ბს-84-83(კ-16) 02 ივნისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.11.2015წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. გ-ემ 02.07.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საჩხერის რაიონულ სასამართლოს საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 15.05.2015წ. №6 სხდომის ოქმის იმ ნაწილში ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლითაც ზ. გ-ე არ იქნა წარდგენილი საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ... განყოფილების სპეციალისტის თანამდებობებზე დასანიშნად ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 29.07.2015წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ. კ-ე და ტ. ხ-ე.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 05.08.2015წ. გადაწყვეტილებით ზ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა ზ. გ-ის მიერ.
საქმის მეორე ინსტანციაში განხილვისას ზ. გ-ემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 15.05.2015წ. №6 სხდომის ოქმის იმ ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც მას უარი ეთქვა ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის ... ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე და ფარული კენჭისყრით აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილ იქნა ნ. კ-ე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.11.2015წ. გადაწყვეტილებით ზ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 05.08.2015წ. გადაწყვეტილება, ზ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 15.05.2015წ. №6 სხდომის ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც კომისიამ ფარული კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება საჩხერის მუნიციპალიტეტის ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის ... ნ. კ-ის დასანიშნად წარდგენის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.11.2015წ. გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი