Facebook Twitter

საქმე №ბს-256-254(კს-16) 8 ივნისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.03.16წ. განჩინებაზე კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი.

დ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და შპს ,,...“ მიმართ, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 20 მაისის №A14010108-012/001 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 29.01.16წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 02.03.16წ. განჩინებით დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დარღვევის გამო, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. გ-ემ.

საკასაციო სასამართლოს 08.04.16წ. განჩინებით დ. გ-ის კერძო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის, კერძო საჩივრის შემოტანის დროისათვის მოქმედი სარეიტინგო ქულის ამსახველი ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ან სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა და განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს 08.04.16წ. განჩინება დ. გ-ეს გაეგზავნა და ჩაბარდა პირადად 27.04.16წ. დ. გ-ეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწოებია და არც ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს სასამართლოსთვის.

სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სსკ-ის 396.3 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 420-ე, 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, დ. გ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 396.3 და 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. გ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.03.16წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი