფორმაციის გავრცელება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტია. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი კავშირშია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლთან, რომლითაც დაცულია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, რადგანაც მასში სწორედ ის მონაცემებია მითითებული, რომელიც პირის პრივატულ სფეროს შეეხება. ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ პირს არ სურს მის კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას პირის კერძო სფერო, სანამ თავად ეს პირი არ გამოხატავს საწინააღმდეგო ნებას და არმოითხოვს ინფორმაციის გაცემას. ამ დროს კონსტიტუციით დაცული მთავარი ფასეულობაა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ეს არსებითად განსხვავდება 41-ე მუხლის პირველი პუნქტისაგან, რომლით გათვალისწინებული ინფორმაციის გასაიდუმლოებაც შესაბამისი სუბიექტის ნების გამოვლენის შემდეგ ხდება და სხვა ამოცანებს ემსახურება.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.
საქალაქო სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განმარტა, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა, ხოლო ამავე კოდექსის მეორე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის დეფინიციის მიხედვით, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაციის ღიაობა ორ შემთხვევაშია შეზღუდული - როცა ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და როცა დადგენილი წესით იგი მიეკუთვნება სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ ექცევა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პერსონალური მონაცემის დეფინიციის სფეროში.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის შეიარაღების სამმართველო თავის ძირითად საქმიანობას წარმართავს შს მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანების საფუძველზე, რაც ითვალისწინებს იარაღის, ტყვია-წამლის და სხვადასხვა აღჭურვილობის ბრუნვას. შესაბამისად დოკუმენტაცია (ფორმა №7 და ფორმა №15) რითაც ხდება შს თანამშრომლებზე იარაღის გაცემა-ჩაბარება არ შეიცავს რაიმე სახის საიდუმლო ინფორმაციას. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ ზ. ა-ის მიერ მოთხოვნილია საჯარო ინფორმაცია, რომლის გაცემის ვალდებულებაც ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ოქტომბერის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ ზ. ა-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ირიცხებოდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელზე - თ. ბ. ჭ-ეზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, რა მოდელი, რა ფერის და როდის იქნა მასზე აღნიშნული იარაღი გაცემული, ასევე საბუთი მისი ხელმოწერით, რომლითაც ის ადასტურებს იარაღის აღებას, არ მიეკუთვნება პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას, ვინაიდან მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ ექცევა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პერსონალური მონაცემის დეფინიციის სფეროში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თუკი თ. ბ. ჭ-ის სახელზე ნამდვილად იყო განპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, ასეთი იარაღის მოდელი და ფერი, ასევე, ამ იარაღის თ. ჭ-ისთვის გადაცემის დრო/თარიღი, აგრეთვე ასეთი გადაცემის დამადასტურებელი საბუთი არ წარმოადგენს ისეთი სახის მონაცემებს, რომლებიც შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირისთვის დამახასიათებელ ნიშნებიდან რომელიმე ნიშნად, კერძოდ, ფიზიკურ, ფიზიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, კულტურულ ან/და სოციალურ ნიშნად.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მასზედ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია; კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 20 იანვრის №125298 წერილით მსჯავრდებულ ზ. ა-ეს, მისივე განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას; დავის განხილვა-გადაწყვეტის პირობებში სასამართლომ უნდა დაადგინოს და შეაფასოს საკითხი იმის შესახებ, ზ. ა-ის მიერ მოთხოვნილი ინფრომაცია ნამდვილად წარმოადგენს თუ არა პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას, აქედან გამოდმინარე, უნდა განისაზღვროს, კანონიერი არის თუ არა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი, გასცეს მასთან დაცული ინფორმაცია; მოცემული ამოცანის ამოხსნა შეუძლებელი იქნებოდა საკვანძო სამართლებრივი ნორმის - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სასამართლოს მხრიდან გამოყენებისა და განმარტების გარეშე; პერსონალური მონაცემების ცნება თავის თავშივე მოიცავს პასუხს კითხვაზე, არის თუ არა ამა თუ იმ სახის ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „ყველას აქვს უფლება გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პერსონალურ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს.“ ამავე კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, პერსონალური მონაცემის ცნება, მათ დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „პერსონალური მონაცამთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით; აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლი გარკვეულწილად ზღუდავს უფლებას, გაიცეს ისეთი საჯარო ინფორმაცია, რომელიც პერსონალური მონაცემების შემცველია. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად: „1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია, არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები - ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა. აღნიშნული მუხლის ფორმულირებიდან გამომდინარე, კასატორი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება პირის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება ამ პირის თანხმობის ან სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა. პირის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია წარმოადგენს დახურული ტიპის საჯარო ინფორმაციას, რომლის გამხელისაგან დაცვის ვალდებულება აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვილი ინფორმაცია წარმოადგენს სწორედ პერსონალურ მონაცემს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პერსონალური მონაცემები არის ნებისმიერ ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიეთებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ეკონომიკრი, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. განსახილველ შემთხვევაში სწორედ ასეთი ტიპის ინფორმაცია იქნა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი, შესაბამისად, სასამართლო მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ინფორმაცია რასაც მოსარჩლე ითხოვს არ ექცევა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კნაონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პერსონალური მონაცემების დეფინიციის სფეროში უსაფუძვლოა. სასამართლო გადაწყვეტილების მე-5 და მე-6 გვერდზე ურთიერთსაწინააღმდეგო მსჯელობაა წარმოდგენილი, ვინაიდან ერთ შემთხვევაში გადაწყვეტილების მე-5 გვერდზე სასამართლო განმარტავს თუ რა არის პერსონალური მონაცემები, ხოლო ამავე გადაწყვეტილების მე-6 გვერდზე განმარტავს, რომ სარჩელით მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგენს პერსონალურ მოანცემებს.
კასატორის განმარტებით, საყურადღებოა ის გარემოება, რომ ინფორმაციის თავისუფლებას ეხება სწორედ კოდექსის III თავი, იმავე თავის 44-ე მუხლი იცავს, პერსონალურ მონაცემებს გამხელისაგან, გარდა თანმდებობის პირთა შესახებ არსებული მონაცემებისა.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით 2012 წლიდან ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეფექტური და გაუმჯობესებული მექანიზმი ჩამოყალიბდა. აღნიშნული კანონი მიმართულია სწორედ იმ კატეგორიის ინფორმაციის დაცვისაკენ, რომელიც მოთხოვნილია განცხადებით. მნიშვნელოვნად გაიზარდა ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა პერსონალური მონაცემების დაცვასთან მიმართებით, შესაბამისად, იგი მკაცრად შეზღუდულია დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას და მოქმედებს მხოლოდ პერსონალური მონაცემების მკაცრად და ამომწურავად განსაზღვრული დამუშავების კანონიერი საფუძვლებით (კანონის მე-5 და მე-6 მუხლები) და პრინციპებით. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის ტერმინთა განმარტებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია თავად პერსონალური მონაცემების განმარტება - „ნებისმიერი ინფორმაცია,“ რომელიც უკავშირდება „იდენტიფიცირებულ იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს“, ხოლო „ნებისმიერი ინფორმაცია“ გულისხმობს ნებისმიერი ფორმით არსებულ, ნებისმიერი სახის ობიექტურ ან სუბიქტურ ინფორმაციას. კასატორის მითითებით, ნათელია, რომ ზ. ა-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს, იგი არის დახურული ტიპის ინფორმაცია და მოსარჩელის მიერ იგი არ იქნა გამოთხოვილი ზემოაღნიშნული კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 აპრილის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე განსახილველი სამართალურთიერთობის მიმართ გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს, მიუთითებს მათზე და განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებულია მავალდებულებელი სარჩელის განსაკუთრებული ფორმის - მოქმედების განხორციელების თაობაზე მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის შესაძლებლობა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი ადმინისტრაციული ზომების (რეალაქტის) განხორციელების მოთხოვნა, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ასეთი სარჩელის მოთხოვნა საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ასეთი მოქმედების განხორციელების ვალდებულების დადგენას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კოდექსის მე-3 თავის („ინფორმაციული თავისუფლება“) მიზნებისთვის სამინისტრო არის საჯარო დაწესებულება. ამავე კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, კი საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 20 იანვრის №125298 წერილით მსჯავრდებულ ზ. ა-ეს მისი განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ზ. ა-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას, შესაბამისად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში - სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მარტის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა წარმოედგინა ინფორმაცია იმის თაობაზე: ირიცხებოდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელზე – თ. ბ. ჭ-ეზე სამსახურებრივ–საშტატო იარაღი, რა მოდელი, რა ფერის და როდის იქნა მასზე აღნიშნული იარაღი გაცემული, ასევე საბუთი მისი ხელმოწერით, რომლითაც ის ადასტურებს იარაღის აღებას აღნიშნული ინფორმაცია შეიცავდა თუ არა რაიმე სახის საიდუმლო ინფორმაციას, რა სახის და რის საფუძველზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 20 აპრილის №831653 მომართვით თბილისის საქალაქო სასამართლოს ეცნობა, რომ სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის შეიარაღების სამმართველო თავის ძირითად საქმიანობას წარმართავს შს მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანების საფუძველზე, რაც ითვალისწინებს იარაღის, ტყვია-წამლის და სხვადასხვა აღჭურვილობის ბრუნვას. შესაბამისად, დოკუმენტაცია (ფორმა №7 და ფორმა №15) რითაც ხდება შს თანამშრომლებზე იარაღის გაცემა-ჩაბარება არ შეიცავს რაიმე სახის საიდუმლო ინფორმაციას.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოების დადგენას, ზ. ა-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მიეკუთვნება თუ არა პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას.
საკასაციო პალატა საქართველოს კონსტუტუციის 41.1 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საქართველოს ყოველი მოქალაქე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, ასევე სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული პრინციპი რეგლამენტირებულია აგრეთვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლში, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია ეს არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უკავშირდება საჯარო მმართველობის განხორციელების პროცესს. იმისათვის რომ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების პროცესი იყოს გამჭვირვალე, აუცილებელია სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი. ინფორმაციის ღიაობა აქტუალური ხდება ასევე, როდესაც სუბიექტი არ ახორციელებს მმართველობით ფუნქციას, მაგრამ მისი საქმიანობა ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსების ფარგლებში.
სუბიექტი, რომელიც ახორციელებს საჯარო მმართველობას არის ადმინისტრაციული ორგანო. ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნა ვრცელდება ადმინისტრაციულ ორგანოზე. ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები) ანუ ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული, აგრეთვე მის საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია არის საჯარო.
აღნიშნული ორი კრიტერიუმის გათვალისწინებით, ინფორმაციის თავისუფლების მიზნებისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განისაზღვრა ახალი ტერმინი საჯარო დაწესებულება. სუბიექტი, რომელიც ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს (ადმინისტრაციული ორგანო) ან მოქმედებს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსების ფარგლებში არის საჯარო დაწესებულება და მასზე ვრცელდება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მოთხოვნა.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ადმინისტრაციულმა ორგანომ ორ შემთხვევაში შეიძლება თქვას უარი: 1. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და 2. ინფორმაცია მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას. კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ზ. ა-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, ირიცხებოდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელზე - თ. ბ. ჭ-ეზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, რა მოდელი, რა ფერის და როდის იქნა მასზე აღნიშნული იარაღი გაცემული, ასევე საბუთი მისი ხელმოწერით, რომელითაც ის ადასტურებს იარაღის აღებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 20 იანვრის №125298 წერილით მსჯავრდებულ ზ. ა-ეს მისი განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ზ. ა-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას, რის გამოც უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსაზრებას, იმასთან მიმართებაში, რომ ზ. ა-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია და შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლი გარკვეულწილად, ზღუდავს უფლებას, გაიცეს ისეთი საჯარო ინფორმაცია, რომელიც პერსონალური მონაცამების შემცველია.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მათი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, პერსონალური მონაცემების ცნება, მათ დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. პერსონალური ინფორმაციის სამართლებრივი შეფასებისათვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის თვით ინფორმაცია. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პერსონალური მონაცემი ეს არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნორმით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ინფორმაცია, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს, არ არის საინტერესო პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნებისთვის. ე.ი. ინფორმაციის პერსონალური მონაცემების შემცველად მიჩნევისათვის ის აუცილებლად უნდა შეიცავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტში ჩამოთვლილ ნიშნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ. ა-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ირიცხებოდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელზე - თ. ბ. ჭ-ეზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, რა მოდელი, რა ფერის და როდის იქნა მასზე აღნიშნული იარაღი გაცემული, ასევე საბუთი მისი ხელმოწერით, რომელითაც ის ადასტურებს იარაღის აღებას, არ წარმოადგენს პერსონალური ინფორმაციის შემცველ ინფორმაციას. ამასთან, ცნობილია, რომ თ. ბ. ჭ-ე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაცია ვერ ჩაითვლება პირის პირად სფეროს მიკუთვნებულ ინფორმაციად, რომლის გასაიდუმლოების ვარაუდიც პირს შეიძლება გააჩნდეს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 20 აპრილის №831653 მიმართვაზე, რომლიდანაც ირკვევა, რომ სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის შეიარაღების სამმართველო თავის ძირითად საქმიანობას წარმართავს შს მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანების საფუძველზე, რაც ითვალისწინებს იარაღის, ტყვია-წამლის და სხვადასხვა აღჭურვილობის ბრუნვას. შესაბამისად, დოკუმენტაცია (ფორმა №7 და ფორმა №15) რითაც ხდება შს თანამშრომლებზე იარაღის გაცემა-ჩაბარება არ შეიცავს რაიმე სახის საიდუმლო ინფორმაციას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის უფლებას ან კანონიერ ინტერესს, სასამართლო კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების შესრულებისაგან. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს საჯარო ინფორმაციის გაცემის სამინისტროსათვის დავალების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააბათილებდა სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ოქტომბრის განჩინება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი